შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესია: სტერეოტიპი

რამდენიმე დღის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთი უწყინარი და საყვარელი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უკრავს ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის თანამშრომელი როიალზე. უცნაური არაა, რომ ამ ფაქტმა ყველა მნახველში გარკვეული სენტიმენტი გამოიწვია, ვიდეოჩანაწერს აზიარებდნენ გახარებული ადამიანები და თან საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ დაცვის თანამშრომელი ბიჭის მიმართ. რაღა დაგიმალოთ და მეც სასიამოვნო ღიმილი მომგვარა ამ ქმედებამ, თუმცა ჩემმა ღიმილმა ხასიათი მაშინ შეიცვალა, როცა მავანის კომენტარი წავიკითხე: „დაცვა ეძახე და..” შემდეგ ასეთი ტიპის საკმაოდ ბევრი კომენტარი მომხვდა თვალში და გავბრაზდი. ეს წერილიც ჩემი გაბრაზების გამოძახილია, ოღონდ, თუ ახლა დაცვის თანამშრომლების დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ტექსტის წასაკითხად შეემზადეთ, იმედები უნდა გაგიცრუოთ. მე, ჩემი აზრით, უფრო ღრმა, მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მინდა დავწერო, კერძოდ კი, პროფესიული სტერეოტიპების შესახებ, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი პროფესიების მძევლები ხდებიან საზოგადოების თვალში, რადგან აღნიშნული საზოგადოებისთვის უფრო მარტივია პროფესიები ნიღბებად დაყოს და შემდეგ ყველა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი, შესაბამისად, ამა თუ იმ ნიღბით გამოარჩიოს. ამ ნიღბების ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოდით, რამდენიმე მათგანი მაინც გავიხსენოთ. დავიწყოთ „დაცვის ბიჭით”:

ეს „დაცვის ბიჭია”. იგი სოფლიდან ჩამოვიდა და არც მთლად სახარბიელო განათლება აქვს მიღებული, ამიტომ დაცვაში დაიწყო მუშაობა, სავარაუდოდ ნათესავის, ახლობლის, ან მეგობრის დახმარებით. ცოტა უკმეხია, ცივი, უყვარს მისი დასაცავი დაწესებულების თანამშრომელ გოგონებთან არშიყი. „დაცვის ბიჭის” პირადი ოთახი, თუ ასეთი არსებობს, ჩახუთული ჰაერით, უწესრიგობით და სიმჭიდროვით გამოირჩევა. „დაცვის ბიჭს” შეგიძლიათ გაუბრაზდეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გააგებინებთ, მას მხოლოდ დაცვის უფროსის სიტყვისა ესმის, რას ვიზამთ, ასეა „დაცვის ბიჭის” ტვინი მოწყობილი.

ეს პოეტია. აცვია პალტო, მანტო, პლაში, მლაში, როგორც გენებოთ, ისე დაარქვით. ახურავს უცნაური ქუდი, სავარაუდოდ, ბერეტი. უკეთია კაშნე, ან კუბოკრული შარფი, ხშირად, ზაფხულშიც კი. ბევრს ეწევა, ხშირადაა შემთვრალ-სენტიმენტალურ განწყობაზე. ეს ისეთი განწყობაა, პოეტი რომ ქუჩაში დაბარბაცებს ჩვეულებრივი ბომჟივით, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი სენტიმენტალურობის საფარველში ეხვევა, ამიტომ ბომჟი ბომჟია და პოეტი – პოეტი. ქურთუკის შიდა ჯიბეში უდევს პატარა ბლოკნოტი და კალამი, რათა მუზა არ გაექცეს. ქალს ყოველთვის ხელზე ეამბორება, უყვარს არაორდინალური და გადაკრული საუბარი, არ ჰყავს მანქანა (პოეტი რომ მანქანას ატარებდეს, ჰაჰ), დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ უფრო ხშირად ფეხით და კიდევ უფრო ხშირად – რუსთაველის გამზირზე. რა ჯობს პოეტთან ერთად ერთ სუფრაზე მოხვედრას, იფიფ.

