შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ანიკას, წლების შემდეგ

გამარჯობა, ანიკა

ბოლო დროს ბევრჯერ დავაპირე, შენთვის მომეწერა. მომეწერა და მეთქვა, როგორ მახარებდა ბავშვობაში შენი არსებობა – უფრო მეტად, ვიდრე სხვა გმირებისა, თუნდაც ჩემი საყვარელი ლინდგრენის წიგნებიდან. მინდოდა გცოდნოდა, რომ სანამ ჰერმიონ გრეინჯერი, ესთერ გრინვუდი და სხვა გმირები გამოჩნდებოდნენ ჩემი და სხვა ჩემისთანა გოგოების ცხოვრებაში, მანამდე იყავი შენ და შენი ყოფნით გვეხმარებოდი.

მინდოდა მეთქვა, ძვირფასო ანიკა, რომ, შენ და შენი ძმის მსგავსად, მეც თავაზიანი ბავშვი ვიყავი, წუწუნი არც მე ვიცოდი, თუ იმას არ მომცემდნენ, რაც მინდოდა. მეც ყოველთვის სუფთა და ლამაზი, გახამებული ჩითის კაბები მეცვა შენსავით. მეც ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი სუფრასთან, როცა სტუმრები მოვიდოდნენ, რომ ოჯახის წევრების რისხვა არ დამემსახურებინა. შესაძლოა ძალიანაც მინდოდა სხვანაირად მოქცევა, მაგრამ არ მიყვარდა, როცა დედა ბრაზობდა და შენიშვნებს მაძლევდა, ამიტომ ჩემს ეშმაკურ აზრებს ჩემთვისვე ვიტოვებდი და ისე ვიქცეოდი, როგორც მე და შენ შეგვეფერებოდა.

მე ვერასოდეს ვიქნებოდი პეპი. არც ძალა მეყოფოდა ამისთვის და არც გამბედაობა. არ შემეძლო, დამოუკიდებლად მეცხოვრა, ცხენი ხელში აყვანილი მეტარებინა ან ტკბილეულის მაღაზიის ფანჯარასთან ჩამწკრივებული ბავშვებისთვის ნამცხვრები და შოკოლადები მეყიდა. უფრო მეტიც – ჩემს ბავშვობაში ჩემს ქალაქში საერთოდ არ იყო ასეთი მაღაზიები, ფერადი ვიტრინებით და დიდი სიხარულით. ჩემი ზაფხული კითხვაში გადიოდა, თავს არ ვწევდი წიგნებიდან. ალბათ, არც შენ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ შენს მეზობლად ის უცნაური გოგო გადმოვიდოდა, მთელი მსოფლიოს ბავშვებს რომ უყვართ.

მაშინ მეჩვენებოდა, რომ მწერლები უფრო ისეთ გოგოებზე წერდნენ, რომლებსაც საოცრებების ჩადენა შეეძლოთ – პეპისავით გოგოებზე, რომლებიც წესებს არღვევდნენ და თავად წყვეტდნენ, ძილის დროს ბალიშზე თავი დაედოთ თუ ფეხები. მეჩვენებოდა, რომ არავის აინტერესებდა ჩემისთანა და შენისთანა გოგოები, გახამებული კაბებითა და ლამაზად დავარცხნილი თმით, მათი ჩვეულებრივი ამბები, ჩვეულებრივი ცხოვრება, რომლის მიღმაც ბევრი უცნაური ფიქრი იმალებოდა.

ხშირად მიფიქრია, ნეტავი როგორი გახდი, როცა გაიზარდე. ალბათ ლამაზი, წელში გამართული, ზომიერად მოღიმარი გოგო დადექი, ისეთი, როგორებიც შვედეთის ქალაქებსა და სოფლებში მინახავს, ისეთი, როგორიც ჩემი გოტებორგელი ჯგუფელი ანა იყო. ალბათ ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვი, ან აფრიკაში წახვედი ბავშვების დასახმარებლად – ჩვენისთანა გოგოებს სჩვევიათ ასეთი არჩევანი, სჩვევიათ გზების ძიება გმირობის ჩასადენად. ჩვენ მაშინ ვხდებით მეამბოხეები, როცა ვიზრდებით.

არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, მაინცდამაინც დღეს მომეწერა შენთვის, დღეს, როცა ჩემი მეგობრის სახლის აივნიდან განადგურებულ ზოოპარკს, მზიურსა და გზას ვუყურებ, დღეს, როცა ყველას გვეტირება და გვიჭირს უაზრო მსხვერპლის გამო, რომელიც ჩვენმა ქალაქმა გაიღო სტიქიასთან ბრძოლისას. ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვყოლია ერთი გამორჩეული გმირი, რომელიც იპოვიდა ძალას, მხრებზე შეესვა განწირული ადამიანები და ცხოველები და სამშვიდობოს გამოეყვანა, არ გვყოლია მხსნელი, რომელიც მოვარდნილ წყალს შეაჩერებდა, მაგრამ ერთმანეთის მხარდამხარ მაინც ბევრნი აღმოვჩნდით, ჩვეულებრივები, განსაკუთრებული უნარების არმქონენი, შეიუარაღებლები, მაგრამ, რაც მთავარია, ბევრნი.

აღმოჩნდა, რომ ახლა, როცა ჩემი მეგობრის შვილი სიხარულით მეუბნება, რომ სპილო გადარჩა, რადგან დიდია და წყალი ვერ მოერია, ყველაზე მეტად მომინდა, შენთვის მომეწერა და მეთქვა, რომ სინამდვილეში ეს სამყარო ჩვენია, პატარა გოგოების, პატარა ბიჭების, ბევრი ტომისა და ანიკასი და არა სუპერგმირების. ყველა გადწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. ვერავინ დაგვეხმარება. ის ცხოველებიც, წიგნებში სხვები რომ უვლიან, ჩვენი მისახედია, ის ადამიანები, ფილმებში ერთი ხელის მოსმით რომ აღმოჩნდებიან უსაფრთხო ადგილზე – ჩვენი გადასარჩენი.
ძვირფასო ანიკა, მადლობას გიხდი ჩემ გვერდით გატარებული ბავშვობისთვის.
ვეცდები, ყოველთვის შენი ღირსეული მეგობარი ვიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი