ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩვენი ღია წრე

ის საღამო ალბათ კარგა ხანს მემახსოვრება. ქალაქში ჯერ კიდევ დადიოდა ვეფხვის აჩრდილი და ყველგან, ცარიელ ქუჩებში, ავტოსადგომებზე, მდუმარე სკვერებში, სადარბაზოებში, შიში იგრძნობოდა. ერთ დღეს, შუა მუშაობაში რომ ვიყავი, მეგობარმა მომწერა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის საზაფხულო არტსკოლის გაკეთებას ვაპირებთ და თუ მოიცლი, იქნებ შემოგვიერთდეო. მეორე საღამოს მოსამზადებელ შეხვედრაზე გავყევი. მანქანა ქვაფენილით მოკირწლული ქუჩის დასაწყისში დავაყენეთ და პატარა, მყუდრო აღმართს ავუყევით. ფოთლების შრიალიც კი არ ისმოდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რა უნდა გვექნა, უცებ ამ გატრუნული ხეების ჩეროში უცებ ვეფხვი რომ გამოჩენილიყო. გულზე ხელი დაიდეთ, ივნისში, რომელიც უსაშველოდ გრძელი და მომქანცველი თვე გამოდგა, ალბათ თქვენც გიფიქრიათ ამაზე, თუნდაც წამიერად.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფსიქოლოგების შეკრებაზე აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი ლიკა ფსიქოლოგია, ფსიქოლოგები არიან მისი მეგობრებიც, ჭკვიანები და გამოცდილები, ზოგი ჩემზე უფროსი, ზოგი ჩემხელა, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე, სხვადასხვა პროფესიული და პიროვნული ინტერესების მქონე ადამიანები. სანამ მე ჩუმად ვიჯექი და ეჭვებს ვებრძოდი, რომელიმე ჩემი ფსოქოლოგიური პორტრეტის შედგენით ხომ არ იყო დაკავებული (ოჰ, ეს სტერეოტიპები!), ისინი საქმეზე საუბრობდნენ, საქმეზე, რომელსაც მოგვიანებით საზაფხულო არტსკოლა „ღია წრე” დაერქვა და უამრავი ადამიანი _ ფსიქოლოგი, მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, გამომცემელი, სამოქალაქო აქტივისტი _ გაგვაერთიანა თითქოსდა მარტივი იდეის გარშემო: სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის ბევრი კარგი დღე გვეჩუქებინა.

მასწავლებლობა ჩემი საქმე არ არის. უფრო მეტიც, მასწავლებლობის მეშინია. ლექციების კითხვას, ასე თუ ისე, მივეჩვიე, მაგრამ დღემდე ღრმად მწამს, რომ მასწავლებელი ვერასოდეს ვიქნებოდი, მასწავლებელი და კიდევ, ფინანსისტი. სხვა დროს ალბათ არ დავთანხმდებოდი ბავშვებთან ლიტერატურაზე საუბარს, მაგრამ ამ შემთხვევაში მივხვდი, რომ უარს ვერაფრით ვიტყოდი.

არ ვიცი, მერამდენედ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს მადლობა იმისთვის, რომ რისკზე წასვლა და ახალი აღმოჩენები უყვარს. არ ვიცი, როგორი ადამიანი ვიქნებოდი, იმ დილით მანქანა დიდი სიყვარულით გამოტანებული ჯადოსნური საჩუქრებით _ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში” გამოცემებით რომ არ გამევსო და „ვიტამინისკენ” მიმავალ გზას არ დავდგომოდი. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ჩემი ივლისი ასეთი ფერადი, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები რომ არ გამეცნო, ბავშვები, რომლებიც თავად დამეხმარნენ, მათთან ურთერთობის ამ მშინებოდა.

ისინი კითხულობენ, კითხულობენ სხვანაირ წიგნებს და არა ისეთებს, როგორებსაც ჩვენ ვკითხულობდით მათ ასაკში, კითხულობენ და ფიქრობენ სხვანაირად და არა ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. ისინი არიან კრიტიკულები, ჭკვიანები და მომზადებულები. მათთან კამათი რთულია. არც მათი ყურადღების მიპყრობაა მარტივი. ნებისმიერი ამბავი, რომელსაც უყვები, შეიძლება, გუშინ ჰქონდეთ ინტერნეტში ნაპოვნი. ამიტომ მათი ინტერესის დამსახურება პრივილეგიაა, მათი მადლობა _ ბედნიერება.

მათ კარგად იციან, რა არის თავისუფლება. მათ არ ახსოვთ ოთხმოციანი წლების ბოლო და ოთხმოცდაათიანების დასაწყისი, მიტინგები და სამოქალაქო ომი, ტანკებით დამძიმებული რუსთაველის გამზირი და „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.

ჩვენ მწვანე ეზოში ვსხედვართ და ხმამაღლა ვკითხულობთ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას”. გზადაგზა საბჭოთა პერიოდის შესახებ ვლაპარაკობთ _ შიშზე, სასჯელზე, ჩაკეტილ საზღვრებზე, თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე, გაქცევის სურვილზე, თავის დაღწევის მცდელობაზე. ვგრძნობ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ძალიან შორეული და ბუნდოვანია. ვცდილობ, ავუხსნა, როგორ მუშაობდა სისტემა, „როგორ იწრთობოდა ფოლადი”, რატომ დუმდნენ ადამიანები. ვეხებით ადამიანის უფლებებს, საკუთრების არარსებობის პრობლემას, ნდობის დეფიციტს. ვცდილობ, რადიკალური არ ვიყო, მაგრამ მგონი, არ გამომდის.

ვყვები სოსო წერეთელზე, ივერიელებზე, ირაკლი ჩარკვიანზე და ირაკლი კოსტავაზე, ვყვები გეგა კობახიძეზე, რომელიც ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე სიმპათიურ ბიჭად, ვყვები თინაზე და სხვა გოგოებზე, კარგ გოგოებზე, რომლებმაც საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლეს. ვცდილობ, ობიექტური ვიყო. მგონი, არც ეს გამომდის და საკუთარ თავს ვტუქსავ: „არა, არ გამოვა შენგან მასწავლებელი!”

ბოლოს ბავშვებს ვთხოვ, დაწერონ პატარა თხზულება, ჩემს ბავშვობაში თავისუფალ თემას რომ ვეძახდით, სათაურით „მე რომ საბჭოთა კავშირში მეცხოვრა”. ინტერესით ველოდები შედეგებს. ისინი, სურვილის მიხედვით, ხმამაღლა კითხულობენ საკუთარ ნაწერებს.

„…ალბათ ისე ვიცხოვრებდი, როგორც დანარჩენი მოქალაქეები, დავემორჩლებოდ წესებს, თუმცა ეს წესები ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა.”

„არასდროს გამჩენია და არასდროს გამიჩნდება სურვილი, მეცხოვრა იმდროინდელ საქართველოში…”
„ჩემი თავი ყოველთვის მეამბოხის როლში წაარმომიდგენია, რომელიც სხვისთვის მისაბაძი მაგალითია…”
„მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელთაც სწამთ, რომ შეუძლებელი არაფერია…”
„რთულია, წარმოიდგინო ცხოვრება ისეთ დოგმატურ ექოპაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. მითუმეტეს, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინდუსტრიისა და უსაზღვრო თავისუფლების სამყაროში ხარ და გაქვს თავისუფალი არჩევანი.”
„ნამდვილად არ მექნებოდა სიმპათიები სახელმწიფოს მიმართ…”

„არცერთი დაღუპული ადამიანის სიცოცხლე არ არის დაკარგული…”

მიხარია, რომ მათ ყველაფერი ასე ესმით, მიხარია, რომ სტერეოტიპებისგან თავისუფალი გონება და სიკეთით სავსე გული აქვთ. ნაწერებს ვაგროვებ და მოვდივარ. უკვე შუადღეა. მალე გასულა ის რამდენიმე საათი, რომელიც, მეგონა, უსაშველოდ გაიწელებოდა.

მოვდივარ და მახსენდება მათი მშვენიერი, ჭკვიანი თვალები, მათი სიტყვები და ზუსტად ვიცი, რომ ყველა წიგნს, რომელიც დავურიგეთ, აუცილებლად წაიკითხავენ, მე კი დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ მათთან ამ წიგნებზე, თუკი საშუალება მომეცემა. ვფიქრობ, რა კარგია, ივნისის ცხელ შუადღეს მეგობარმა რომ მომწერა და მეორე საღამოს შეხვედრაზე რომ წავედი. მიხარია, რომ ერთმა სამეგობრომ და ამ სამეგობროს სამეგობრომ ეს ყველაფერი შეძლო, მიხარია, რომ ბავშვებმა შეძლეს, სულ ცოტა ხნით ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ.
ჩვენი ცხოვრება ალბათ მართლაც ჰგავს ღია წრეს, რომელიც არაფრით ჩაიკეტება იქამდე, სანამ მოგვინდება, ერთმანეთი მივიღოთ და გვიყვარდეს, სანამ მოვახერხებთ, შიშები დავძლიოთ და დავინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი