ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

ციფრული რევოლუცია და სემიოტიკური კრიზისი

ციფრულმა სამყარომ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ნიშანთა სამყაროც. დიახ, ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ ნიშანთა სამყაროში, ვოპერირებთ ნიშნებით და თავადაც ვართ ნიშნები, მაგრამ ყველა აღმნიშვნელს აქვს თავისი აღსანიშნი. მაგრამ რა ხდება ციფრულ სამყაროში, სადაც ჩატბოტი გვესაუბრება იმავე, ადამიანური ნიშნებით, მაგრამ ამ ნიშნების გაცნობიერების გარეშე, უბრალოდ, სიმულაციით. ეს არის ახალი სემიოტიკური მოვლენა: AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ბოდრიარის “მეოთხე რიგის სიმულაკრის” სრულყოფილი მაგალითი: ასლი ორიგინალის გარეშე, ნიშანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და რომელიც თავად არის  სიმულაკრი.

ფუნდამენტური სემიოტიკური კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ იქმნება მნიშვნელობა ტექსტში, რომელიც ცნობიერების გარეშეა გენერირებული? ტრადიციული სემიოტიკა ეფუძნება ნიშნის, ობიექტისა და ინტერპრეტანტის ურთიერთობას. ხელოვნური ინტელექტის სისტემები კი “სემიოტიკურ სიცარიელეში” ოპერირებენ. ისინი სინტაქსის (ნიშნებს შორის ურთიერთობა) ოსტატები არიან, მაგრამ მოკლებულნი არიან ჭეშმარიტ სემანტიკას (ნიშნების სამყაროსთან ურთიერთობა) და პრაგმატიკას (ნიშნების კონტექსტში გამოყენება).

AI არაფერს “გულისხმობს”; ის ითვლის ტოკენების  სტატისტიკურად ყველაზე სავარაუდო თანმიმდევრობას. შესაბამისად, მნიშვნელობა არ არის დეკოდირებული გამგზავნისგან, არამედ ექსკლუზიურად პროეცირებულია მიმღების (მკითხველის) მიერ. AI ფუნქციონირებს როგორც “სემიოტიკური მანქანა”, რომელიც აგენერირებს სიმბოლოებს, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია და მნიშვნელობის მინიჭება რჩება  ადამიანურ აქტად. AI-ს არ შეუძლია გაიგოს ქვეტექსტი, ირონია ან მეტაფორა; ის ამუშავებს ენას, როგორც სტატისტიკურ თამაშს და წარმოდგენა არა აქვს რეალობის ობიექტებზე და რეალურ განცდებზე.

LLM-ები გაწვრთნილი არ არის რეალობაზე, არამედ რეალობის მასალაზე, “რუკაზე” – ინტერნეტში არსებული ტექსტებისა და სურათების უზარმაზარ კორპუსზე. შესაბამისად,  გამომავალი პროდუქტი არის მოდელის მოდელი, ნიშნის ნიშანი. ეს პროცესი არის “მოდელების მიერ რეალობის გენერაცია საწყისისა და რეალობის გარეშე: ეს არის ჰიპერრეალობა.”

ეს ქმნის ერთგვარ მარყუჟს, “სიმულაკრების AI-ზე დაფუძნებულ უპირატესობას” (AI-driven precession of simulacra). AI აგენერირებს კონტენტს არსებული მედიის საფუძველზე; ადამიანები მოიხმარენ ამ კონტენტს, რაც აყალიბებს მათ შემოქმედებით მგრძნობელობას; შემდეგ ეს ადამიანები ქმნიან ახალ კონტენტს (ან პრომპტებს), რომელიც ასახავს AI-ს გავლენას, რაც თავის მხრივ, მომავალი საწვრთნელი მონაცემების ნაწილი ხდება. ეს აჩქარებს კულტურულ ჰომოგენიზაციას და იწვევს “ორიგინალურობის კრიზისს”, სადაც ხელოვნება ხდება “რემიქსის რემიქსი”, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება განცდილ ადამიანურ გამოცდილებას.

ამ კონცეფციის გაფართოებით, შეგვიძლია ვისაუბროთ “გენერაციულ ჰიპერრეალობაზე” – ახალ ეტაპზე, სადაც AI  ახდენს რეალობის სიმულაციას და, ამავე დროს, ხდება ახალი რეალობების ავტონომიური შემქმნელი, რომელთა კვალიც ადამიანურ გავლენამდე აღარ მიდის.

 

AI ლიტერატურის სემიოტიკა

 

AI ლიტერატურის შემთხვევაში მნიშვნელობის შექმნის მთელი ტვირთი მკითხველის პრეროგატივაა. თუმცა, მკითხველები ხშირად მოქმედებენ იმპლიციტური “ჰერმენევტიკული კონტრაქტის” ფარგლებში, ქვეცნობიერად ვარაუდობენ ავტორის არსებობას და ეძებენ განზრახვას მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ტექსტი მანქანის მიერ არის გენერირებული. ჰერმენევტიკული პროცესი იცვლება. კითხვის – “რას გულისხმობდა ავტორი?” – ნაცვლად, მკითხველმა უნდა იკითხოს: “სისტემაში არსებულმა რომელმა პატერნებმა წარმოქმნა ეს შედეგი?” ან “რას ამბობს ჩემი ემოციური რეაქცია ამ არაემოციურ ტექსტზე ჩემივე პროექციების შესახებ?”. AI ლიტერატურის კითხვა ხდება ალგორითმის ჩრდილის ინტერპრეტაციისა და, ამავდროულად, თვით-ანალიზის აქტი.

ეს უკავშირდება აფექტის თეორიასა და აფექტურ გამოთვლებს (Affective Computing). როგორ აღვიქვამთ ემოციას ან “სიღრმეს” ტექსტში, რომელიც ვიცით, რომ არააფექტური სისტემის მიერ არის შექმნილი? “ემოცია” ტექსტში კი არ არის, არამედ მკითხველში აღიძვრება ტექსტის მიერ ემოციური ნიშნების სიმულაციის მეშვეობით. ემოციური AI-ს კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI-ს შეუძლია ადამიანური აფექტების ამოცნობა და სიმულაცია, მას არ გააჩნია შინაგანი, თანდაყოლილი ემოციური მდგომარეობები. ჩვენი ემოციური პასუხი AI ლიტერატურაზე, შესაბამისად, არის პასუხი ოსტატურ ილუზიაზე, რაც მთელ ინტერპრეტაციულ აქტს ართულებს.

 

 

 ქსელური ავტორობა

 

მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, როდესაც ავტორი მხოლოდ AI -ია და როცა ავტორი ჰიბრიდულია. თანამედროვე ლიტერატურულ პრაქტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ჰიბრიდული ავტორობის ფენომენი – ადამიანისა და AI-ს თანაშემოქმედება. ეს პროცესი ითხოვს ავტორობის რადიკალურ გადააზრებას. როგორც ჯეიმს ჰუტსონი და თანაავტორები აღნიშნავენ, “AI ტექნოლოგიების ინტეგრაციამ წერის პროცესში მნიშვნელოვნად შეცვალა ავტორობის, შემოქმედებითობისა და ინტელექტუალური შრომის ტრადიციული ცნებები” (Human-AI Collaboration in Writing, 2025). ჰიბრიდული ავტორობა გულისხმობს სამ ძირითად განზომილებას:

  • კონტენტის გენერაცია: AI-ს შეუძლია შექმნას ტექსტის პირველადი ვერსიები, სცენარები, იდეები;
  • სტრუქტურული დახმარება: AI-ს შეუძლია ნარატივის, არგუმენტაციის, კომპოზიციის ორგანიზება;
  • შემოქმედებითობა: AI-ს შეუძლია შესთავაზოს მოულოდნელი ასოციაციები, სტილისტიკური ვარიაციები.

მაგრამ აქ მთავარია, რომ ადამიანი რჩება პასუხისმგებელ აგენტად, რომელიც: განსაზღვრავს მიზანს, არჩევს და ხელმძღვანელობს  ეთიკურ და ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს კონტექსტურ სიღრმეს. N. Katherine Hayles-ის ცნობილი კონცეფციის “distributed cognition”-ის მიხედვით, ჰიბრიდული ავტორობა არის “social-technical process”, რომელშიც  მონაწილეობენ ალგორითმები, მონაცემთა ბაზები, ადამიანი რედაქტორები და ინტერპრეტაციის საზოგადოება (Algorithmic Authorship, 2025).[1] ჰეილსი ავითარებს აზროვნების ახალ თეორიას – რასაც ის უწოდებს ინტეგრირებულ კოგნიტურ ჩარჩოს (ICF) – რომელიც მოიცავს მნიშვნელობის შექმნის პრაქტიკებს სიცოცხლის ფორმებისგან – ბაქტერიებიდან მცენარეებამდე, ცხოველებამდე, ადამიანებამდე და ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ ფორმამდე.

 

კოგნიცია & შემეცნება

 

Hayles-ი წიგნში: “Unthought: The Power of the Cognitive Nonconscious” – გვთავაზობს ძალიან მნიშვნელოვან აზრს: კოგნიცია (შემეცნება) და ცნობიერება ერთი და იგივე არ არის. რას ნიშნავს კოგნიცია Hayles-ის მიხედვით?