ეს ბანკის თანამშრომელია. აცვია სოლიდურად, აკადემიურად. მისი ჩაცმის ყოველდღიური მრავალფეროვნება, სამწუხაროდ, მხოლოდ  ტანისამოსის ფერზეა დამოკიდებული. ამიტომ მას ბევრი ჰალსტუხი აქვს, რომ ყოველდღე სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს. ბანკის თანამშრომელს კარგი ანაზღაურება აქვს, რა თქმა უნდა, ის ხომ ბანკში მუშაობს. ძირითადად, ატარებს სათვალეს, ოდნავ შემელოტებულია, ხშირ შემთხვევაში ხელით დააქვს ქეისი ან საქაღალდე. ბანკის თანამშრომელი ყოველთვის მოწესრიგებულია, გაპარსული და გამოძინებული. პარასკევი საღამოს გართობა? ეს უსაქმურებისთვისაა. ბანკის თანამშრომელი ოჯახთან ერთად ვახშმობს, დილით კითხულობს „Financial”-ს და ყოველდღე, ერთსა და იმავე კაფეტერიაში დადის ლანჩზე. ბანკის თანამშრომელი მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობს. მას ისედაც უამრავი ტექსტის კითხვა უწევს. მან იცის უამრავი უცნაური სიტყვა, რომელიც ზოგადად მხოლოდ ბანკის თანამშრომლებმა იციან. თუ დაინახეთ, რომ ბანკის თანამშრომელი ცეკვავს – სასწრაფოდ გამოუძახეთ სასწრაფოს.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან აქტივისტია, ანუ ჩვენებურად – ენჯეოშნიკი. ის არაფერს აკეთებს, თუმცა ბანკის თანამშრომელივით სოლიდურად აცვია. ის არ მუშაობს ბანკში, მაგრამ ბანკის თანამშრომელივით კარგი ანაზღაურება აქვს. ეს იმიტომ, რომ უცხოურ გრანტებს იღებს და ჭამს. რაღაც პერიოდულობით მონაწილეობას იღებს, ე.წ. თიმბილდინგში, რომელიც, ძირითადად, ლოპოტას, ყვარლის, ან რომელიმე სხვა ტბაზე ეწყობა. ასეთ დროს ენჯეოშნიკები დაირაზმებიან და ორი-სამი დღით ერთად მიდიან დასასვენებლად. ამას ეწოდება თიმბილდინგი, ანუ გუნდის შეკვრა. ერთ გუნდად შეკრული ენჯეოშნიკები ბრუნდებიან საკუთარ ორგანიზაციაში და ისევ განაგრძობენ არაფრის კეთებას. გარდა ამისა, ენჯეოშნიკმა იცის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და სალაპარაკო ენა. მას დიდი ოსტატობით შეუძლია განიხილოს საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხი და შემდეგ შეიმუშაოს პროექტი, რომლის მიზანიც იქნება საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხის შესახებ ღია დისკუსიებისა თუ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრების მოწყობა, რის შედეგადაც შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი, რომელიც საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. ჰო, რაც მთავარია, ზემოთ აღნიშნული ჯგუფი თიმბილდინგისთვის გაემგზავრება უფრო ზემოთ აღნიშნული ტბებიდან ერთ-ერთზე.

ეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ან უბრალოდ, პოლიციელი. მას თითქმის სულ პოლიციელის ფორმა აცვია. როცა პოლიციელს პოლიციელის ფორმა არ აცვია, ის პოლიციელი არაა, მაგრამ მას ასეთ დროსაც ჰყავს პოლიციელი მეგობრები, რომლებსაც პოლიციელის ფორმა აცვიათ. პოლიციელი არის მოჩვენებითად თავაზიანი და შინაგანად უხეში. პრობლემურ საკითხზე მასთან დავას აზრი არ აქვს, მაინც თავისებურად წყვეტს. პოლიციელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ საავტომობილო მოძრაობის წესები არ დაირღვეს და ქუჩაში ხულიგნებმა რამე არ გააფუჭონ. პოლიციელს ნაკლები დრო რჩება მაღალ მატერიებზე საფიქრალად, ამიტომ სენტიმენტებით ვაჭრობა მასთან არ ჭრის. ადრე იყვნენ პოლიციელები, რომლებიც გამართულად ვერ მეტყველებდნენ, რადგან წიგნები არ ჰქონდათ წაკითხული. ახლანდელი პოლიციელები გამართულად მეტყველებენ, თუმცა წიგნები მაინც არ აქვთ წაკითხული. უბრალოდ, იქ, აკადემიაში მათ ასე მეტყველებასაც ასწავლიან. პოლიციელს არ აქვს სუსტი ნერვები, ანდა როგორ შეიძლება სუსტი ნერვები ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც თითქმის სულ პოლიციელის ფორმა აცვია.

ეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეა. მას ჰგონია, რომ „დაცვის ბიჭს” არც მთლად სახარბიელო განათლება აქვს მიღებული. პოეტს ჯიბეში პატარა ბლოკნოტი და კალამი უდევს, ბანკის თანამშრომელი არასდროს ცეკვავს, ენჯეოშნიკი არაფერს აკეთებს, პოლიციელს სენტიმენტები არ აწუხებს და ა.შ. ამ მოქალაქეს უყვარს ადამიანებისთვის ნიღბების მიკერება მისი პროფესიის მიხედვით, რადგან ასე უფრო მარტივია იმსჯელო მათზე. მარტივია თქვა, რომ ერთი შავია, მეორე თეთრი, მესამე კი მუქი ნარინჯისფერი, და ეს ყველაფერი განსაზღვრო არა მათი შინაგანი სამყაროს გაცნობის ან მათზე დაკვირვების შემდეგ, ან მათთან ურთიერთობის გაანალიზების შემდეგ, არამედ უბრალოდ, მათი პროფესიის გაგებისთანავე. განა ასე უფრო მარტივი არაა? „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა”, ბანკის თანამშრომელი რობოტია და ა.შ.

არადა, ახლა ვზივარ და ვიხსენებ, ჰოდა გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დაცვის ბიჭთაგან ყველაზე უკეთ ვისაც ვიცნობ – მუსიკოსია, თან ძალიან მაგარი. ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ენჯეოშნიკია, ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია საქართველოში, კიდევ სხვა მეგობარი, რომელიც ბანკში მუშაობს – კინორეჟისორია, ტარკოვსკი უყვარს. ჩემი ნაცნობი პოლიციელი კი სულ რამდენიმე დღის წინ მოკლეს, მაშინ, როცა ფორმა ეცვა. ის პოეტი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი