ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 დასჯისა და საყვედურის გარეშე

გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, იაკობ კუნინმა და პოლ გამპმა სკოლებში არსებული ე.წ. „ტალღოვანი ეფექტი“ შეისწავლეს. მათ შეამჩნიეს, რომ თუ მასწავლებელი ცალკეულ მოსწავლეს აძლევდა შენიშვნას ან რაიმე ფორმით სჯიდა, ეს მოსწავლეზე პოზიტიურად აისახებოდა, მაგრამ ცოტა ხანში ამ ბავშვის არასახარბიელო ქცევას სხვები იმეორებდნენ.

მსგავს პრობლემებს ჩვენი თაობის მასწავლებლებიც აწყდებიან. ხშირად მათ არც კი იციან, როგორ გაუმკლავდნენ ურჩ და ცელქ მოსწავლეებს და დიდ დროს ხარჯავენ კლასში დისციპლინის დასამყარებლად.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ამერიკელი პედაგოგები ამაზე კვირაში 144 წუთს ხარჯავდნენ, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით სამი კვირა ეკარგებოდათ.

2016 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიზეზშედეგობრივი ურთიერთობების კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა სხვადასხვა სკოლაში „ტალღოვანი ეფექტის“ არსებობა: დიახ, მასწავლებლის სადამსჯელო პოლიტიკა დროებით აუმჯობესებდა მორღვეულ დისციპლინას, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლეები კლასში უფრო და უფრო დესტრუქციულად იქცეოდნენ. მეტიც: ისინი, ვინც კვლევაში მონაწილეობდნენ, თავს განყენებულად გრძნობდნენ, უჭირდათ კონცენტრირება და საკუთარი აზრის გამოხატვა.

თანამედროვე ამერიკელი პედაგოგები დღეს ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და მსოფლიოს მასშტაბით კოლეგებს უზიარებენ იდეებს, როგორ შეინარჩუნონ დისციპლინა კლასში ისე, რომ საგაკვეთილო დრო მის დამყარებაში არ დაიხარჯოს და მოსწავლეებსაც ნაკლები ზიანი მიადგეთ.

მაგალითად, მათი რჩევით, – რა უცნაურადაც უნდა მოეჩვენოთ ეს ძველი თაობის მასწავლებლებს, – აუცილებელია მოსწავლეთა კარგი ქცევის ხშირი ქება და ცუდის იგნორირება, სადამსჯელო მეთოდებზე კი საუბარიც ზედმეტია.

ამერიკელები ირწმუნებიან, რომ ასეთი მიდგომა სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. ისინი გვირჩევენ, მასწავლებლებმა ცელქ მოსწავლეებზე კი არ გაამახვილონ ყურადღება, არამედ შეაქონ მთელი კლასი: „დღეს თქვენ კარგად იმუშავეთ. დღეს ყოჩაღები იყავით“.

ალისა ნუკარო, ინგლისური ენის მასწავლებელი მემფისიდან, გვთავაზობს, საერთოდ არ გამოვიყენოთ სიტყვა: „ნუ“ („ნუ იზამ“). თუ გამოვიყენებთ, ბავშვს კარგად ავუხსნათ, რატომ ვიყენებთ.

ვაშინგტონის ვან ნესის დაწყებითი სკოლის მასწავლებელს ფალონ ტიურნერს მიაჩნია, რომ მასწავლებელმა დღე ხელის ჩამორთმევით და მოსწავლეების ჩახუტებით უნდა დაიწყოს (ცხადია, არაპანდემიურ პერიოდში). ტიურნერი ამბობს, რომ ეს შესაძლოა პაციენტის პულსის ყოველდღიურ შემოწმებას ჰგავდეს. ამ გზით მასწავლებელი უკეთ გრძნობს მოსწავლის განწყობას, მის სასწავლო გულისცემას და მასთან უფრო მჭიდრო კონტაქტს ამყარებს.

ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა კიდეც ასეთი მიდგომის სიკეთე. კონტაქტური მისალმება მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ სტიმულს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებელს და 20%-ით ზრდის მოსწავლეთა აკადემიური აქტივობის დონეს, ხოლო არასათანადო ქცევის დონეს 9%-ით ამცირებს.

ჩახუტებითა და სითბოს გამოხატვით მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარება კარგი იდეაა, მაგრამ მთავარია ამ ურთიერთობის შენარჩუნება და კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოყენება. ნიუიორკელი მარიკე ვან ვოერკომი, სოციალური პასუხისმგებლობის სასწავლო ცენტრის აღდგენითი პრაქტიკის ტრენერი, ამბობს, რომ „რაც უფრო მჭიდროა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა, მით უფრო მეტი კეთილგანწყობის შექმნაა შესაძლებელი კლასში“.

კიდევ ერთი მიდგომა: თუ მოსწავლეები ისე დასხდებიან კლასში, როგორც თავად მოისურვეს, ალბათობა იმისა, რომ დისციპლინა დაირღვევა, სამჯერ მოიმატებს. რასაკვირველია, ბავშვები უმეტესად ირჩევენ ადგილებს მოსაუბრე და მხიარული კლასელების გვერდით, ამიტომ უმჯობესია, ეს პროცესი იმთავითვე მასწავლებელმა მართოს და უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს.

ემილი პოლაკმა, მედისონის ერთ-ერთი სკოლის მეცხრე კლასის მასწავლებელმა, საკლასო ოთახში დადგა დივანი, სავარძელი და ყავის მაგიდაც კი, ჩამოკიდა რამდენიმე მომღერლის პლაკატი და კედლის ხალიჩა. მან განაცხადა, რომ კლასში მყუდროება ამცირებს მოსწავლეთა შფოთვას და ხელს უწყობს მუშაობას. მისი მოსწავლეები თავად წყვეტენ, სად დასხდნენ – დივანზე თუ იატაკზე, მაგრამ თუ თავს ვერ გაართმევენ რომელიმე ამოცანას, თავიანთ სამუშაო მაგიდებს უნდა მიუბრუნდნენ. პოლაკი ამბობს, რომ ამით დისციპლინის საკითხი ფაქტობრივად მოაგვარა და მოსწავლეებს შემატა მოტივაცია – დასხდნენ იქ, სადაც სურთ, მაგრამ ისწავლონ და არ იცელქონ.

ასევე, ამერიკელი მასწავლებლები გვირჩევენ, შევადგინოთ იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებსაც დადებითად მივიჩნევეთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ქცევის წესები დააზეპირებინოს, უმჯობესია, მათთან ერთად განიხილოს, რას ემსახურება ეს წესები, რას იძლევა მათი დაცვა. ბობი შედოქსი, პორტლენდის მეშვიდე კლასის სოციალური კვლევების მასწავლებელი, ბავშვებთან ერთად ადგენს წესების ჩამონათვალს, სადაც ხშირად გვხვდება ასეთი ცნებები: „ინკლუზიური“, „ორიენტირებული“, „ყურადღებიანი“.

„ჩვენ ერთად ჩამოვწერეთ სიტყვები, რომელთა არსის გვჯერა“, – ამბობს შედოქსი. ეს სტრატეგია მას მოსწავლეთა ქცევის კონტროლში ეხმარება.

ინგლისურის ყოფილი მასწავლებელი ტოდ ფინლი წერს: „როგორც უეცარი, სიჩუმის დამრღვევი ზარის წკრიალი იქცევს ჩვენს ყურადღებას, ასევე იღვიძებს მოსწავლეებში ინტერესი, როცა ისინი გრძნობენ სიახლის ეფექტს“. მისი აზრით, ეს სტრატეგია მაშინაც მუშაობს, როცა საქმე ხმაურიანი კლასის დამშვიდებას ეხება.

მასწავლებლები გვირჩევენ, მოსწავლეებს ხშირად შევახსენოთ, რას ვითხოვთ მათგან, რატომ არის საჭირო, მიჰყვნენ ჩვენს მითითებებს. შეხსენებაც შეიძლება ვაქციოთ მოსწავლეთა წახალისების საშუალებად, რათა მათ დაიცვან განსაზღვრული წესები მკაფიო კონტროლისა და იძულების გარეშე. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები ვადაზე ადრე ასრულებენ დავალებას, ისინი ხშირად დგებიან თავიანთი ადგილებიდან ან ცქმუტავენ და ხელს უშლიან სხვებს მუშაობაში. ხშირად შეახსენეთ მათ, რომ ასეთი ქცევა დაუშვებელია; მოიფიქრეთ, რის გაკეთება შეუძლიათ სანაცვლოდ, მიანიშნეთ ამის შესახებ.

მინიშნება შეიძლება იყოს სიტყვიერიც და ვიზუალურიც, მაგალითად, თითების ტკაცუნი. შეგიძლიათ, უბრალოდ სიგნალი მისცეთ ხელით. შეიძლება ხმოვანი მეთოდების გამოყენება, თუნდაც სამაგიდო ზარის დაწკარუნება.

2017 წლის ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლისადმი ყურადღების გამოხატვის არავერბალური ფორმები, მაგალითად, გაღიმება და თვალით კონტაქტი, ძალიან კარგად მუშაობს. მთავარია, მასწავლებლები და მოსწავლეები ამ „მუნჯურ ენაზე“ წინასწარ შეთანხმდნენ. „მუნჯური ენა“, მინიშნებები, რომლებიც მხოლოდ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა იციან, სახალისოცაა და კლასში ცელქი ბავშვების ქცევასაც აუმჯობესებს.

არ დაივიწყოთ, რომ წესები ყველასათვის საერთოა, უგამონაკლისოდ. ერთი ამერიკელი მასწავლებელი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მას სთხოვეს, დაესაჯა აფროამერიკელი მოსწავლე დრეს-კოდის დარღვევისთვის. დერეფანში ბიჭმა მასწავლებელს სხვა მოსწავლეებზე მიუთითა და ხმამაღლა იკითხა: „ხომ მათაც დასჯით?“ – რის გაკეთებასაც მასწავლებელი არც კი გეგმავდა… ეს მაგალითი კარგად გვაჩვენებს, რომ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი წესებსა და დისციპლინაში. მასწავლებელი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მოსწავლის ქცევაზე და არა იმაზე, რამდენად საყვარელია ის. უბრალოდ, შეახსენეთ მოსწავლეებს წესები, მათი დასჯა კი საჭირო არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი