დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მზე – რას გრძნობთ? რას ფიქრობთ?
ასე ვიწყებ რეი ბრედბერის შესანიშნავი მოთხრობის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ გაცნობას.
ბავშვები მზის შესახებ საკუთარ ასოციაციებსა და განცდებს ხმამაღლა აჟღერებენ. შემდეგ ვთხოვ, ახლა წარმოიდგინონ ადგილი, სადაც მზე მხოლოდ ერთი საათით, ისიც შვიდ წელიწადში ერთხელ ჩნდება.
ძალიან უკვირთ, იცინიან, როგორ შეიძლება მას, ხომ დავიხოცებით – ამბობს ერთი, და იწყება მეცნიერებისა და ფაქტების სხაპასხუპით არგუმენტირება, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, რომ მზის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს.
ვუსმენ, ვუსმენ და ბოლოს ვეუბნები, რომ მხატვრულ ლიტერატურაში შეზღუდვები არ არსებობს და მწერალი ყოვლისშემძლეა, როგორც უნდა და რასაც უნდა, ისე დაწერს, ის პატარა ღმერთია თავისი სამყაროსთვის. და იმასაც დავძენ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები თავის დროზე წინასწარმეტყველებდნენ დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესს, როგორებიცაა, მაგალითად – რობოტები, ხელოვნური ინტელექტი, მანქანები..
და აი ვაცნობ რეი ბრედბერს, ამ საოცარ მწერალს.
და ვთხოვ მოსაზრებები გამოთქვან რაზე იქნება მოთხრობა: „მთელი ზაფხული ერთ დღეში“.
მოთხრობა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია, განსაკუთრებით დასასრული, რომელიც მკითხველს უამრავ საფიქრალს უტოვებს. შესანიშნავი საშუალებაა ბავშვები ტექსტის გაგრძელებაზე დავაფიქროთ. აქ პერსონაჟები ისეთი ცოცხლები, ისეთი ხელშესახებნი არიან, განსაკუთრებით კი მარგო: „მარგო მარტო იდგა. ის ძალზე ავადმყოფური შესახედაობის გოგონა იყო; ისე გამოიყურებოდა, თითქოს დაიკარგა და მრავალი წელი გაატარა წვიმაში, რომელმაც მისი თვალებიდან – ცისფერი, პირიდან – წითელი და თმიდან – ყვითელი ფერი მთლიანად გადარეცხაო. ძველი ალბომის მტვერდადებულ, გაცრეცილ ფოტოს ჰგავდა, თუ დაილაპარაკებდა, მოჩვენებასავით ჩუმი ხმა გაისმოდა“.
მარგო საოცარი გოგონაა, მეოცნებე და მზის მომლოდინე. დედამიწიდან ოთხი წლისა წამოიყვანეს პლანეტა ვენერაზე, სადაც მზე მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ, ერთი საათით ჩნდებოდა… მარგოს მზე ახსოვდა, მზე უყვარდა – სწორედ ამით განსხვავდებოდა ის თანაკლასელებისგან, რომლებსაც მზე არ ახსოვდათ, რადგან, როცა უკანასკნელად ნახეს მხოლოდ ორი წლისები იყვნენ. ამიტომ მარგო სძულდათ და შურდათ მისი, განსხვავებულის მიუღებლობა და სიძულვილი ძალიან კარგად ჩანს ამ ტექსტში და მშვენიერი სამსჯელო თემაა. ასევე კარგად ჩანს ბულინგი, ჩაგვრა – რომ მჩაგვრელს ვერავინ უბედავს შეპასუხებას და ყველანი იქცევიან მზის მოყვარული, მომლოდინე გოგონას ჯალათებად, როცა მზის გამოსვლის წინ მას საკუჭნაოში კეტავენ.
ტექსტი ძალიან სიმბოლურიცაა, რადგან მზე – სიყვარულის, სინათლის, სიკეთის სიმბოლოა. ამ კონტექსტში მოთხრობის გააზრება ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მიგვიყვანს. როგორ შეიძლება სინათლე ჩაკეტო, როცა მას ადამიანი ასხივებს? შეიძლება თუ არა დაატყვეო სიმართლე? დაატყვეო სიკეთე? მარგო მზის მატარებელია, მზე მასშია და თუ სხვა ბავშვები მთელი შვიდი წელი მზეს ნატრობენ, მარგოს მზე ნანახი აქვს, ახსოვს და ატარებს მას. გამორიცხულია მზე ერთხელ ნახო და ის შენში არ გადმოვიდეს, მისი რაღაც ნაწილი შენ არ დაიტოვო. შეიცვლებიან თუ არა ბავშვები მზის ნახვის შემდეგ? – ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანს ამ საკითხზე საუბარი.
კარგი იქნება, თუ კითხვის პროცესიც პატარა თავგადასავლად გადაიქცევა. საკლასო ოთახში მოვაწყვეთ პატარა სივრცეები, თითოეულ სივრცეში გავაკეთეთ მინიშნება, რა სივრცეა, ფურცელზე დავხატეთ და კედელზე მივამაგრეთ.
სულ ხუთი სივრცე გამოვიდა: წვიმიანი პლანეტა ვენერა, მარგო, მზე, ბავშვები, საკუჭნაოში.
კითხვას დავიწყეთ პლანეტა ვენერას სივრცეში. ბავშვებს ვთხოვე, რომ აქ მოთავსებულიყვნენ, ვკითხულობდით ნელა, ემოციურად, ვაკეთებდით პაუზებს:
I ნაწილი: პლანეტა ვენერა
„– მზად ხართ?
– მზად ვართ.
– უკვე დროა?
– მალე.
– მეცნიერებმა ზუსტად იციან? ხომ ნამდვილად დღეს მოხდება?
ასეა?
– უყურეთ, უყურეთ, თქვენი თვალით ნახავთ!
ბაღში გადახლართული ყვავილებისა და ბალახის მსგავსად ერთმანეთს მიკრული ბავშვები გარეთ იჭვრიტებოდნენ, დამალული მზისთვის თვალის მოსაკრავად.
წვიმდა.
შვიდი წლის განმავლობაში წვიმდა; ათასობით დღე, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლად ივსებოდა წარღვნით, დოლებზე ბრაგუნის მსგავსი ხმაურითა და თავსხმა წვიმით. კრისტალების მსგავსი წვიმის წვეთები არემარეს ეცემოდნენ, არეტიანებდნენ, ძლიერი ქარიშხლები კი პლანეტას კუნძულებზე მიხეთქებული მოქცევის ტალღებივით თავს ზემოდან ევლებოდნენ. წვიმამ ქვეშ ათასი ტყე მოიყოლა და გაანადგურა; მათ ადგილას, კვლავ გასანადგურებლად, სხვა ათასი წამოიზარდა. ასეთი იყო დროის მარადიული მდინარება პლანეტა ვენერაზე, ერთი საკლასო ოთახისთვისაც, სადაც სწავლობდნენ შვილები კოსმოსური ხომალდებით ჩამოსული იმ ქალებისა და კაცებისა, რომლებიც წვიმის სამყაროში სამუდამოდ საცხოვრებლად და ახალი ცივილიზაციის დასაფუძნებლად ჩამოვიდნენ.
– წვიმა იკლებს, იკლებს!
– კი, კი“.
შემდეგ ვეუბნებით, რომ გადავინაცვლოთ სივრცეში:
I I ნაწილი: „მარგო“.
ამ სივრცეში მარგოს გავიცნობთ, როგორ ახსოვდა მზე და როგორ ელოდებოდა, ლექსიც კი დაწერა:
„ვფიქრობ, რომ მზე არის სათუთი ყვავილი,
ერთ საათს ყვავის და უკვალოდ ჩაივლის”.
ტექსტში დაძაბულობა ნელ-ნელა შემოდის, ბავშვები მარგოს ირგვლივ ეხვევიან, დასცინიან მის მოლოდინს, მის რწმენას – რომ აი, დღეს მზე უნდა გამოვიდეს.
გადავდივართ სივრცეში:
III ნაწილი: „ბავშვები”.
ეს ყველაზე მძიმე სივრცეა, დაძაბულობა პიკს აღწევს, უილიამს გამორჩეულად სძულს მარგო, სძულს მისი მზისადმი სიყვარული და სძულს, რომ მარგოს მზე ნანახი აქვს. სწორედ უილიამის გადაწყვეტილებით მარგოს საკუჭნაოში კეტავენ…
ამასობაში კი მზე გამოდის…
გადავდივართ სივრცეში
IV ნაწილი: „მზე”.
მზის სივრცე სასურველია, იყოს მზესთან ახლოს, ფანჯარასთან, ბავშვებმა კიდევ უფრო ცხადად რომ იგრძნონ მზის სიმხურვალე, მისი სითბო და ის სიხარული, რაც პლანეტა ვენერაზე მცხოვრებ ბავშვებს დაეუფლებათ შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ.
ოჰ, მზე ამოვიდა! და ბავშვები გადაეშვებიან მზის სხივებთან თამაშის ერთსაათიან ბედნიერებაში….
დრო როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად გადის და ერთ გოგონას ხელისგულზე წვიმის წვეთი ეცემა … სასოწარკვეთა ისევ ბრუნდება და მზე ნისლების მიღმა იმალება.
ვინაცვლებთ
V ნაწილი: „საკუჭნაოსთან”…
ყველაზე სევდიან სივრცეში, სადაც მარგო ჩაკეტილი გველოდება….
ამბის დასასრული მოულოდნელია, ცოტა დამთრგუნველიც. ბავშვები თითქოს შოკში არიან, უნდათ კიდევ უნდა გაგრძელება, აინტერესებთ მარგოს გრძნობები, განცდები. დიდებულმა რეი ბრედბერმა ზუსტად იცის, სად უნდა შეწყვიტოს ამბავი და სად დაუტოვოს მკითხველს საფიქრალი. ბავშვები თავად მთხოვენ, რომ გაგრძელებას დაწერენ.
პატარა ფილმსაც ვაჩვენებ, რომელიც დიდად ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ განცდებსა და ტექსტის აღქმას აძლიერებს.
ბავშვები გაგრძელებას ილუსტრაციებსაც უკეთებენ, შემდეგ ხმამაღლა ვკითხულობთ და გვიხარია, რადგან მარგომ შეძლო პატიება. მზე ხომ მასში იყო, დიდი ამბავი თუ ვერ ნახა, მთავარია, მარგო მზეს გრძნობდა და მარგო მზეს ასხივებდა.
აქვე გიზიარებთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას „საბაზე“ :
https://saba.com.ge/books/details/3929
და მაკა ლდოკონენის შესანიშნავ წერილს ამავე თემაზე.