ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025
23 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

არდადეგები დავალებად

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვე თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის განმავლობაში შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე, ამიტომ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც იძლეოდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, მერე კი მას შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიკურ დავალებებს მივუსადაგებ. ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ სათანადოდ არ აქვთ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ლიტერატურული თუ ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსი შვიდი წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ესადაგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორის არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის უნარებით, შეგიძლიათ, მათ უფრო ვრცელი ამბები შესთავაზოთ, მაგალითად, დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე პირველი კლასიდანვე ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო. ვურჩევ, ყოველი ზღაპრისა თუ მოთხრობის, წიგნის ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: „წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან საჭმელი მიაქვს) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)“), შეაფასონ წაკითხული ტექსტი მარტივ კონსტრუქციაზე („მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა… არ მომეწონა…“) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვისას აღძრული ემოცია („მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა“ და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის არჩევანი უფრო დიდია და უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალებაც გვეძლევა. მკითხველის დღიურის წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები ასაკის შესაბამისად რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ლინდგრენის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ, იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ მეკობრეობანა, ანგელოზობანა ან ექიმობანა, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ, ესტუმროთ დეიდა ბერგივით კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით უმასპინძლდებიან, შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), მერე კი მოგზაურის წიგნაკი შექმნათ (წიგნაკში უნდა ჩაიხატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს მოკლე ჩანაწერები დაურთოთ). წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ, მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად მიირთვათ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე დიდ ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, რომელშიც დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და მოგზაურის დღიური აწარმოონ (წერილობითი ან ვიდეო). თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა გამოლევს), შეუძლიათ, პერსონაჟების მსგავსად, უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ მოგზაურის რუკის შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი ან სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საგზალიც. ჩამოწერეთ სასარგებლო სასუსნავების სია, დაფიქრდით, რომელი ჯანსაღი საკვები გეჩვენებათ ყველაზე გემრიელი და საგზალი გაამზადეთ.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ. იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“, მერე კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში ნაპოვნ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოკრეფილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელი წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობია ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას! სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს იშვიათად უყურებენ, ამიტომ საკითხავ ლიტერატურას ხშირად არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ წერილი მისწერონ პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება კინოს სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ მიამაგრეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რითია მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, მოგონებების ალბომს აუცილებლად შევადგენ. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“