პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მაკარიოსი – პრეზიდენტი და ეპისკოპოსი

თანამედროვე ეპოქის დემოკრატიულ სისტემებში გადაწყვეტილების მიმღები პირები ცდილობენ, რომ რელიგიასა და პოლიტიკას, რელიგიურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის მკაფიო ზღვარი გაავლონ. დემოკრატთა მცდელობები ზოგჯერ ძალიან წარმატებულია. საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და დასავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოები სეკულარიზმის, რელიგიისა და პოლიტიკის სრული ურთიერთგანცალკევების საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენენ. თუმცა, სეკულარიზმის მომხრენი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ამინდს ვერ ქმნიან. შესაბამისად, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მრავლად ვხვდებით ქვეყნებს, რომელთაც რელიგიური ლიდერები მართავენ.

ჩვენს სამეზობლოში რელიგიური მმართველობის საუკეთესო ნიმუშად ირანის ისლამური რესპუბლიკა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ირანელები თავისუფალი არჩევნების შედეგად ირჩევენ პარლამენტს, პრეზიდენტს, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად თავისუფლად მიმდინარეობს კონკურენცია ისლამურ პოლიტიკურ ძალებს შორის. ერთი შეხედვით, რესპუბლიკა პროცედურული, ელემენტარული დემოკრატიის ყველა ნორმას აკმაყოფილებს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. მეჯლისიც და სახელმწიფოს მეთაურიც არაფერს წარმოადგენენ შიიტურ საბჭოსთან და ქვეყნის სულიერ ლიდერთან შედარებით. ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა სწორედ რელიგიურ ავტორიტეტებს ეთქმით, რომელთა შერჩევაშიც ხალხი, ამომრჩეველი არ მონაწილეობს.

ალბათ, ყველას მოგეხსენებათ ვატიკანის შესახებ, რომელიც რომის შუაგულში მდებარე, რელიგიური ინსტიტუტის მიერ მართულ მიკროსკოპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თუმცა, ევროპის უახლეს ისტორიაში ვატიკანი სასულიერო ლიდერთა მმართველობის ერთადერთი პრეცედენტი არ გახლავთ. თუ კარგად მოვჩხრეკთ, კიდევ ერთ უცნაურ შემთხვევასაც აღმოვაჩენთ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა საპარლამენტო დემოკრატიის მოდელის მიხედვით იმართება. მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში მოქმედებს შერეული, დუალისტური სისტემა, სადაც პარლამენტსა და პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებზე თითქმის თანაბარი გავლენა აქვთ. ევროპულ თანამეგობრობაში აშშ-ის მსგავს საპრეზიდენტო სტრუქტურებს ვერ მიაკვლევთ, ერთადერთი ევროპული საპრეზიდენტო რესპუბლიკა კვიპროსი გახლავთ. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე სახელმწიფოს მეთაურის ძლევამოსილება ქვეყნის პირველი ლიდერის დამსახურება უნდა იყოს.

ვინ იყო კვიპროსის პირველი პრეზიდენტი?

1960 წელს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით დამოუკიდებელმა კვიპროსმა სახელმწიფოს პირველ მეთაურად მაკარიოს მესამე აირჩია. მაკარიოსი პარალელურად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი გახლდათ. არქიეპისკოპოსის პრეზიდენტად არჩევა მრავალმა გარემოებამ განაპირობა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

1950-იან წლებში კვიპროსი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანელები არ აპირებდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულის დატოვებას და კვიპროსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შენარჩუნებას გეგმავდნენ. სხვა მიზნები ჰქონდათ კვიპროსელებს – მათ არ სურდათ დასუსტებული გაერთიანებული სამეფოს უღლის ქვეშ ცხოვრება და კოლონიათა გათავისუფლების ტალღის მიღმა დარჩენა. კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით 80% ბერძნები იყვნენ და ქვეყნის საბერძნეთთან შეერთებას ემხრობოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კვიპროსში ბერძნებს არცერთი დამოუკიდებელი, მოწესრიგებული და კარგად დაქსელილი პოლიტიკური სტრუქტურა არ ჰქონიათ. არ მოქმედებდა არცერთი მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტია ან პროფკავშირები, რომლებიც მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს გამოხატავდა. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც კვიპროსელი ბერძნების სახელით საუბრის უფლება ჰქონდა და კუნძულის ყველა კუთხეში იყო მძლავრი სტრუქტურებით წარმოდგენილი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია გახლდათ. კვიპროსის ეკლესია არც ქონებისა და შემოსავლების განსაკუთრებულ დეფიციტს უჩიოდა. შესაბამისად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დაწყვებისთანავე კვიპროსში ეკლესიამ პოლიტიკური ფუნქციების შესრულება დაიწყო და ხალხის მთავარ წარმომადგენლად, მესიტყვედ და დამცველად იქცა. ეკლესიის შედეგიან პოლიტიკურ საქმიანობას ხელს ისტორიული გამოცდილებაც უწყობდა. ოსმალოების მრავალსაუკუნოვანი მმართველობის დროს სტამბოლი ადგილობრივ სასულიერო პირებს აქტიურად იყენებდა კუნძულის სამართავად, რათა ქრისტიანებს თავი გარიყულად არ ეგრძნოთ და არ აჯანყებულიყვნენ. ბუნებრივია, ასეთი გავლენიანი ორგანიზაციის მეთაურს ხალხში პოპულარობის მოხვეჭა არ გაუჭირდებოდა. თან მაკარიოსი ძალიან ქარიზმატული პიროვნება გახლდათ, მის ქადაგებებს მონუსხული უსმენდნენ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები, არქიეპისკოპოსი არ ერიდებოდა დაპირისპირებას ბრიტანელ გუბერნატორებთან და სამხედრო მეთაურებთან, ღიად და გაბედულად აკრიტიკებდა მათ.

ეკლესიის აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურისა და პირადი სიმამაცის წყალობით არქიეპისკოპოსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე იქცა კვიპროსელი ბერძნების საერთო ეროვნულ წინამძღოლად – ეთნარქად, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების მოთხოვნით გამართული მასობრივი დემონსტრაციების, გამოსვლების, გაფიცვების ორგანიზებაში. ეთნარქის მიმართ საყოველთაო პატივისცემის განმტკიცებას ხელს ბრიტანელთა რადიკალური ქმედებებიც უწყობდა. 1956 წელს კვიპროსელთა აჯანყების შემდეგ ოფიციალური ლონდონის მითითებით მაკარიოს III სეიშელის კუნძულებზე გაასახლეს და სამშობლოში დაბრუნება აუკრძალეს. რადიკალურმა ქმედებამ კიდევ უფრო მეტად გააძლიერა არქიეპისკოპოსის პოზიციები ადგილობრივ საზოგადოებაში.

ცხადია, მრავალწლიანი ბრძოლის დასრულებისა და კვიპროსის ბრიტანელებისგან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური ამბიციების მქონე არქიეპისკოპოსი სიმბოლურ თანამდებობას არ დასჯერდა. მაკარიოსი ერთდროულად იყო კვიპროსელ ბერძენთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და კვიპროსის ეკლესიის მეთაური, შესაბამისად, ის ცერემონიალური ხასიათის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მაკარიოსის გავლენით კვიპროსი აშშ-ის ტიპის საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, სადაც სახელმწიფოს მეთაურის ხელში დიდი ძალაუფლება გახლდათ კონცენტრირებული.

როგორი პრეზიდენტი იყო არქიეპისკოპოსი მაკარიოსი?

არქიეპისკოპოსმა პრეზიდენტის პოსტზე 14 წლის განმავლობაში იმუშავა. მას ემადლიერებიან იმის გამო, რომ კვიპროსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავისი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით მაკარიოსი ახერხებდა, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორი და ანგარიშგასაწევი ფიგურა ყოფილიყო „ცივი ომის“ მონაწილე ორივე ბანაკისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მაკარიოსი უარს ამბობდა საბერძნეთის ხელისუფლებაში მოსულ ხუნტასთან თანამშრომლობაზე და ცდილობდა ძალადობრივი რეჟიმისგან დისტანცირებას. მისი წყალობით ათენის დიქტატურის კუნძულზე ექსპორტი რამდენჯერმე შეფერხდა, მართლმადიდებელმა წინამძღოლმა წარმატებით შეძლო არაერთი პროვოკაციისა და თავდასხმის მოგერიება.

მაკარიოსის მთავარ ნაკლად კუნძულის თურქულ მოსახლეობასთან ურთიერთობების მოუწესრიგებლობას მიიჩნევენ. არქიეპისკოპოსის საკონსტიტუციო რეფორმებს ადგილობრივი თურქები თავიანთი უფლებების უხეშ შეზღუდვად მიიჩნევდნენ. კვიპროსელი თურქები მაკარიოსს დღემდე ადანაშაულებენ გარიყვასა და ჩაგვრაში, პოლიტიკური სისტემიდან მათი გავლენების გამორიცხვის განზრახვაში. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები გახდა საფუძველი მრავალი სისხლიანი დაპირისპირების, ოფიციალური ანკარის ინტერვენციისა და კუნძულის ორ ნაწილად დაყოფისა. მაკარიოსს ავტორიტარული და ხანგრძლივი პრეზიდენტობის გამოც ედავებიან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მან ვერ მოახერხა ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა მუდმივ ომსა და შიდა არეულობებში გახლდათ გახვეული.

დემოკრატიული წესების დაცვით სასულიერო პირების ხელისუფლებაში არჩევა საქართველოს სინამდვილისთვისაც არ გახლავთ უცხო. საქართველოს ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა ერთი საკმაოდ გავლენიანი ლიდერი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავისუფალ ქვეყანაში „თეოდემოკრატიის“ მშენებლობას გეგმავდა.

ხანდახან დემოკრატიული მრავალგვარობა თავს უჩვეულო პოლიტიკური ამბების სახით იჩენს ხოლმე. პრეზიდენტად არჩეული ეპისკოპოსის ამბავი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დემოკრატიასა და ექსცენტრულ მოვლენებს შორის არსებულ კავშირს. მოსწავლეებმა მმართველობის ნებისმიერი ფორმის არაორდინარული გამოვლინებების შესახებაც უნდა იცოდნენ, რათა მომავალში თავი დაიზღვიონ საეპისკოპოსოსა და სახელმწიფო კანცელარიას შორის ტოლობის ნიშნის წარმოქმნისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი