პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი კადრები მასწავლებელთა კორპუსში

საქართველოს სკოლებში 60 ათასზე მეტი ადამიანი მასწავლებლის რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ მასწავლებელთა კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის პრობლემები არ გვაქვს. ყველანი სისტემატურად ვსაუბრობთ საგანმანათლებლო სფეროს, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლების, ოპტიმიზაციაზე. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი უთუოდ არის ეფექტური საკადრო პოლიტიკა, მასწავლებელთა კორპუსის გაახალგაზრდავება, მაღალი აკადემიური უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდა კადრების მოზიდვა. ამ მხრივ საგრძნობი სასიკეთო ცვლილებები სასკოლო სექტორში უდავოდ შეინიშნება. ბოლო დროს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იყო დამსახურებულ ხანდაზმულ მასწავლებელთა სკოლიდან ღირსეულად გაცილების, კადრების გადამზადებისა და ახალი კადრების შემოდინებისკენ. რამდენიმე ათასმა ხანდაზმულმა მასწავლებელმა შესაბამისი კომპენსაციის მიღების შემდეგ დატოვა სკოლა. აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს განსაკუთრებით გამჭვირვალე, მაღალკონკურენტული, წარმომადგენლობითი, მაქსიმალურად ობიექტური და  მიუკერძოებელი იყო.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში რამდენიმე ახალი მასწავლებელი შეუდგა მუშაობას ახალ სასწავლო წელს. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე სამი ახალგაზრდა კადრი შეირჩა. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო დირექციის, საგნობრივი კათედრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფკავშირების წარმომადგენლებით. კონკურენცია მაღალი იყო.  მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის 3 ვაკანტურ ადგილზე 130-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა: I – განაცხადების გადარჩევა, II – გასაუბრება,  III – იმიტირებული გაკვეთილის ჩატარება. საკონკურსო კომისია მაქსიმალური კეთილგანწყობითა და ობიექტურობით ცდილობდა სამივე ეტაპის ჩატარებას. მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე დასასაქმებლად კომისიამ მოისმინა 30-მდე აპლიკანტთან გასაუბრება. მათ შორის ათს მიეცა საშუალება, რომ იმიტირებულ საჩვენებელ გაკვეთილზე დაედასტურებინა საკუთარი პედაგოგიური კომპეტენცია. სიამოვნებით გვინდა გაგაცნოთ ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებლები, რომელთაც საკონკურსო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურეს, გასაუბრებაზეც და იმიტირებულ გაკვეთილზეც ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი აკადემიური უნარ-ჩვევები, სწავლების მეთოდიკისა და ტექნიკების, განათლების კანონმდებლობის,  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა, ასევე რთული სიტუაციების მართვისა და საკლასო პრობლემების გადაჭრის ხედვები.

მიშა ჭელიძე ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და კერძო სკოლაში საქმიანობის ერთწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, ნინო ჯავახიშვილი 25 წლისაა და მასაც კერძო სკოლის ერთწლიანი გამოცდილება აქვს მითითებული CV-ში, ხოლო ნინო პაპინაშვილი 33 წლისაა და ასევე კერძო სკოლაში მუშაობდა. სამივე საოცრად მოტივირებული, მაძიებელი, აქტიური, თავდაჯერებული, შემოქმედებითი ნატურაა. სამივეს საკუთარი თავი წარმოუდგენია საჯარო სკოლის სექტორის განვითარების მონაწილედ. სამივე საოცარი კეთილგანწყობით მიიღეს კლასებმა და ისინიც მონდომებით შეუდგნენ სასკოლო გარემოს გაცნობას, დაუღალავ შრომას მოსწავლეთა აკადემიური საჭიროებებისა თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით სასურველი აქტივობების მისაგნებად. საგნობრივ კათედრაზე ჰარმონიული, კოლეგიალური, თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გარემო შეიქმნა. გამოცდილი მასწავლებლები და ახალბედა კოლეგები ერთობლივი ძალებით ვცდილობთ საგნის სწავლების საუკეთესო შედეგებზე ორიენტირებას.

გთავაზობთ ინტერვიუებს ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებთან, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნება მათი ხედვა და სტრატეგიები, მათი გზა მასწავლებლის კარიერულ ლაბირინთებში.

  1. რა განათლება მიიღეთ და რატომ აირჩიეთ საჯარო სკოლის მასწავლებლის კარიერა?

მიშა ჭელიძე: 2020 წელს დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 2019-2021 წლებში ვმუშაობდი თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. 2020 წელს ჩავაბარე საგნის გამოცდა. 2021 წელს დავასრულე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში. 2021-2022 წლებში ვმუშაობდი სკოლის მასწავლებლად რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში. თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გამოცდილ პედაგოგებთან თანამშრომლობა ბევრს მასწავლის, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. ასევე,  სკოლისგან მივიღე ჩემთვის სასურველი პირობები, რამაც ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა.

ნინო პაპინაშვილი: ბაკალავრიატი დავამთავრე ილიას უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე – მომენიჭა ქართული ენის, ლიტერატურის, რელიგიისა და კულტურის ისტორიის პედაგოგიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ასევე დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ – მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. საჯარო სკოლის მასწავლებლობა ჩემთვის უპირველესად პროფესიული ზრდისა და დიდი გამოცდილების მიღების საშუალებაა.

ნინო ჯავახიშვილი: 2018 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, 2020 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა – განათლების მეცნიერებები. 2019 წლიდან ვმუშაობდი კერძო სკოლაში, მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გადავწყვიტე, რომ წელს ახალი გამოწვევის დრო იყო. საჯარო სკოლაში მუშაობა ჩემთვის უკავშირდება ახალ, საინტერესო გამოცდილებას, საკუთარი თავის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესების ნაწილად აღქმას, კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობასა და შესაბამის დაფასებას.

  1. თქვენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანსიაზე ადგილის მოსაპოვებლად სამეტაპიანი მაღალკონკურენტული კონკურსი გაიარეთ. რას გვეტყვით ამ კონკურსის შესახებ?

მიშა ჭელიძე: კონკურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. კომისიის წევრები სასწავლო პროცესისთვის საკვანძო შეკითხვებს სვამდნენ და მაცნობდნენ სკოლის სპეციფიკას. შეკითხვები ეხებოდა სამუშაო გამოცდილებას, მოტივაციას, კლასის მართვას, შეფასების სისტემას, სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, სასწავლო პროცესში წარმოქმნილ კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციებსა და მათი გადაწყვეტის გზებს. ამ პროცესმა მრავალ საკითხზე დამაფიქრა.

ნინო პაპინაშვილი: კონკურსი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ობიექტური, ხოლო კომისიის – წევრები უაღრესად კეთილგანწყობილნი, რაც მათი პირველივე სიტყვიდან, გაცნობისთანავე, იგრძნობოდა. კონკურსის გამჭვირვალობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ, როდესაც კონკურსანტები  იმიტირებულ გაკვეთილს ვატარებდით, შესაძლებლობა მოგვეცა ე.წ. კონკურენტის საჩვენებელ გაკვეთილსაც დავსწრებოდით. აქ არავისთვის არაფერი იყო დამალული.  კომისიის წევრებზე ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ იყვნენ საოცრად გულუხვები მაშინ, როდესაც საქებარი სიტყვებით გვამკობდნენ, უანგაროები – პოზიტიური ემოციების გამოხატვის დროს. ჩემთვის მათი საოცარი შეფასება იყო უკვე საკუთარ თავში დიდი გამარჯვების პოვნა და თვითრწმენის ერთიორად მომატება, ყველანაირი პათეტიკის გარეშე.

ნინო ჯავახიშვილი: სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კონკურსი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, გასაუბრება მიმდინარეობდა ეთიკური ნორმების დაცვით, იყო პოზიტიური და მხარდამჭერი გარემო.  ბოლო ეტაპი, საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება, იყო კონკურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელმაც მომცა საშუალება, მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი როგორც აკადემიური, ისე ზოგადი უნარები. კონკურსი ნამდვილად მაღალკონკურენტული იყო და, შესაბამისად, მასში გამარჯვება, ყველაფერ დადებითთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩენასაც ნიშნავს.

  1. გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობის ან სტუდენტობის პერიოდიდან თქვენი აზრით საუკეთესო მასწავლებელი/ლექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თქვენზე. რით მოგხიბლათ ამ ადამიანმა?

მიშა ჭელიძე: უნივერსიტეტის პერიოდიდან რამდენიმე ლექტორს გავიხსენებდი – ეკატერინე ნავროზაშვილი, რუსუდან ნიშნიანიძე, ეკა კვირკველია, კოკა ბრეგაძე, ანა ჩუტკერაშვილი, ნინო ქავთარაძე, მაგო ღამბაშიძე… რთულია ერთი ადამიანის გამორჩევა. მათთან ურთიერთობამ მრავალი რამ მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობისა თუ პროფესიული კუთხით, ჩამომიყალიბა ლიტერატურული გემოვნება.

ნინო პაპინაშვილი: გამორჩეულად მხოლოდ ერთი – არა, მაგრამ მახსენდება რამდენიმე ლექტორი, რომლებმაც მართლაც დადებითი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე და გრძელვადიანად დარჩა ჩემს მეხსიერებას და ის, თუ რით მოვიხიბლე ამ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, იყო მათი ჰუმანური დამოკიდებულებები სტუდენტების მიმართ.

ნინო ჯავახიშვილი: უპირველეს ყოვლისა, ეს იყო დედაჩემი (ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სკოლაში), რომელმაც, საგნის გარდა, მასწავლა ობიექტურობა, მასწავლა, რომ „მასწავლებლის შვილობა“ პრივილეგიას არ განიჭებს და რომ ყველა თანასწორია. რაც შეეხება უნივერსიტეტის წლებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დღეს მე მაქვს, დიდწილად ჩემი ლექტორების დამსახურებაა. ასეთი იყო, მაგალითად, სალომე ომიაძე, ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას და ჩემთვის ამ კუთხით დღემდე იშვიათი ავტორიტეტია. ხაზგასმით უნდა გამოვყო ახალგაზრდა ლექტორის, ლევან ბებურიშვილის, წვლილი ჩემს არჩევანში, გავმხდარიყავი მასწავლებელი. მან დამარწმუნა, რომ ცოდნა და გამოცდილება საძიებელი მაინცდამაინც ასაკში არ არის, შემძინა თავდაჯერებულობა და გამიჩინა რწმენა იმისა, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს ისევე წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, როგორც ასაკით უფროსს.

  1. დახატეთ საკუთარი პორტრეტი მასწავლებლის ამპლუაში. რას გეგმავთ? როგორ მასწავლებლობას აპირებთ? ვინ იქნებით თქვენი მოსწავლეებისთვის?

მიშა ჭელიძე: ვაპირებ ვიყო მასწავლებელი, რომელიც ყველაზე ნაკლებს ისაუბრებს კლასში, ნაკლებად ჩაატარებს ლექციის ტიპის გაკვეთილებს და მისი მთავარი ფუნქცია მოსწავლეებისათვის მიმართულების მიცემა იქნება. ვეცდები, რომ ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ კონკრეტული საკითხის ღირებულება და შესასრულებელი დავალების შეფასების სისტემა. ჩემი მოსწავლეებისათვის მინდა ვიყო ადამიანი, ვინც არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასის გარეთაც დაელაპარაკება, გაუზიარებს თავის სათქმელს, თუ საჭიროა, დაეხმარება. მთავარია არ იყო ყალბი და ხელოვნური, ბავშვები მაშინვე გრძნობენ გულწრფელობის ხარისხს.

ნინო პაპინაშვილი: ჩემი დამოკიდებულება და ხედვა ასეთია – ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა შეიძლება ისწავლოს, არის სიყვარული. განათლება ვერ წარმომიდგენია სიყვარულის გარეშე და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შევძლო ეს ენერგია დიდი დოზით გადავცე ჩემს მოსწავლეებს, შეიძლება ითქვას, ამაზე ვოცნებობ. ვაღიარებ ჰუმანისტურ პედაგოგიკას და ვთვლი, რომ თუ ყველგან და ყოველთვის არა, უმეტესგან და უმეტეს შემთხვევაში ის სხვა ნებისმიერ განათლების ფილოსოფიაზე მეტად მიაღწევს სასარგებლო მიზანს.

ნინო ჯავახიშვილი: ჩემი მოსწავლეებისთვის ვიქნები ისეთი მასწავლებელი, რომელიც მათ აგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან, მათი აზრი პატივსაცემი, მისაღები და გასათვალისწინებელია. ვიქნები ადამიანი, რომელიც არ ჩაახშობს მათ ინდივიდუალიზმს, მისცემს თვითგამოხატვის საშუალებას და იქნება მათი მხარდამჭერი.

  1. როგორ შეგხვდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები? ამ ხანმოკლე ურთიერთობების ისტორიიდან რა იყო მოულოდნელი და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?

მიშა ჭელიძე: მოსწავლეები თბილად შემხვდნენ. ვფიქრობ, რომ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. მათი ინტერესების შესახებ ნაწილობრივ გავიგე. ოდნავ მოულოდნელი იყო რამდენიმე მეექვსეკლასელის რეაქცია, როდესაც ერთ-ერთმა პირველსავე დღეს მითხრა, რა კარგი მასწავლებელი ხართო, ხოლო მეორე ჩასახუტებლად მოვიდა. ველოდი და მინდოდა, რომ მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ ხელოვნებით, ლიტერატურითა და სპორტით, რაც მათთან საუბრის შემდეგ, ნამდვილად გამართლდა.

ნინო პაპინაშვილი: თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით შემხვდნენ, ამ ყველაფერს მათ კითხვებსა და გამოხედვაშიც კი ვგრძნობდი. შეხვედრა კარგი იყო და ასევე ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობაც ჰარმონიული ჩამომიყალიბდება თითოეულ მათგანთან.

ნინო ჯავახიშვილი: მოსწავლეები კეთილგანწყობილად შემხვდნენ. აღნიშნეს, რომ მათთვის ჩემი ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა და გამოხატეს მადლიერება, რაც, ვფიქრობ, უდიდესი ნიჭია, ჩემთვის კი – სტიმულის მომცემი.

  1. როგორ წარმოგიდგენიათ სკოლის საგნობრივ კათედრაზე კოლეგებთან თანამშრომლობა? რა პოლიტიკა უნდა გატარდეს კათედრაზე, რომ საგნის სწავლება მაქსიმალურად ეფექტური გახდეს? გჭირდებათ თუ არა უფროსი კოლეგების გამოცდილების გაზიარება? თვლით თუ არა, რომ თქვენ შეგიძლიათ მათ ასწავლოთ რამე ახალი? კონკრეტულად, რა?

მიშა ჭელიძე: საგნობრივ კათედრაზე კოლეგების თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ამ დროს მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას, პრობლემების გადაწყვეტის გზებს. საინტერესო იქნება, თუ კოლეგები ერთობლივად დაგეგმავენ გაკვეთილებს, შემაჯამებლებს. შეიმუშავებენ შეფასების კრიტერიუმებს – ჩემი აზრით, ამ გზით სწავლება მეტად ეფექტური გახდება. უფროსი კოლეგების რჩევას ყოველთვის ვუსმენ, მათი გამოცდილება მრავალ საკითხზე მაფიქრებს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასაკის მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. მაგალითად, მოსწავლეებისგან ვსწავლობ დეტალებზე დაკვირვებას, ზოგჯერ იმის დაშვებას, რასაც ჩემი პრაგმატული ბუნება ვერც წარმოიდგენდა. სწორედ ასე, შესაძლებელია უფროსმა კოლეგებმა ჩემგანაც რამე ახალი გაიგონ, კონკრეტულად რა იქნება ეს, ძნელი სათქმელია.

ნინო პაპინაშვილი: კათედრის წევრებთან ურთიერთობა აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობითი ხასიათის წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ასე გაცილებით უფრო ხარისხიან გაკვეთილებს ჩავატარებთ. უფროსი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ დიდი გამოცდილება გააჩნიათ, ბევრი პრობლემის გადასაჭრელი გზები უკვე იციან და, შეიძლება ითქვას, მათი რჩევები განსაკუთრებულად რთული სიტუაციების საპრევენციოდაც კი შეიძლება გამოდგეს. თავის მხრივ, მათაც შეიძლება ისწავლონ უმცროსი კოლეგებისაგან რაღაც, რაზეც შეიძლება, გამოცდილების მიუხედავად, არ დაფიქრებულან, ამ შემთხვევაში ადამიანის ასაკს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ყველა ადამიანში არის ინდივიდუალიზმი, რაც სხვისთვის შეიძლება საინტერესო და მისაბაძიც კი აღმოჩნდეს.

ნინო ჯავახიშვილი: აუცილებელია თანამშრომლობითი გარემოს არსებობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, სასწავლო რესურსების ერთობლივად შექმნა და ურთიერთშეფასება. უფროსი კოლეგების გამოცდილების გაზიარება პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც პირიქით – ახალგაზრდა კადრების მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება.

  1. რას გეგმავთ არაფორმალური განათლების მიმართულებით თქვენს კლასებთან?

მიშა ჭელიძე: არაფორმალური განათლება მრავალფეროვანი ცოდნის მისაღებად მნიშვნელოვანი და საჭირო ინსტრუმენტია. ამ მხრივ, მაგალითად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობს – გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებში მრავალი ინტერაქტიური და შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამაა. ვფიქრობ, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდებიან სხვადასხვა მუზეუმში სტუმრობით.

ნინო პაპინაშვილი: ჯერჯერობით ახლოს არ ვიცნობ ჩემს მოსწავლეებს, არ ვიცი მათი ინტერესები, უნარები, მისწრაფებები, ამიტომ წინასწარ დაგეგმვაც არ მიმაჩნია მართებულად. მათთან ურთიერთობის დროს მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს და დავგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც იქნება დიფერენცირებული ხასიათის და რომლებშიც ყველა მათგანის ინტერესი იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული.

ნინო ჯავახიშვილი: დიდწილად ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა ინტერესებზე. ინტერესთა შესწავლის გარდა, ვაპირებ, გამოვიკვლიო მათი საჭიროებები და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმო შესაბამისი აქტივობები.

  1. სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ?

მიშა ჭელიძე: ახლახან ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემი მიზანი აკადემიურ სივრცეში სწავლისა და მუშაობის გაგრძელებაა. 10 წლის შემდეგ საკუთარი თავი ამ სფეროში წარმომიდგენია.

ნინო პაპინაშვილი: ათი წლის შემდეგ, ჩემი თავი, კარიერული თვალსაზრისით, ისევ განათლების სფეროში წარმომიდგენია. მგონია, რომ პედაგოგიურ საქმიანობას არ შევწყვეტ.

ნინო ჯავახიშვილი: გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სკოლაში. ეს არის პროფესია, რომელიც სრულიად გააზრებულად ავირჩიე და ვაპირებ მუდმივ განვითარებას, რათა გავხდე მასწავლებელი, რომელიც წვლილს შეიტანს განათლების სისტემის უკეთესობისკენ გარდაქმნაში, ბავშვების  სწორი ღირებულებებით აღზრდასა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი