„მეგობარო, მოკლედ და გასაგებად ჩამომიყალიბე, ცოცხალი ორგანიზმების ზოგადი ნიშნები”, – ეუბნება მოსწავლე ხელოვნური ინტელექტის ხმოვან ასისტენტს. ChatGPT-ის კი, რომელსაც შესანიშნავად გამოსდის მონაცემთა სტრუქტურირება, ამაზე იოლ დავალებას ვერ მისცემ.
მაშინ, როდესაც მოსაწყენი დავალებებითა და რთული სახელმძღვანელოებით გატანჯული მოსწავლეები, ცოდნის მოპოვების ახალ, გამარტივებულ გზებსა და შესაძლებლობებს დამოუკიდებლად ეძებენ, ხელოვნური ინტელექტის, როგორც განათლების ასისტენტის დახმარება მათთვის, ფაქტობრივად გადარჩენაა – არ დარჩნენ გაურკვეველ თემებთან მარტო, თავი არ მიანებონ ბუნდოვან და გაუგებარ საკითხებს, არ დანებდნენ ცოდნის მიღების არცთუ ისე მარტივ გზაზე და დახმარება ითხოვონ ინფორმაციის უზარმაზარი სამყაროსგან.
ისე, როგორც ინტერნეტი, სოციალური მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩვენსა და მოსწავლეთა ცხოვრებაში მძლავრად შემოიჭრა. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე სასწავლო პროცესის თანამგზავრია, შეიძლება ითქვას, მოსწავლის პირადი ასისტენტი, რომელიც მათ სირთულეების ახსნაში ეხმარება, შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მასწავლებლებსა და სტუდენტებს. შეიძლება ითქვას, ასე ახლოს „ცოდნის კენწეროსთან” არასდროს ვყოფილვართ. ხელისგულზე გვაქვს უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ცოდნა და სამყაროს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია ახალ, საინტერესო, თვითმყოფად გამოცდილებად გარდავქმნათ.
თუმცა მნიშვნელოვანია, მაინც წინასწარ ვიცოდეთ და მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რას ვერ ჩაუნაცვლებს მათ ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სანდო (მეტწილად, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის საჭიროა) და საუკეთესო დამხმარეა მათთვის:
შემოქმედებითი აზროვნება ადამიანის ყველაზე დიდი თვისება და საჩუქარია ყველა დროსა თუ ეპოქაში. და რაც არ უნდა მოხდეს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის სრულიად ორიგინალურ იდეებს, ისეთებს, რომლებიც ადამიანის პირადი, ემოციური, ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან, დიდი ტკივილებიდან და სიხარულიდან იბადება. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა უკვე არსებულ მონაცემებს, ხოლო მოსწავლემ უნდა შექმნას სრულიად ახალი, საკუთარი ფანტაზიით, შემოქმედებითა და გამოცდილებით გამდიდრებული ტექსტი.
მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მოგვაწოდოს სანდო რჩევები, მოგვისმინოს, მოგვწეროს მანუგეშებელი სიტყვები – ის ვერასდროს ჩაანაცვლებს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, თანაკლასელებს და საყვარელ მასწავლებლებთან ცოცხალ ურთიერთობას, მათთან გულწრფელ საუბრებს. საყვარელ ადამიანებთან ცოცხალი კომუნიკაცია ყველაზე ღირებული და ძვირფასი რამ არის ჩვენს სამყაროში.
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგიწეროს მოთხრობა, ესეი ან სტატია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს უკვე შენი შენი საკუთრება არ არის, ამაში არაფერია ისეთი, რაც ოდნავ მაინც გიკავშირდება შენ და შენს წარმოსახვას, შენს შესაძლებლობებს და სხვა დროს, მის გარეშე გაგიჭირდება დაწერო თუნდაც ერთი წინადადება, თუ ყოველდღიურად არ იმუშავებ წერითი უნარების გამომუშავებაზე, არ დახვეწ შენს სტილს, არ წაიკითხავ ისეთ წიგნებს, რომლებიც წერისკენ გიბიძგებს.
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგწეროს მხარდაჭერის წერილი ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს; განუგეშოს, თუმცა გამხნევებისთვის, შთაგონებისთვის, მოტივაციისთვის ისევ და ისევ საყვარელი ადამიანები, მოსმენა, პირადი მაგალითები და გამორჩეული ადამიანური ისტორიები გვჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ძალიან სწრაფად უზარმაზარი ინფორმაციისგან მოკლე კონსპექტი მოგიმზადოს, ძალიან გაგიმარტივოს ყველა დავალება, სტრუქტურირებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიწეროს დავალების გეგმა, მოგიმზადოს პრეზენტაცია, ან დაგიწეროს მხატვრული თემა, ამ პროცესის აღსაქმელად მაინც აუცილებელია კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და ანალიზი. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ინფორმაციას რომელსაც ის იღებს, რეფლექსია და დაკვირვება სჭირდება და ასეთი მიდგომა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
ჰოდა, ძვირფასო მეგობარო, თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება მაშინ იბადება, როცა მას შენს გულში, შენი გონების მიუვალ კუნჭულებში გამოატარებ, დაწმენდ, გაფილტრავ და შენს, საკუთარ გამოცდილებად აქცევ. ამიტომ, მართალია, ძალიან მოსახერხებელია, ის, რაც მუშაობის პროცესს გვიადვილებს, მზა პასუხებს დაუყოვნებლივ გვთავაზობს, თუმცა, მაინც შეეცადე სწორ (თუნდაც არასწორ) პასუხებამდე თავად მიხვიდე, თავად იკვლიო გზა, რომელიც მარტივი არ არის, მაგრამ ეს მაინც შენი გზაა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა გაიარო.


