პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან განათლების პოლიტიკის შესახებ

ნუცა კობახიძის შესახებ ჟურნალის მკითხველისთვის, ორი მიზეზის გამო, ბევრი რამ იქნება ცნობილი. ჯერ ერთი, ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარებული სპეციალისტია განათლების სფეროში, მეორე – ეს მისი მესამე ინტერვიუა ჟურნალისთვის. პირველი ორი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და იმედი მაქვს, მესამეც ასეთივე იქნება.

ნუცა კობახიძე შედარებითი და საერთაშორისო განათლების სპეციალისტია. მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, სადაც ის განათლების მეცნიერების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია. სულ ცოტა ხნის წინ ის გახდა ამავე უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის დირექტორი. გარდა უამრავი კვლევისა და მნიშვნელოვანი საქმიანობისა, ნუცა საკმაოდ აქტიური იყო პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით – სკოლების დაკეტვის დროს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია მთელ სისტემას. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მეც. სასკოლო განათლების ისტორიის კვლევაზე მუშაობისას არაერთი რჩევა მივიღეთ მისგან. ის ამავე თემაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმშიც მონაწილეობს. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ, მოდი, კითხვა-პასუხზე გადავიდეთ.

მინდა, მოგილოცოთ მორიგი წარმატება – სულ ცოტა ხნის წინ გახდით ჰონგკონგის უნივერსიტეტის შედარებითი განათლების კვლევის ცენტრის დირექტორი. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო ინიციატივა გექნებათ ცენტრისათვის. ამ და სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, როგორ და რა კუთხით ახერხებთ, საქართველოსთან პროფესიული კავშირი შეინარჩუნოთ?

ამ ცენტრის ხელმძღვანელობისას ჩემი ერთ-ერთი მიზანი იქნება საქართველოს სახელის წამოწევა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გულისხმობს საქართველოზე სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო პუბლიკაციების ხელშეწყობას, ქართველი მკვლევრებისა და სტუდენტების მოწვევას.

ციფრული ტექნოლოგიების პირობებში არც ისე რთულია პროფესიული კავშირების შენარჩუნება, მით უმეტეს სამშობლოსთან, როცა ამის სურვილი არსებობს. გარდა იმისა, რომ მე თავად ვმუშაობ საქართველოზე, აქტიურად ვწერ და ვაქვეყნებ სამეცნიერო ნაშრომებს ინგლისურ ენაზე, პერიოდულად ასევე ვკითხულობ ლექციებს და ვატარებ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის საქართველოში, ვეხმარები ქართველ მეცნიერებს და სტუდენტებს საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპაში, აზიასა და ამერიკაში, პროფესიული კავშირების დამყარებაში. ასევე ვეხმარები ქართველ მეცნიერებს, გამოაქვეყნონ სტატიები პრესტიჟულ ინგლისურენოვან ჟურნალებში, ხან თანაავტორებად ვიწვევ, ხანაც უკუკავშირს ვაძლევ. მოკლედ, მრავალი გზა არსებობს, იცხოვრო საზღვარგარეთ, მაგრამ შენს ქვეყანას ნაწილობრივ მაინც გამოადგე. ცხადია, უფრო მეტის გაკეთებაც შესაძლებელია, მაგრამ ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ოჯახური პასუხისმგებლობების პირობებში ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.

მინდა, საერთაშორისო კვლევებზე გკითხოთ. ჩვენში (განსაკუთრებითმედიას) ძალიან უყვართ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარება. თქვენ შედარებითი განათლების სპეციალისტი ხართ. ჩემი დაკვირვებით, როდესაც საქართველოს სხვა ქვეყნებს ადარებენ, ეს შედარება ყოველთვის უარყოფით კონტექსტში განიხილება. თქვენ ძალიან ფრთხილად ეკიდებით ამ საკითხს. რა განაპირობებს თქვენს ამ დამოკიდებულებას?

ნამდვილად ასეა, ყოველთვის ძალიან ვფრთხილობ შედარებების გაკეთებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავ, რომ საერთაშორისო შედარებით კვლევებს იყენებენ სიტუაციის დრამატიზებისთვის და არა გაუმჯობესებისთვის. შედარება სასარგებლოა, როცა შეგიძლია ისწავლო სხვისგან, რეფლექსია მოახდინო საკუთარ ნაკლზე და გააუმჯობესო მდგომარეობა.

შედარებითი განათლების მეთოდოლოგიას ვასწავლი უნივერსიტეტში, რაც ასევე მოიცავს სოციალურ მეცნიერებებში და განსაკუთრებით განათლების სფეროში შედარებითი კვლევების კრიტიკულ ანალიზს. სამწუხაროა, რომ ჩვენთან საერთაშორისო შედარებითი კვლევების გამოყენება მედიის ჰედლაინებს ვერ სცდება და ხშირად პოლიტიკური ნიშნის მოგების მექანიზმადაც კი იქცევა ხოლმე. საბოლოო ჯამში, ეს განათლების ისედაც სუსტი სისტემის დემორალიზებას იწვევს და ლამის უკვე ეროვნულ ხასიათში გამჯდარი თვითგვემის პროცესს ემსახურება.

