ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

არეული ჩანაწერები ხერთვისიდან

(პირველი ნაწილი)

ხერთვისის ციხეში არასდროს ჩატარებულა არქეოლოგიური სამუშაოები. ამიტომ ციხის პირველის სართული მიწითაა დაფარული, სარკმლის მხოლოდ ნახევარია მიწის ზემოთ.

ლეონტი მროველის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელს ლაშქრობისას დაუპყრია ხერთვისი, რომელიც მტკვარზე დგას. ციხის სახელწოდება ხანმეტი ზმნიდანაა წარმომდგარი: „ხ-ერთვი-ს“, ანუ „ერთვის“ ერთი მდინარე მეორეს. შესაბამისად, არსებობდა სხვა „ხერთვისებიც“ სხვა მდინარეთა შესართავებზე. ლეონტი მროველის ცნობა კი, როგორც დღეს ვიცით, მითია – მაკედონელს არასდროს ულაშქრია საქართველოში.

ციხის მშენებლობა, სავარაუდოდ, ბაგრატ III-მ დაიწყო. ამ დროიდან შემოგვრჩა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ახალი რესტავრირებულია. შემოგვრჩა ცნობა ამ ტაძრის ერთი ფილის ნამსხვრევზეც, „მეფეთმეფეს“ რომ ახსენებს. „მეფეთმეფეში“ სწორედ ბაგრატი უნდა იგულისხმებოდეს, რადგან წარწერაში აღნიშნული თარიღი (985 წ.) მისი მმართველობის პერიოდს ემთხვევა. თანაც სწორედ ბაგრატი იყო ის, ვინც სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველო ერთიან, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. აქედან მოდის მისი ტიტულიც – „მეფეთმეფე“.

აი, ციხის გალავნის ამგები ვინც იყო, ეს უკვე დაზუსტებით ვიცით – ზაქარია ქამქამიშვილი. ლოდი, ამგებს რომ ახსენებდა, დაიკარგა. სამაგიეროდ, შემოგვრჩა ისტორიული ცნობა მის შესახებ ერთი ფრანგი მოგზაურის ჩანაწერებში, რომელმაც ქართული წარწერა გადაიხატა (ანბანი ხომ არ იცოდა) და გასაშიფრად მარი ბროსეს აჩვენა. მარი ბროსეს წარწერა გაუშიფრავს, ოღონდ მცირედი ხარვეზებით. ეს ხარვეზები მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილს გაუსწორებია. ქამქამიშვილის შთამომავლებმა კი რუსეთის მმართველობის პერიოდში თურმე გვარი გადაიკეთეს და დღეს კამკამიძეებად იწოდებიან.

რადგან ციხე ორი მდინარის ხეობას აკონტროლებს, ის ყოველთვის სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. უნდა ითქვას, საამისოდ ყველაფრით აღჭურვილი ნაგებობაა: წყალი თიხის მილებით ჰქონდათ შემოყვანილი ზემო სოფლებიდან (ახლა უკვე – ნასოფლარებიდან). შემორჩენილია საიდუმლო გვირაბიც, რომელიც ჯავახეთის მტკვართან (დღევანდელი მდინარე ფარავანი) ჩადის. ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში გვირაბით შეიძლებოდა ქვემოდან სურსათ-სანოვაგის ამოზიდვა ან ციხის სრული ევაკუაცია.

ბევრი სხვა ციხისა და ტაძარ-მონასტრის მსგავსად, ხერთვისის მშენებლობაც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა – ყოველი ახალი დროება რაღაც ახალს მატებდა ციხესაც. მაგალითად, კოშკები XVI საუკუნეშია აგებული. ორი საუკუნის შემდეგ, ათაბაგმა ფაშისგან გამოყოფა მოინდომა და ერეკლე II-ს შეუთვალა, ჯარს მოგახმარ, ციხე ქართლს შემოვუერთოთ, ფაშის ქვეშევრდომობა არ მინდაო. ერეკლე დასთანხმდა და ციხეც XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა – ალბათ, გახსოვთ, რაც მოხდა შემდეგ: ასპინძის ბრძოლაში დავმარცხდით, რუსმა კონსულმა კი დრო იხელთა და 1828 წელს აქ სომხები ჩამოასახლა ერზერუმიდან. მათი შთამომავლები დღესაც ამ მხარეში ცხოვრობენ.

როგორ მოხდა, რომ სამხრეთ საქართველოს მთიანეთი ქართველებისგან თითქმის დაიცალა?

საქმე ის იყო, რომ მოსახლეობას უჭირდა ხარკის გადახდა. ხარკი კი დაწესებული იყო სრულიად ყველაფერზე, რაც კი ებადათ: მიწაზე, საქონელზე, მოსავალზე… ამას ემატებოდა ვალდებულება, რომ ყველა მამაკაცს ოსმალეთის ჯარში უნდა ემსახურა. ამიტომ ბევრი მოსახლე სხვა მხარეში გადავიდა საცხოვრებლად. მესხეთიდან არის, მაგალითად, ვაჩნაძეების გვარიც – კახელი ვაჩნაძეები სწორედ მათი შთამომავლები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“