კოგნიცია არის ინფორმაციის დამუშავება და მასზე რეაგირება. ეს უნარი აქვს:

ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მრავალ ტექნიკურ სისტემას და თუნდაც ხეს, რომელიც ფოთლებს მზისკენ აბრუნებს. მთავარია: არჩევანის გაკეთება. როდესაც სისტემა ირჩევს ერთ მოქმედებას მეორის ნაცვლად, საქმე გვაქვს კოგნიციასთან,  თუნდაც ცნობიერების გარეშე.

როდესაც ჰეილსი ამბობს, რომ ბაქტერიებს, მცენარეებს, ცხოველებს და AI-ს აქვთ კოგნიტური შესაძლებლობები, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი “ფიქრობს” ადამიანის მსგავსად. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანი:

  • ამუშავებს ინფორმაციას
  • აკეთებს არჩევანს კონტექსტში
  • ქმნის მნიშვნელობას (თუმცა განსხვავებული სახის მნიშვნელობას).

                 მნიშვნელობა იბადება ინტერაქციაში. ჰეილსის ინტეგრირებული კოგნიტიური ჩარჩო აშენებულია იმ წინაპირობაზე, რომ სიცოცხლის ყველა ფორმას აქვს გზები, რომ იგრძნოს თავისი გარემო, შთანთქას ინფორმაცია მისგან და ინტერპრეტაცია გაუკეთოს ამ ინფორმაციას თავისი სენსორული და ორგანიზმული შესაძლებლობების მეშვეობით. ამრიგად, სიცოცხლის ყველა ფორმას, მათ შორის მათ, ვისაც არ აქვს ცენტრალური ნერვული სისტემა, როგორიცაა ნემატოდი ჭიები და გვიმრები, აქვთ კოგნიტიური შესაძლებლობები.

ეს იდეა ნამდვილად რევოლუციურია. რაში მდგომარეობს ამ იდეის  რევოლუციური ხასიათი? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ აზროვნება და  ცნობიერება ერთი და იგივე იყო.

Hayles ამბობს: ჩვენი შემეცნებითი აქტივობის 90-95% მიმდინარეობს ცნობიერების მიღმა. ცნობიერება ძალიან ნელია და შეზღუდული. ტვინი უბრალოდ ვერ შეძლებს ყველაფრის ცნობიერ დამუშავებას – დაიხრჩობოდა ინფორმაციაში.

რატომ არის ეს აქტუალური დღეს?

დღეს ტექნიკური სისტემები, ალგორითმები, აზროვნებენ ჩვენ მაგივრად: დრონებს მართავს ადამიანი, მაგრამ ათასობით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს; ალგორითმები ვაჭრობენ საფონდო ბირჟაზე მილიწამებში, ადამიანისთვის შეუძლებელი სიჩქარით; ხმოვანი ასისტენტები (Siri, Alexa) – ამუშავებენ ენას, იღებენ გადაწყვეტილებებს: ეს არის “კოგნიტიური ანსამბლები” – ადამიანი + მანქანა ერთად. ცნობიერება აღარ არის განსაკუთრებული.

თუ კოგნიცია არის ყველგან (ბაქტერიებშიც კი), მაშინ ადამიანის ცნობიერება კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ აღარ არის შემეცნების ერთადერთი ან ყველაზე მთავარი ფორმა.

რას გვთავაზობს Hayles-ი ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის?

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ფოკუსირებულნი არიან:

  • ცნობიერ აზროვნებაზე
  • ინტერპრეტაციაზე
  • “საინტერესო კითხვებზე, რომლებსაც არ აქვთ საბოლოო პასუხები”

Hayles-ი გვთავაზობს, რომ  ჰუმანისტებმა ისწავლონ მეცნიერება და ტექნოლოგიები – ჩართულნი იყვნენ რეალურ პრობლემებში; მიიღონ ალგორითმები, როგორც კვლევის ინსტრუმენტი, დაინტერესდნენ კონკრეტული პასუხებით და არა მხოლოდ უსასრულო პრობლემატიზაციით. მაგალითად,  ალგორითმმა შეიძლება აღმოაჩინოს: გოთურ რომანებში ბევრი სათაურია განსაზღვრული არტიკლით. ეს არის “სულელური” პასუხი, მაგრამ იწყებს საინტერესო ინტერპრეტაციას – რატომ? რას ნიშნავს? რატომ ხდება ასე?

