სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გმადლობთ პრეზიდენტო!

ჩვენს ქვეყანაში დიდ ხანს და გულწრფელად პოლიტიკოსები იშვიათად უყვართ ხოლმე. ამგვარად ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშიც. მეცნიერები „ანტიპოლიტიკისა” და პოლიტიკური აპათიის ფენომენებზე ალაპარაკდნენ. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკისადმი მოქალაქეთა აბსოლუტურად უიმედო განწყობა, გულგრილობა და უნდობლობა პიკს აღწევს. თუმცა ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ცნობილი სერბი რეჟისორი ემილ კუშტურიცა „პოლიტიკის უნანასკნელ გმირებს” უწოდებს. ისინი რიგით მოქალაქეებს სახელისუფლებო საქმიანობისადმი რწმენას უბრუნებენ და შეუძლებელ გარემოებებს რეალურ შესაძლებლობებად წარმოაჩენენ. 

თუ ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები ბრძანდებით, ალბათ, უკვე გსმენიათ ერთი სამხრეთამარიკელი ექს-პრეზიდენტის შესახებ, რომელმაც უმაღლესი პოსტი სულ რამდენიმე თვის წინ დატოვა. 80 წლის ურუგვაელმა ლიდერმა ხოსე მუხიკამ სახელი რამდენიმე მიზეზის გამო გაითქვა.

თავდაპირველად, მან თანამემამულეებს შორის მოიპოვა განსაკუთრებული პატივისცემა, რადგან ათწლეულების განმავლობაში სათავეში ედგა სამხედრო ხუნტის, სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ მოქმედ პარტიზანულ რაზმსა და მოძრაობას. იგი დემოკრატიული რესპუბლიკისა და პარლამენტარიზმის დამკვიდრებისათვის ტყეებიდან და მთებიდან იბრძოდა. ოთხჯერ დაიჭირეს და ოთხჯერვე დააღწია თავი ტყვეობას, რათა სამართლიანი წინააღმდეგობა გაეგრძელებინა. მან საერთო ჯამში თოთხმეტი წელიწადი გაატარა ციხეში.

დიქტატურის დამარცხების შემდეგ რადიკალმა მებრძოლმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, სადაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენების ინტერესების გამოხატვას ცდილობდა. მუხიკა მხარს უჭერდა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების მოდერნიზაციას მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამასთანავე, გახლდათ ურუგვაელი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეებისათვის სახელმწიფოს თანადგომის პროექტების მთავარი ინიციატორი, რაც დაუფასდა კიდეც და 2000-იან წლებში ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრიც გახდა.

ხოსე მუხიკა მთელი მსოფლიოსთვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გახდა ცნობილი. მისი პოპულარობა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობამ, ბრაზილიასთან და არგენტინასთან შედარებით ურუგვაიში მოსახლეობის კეთილდღეობის შედარებით მაღალმა დონემ არ განაპირობა. მან ყურადღება სხვა გადაწყვეტილებების გამოც დაიმსახურა.

მსოფლიო მედია გააოცა ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთმა პირველმა ნაბიჯმა. მოხუცმა ლიდერმა თავიდანვე უარი თქვა სამთავრობო რეზიდენციაში გადასახლებაზე და ცხოვრება თავის სენატორ მეუღლესთან  ერთად ქალაქგარეთ მდებარე გლეხის პატარა კარ-მიდამოში, ერთსართულიან სახლში გააგრძელა. მუხიკამ კატეგორიული უარი განაცხადა საპრეზიდენტო ესკორტის მომსახურეობაზეც და დღემდე თავისი 1987 წელს გამოშვებული „ხოჭოთი” გადაადგილდება.

შემდგომ ეტაპზე ჟურნალისტები პრეზიდენტის პირადი შემოსავლების განაწილებით დაინტერესდნენ. გამოიძიების შედეგად ისინი მოულოდნელმა ტენდენციამ გააოცა. მუხიკას შემოსავალი სახელმწიფოს მეთაურობისათვის გამოყოფილი ჯამაგირისა და ეზოში მოყვანილი ყვავილების რეალიზაციის შედეგად შეგროვებული თანხისგან შედგებოდა. პირველი პირი კი შემოსავლის 85%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავდა.
საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება „პეპემ” (ასე უწოდებენ მას ურუგვაელები) კიდევ ერთხელ მაშინ მიიპყრო, როდესაც ჟურნალისტებმა ის მისი პროგრამის მიერ აშენებული საავადმყოფოს პაციენტთა რიგში ჩუმად მოკალათებული აღმოაჩინეს.

ცხოველთა უფლებების დამცველებს ურუგვაელი პოლიტიკოსი მას შემდეგ შეუყვარდათ, რაც მან თავის ერთსართულიან ქოხში სამფეხა ძაღლი მანუელა შეიფარა. აღნიშნულმა ამბავმაც შემთხვევით მიაღწია გაზეთების რედაქტორთა ყურამდე.

დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის წარმოებული ბრძოლისათვის, უბრალოებისა და მოკრძალებულობის განუმეორებელი მაგალითის შემოთავაზებისათვის დღეს მთელ მსოფლიოში მადლიერნი არიან ხოსე მუხიკასი, რომლემაც არაერთხელ გაიმეორა პოლიტიკოსთა 90%-სათვის წარმოუდგენელი სიტყვები: “როდესაც ლიდერები კარიერული კიბის უმაღლეს საფეხურს მიაღწევენ, მოულოდნელად მეფეებად გადაიქცევიან ხოლმე. მე არ ვიცი ეს როგორ და რატომ ხდება. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ დარწმუნებით. ამქვეყნად რესპუბლიკები არსებობენ იმის დასამტკიცებლად, რომ არავინ არავისზე არაფრით უპირატესი არ არის. თქვენ გჭირდებათ სასახლე, წითელი ხალიჩა, ათობით ადამიანი, რომელიც ბატონად მოგიხსენიებთ ???  მე ეს ყველაფერი საშინელებად მეჩვენება.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი