სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ინდივიდუალური სწავლების ლაბირინთში (I ნაწილი)

მას შემდეგ, რაც განათლების სისტემაში გაჩნდა სიტყვა „ინკლუზია“, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა და განხორციელება მასწავლებლის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ამის მიუხედავად, დღემდე სირთულეს წარმოადგენს ამა თუ იმ სტატუსის მქონე მოსწავლეზე მაქსიმალურად მორგებული გეგმის შემუშავება. პირადად ჩემთვის, ერთ-ერთ მთავარ დამაბნეველ ფაქტორს დოკუმენტაციის იერსახის ხშირი ცვლა წარმოადგენს. ამას ემატება საგნობრივი სტანდარტის პერიოდული ცვლილება, უცხო ტერმინების (ცნებები, ქვეცნებები, შუალედური მიზნები, მკვიდრი წარმოდგენები და ა.შ.) შემოტანა, კურიკულუმში ფუნდამენტური ცვლილებების (მაგალითად, „ახალი სკოლის მოდელის“) კერძო სკოლაში დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები და ა.შ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში  „ინკლუზიური განათლება“ განმარტებულია, როგორც თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის შესაბამისი განათლება. ამისათვის საჭიროა ისგ-ის ჯგუფის (მშობელი, კლასის დამრიგებელი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი, ფსიქოლოგი/ინდივიდუალური ასისტენტი) შეკრება, მოსწავლეზე ინფორმაციის შეგროვება, პრობლემის შესწავლა/დიაგნოსტირება, სამუშაო გეგმის დასახვა, მონიტორინგი და მიღებული შედეგების ანალიზი. ყოველივე ზემოთქმული კი უნდა იქცეს ოფიციალური დოკუმენტად, რომლის წარმოებაც ევალება კლასის დამრიგებელს ან სპეციალურ მასწავლებელს და იმ საგნ(ებ)ის მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლესთან ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით მუშაობენ.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოიცავს: მოსწავლის შესახებ ზოგად ინფორმაციას (ძლიერი მხარეები, ინტერესები, სირთულეები და სხვ.), მიზნებსა და ამოცანებს (რას უნდა მიაღწიოს მოსწავლემ განსაზღვრულ პერიოდში), სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს (როგორ/რა გზებით უნდა ისწავლოს), შეფასების ფორმებს (როგორ ვზომავთ პროგრესს), ისგ-ის ჯგუფში ჩართული მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების პასუხისმგებლობებს; გეგმიურ ვადებსა და პროგრესის მონიტორინგს.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას, მასწავლებელი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“. აღნიშნული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მესამე თაობის ესგ-ის დიზაინი, რომელიც შედგება გრძელვადიანი მიზნებისა და ორიენტირებისგან, რაც წარმოდგენილია სასწავლო საფეხურისთვის საერთო ცნებებისა და შედეგების სახით. მაგალითისთვის, აი ასე გამოიყურება ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე:

ერთი შეხედვით, ზემოთ მოცემული დოკუმენტი კომპაქტური და გასაგებია. თუმცა მუშაობის პროცესში მისი გამოყენება არც თუ ისე მოსახერხებელია, რადგან ცხრილში განთავსებული ინფორმაცია ზოგადია და გიწევს მსხვილ მიზანში ნაგულისხმევი ინდიკატორების ლაბირინში საჭირო ინფორმაციის ძიება, რათა კონკრეტულ დავალებებთან მათი მისადაგება შეძლო. საგნობრივი კურიკულუმი და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კი სწორედ ზემოაღნიშნულ საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით იწერება.

კურიკულუმი არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს, რას, როგორ და რატომ სწავლობენ მოსწავლეები კონკრეტულ საგანში და საფეხურზე. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სასწავლო მიზნებსა და შედეგებს, საგნის შინაარსს, სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს და შეფასების ფორმებს. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმაც კურიკულუმია – დოკუმენტი, რომელიც ადგენს, რა უნდა იცოდნენ და შეძლონ მოსწავლეებმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე.

ინდივიდუალური გეგმაც სასწავლო დოკუმენტია. თუმცა კურიკულუმსა და ისგ-ს შორის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავებაა. კურიკულუმი არის საერთო სასწავლო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა უნდა ისწავლოს ყველა მოსწავლემ ამა თუ იმ საგანში საერთო სტანდარტის შესაბამისად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა კი გახლავთ კონკრეტული მოსწავლის უნარებსა და საჭიროებებს მორგებული დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქმნება, თუ რომელიმე მოსწავლეს სპეციალური მხარდაჭერა სჭირდება.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან: ზოგადი ნაწილი, საგნების გეგმები და ინტერვენციის გეგმა. დღეისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საგნის  მასწავლებლის მიერ შესავსები დოკუმენტი ასე გამოიყურება:

პირველ გრაფაში იწერება ის მიზნობრივი ცნებები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც დაძლია მოსწავლემ განვლილი სემესტრის განმავლობაში. გვერდით კი ვუთითებთ, კონკრეტულად რა იცის/შეუძლია მოსწავლეს ზემოაღნიშნული ცნების ფარგლებში. აქ ხშირად უშვებენ შეცდომას და იმ საკითხებსაც უთითებენ, რომელთა დაძლევაც მოსწავლემ ვერ შეძლო. არადა, ზემოაღნიშნული გრაფა მხოლოდ მოსწავლის ცოდნის აქტუალურ დონეს უნდა აღწერდეს.

სსსმ მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის შეფასების შემდეგ, საგნის მასწავლებელი განსაზღვრავს გრძელვადიან მიზნებს. ეს გახლავთ იმ ცოდნისა და უნარების ერთობლიობა, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიმუშავოს ერთი სასწავლო სემესტრის/წლის განმავლობაში.  გრძელვადიანი მიზნების დასახვის პროცესში, აქტუალური დონის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა, ანუ პოტენციალი, რომელიც სტიმულაციას საჭიროებს (ის, რის სწავლასაც შეძლებს მოსწავლე უფროსის ან კომპეტენტური თანატოლის დახმარებით).

გრძელვადიანი მიზნების დასახვის შემდეგ, მოკლევადიანი მიზნების, ანუ კონკრეტული სტრატეგიების/აქტივობების შემუშავების დრო დგება. მასწავლებლის მიზანს შეიძლება წარმოადგენს სასწავლო მასალის შინაარსის ადაპტირება ან შემცირება (დიფერენცირებული სწავლება), თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეს გასული სასწავლო წლის შესაბამისი უნარების განვითარებაც შეიძლება დასჭირდეს. მოსწავლის პროგრესი ფასდება ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, დაგეგმილი თემების დამუშავების შემდეგ. სასურველია, დეტალურად აღვწეროთ, თუ რისი სწავლა შეძლო მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში და რომელი უნარების განვითარებაზე უნდა გააგრძელოს მუშაობა.

მოსწავლის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სემესტრულ ტესტზე/შემაჯამებელ დავალებებზე დაყრდნობით არ განისაზღვროს საბოლოო შედეგი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ყოველდღიური ინდივიდუალური დავალებები, მოსწავლის თვითშეფასების ბარათები, მშობლის უკუკავშირი და შემოქმედებითი პროდუქტი, რასაც სემესტრის განმავლობაში ვქმნიდით.

თუ ერთხელ მაინც გისწავლებიათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, იცით, რომ ისგ არ არის უცვლელი დოკუმენტი. მას პერიოდულად გადახედავენ, ინიშნავენ მიმდინარე შეფასებებს და მოსწავლის მიღწევებისა და ახალი საჭიროებების შესაბამისად აკორექტირებენ. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ყველაზე „ცოცხალ“, რეალობასთან ახლოს მდგომ დოკუმენტს წარმოადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“