Hayles-ის დასკვნა ასეთია: “ადამიანის კოგნიციის უმეტესი ნაწილი ხდება ცნობიერების/ქვეცნობიერის მიღმა; კოგნიცია ვრცელდება მთელ ბიოლოგიურ სპექტრზე, მათ შორის ცხოველებსა და მცენარეებზე; ტექნიკური მოწყობილობები ახდენენ კოგნიციას და ამით ღრმა გავლენას ახდენენ ადამიანის რთულ სისტემებზე; ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც პლანეტარული კოგნიტიური ეკოლოგია განიცდის სწრაფ ტრანსფორმაციას, რაც სასწრაფოდ მოითხოვს ჩვენგან კოგნიციის გადააზრებას და მისი შედეგების ხელახლა წარმოდგენას გლობალური მასშტაბით.

 

 

დასასრულის მაგიერ:

თუ ამ თეორიას გავყვებით, მაშინ „სემიოტიკური კრიზისი“, რომლითაც დავიწყეთ მსჯელობა, სულ სხვა შინაარსს შეიძენს. ის შესაძლოა,  აღმოჩნდეს  არა კრიზისი, არამედ სემიოზისის (მნიშვნელობის წარმოქმნის პროცესის) ტრანსფორმაცია და გაფართოება პლანეტარული მასშტაბით.

პრობლემა ის კი არ არის, რომ AI ქმნის „ცარიელ ნიშნებს“ (სიმულაკრებს), არამედ ის, რომ ჩვენ ვეჯახებით პირველ არაადამიანურ, არაცნობიერ კოგნიტიურ აგენტს, რომელსაც შეუძლია სემიოტიკურ ველზე ოპერირება. ხელოვნური ინტელექტი (LLM) ამ მოდელში აღარ არის უბრალოდ „სემიოტიკური სიცარიელე“ ან ბოდრიარის „მეოთხე რიგის სიმულაკრი“. ის ხდება კოგნიტიური პარტნიორი, რომელიც ამუშავებს ნიშნებს (სინტაქსს) უსაზღვრო მასშტაბით, თუმცა მოკლებულია ცნობიერ სემანტიკასა და პრაგმატიკას.

ეს ახალი რეალობა რადიკალურად ცვლის ადამიანის როლს. ჰიბრიდულ, „დისტრიბუციულ ავტორობაში“ (Hayles). AI უზრუნველყოფს მასიურ, არაცნობიერ კოგნიტიურ რესურსს, მაგრამ სწორედ ადამიანი რჩება იმ აგენტად, რომელიც ამ პროცესს ანიჭებს ცნობიერებას. ჩვენ ვწყვეტთ ვიყოთ მნიშვნელობის ერთადერთი გენერატორები და ვხდებით მნიშვნელობის კურატორები, არქიტექტორები და ეთიკური ფილტრები ამ ახალ კოგნიტიურ ანსამბლში.

საფრთხე, რომელსაც „გენერაციული ჰიპერრეალობა“ გვიქადის, ანუ „რემიქსის რემიქსებით“ სავსე კულტურული ჰომოგენიზაცია  არ არის თავად AI-ს ბრალი, არამედ იმის საშიშროება, რომ ადამიანურმა ცნობიერებამ უარი თქვას თავის წამყვან როლზე. თუ ადამიანი პასიურად მიიღებს ალგორითმის მიერ გენერირებულს და აღარ იქნება კოგნიტიური პროცესის აქტიური, ცნობიერი მონაწილე, მაშინ ბოდრიარის სიმულაკრების მარყუჟი ნამდვილად შეიკვრება.

შესაბამისად, ჰუმანიტარული მეცნიერებების, და კონკრეტულად სემიოტიკის, ამოცანაა არა მხოლოდ არსებული ტექსტების (თუნდაც AI-ს მიერ გენერირებულის) ინტერპრეტაცია, არამედ მომავალი მნიშვნელობების დიზაინი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ის, თუ რას აგენერირებს AI, არამედ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ, როგორც ცნობიერი არსებები, ამ მძლავრ არაცნობიერ კოგნიციასთან.

საბოლოო ჯამში, ციფრული რევოლუცია გვაიძულებს, ხელახლა გავიაზროთ ნიშანიც და, რაც მთავარია,  თავად ცნობიერების ფენომენიც. ჩვენი, როგორც ადამიანების, უნიკალური ფუნქცია ამ ახალ პლანეტარულ ეკოლოგიაში არ არის მხოლოდ ინფორმაციის დამუშავება (ამას მანქანები ჩვენზე უკეთ აკეთებენ), არამედ ამ ინფორმაციისთვის მიზნის,  განზრახვის, ეთიკური ვექტორისა და გამოცდილების (Logos) მინიჭება. სემიოტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ გადის მანქანების შეზღუდვაზე, არამედ ადამიანური ცნობიერების პასუხისმგებლობის გაფართოებაზე.

[1] Katherine Hayles “Unthought: The Power of the Cognitive Nonconscious”:

Click to access Unthought_N._Katherine_Hayles.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“