საერთაშორისო კვლევებსა და მტკიცებულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღესდღეობით განათლების სპეციალისტები და სასკოლო საზოგადოება თანხმდებიან, რომ სასკოლო განათლების სისტემაში უამრავი გამოწვევა გვაქვს. ეს პრობლემები დაკავშირებულია ერთმანეთთან და შესაძლოა, გარკვეულწილად, ერთი მეორის გამომწვევიც იყოს. მაგალითად, განათლების დაფინანსების სიმწირე, მასწავლებელთა არასათანადო შრომითი პირობები, დაბალი კომპეტენციები და პროფესიული განვითარების სისტემა, ინფრასტრუქტურა, პოლიტიზებული და ცენტრალიზებული სასკოლო განათლების სისტემა, უთანასწორობა და .. თქვენ რომელ გამოწვევებს გამოყოფდით და როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასაძლევად ან შესამცირებლად?

რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა უმწვავესი პრობლემაა და სიის გაგრძელებაც შეიძლება, მაგრამ ალბათ აუცილებელია პრიორიტეტების გამოყოფა. განათლების სისტემის საფეხურებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სკოლაა, სადაც ფუნდამენტი ეყრება ყველაფერს. მაგალითად, რომ შეადაროთ, რას სწავლობენ მოსწავლეები მეოთხე კლასში მათემატიკაში ჰონგ-კონგში და რას – საქართველოში, უცებ მიხვდებით, როგორი აცდენილია ჩვენი სასწავლო პროგრამები. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველო ხშირად „ტიმსის“ (TIMSS) კვლევის სიის ბოლოშია და ჰონგ-კონგი – სათავეში. კიდევ ერთი უმწვავესი პრობლემა, რაც დღეს სკოლაში დგას, არის ის, რომ მოსწავლეებს უჭირთ არა მხოლოდ გააზრებული კითხვა,  არამედ ლოგიკური, არგუმენტირებული წერაც. წერა ფიქრის პროცესს აუმჯობესებს და დიდი წვლილი შეაქვს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ აუცილებელია წერის კომპონენტების გაძლიერებული სწავლება დაწყებითი კლასებიდანვე. ეს უნივერსიტეტის დონეზეც ბევრ პრობლემას მოხსნიდა.

 

როგორც ვიცი, თქვენი ინტერესის სფეროა განათლების პრივატიზაციაც. საინტერესო იქნება, საქართველოს მაგალითს თუ განვიხილავთ. ეს იდეოლოგია ჩვენს სისტემაში უკვე ძალიან ღრმად არის შემოჭრილი. მაგალითად, განათლების მინისტრებს მენეჯერებად განვიხილავთ, მოსწავლეებში ჩადებულ თანხასინვესტიციად, თავად განათლებასსერვისად, მოსწავლეებსა და მშობლებსმომხმარებლებად, კონკურენცია წამყვანი პრინციპია და .. მონაცემებსაც თუ შევხედავთ, კერძო სექტორი საქართველოში მზარდია, საჯარო კი ცდილობს, კერძო სექტორის პრინციპებით იმოქმედოს. სხვათა შორის, ეს თქვენი მთავარი კვლევის საკითხს, განათლების ჩრდილოვან სისტემასაც უკავშირდება. როგორ აფასებთ ამ საკითხს და როგორ ფიქრობთ, რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული?

ჩვენთან ისეთი მოცემულობაა, რომ შეესაბამება თუ არა რეალობას, უმრავლესობას კერძო სკოლა უფრო უკეთესი ჰგონია, ვიდრე საჯარო. ყველა ქვეყანაში არ არის ასე. ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, აუცილებელია საჯარო სკოლების გაძლიერება. გარდა ამისა, განათლება არის ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო. ხშირად იქმნება სიტუაცია, რომ ბიზნესის მიზნები ფარავს განათლების მიზნებს და სკოლისა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მთავარი მისია ფინანსური მოგება ხდება. ცხადია, ეს ტენდენცია არაჯანსაღ გარემოს ქმნის და, საბოლოო ჯამში, სოციალურ პროგრესს კი არა, უთანასწორობის გაღრმავებას ემსახურება.

ჩემი ერთ-ერთი ბოლო კვლევა ეხება საბავშვო ბაღში მისაღებ პროცედურებს, კერძოდ, ბაღის ინტერვიუსთვის მოსამზადებელ კერძო გაკვეთილებს ჰონგ-კონგში. მართალია, კვლევა საქართველოზე არ არის, მაგრამ მსგავსი ტენდენციები უკვე აქაც შეინიშნება. განათლების სფეროში აგრესიულ კონკურენციას, იმ მიზნით, რომ ბავშვები მოხვდნენ „პრესტიჟულ“ ბაღში, მით უმეტეს – სკოლამდელ ასაკში, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის დიდი სტრესი მოაქვს. „წარუმატებლობის“ შემთხვევაში „დამარცხების“ და „არასრულფასოვნების“ განცდაც კი შეიძლება გაჩნდეს. ამით, როგორც წესი, ხეირობს კერძო სექტორი, რომელიც მშობლების შიშებზე ბიზნესს აკეთებს და უამრავ „სერვისს“ სთავაზობს. შედეგად ვიღებთ უფრო მეტად სტრატიფიცირებულ საზოგადოებას, სადაც სოციალური უთანასწორობა ნორმალიზებულია.

 

ჩრდილოვანი განათლების საკითხებსაც შევეხოთ. თქვენს წიგნშიმასწავლებლები როგორც რეპეტიტორები: ჩრდილოვანი განათლების ბაზრის დინამიკა საქართველოშისხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავთ რეპეტიტორობას. როგორც ინტერვიუებშიც ამბობთ, მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. სისტემის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, რა არის დადებითი რეპეტიტორობაში და როგორ შეიძლება ამის შენარჩუნება?

ეს ის თემაა, რაზეც უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო. გარდა იმ წიგნისა საქართველოზე, რომელიც ახსენეთ, ჩემი ბოლო წიგნიც, რომელიც ამ სფეროში ორ წამყვან მეცნიერთან თანაავტორობით დავწერე, რეპეტიტორობის თემას ეხება, ოღონდ გეოგრაფიული კონტექსტი სხვაა და ბირმაზე, იმავე მიანმარზეა. რაკი მხოლოდ დადებით მხარეებზე მკითხეთ, უარყოფითს არ შევეხები. საქართველოშიც და მიანმარშიც, სადაც მასწავლებელთა ხელფასები არასახარბიელოა, რეპეტიტორობა მასწავლებლებისთვის შემოსავლის წყაროა, ხშირად პროფესიაში დარჩენის გარანტიაც კი. იქ, სადაც სკოლა სუსტია, რეპეტიტორობას აქვს კომპენსატორული როლი – დამატებითი ცოდნის მიღების მექანიზმს წარმოადგენს. რაც შეეხება მოსწავლეს, სუსტი მოსწავლისთვის ეს არის შანსი, გახდეს უკეთესი, დაეწიოს მასალას, აიმაღლოს თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა.  მე ვიკვლევ რეპეტიტორობის ფენომენს შედარებითი კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები კონტექსტის მიხედვით იცვლება. საბოლოო ჯამში, ცხადია, უმჯობესია, სკოლამ იტვირთოს ორივე ფუნქცია და მშობლებს აღარ დასჭირდეთ დამატებითი თანხის გადახდა მომზადებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, მრავალი მიზეზის გამო ეს უფრო და უფრო უტოპიას ემსგავსება.

 

დასასრულ, იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალის მკითხველები ძირითადად მასწავლებლები არიან, ერთი მხრივ, იმის გათვალისწინებით, რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა, – ვგულისხმობ მძიმე სოციალურ ფონს, არასახარბიელო შრომით პირობებს, რაც უდიდეს ძალისხმევასთან და, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, გმირობასთან არის დაკავშირებული, – მეორე მხრივ კი იმისა, რა გავლენა აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ მათ მოსწავლეებზე (ნეგატიურიც და პოზიტიურიც), რასრჩევდით მათ?

საზოგადოდ, სამწუხაროა, რომ მასწავლებლების ხმა მკაფიოდ არ ისმის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გარდა მცირე გამონაკლისებისა, მედია არ ინტერესდება მათი ცხოვრებით.  რამდენიმე აქტიური მასწავლებელი ვერ ქმნის ამინდს. გაუთავებელი რეფორმების პირობებში მასწავლებლის პროფესიის ტექნოკრატიზაცია და დეპროფესიონალიზაცია მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ მაინც ხორციელდება მასწავლებლის პროფესიის წამახალისებელი პროექტები, მათი მასშტაბი მცირეა. საჭიროა ყველა ქალაქისა თუ სოფლის დონეზე პროფესიული ასოციაციების შექმნა და გააქტიურება. დემოკრატიულ საზოგადოებაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხმა, agency. არსებული სოციალური ფონის პირობებში ვხედავთ მასწავლებელთა უმრავლესობას, რომლებიც ინერციით მიჰყვებიან სისტემას; უკეთეს შემთხვევაში, არიან ზემოდან თავს მოხვეული რეფორმის განმახორციელებლები. მინდა, რომ გვქონდეს ისეთი განათლების სისტემა, სადაც მასწავლებლები თავად იქნებიან ცვლილებების ინიციატორები, სადაც ისინი თვითორგანიზებულად შეძლებენ პროფესიული კაპიტალის დაგროვებასა და განვითარებას.

 

  1. ფოტოს ავტორი: Sophia Kwan
  2. ფოტოს ავტორი – Faculty of Education, The University of Hong Kong

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი