შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აჭარელი დეპუტატი დამფუძნებელ კრებაში

საქართველოს 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო ინსტიტუტი გახლდათ. დამფუძნებელი კრების დემოკრატიულ შინაარსს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მეფისნაცვლის სასახლეში დაბინავებული დაწესებულების წევრები პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი კენჭისყრის გზით შეარჩიეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალი არჩევნების შედეგები ყოველთვის ზუსტად არ ასახავს საზოგადოების ნებას, ზოგჯერ პირველ ადგილზე გასული პარტია ხელთ იგდებს მანდატების უდიდეს უმრავლესობას და ერთპიროვნულად, ოპოზიციური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების ნების გათვალისწინების გარეშე მართავს ქვეყანას. გასული საუკუნის დასაწყისში ამგვარი ცდუნების წინაშე ქართველი სოციალ-დემოკრატებიც იდგნენ. მათ დამფუძნებელი კრების 130 მანდატიდან 103 ადგილის მოპოვება შეძლეს, მაგრამ პირველ რესპუბლიკაში ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა არავის უცდია. ერთი პარტიის უპირობო უპირატესობა დემოკრატიის სასარგებლოდ პარლამენტის წევრთა შემადგენლობის უკიდურესმა მრავალფეროვნებამ დააბალანსა.

საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ირიცხებოდნენ ქვეყნის ყველა კუთხის შვილები. მეფისნაცვლის სასახლის მთავარ დარბაზში ისხდნენ 30 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქვე შეხვდებოდით გლეხთა, თავად-აზნაურთა და სასულიერო პირთა ოჯახებში დაბადებულ პოლიტიკოსებს. მაშასადამე, ყველა ძველი წოდება სხვადასხვა მასშტაბით ფესვგადგმული გახლდათ რესპუბლიკის ცენტრალურ პოლიტიკურ მოედანზე. საპარლამენტო მერხებთან აღმოაჩენდით რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის შვილებს, ასი წლის წინ გერმანელი, ებრაელი და ბერძენი დეპუტატებიც კი გვყავდნენ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. 1918-21 წლების საქართველო სეკულარული სახელმწიფო იყო, ეკლესია და ოფიციალური უწყებები მკაცრად იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნულნი. თუმცა, აღნიშნული მოცემულობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ უკრძალავდა ცალკეულ რელიგიურ კონფესიათა წევრებს. შედეგად, დამფუძნებელ კრებაში მემარცხენე ათეისტებისა თუ აგნოსტიკოსების, აღმოსავლური ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევრების გარდა, ადგილის მოპოვება მალაკნების თემის ლიდერმაც კი შეძლო. ცხადია, ცალკე უნდა დავასახელოთ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არჩეული ქალებიც, რომელთა შესახებ, სასიხარულოდ, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.

თანამედროვე საქართველოს აკადემიურ წრეებში ბევრს მსჯელობენ 1919 წლის დამფუძნებელი კრების პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, წოდებრივი თუ  პროფესიული მრავალგვარობის თაობაზე, მაგრამ იშვიათად, თუ აღნიშნავს ვინმე, რომ პირველი რესპუბლიკის მესაძირკვლეთა შორის ერთი მოლაც კი ირიცხებოდა.

ალბათ, ბევრს გაგიჭირდებათ მუსლიმი დეპუტატის სახელის გამოთქმა – ოსმან ეიუბ ოღლი შავყი ეფენდი. ამიტომ სჯობს, რომ პარლამენტარი უბრალოდ ოსმან მიქელაძედ მოვიხსენოთ. დიდ პიროვნებას მხოლოდ ორ სახელს შორის არ უწევდა არსებობა, იგი ცხოვრების ყველა საფეხურზე ცდილობდა ორი სხვადასხვა ნაპირის შემაერთებელი ხიდის ფუნქციის შესრულებას.

ოსმან მიქელაძე დანისპარაულში დაიბადა. ამჟამად დანისპარაული ხულოს რაიონის სოფელი გახლავთ და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე გოდერძის უღელტეხილთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. გასული საუკუნის დასაწყისში კი მაღალმთიანი დასახლება ერთგვარი გარდამავალი სივრცე გახლდათ მესხეთსა და აჭარას შორის. დანისპარაულს ინტენსიური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ზემო აჭარის სოფლების უმრავლესობასთან, მაგრამ მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდ ქალაქს ახალციხე წარმოადგენდა და არა ბათუმი. დანისპარაულში დაბადებული მოღვაწეები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზს მესხეთის მთავარ დასახლებაში ეძიებდნენ და არა შორეულ ზღვისპირეთში. ბუნებრივია, გოდერძის უღელტეხილის ძირას დაბადებულ ოსმან მიქელაძე თავისი სოფლის ბედს იზიარებდა. იგი 1918-21 წლების ახალციხის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო, ხელმძღვანელობდა ორენოვან (ქართულ-თურქულ) გაზეთს „განახლებული მესხეთი“. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ახალციხის მოედნებზე გამართული თითქმის ყველა საჯარო კრებისას ოსმან ეფენდი ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო. მესხები ადგილობრივი ლიდერის სიტყვას აფასებდნენ და განსაკუთრებით ენდობოდნენ თავიანთ დეპუტატს. მესხეთში მუშაობის მიუხედავად, ოსმან მიქელაძე სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლების კომიტეტშიც ირიცხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, მემედ-ბეგ აბაშიძის მეთაურობით ჩამოყალიბებულ მოძრაობაში ძირითადად აჭარლები დომინირებდნენ. დეპუტატი ცდილობდა, რომ თავისი საქმით დანისპარაულის დასავლეთით მდებარე რეგიონსაც დახმარებოდა.

ოსმან მიქელაძემ სასულიერო განათლება საქართველოსა და თურქეთში მდებარე მედრესეებში მიიღო, ბოლოს სტამბულშიც აღმოჩნდა და ადგილობრივ უნივერსიტეტში თეოლოგიური ფაკულტეტი დაასრულა. რამდენიმე წლის განმავლობაში ახალციხეში მოლად მსახურობდა. ამგვარი გამოცდილების მიუხედავად, ქართველი პარლამენტარი მხოლოდ ისლამური სამყაროს ნაწილად არ დარჩენილა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მან თავისი სასულიერო განათლება სოციალ-დემოკრატიული თეორიების ცოდნით გაამდიდრა და ღრმად შეისწავლა მეოცე საუკუნეში თანასწორი საზოგადოების მოწყობის პრინციპები. მოლად ნამსახურებმა ადამიანმა 1920-იან წლებში დანისპარაულში პირველი საჯარო, სეკულარული სკოლა გახსნა და თანასოფლელებს თავისი ქალიშვილის, შადიეს პირველ კლასში ჩარიცხვით განსაკუთრებული მაგალითი მისცა. ოსმან მიქელაძეს მიაჩნდა, რომ ნებისმიერი კულტურის, რელიგიისა და სქესის წარმომადგენლისათვის საშუალო განათლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო.

ოსმან მიქელაძე მხოლოდ აჭარასა და მესხეთს, სასულიერო და სამოქალაქო გამოცდილებებს არ აკავშირებდა ერთმანეთთან. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას უწყობდა ხელს. მიქელაძე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და აქტიურად სარგებლობდა პირველ რესპუბლიკაში კარგად გავრცელებული პრაქტიკით. გასული საუკუნის დასაწყისის დამოუკიდებელ საქართველოში ადამიანს შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო დამფუძნებელი კრების წევრიც და ერობის ხმოსანიც (ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატიც). ოსმან მიქელაძე ახალციხის მაზრის ერობის დეპუტატიც გახლდათ და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრიც. შედეგად, ის აქტიურად მონაწილეობდა რეგიონული პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განხილვის საქმეში, ახალციხელებს თავიანთი ყოველდღიურობის კარგად მცოდნე პირი ეგულებოდათ საპარლამენტო დარბაზში.

გასულ გაზაფხულს დანისპარაულის სკოლას ვეწვიე. ხის ერთსართულიან შენობას ზამთრის თვეებში მთლიანად ფარავს უხვად მოსული თოვლი, სასწავლებლის ძველი, კაპიტალური ნაგებობა მეწყერმა წაიღო. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ცხადია, უგანათლებულეს პედკოლექტივს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის სახელს მიანიჭებს ცოდნის ახალ კერას. საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ოსმან მიქელაძე ნამდვილად იმსახურებს, რომ დანისპარაულის სკოლაზე მთავრული ასოებით ეწეროს მისი სახელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი