ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთი და იგივე განზომილება

(ჯემალ ქარჩხაძის სოლომონიანი”)

 არა მარტო მწერლობაში, არამედ ნებისმიერ პროფესიაში არაფერი მიიღწევა გულწრფელი, მგრძნობიარე, შეურყვნელი სულის გარეშე, რომელიც წინაპირობაა ყოფიერების იდუმალების წვდომისა, უნივერსუმთან ინიციაციისა. ეს შეუძლია, მოიპოვოს ყველა ადამიანმა და ამაზეცაა შესანიშნავი ქართველი მწერლის ეს დამაფიქრებელი და შესაშური ოსტატობით შექმნილი ნაწარმოებიც. ეს ოსტატობა კი არა მარტო ნიჭს, ასაკსაც მოაქვს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას…

დელიკატურ-ფილოსოფიურ-სარკასტული იუმორით გვაცნობს მწერალი მთავარ გმირს, სამოცდასამი წლის სოლომონს და მასთან ერთად ახასიათებს ეპოქასაც: „მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოიწურა და დეგრადაციის გზას დაადგა. ჯერ მოძველდა და მერე მოდიდან გადავარდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გამოიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა” (471) – უცნაურია: პერსონაჟი, თითქოს, ეპოქის ჩარჩოებშია და ამავე დროს, მათზე აღმატებულიცაა. სოლომონს ქორწილის დღესაც კი, როცა კაცი ცდილობს, ყველაზე ლამაზი იყოს, ის ეცვა, რაც ხელთ მოხვდა. ეს უბრალო ყოფაში დაუდევრობა არაა, რაც ბევრ დიდ მოაზროვნეს ახასიათებდა, ეს ყოფაზე ამაღლებაცაა, მისი უარყოფა, დაძლევა. ტიპურია სოლომონის გარეგნობაც, „რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავალობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა” (472). ასე შემოდის ნაწარმოებში დრო თუ კიდევ სხვა პირობითობები, რომლებსაც სოლომონი ანგარიშსაც უწევდა, – ყველაფერი აწყობილ-დაგეგმილი ჰქონდა და თითქმის არასდროს არსად ეჩქარებოდა, თუმცა მათ უგულებელყოფდა კიდეც ერთგვარად იდეალისტობის სიმაღლემდეც კი და ,,ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია” (472).

„ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე გავაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისთვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ” (474), – ასე ერგება თუ ირგებს ადამიანი ყოფას. სოლომონი ამას აკეთებ ცოლის, ასმათის, პრაგმატიზმის საშუალებით. ეს უკანასკნელი მთლად დირექტორი თუ არა, მოადგილე ხომ მაინცაა და ხელ-ფეხი ხსნილი აქვს, მაღაზიიდან წამოღებული სანტექნიკით არალეგალურად ივაჭროს (,,მე… ათასი მამაძღლობა უნდა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო… ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს” – 490). სოლომონის უპტრეტენზიობა (იქნებ სწორედ ესეცაა მისი თავმდაბლობა?) ამას ეგუება იმდენად, რამდენადაც თვითონ ამ ყველაფრის მიღმაა: არც ცოლივით მაქსიმალიტია, არც მომთხოვნია ცხოვრების მიმართ მაინცდამაინც. ასეთ ფსიქოტიპად სწორედ მასწავლებელი ჩამოაყალიბა ჩვენმა სოციუმმა. სოლომონიც მასწავლებელია. ოღონდ იგი ზედმიწევნით მიჰყვება მწერლის, იმავე ცხოვრების, შემოთავაზებულ მასწავლებლის თანამედროვე, უტყუარ და უღალატო მოდელს, „უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეებისგან” თავისუფალს, პათეტიკის „ჭრელ-ჭრელ” კვირტებგამოცლილს, უფრო პრაქტიკულსა და გამოყენებითი სახის მქონეს.

სოლომონი არ მიეკუთვნებოდა, ეგრეთ წოდებულ, „საყვარელი” მასწავლებლის კატეგორიას („თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომლებსაც დედა ენატრებათ და ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ”), თუმცა იგი არც შემთხვევით მოხვედრილა სკოლაში. დრო გადააწყობს ადამიანთა აზროვნების, აღქმის სტილს და შეიცვალა ბავშვების თაობაც. საინტერესო ფსიქოლოგიზმითაა წარმოჩენილი ეს მწერლის მიერ, როგორც ჭკვიანური ანალიზი სკოლის ცხოვრებისა: „ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე). უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად არ ენდობოდნენ, ხშირად მათ ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ” (487). ასე მოხდენილადაა გაშლილი ერთ აბზაცში უდიდესი თემა თუ პრობლემა ჩვენი განათლების სისტემისა: ბავშვების სკეპტიციზმი და უარესიც – ნიჰილიზმი, მკაცრი სოციუმი რომ აყალიბებს. მაგრამ არის ერთი საიდუმლოც, რომელიც უნდა იცოდეს მასწავლებელმა, რომ თუნდაც ლიტერატურული ღირებულებები არ გადაფასდეს და მოსწავლე არ იქცეს ნაადრევად დაბერებულ, მოწიფულ არსებად: მასწავლებელმა არ უნდა იკოპწიაოს, ითამაშოს თუნდაც სიყვარული. საჭიროა სინაღდე, გულწრფელობა (ბავშვის უტყუარ ალღოს ძნელად მოატყუებ), ოსტატობა და სათქმელის გადაცემის სწორი ფორმის ცოდნა, რომ მთქმელიცა და მსმენელიც ერთ განზომილებაში იმყოფებოდნენ.

ახლა პატარა ლირიკული გადახვევა მოცემულ კონტექსტში – ბებიაჩემი მარიამი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. ასაკის გამო მოუწია სკოლის დატოვება. მიდიოდა ვენახში ფიზიკურად სამუშაოდ, ნაზი და სიფრიფანა, ომში დაკარგული უფროსი ლეიტენანტის ქვრივი და ყურში ბამბებს იცობდა, რომ სკოლიდან მომდინარე ზარის ხმა არ გაეგო. ეს რომ რაღაცნაირად დირექტორმა გაიგო, სასწრაფოდ დაიბარეს მისთვის საკრალურ სივრცეში და დაუბრუნეს თავის საქმიანობას, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდა ყველა ასაკში. სოლომონისთვისაც, რომლის შემთხვევაშიც ბებიაჩემის ეპიზოდისგან განსხვავებული, საპირისპირო რაღაც ხდება, „სკოლა ეკლესია იყო” – ეს ახასიათებთ არა მარტო ბუნებით, მოწოდებით მასწავლებლებსაც, გული რომ უჩქროლდებათ სკოლის დანახვაზე. ესაა სწორედ ის მერკანტილიზმისგან დაცლილი, უდიდესი პასუხისმგებლობა, ნებისმიერ პროფესიაში რომ უნდა ამაღლებდეს ნებისმიერ ადამიანს და მის ამ პატიოსნებას „ქეციანად” და „მარაოსავით მომარჯვებულად” თუ ატავიზმად აღარ აჩენდეს ასმათისნაირების თვალში. თუმცა აქ პრობლემა ასმათსა ან სოლომონში როდია, არამედ ადამიანური თუ სახელმწიფოებრივი აზროვნების გამრუდებულ მექანიზმებშიც და ამაზეცაა ეს ნაწარმოები. თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვთქვათ…

მოთხრობის მხატვრულობაც, ურომლისოდაც არასრულყოფილია ნებისმიერი შემოქმედებითი ქმნილება, თითქოს, კარგად, დიდი ორიგინალურობით ახსნილი გაკვეთილივითაა და იდეური დატვირთვის მქონეა. აი, მაგალითად, გაპიროვნება – იდეალისტურ-მისტიკური: „მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა განძარცვულებს, არამედ განწმენდილებს”(495); ფილოსოფიური შედარება, მას ავტორი სოლომონს მიაწერს, რომლის აზრითაც, ცხოვრების მდინარეს ბუნდოვანი კოსმიური ძალა სათავეს უბრუნებს და სწორედ ესეცაა ალბათ მიზეზი დროის წრებრუნვისა: „როცა ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს” (95); მაგიური ეპითეტი: „ახლად გაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში. იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების ქსელში ხვევდა”(496); მარგინალურ-გროტესკული მეტაფორა: „მაგრამ ეს შეხვედრები არასდროს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენდა. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კერად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღებს და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება” (497); და მსუბუქი, არისტოკრატული ირონიაც…

,,განწყობილებას ხომ განსაზღვრავს არა იმდენად ობიექტური ვითარება, რამდენადაც წინამავალ განწყობილებასთან დაპირისპირება” – ეს მწერლის მორიგი სიბრძნეა, რომელიც შეიძლება სოლომონის ცხოვრებასაც მივუსადაგოთ: მშობლიური ლიტერატურის მასწავლებელს მოსწავლეები და მათი მშობლები (ერთი გამხდარი, სუსტი ბიჭის გარდა, რომელიც ყოველთვის ერთია ასეთ სიტუაციებში და ყოველთვის სულის გადარჩენაა) საპროტესტო განცხადებას დაუწერენ და მისი სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. მოდი, მოვაყოლოთ მეორე, ირონიული სიბრძნეც მწერლისა: „სიცოცხლე სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს” (522) – სოლომონსაც პატივს მიაგებენ მასწავლებლობის მრავალწლიანი სტაჟის გამო და როგორც პენსიონერს, „დაასვენებენ”. სოლომონის ცხოვრებაც მაინც კარგია, რადგან შეიძლება უარესიც ყოფილიყო… და იწყება „ხანა”, დრო სოლომონის სიბრძნეებისა.

მთავარი პერსონაჟის „წონით კატეგორიას” ნაწარმოების ბოლოს აზუსტებს ავტორი, როცა მის სამ დაკვირვებას შემოგვთავაზებს, რომლებიც მთელ ცხოვრებისეულ კონცეფციად შეიძლება ჩავთვალოთ. მწერლისა და მისი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი გმირის სიბრძნე სამიდან მეორე დაკვირვებაში იძენს მაღალ რეგისტრს თუ ემოციურ მუხტს: „ქართული მწერლობის შვიდი ვარსკვლავიდან ოთხი მეცხრამეტე საუკუნის ცაზე კიაფობდა… ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მშვიდობას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის დაკარგვით მოიპოვა, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობაზე მეტი ფასი ჰქონდა და არ შეიძლებოდა მას ფეთქებადი განახლება არ მოჰყოლოდა. რაკი ქვეყანას, რომლისთვისაც ბრძოლა ლამის არსებობის ფორმად იქცა, უეცრად საშუალება მიეცა, ხმალი დაედო, ოფლი მოეწმინდა, ჩამომჯდარიყო, მიმოეხედა და სამყაროსთვის სულისა და გონების თვალი მიეპყრო, ჯებირიც მოირღვა და დაგუბებული პოეზია (რატომ მაინცდამაინც პოეზია და არა პროზა, ეს ცალკე დაკვირვების საგანია) ნიაღვარივით გადმოსკდა. დამოუკიდებლობა კი დროებით დავიწყებას მიეცა. იდინა ნიაღვარმა, იდინა და მხოლოდ მაშინ, როცა ზიარჭურჭელში დადგენილ ზღვარს მიაღწია და კვლავ არტახებში მოექცა (ამიტომ იყო ოცდათორმეტი წელი ნაადრევი და ნაუცბადევი), დაჰკრა ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ზარმა და აკი გამოვიდა კიდეც ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე” (525) – ეს ყოველი ქართველის გენეტიკური ცოდნაა, სისხლით მოდენილი, არსებობის ფორმად და გამოხატვის საშუალებადაც ქცეული. ჰოდა, ილიას თუ ვბადებთ, ტყვიაც გამზადებული გვაქვს მისთვის. ეს ტყვია კი მხოლოდ ილიას თავის სამტვრევია ხოლმე. ამიტომაა „ილიაობა ძნელი” და არც მწერალი სთხოვს თავის გმირს ამას („ან რა სოლომონის საქმე იყო სწავლების მეთოდებისა და სისტემების მოწესრიგება! სოლომონს თავისი პატარა საქმე ჰქონდა და, ავად იყო თუ კარგად, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა”), მას მწუხარე სახის რაინდობაც ეყოფა.

ვფიქრობ, რომ ფარული ირონიის მიუხედავად, რომელიც უფრო ზოგადს მიემართება, ვიდრე კონკრეტულს, მწერლის დიდი სიმპათია, თანაგრძნობა და სიყვარული საგრძნობია მთავარი პერსონაჟისადმი. მისი სახელი არანაირად არაა კნინობითი ან პაროდია ბიბლიური სოლომონ ბრძენისა. არავინ იცის, რომ ამ ნაწარმოების გმირიც, მოვლენათა თუ გარემოებათა სხვაგვარ განვითარებასა თუ თანხვედრაში, აზროვნების მისნაირ სრულყოფილებას არ მიაღწევდა. იგი კი არის „გარემოების საყვირი”, რაც მასშტაბური აზროვნებისთვისაა საჭირო, მისი პრობლემები, საფიქრალი ილიასეულია, მაგრამ მსხვერპლიცაა ამ გარემოებებისა. ცხოვრების, ისტორიის, ეპოქისა თუ ბედის ირონიაც სხვა არც არაფერია (რომლებსაც მწერლის ირონია მიემართება სწორედ); ჩვენი ქვეყნის უბედურება კი ისაა, რომ სოლომონისნაირ კაცს „პატარა ადამიანად” თვლის, ჭანჭიკად, როგორც თუნდაც სოციალისტები. ყველაფერი ღირებული კი სწორედ ადამიანის ღირსებების ანუ მისი „სიდიდის” აღმოჩენით, პატივისცემით იწყება – შეძახილით ხის გახმობით კი არა, როგორც ჩვენი დღევანდელი საზოგადოების წესია.

თუმცა, სოლომონ ბრძენზე ვსაუბრობთ და, „დრონი მეფობენ, არა მეფენი”…

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია”, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი