სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო…

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის უკვე ნაკლებად ნერვიულობს იმაზე – როგორ გადადის მისი შვილი გზაზე, იბანს თუ არა ხელებს ჭამის წინ. ბავშვი იზრდება, მისი ნაცნობების წრეც ფართოვდება, მაგრამ ეს ყოველთვის არ ახდენს მასზე დადებით გავლენას.

თუ შვილი მოწევის დროს გამოიჭირეთ, გირჩევთ, მშვიდად აწონ-დაწონოთ არსებული სიტუაცია, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, თქვენ მოგინდებათ ერთი ამბის ატეხა, დამუქრება, რომ ყველა გაჯეტთან წვდომას შეუზღუდავთ, მაგრამ ამით სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევთ.

სამწუხაროდ, დღეს კარგ აღზრდა-განათლებას ყოველთვის არ შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა ადამიანის ჩვევებზე. თამბაქოს რეკლამის განმთავსებლები არაფერს თაკილობენ მომხმარებლების, მათ შორის, ახალგაზრდების მოსაზიდად. თანაც, მოწევა ბევრისთვის უწყინარი ჩვევაა, რომელიც „ნერვებს აწყნარებს“.

მართალია, მწეველ მშობლებს არ სურთ ხოლმე, რომ შვილებმა მოწიონ, მაგრამ თავად აგრძელებენ მოწევას. მათ, ასევე, ხშირად მწეველი მეგობრები ჰყავთ. ბავშვები ამას პატარაობიდანვე უყურებენ – დამტკიცებულია, რომ მწეველთა 80% გაიზარდა ოჯახში, სადაც მშობლები ეწეოდნენ, რასაც ემატება საყვარელი ფილმის მწეველი პერსონაჟის მიმზიდველი იმიჯი, რომელიმე ნათესავის მიბაძვის სურვილი ან ბანალური ცნობისმოყვარეობა. მოწევის მიზეზი უამრავია და თითოეულს თავისი ახსნა აქვს.

მოწევის თემაზე ბავშვებთან საუბარი და მათი გადარწმუნება რთულია, მაგრამ არც დროის კარგვა ღირს. აუცილებლად გამონახეთ დრო ამ თემაზე სასაუბროდ.

გვახსოვდეთ, რომ მოზარდობის ასაკში მოწევა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის პროტესტი „სისტემის“ წინააღმდეგ, რაღაცის დამტკიცების საშუალება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვთან ერთად დადგინდეს მოწევის მიზეზი. მოუსმინეთ მას, თვითონ ახსნას, რატომ მოიხმარს თამბაქოს, მოსწონს თუ არა, ესმის თუ არა, რას შედეგს მიიღებს მოწევის შედეგად.

ოღონდ თავს ნუ მოაწყენთ ამაზე საუბრებით, არაფერი აიძულოთ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ არ აპირებთ გაბრაზებას. უბრალოდ, გსურთ ბოლო მოუღოთ შექმნილ სიტუაციას. ნუ დააფრთხობთ ბავშვს.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ფაქტების მოყვანით უთხრათ მოზარდს, რომ თამბაქო კლავს მის მომხმარებლებს ან ის, რომ რეალური ზიანი გაცილებით მასშტაბურია. არ დაგავიწყდეთ, რომ მწეველ მოზარდთა წრეში მოწევაზე ხშირად საუბრობენ და ალბათ არცთუ ცუდად. ბავშვები ერთმანეთთან არ ისაუბრებენ ფილტვის კიბოსა და თამბაქოს კვამლის ქიმიურ შემადგენლობაზე. ამაზე საუბარი თქვენი მხრიდანაც შეიძლება სრულიად უსარგებლო იყოს, თუ ამით ბავშვის დაშინება განიზრახეთ.

გირჩევდით, ყურადღება მეტად გაგემახვილებინათ პრობლემის ფსიქოლოგიურ მხარეზე: აუხსენით, რომ მოწევა ადამიანს დამოკიდებულს ხდის და ნელ-ნელა ის ამ ჩვევის მონა ხდება. არცერთ მოზარდს არ მოუნდება რაღაცის ან ვიღაცის მონა იყოს. განუმარტეთ, რომ ის, ვინც სიგარეტზე ფულს ხარჯავს, არ გამოიყურება ჯანმრთელად და მისი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხეშია.

ასევე, სხვა კუთხიდანაც შეგიძლიათ მიუდგეთ, თუ მოზარდი ცნობიერია, ვთქვათ, გარემოს დაცვის მიმართ. უთხარით, რომ 300 სიგარეტის დასამზადებლად ერთი ხეა საჭირო, ანდა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული რეალური ზიანი ძალიან დიდია. მაგალითად, ყოველწლიურად გარემოში 4,5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი იყრება და გამოიყოფა 7000-ზე მეტი მავნე ნივთიერება, მათგან 70 ცნობილია კანცეროგენად, რომელიც აბინძურებს ტროტუარებს, პარკებს, ხვდება წყალში, რითაც წამლავს სიცოცხლეს ზღვაში.

თუ ოჯახში მწეველები გყავთ, შეგიძლიათ საუბარში ისინიც ჩართონ, რათა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით მავნე ჩვევის ჩამოყალიბების გამოცდილება გაუზიარონ.

აუხსენით ბავშვს, რომ მოწევა-არ მოწევა მისი არჩევანია. თქვენ მაინც მიიღებთ მას ისეთს, როგორიც არის, თუნდაც მწეველად. ამის გამო ნაკლებად არ გეყვარებათ, მაგრამ მოწევა არაგონივრულია. შეგიძლიათ ერთად დაითვალოთ/ჩამოწეროთ მოწევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნუ ურჩევთ ბავშვს რაიმე წიგნს დამოკიდებულებასთან გამკლავების შესახებ, ნუ გაიქცევით აფთიაქში ნიკოტინის საწინააღმდეგო პრეპარატის საყიდლად. მოზარდს ჯერ არ ექნება ჩამოყალიბებული ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება და სავსებით შესაძლებელია კომპეტენტური საუბრის შემდეგ დამოუკიდებლადაც თქვას უარი მოწევაზე.

ნებისმიერ სიტუაციაში, მთავარია ბავშვთან საერთო ენის გამონახვა. აკრძალვა არ არის პანაცეა და არც ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ნუ ეცდებით ბავშვის შოკირებას. მშვიდად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გაუზიარეთ. ბავშვმა უნდა დაიჯეროს, რომ მოწევას სიკეთე არ მოაქვს.

ოღონდ არ მოიშველიოთ ტყუილები. არგუმენტები იმის შესახებ, რომ მწეველს არ აქვს ტვინი ან ის ვერ იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, უსაფუძვლოა. თქვენი არგუმენტები უნდა იყოს მეცნიერულად და ყოფითი მაგალითებით გამყარებული.

თუ შვილი ამბობს, რომ კლასში ყველა ეწევა და ეს მაგარია, აუხსენით, რომ ახლა ტრენდულია ფიტნესი და ცურვა. მოწევა აღარ არის მოდური. მოდა მოდის და მიდის. მავნე ჩვევა რჩება და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია. მოწევა არის დამოკიდებულება, საიდანაც, თუნდაც დიდი სურვილის შემთხვევაში, 10-დან მხოლოდ 2-3 ადამიანი ახერხებს თავის დაღწევას.

თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ სკოლაში ძალიან იტვირთება, ნერვიულობს, სიგარეტი კი ამშვიდებს, აუხსენით, რომ „რელაქსაციის“ ეფექტი მიიღწევა ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე თამბაქოს შხამების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, რომელსაც მწეველი განმარტავს როგორც რელაქსაციას. შემდეგ კი ის ეჩვევა მოწევას და სიგარეტის არქონის შემთხვევაში, ზოგჯერ სტრესის მოხსნის სხვა წყაროების მოძიებას იწყებს. სიგარეტის გარეშე ის უკვე ვეღარ დუნდება.

ზოგჯერ მწეველი გოგო მოზარდები ამბობენ, რომ მოწევა სიგამხდრის შენარჩუნებაში ეხმარებათ. აუხსენით, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან გარშემო უამრავი დიდწონიანი მწეველი ადამიანია. ხოლო თუ სიგარეტი შიმშილის გრძნობას ცოტა ხნით აქრობს, ეს ძალიან ძვირიც ჯდება – დროთა განმავლობაში გასტრიტისა და კუჭის წყლულის სახით.

სიგარეტით წონის დაკლების მცდელობა უშედეგოა, რადგან საბოლოოდ არა მხოლოდ წონაში იკლებ, არამედ ხდები ნაცრისფერსახიანი ადამიანი, არაჯანმრთელი თმითა და ფრჩხილებით, ავადმყოფურად აცრემლებული თვალებითა და გაყვითლებული კბილებით.

ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებისგან საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება. თუმცა, 2018 წლიდან შემცირებულია როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობის მაჩვენებლები. 2020 წლის მონაცემებით, ზრდასრულთა 27,4% აქტიური მწეველი იყო, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს აღწევდა.

არსებობს 14 დაავადება, რომელთა გაჩენა ადამიანში დაკავშირებულია მოწევასთან. მაგალითად, ბრონქოფილტვის სისტემის დაავადებების 92% გამოწვეულია მოწევით; ტუჩების, ხორხის, ყელის კიბოს მიზეზის 90% მოწევას უკავშირდება, ასევე, არტერიების დაბინძურების და კიდურების განგრენის 95% მოწევის ბრალია და სხვ. მსოფლიოში ამას აღარავინ ამტკიცებს, რადგან ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.

აუხსენით მოზარდს, რომ თუ ის საკუთარ თავს ინდივიდად და პიროვნებად მიიჩნევს, შეუძლია, უარი თქვას მოწევის შეთავაზებაზე, არ შეუშინდეს თანატოლების დაცინვას. უბრალოდ თქვას: „არ მინდა“ მიზეზების განმარტების გარეშე.

მეცნიერთა, ფსიქოლოგთა და ექიმების მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ მოწევა მოზარდობაში, გარდა ზოგადი ფიზიოლოგიური განვითარების შეფერხებისა, გულისა და სისხლძარღვების გაუმართავი მუშაობისა, სმენის დაქვეითებისა, ანემიისა და ახლომხედველობის განვითარებისა, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებსაც იწვევს. მყიფე ნერვულ სისტემაზე ნიკოტინი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იწვევს დამოკიდებულებას. მოზარდები, რომლებიც ეწევიან, ხშირად განიცდიან ფსიქიკურ აშლილობას და დეპრესიულ მდგომარეობებს, რაც შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკში მოწევის შეწყვეტის შემდეგაც.

თუ მოზარდი მზადაა, თავი დაანებოს მოწევას, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, მაშინ შესთავაზეთ სპეციალისტების (ფსიქოლოგების) დახმარება. შესაძლოა, ბავშვმა უარი არ თქვას გარე დახმარებაზე მისი პრობლემის გადაჭრაში.

ხშირად მოწევისადმი ლტოლვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა მათგანის მოგვარება შესაძლებელია ოჯახის ან სპეციალიზებული სარეაბილიტაციო ცენტრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.

მანამდე, ვიდრე სპეციალისტებს მიმართავთ, გულახდილად და ღიად უთხარით მოზარდს, რა ელის მას სიგარეტის მიტოვების შემდეგ (აბსტინენციის სინდრომი, თავის ტკივილი, დეპრესია), მაგრამ ამავე დროს ესაუბრეთ ადამიანებზე, რომლებსაც კარგად იცნობენ და პატივს სცემენ ახალგაზრდები და რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ მოწევას. აჩვენეთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში თქვენ მას უჭერთ მხარს და ძალიან იამაყებთ მისი გამარჯვებით დამანგრეველ ჩვევაზე.

თუ თქვენ მშობელი, მწეველი ხართ, ეს თქვენი შანსია, თავი დაანებოთ მოწევას და პირადი, ცოცხალი მაგალითი მისცეთ თქვენს შვილს. შეადგინეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა თქვენს ოჯახში მოწევასთან საბრძოლველად. შვილთან ერთად გაითვალისწინეთ მოწევასთან დაკავშირებული ყველა მინუსი, მათ შორის ფულის ფლანგვა, რომელიც შეიძლება შეგროვდეს სიგარეტის მიტოვებით და მოზარდისთვის უფრო მიმზიდველ საყიდლებში დაიხარჯოს.

წაახალისეთ ბავშვის სპორტული და სხვა ჯანსაღი ჰობი, რომელიც აინტერესებს.

ესაუბრეთ მასწავლებლებს სკოლაში მოწევის პრევენციის შესახებ, ლექციების სერიის გამართვის შესაძლებლობის შესახებ. ასეთი ლექციები არაფორმალური ხასიათის უნდა იყოს, რომ მოზარდებში ნამდვილი ინტერესი აღძრას.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი