ბრალს ვდებ

ჩემს ბლოგებს რომ გადახედოთ, უმეტესწილად ბულინგზე ვწერ. პრინციპში, ბულინგი ისეთი კერძია, მასზე მრავალმხრივ შეიძლება წერა. როცა გგონია, რომ ბზარი იპოვე და მის ამოვსებას იწყებ, სწორედ ამ დროს ჩნდება ახალ-ახალი ბზარები და ასე დაუსრულებლად. სპილო ოთახში ხანდახან იმდენად უხილავია, რომ გეჩვენებათ, თითქოს გამოსავალი იპოვეთ და პრობლემაც გაქრა, სინამდვილეში კი ბულინგი რამდენიმე მთავარი ინგრედიენტისგან შედგება, რამდენიმე საყრდენზე დგას და სიმსივნესავით უეცრად ვითარდება. ჩემს ერთ-ერთ ბლოგში ის შემთხვევაც აღვწერე, როცა ამ სიმსივნემ მომაკვდინებელი შედეგი გამოიღო, თუმცა ახლა სხვა რამეზე მსურს საუბარი, კერძოდ, ბულინგის ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტზე, რომელსაც ჯერ ასე პირდაპირ და დაუფარავად არ შევხებივარ. ამ ინგრედიენტს მეტად თბილი სახელი ჰქვია: მშობელი. ჰოდა, რადგან წინა ბლოგებში ბულერ მოსწავლეებზეც ვისაუბრე და ბულინგზე თვალის დამხუჭავ მასწავლებლებსა და გარემოზეც, მშობლებმა რაღა დააშავეს? რა თქმა უნდა, იმ მშობლებს ვგულისხმობ, რომლებიც შვილებისადმი თავიანთი დამოკიდებულებით, თავიანთი ქცევის მანერითა და ურთიერთობის ფორმით ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ იმას, რომ მათი შვილი მჩაგვრელი ან ჩაგრული იყოს. ასეთი მშობლებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან. მე სამ მათგანს გამოვყოფდი, კერძოდ:

◦ ბრალს ვდებ წამქეზებლებს. ეს განსაკუთრებით საშიში კატეგორიაა. მშობლები, რომლებიც შვილს აგრესიულობისკენ მოუწოდებენ, ურჩევენ, იყონ მბრძანებლები და თავი არავის დააჩაგვრინონ. ასეთი მშობელი ბევრი მინახავს, უფრო – მამები, შვილებს გინებას და ქუჩურ ლაპარაკს რომ ასწავლიან, დედებიც, ხშირად რომ იმეორებენ ფრაზას: „ახლა ბავშვმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ქუჩის აკადემიაც უნდა გაიაროს”. ძვირფასო წამქეზებლებო, არავითარი „ქუჩის აკადემია” არ უნდა გაიაროს ბავშვმა, ეს ინსტიტუტი ვერ დაეხმარება მას კეთილშობილ ადამიანად, მოქალაქედ და ინდივიდად ჩამოყალიბებაში. ეს ქუჩისაკადემიაგამოვლილი ბავშვები ხშირად იმავე აკადემიაში წყვეტენ „სამეცნიერო საქმიანობის” გაგრძელებას. არიან ისეთი წამქეზებელი მშობლებიც, რომლებიც თავად მეთვალყურეობენ შვილების მჩაგვრელად ჩამოყალიბების პროცესს. „მიდი, მამა, ვინც არ მოგეწონება, მიაწექი და დაუმტვრიე თავ-ყბა” – აი, სწორედ ასეთი დამრიგებლური ფრაზა მოვისმინე ერთხელ სკოლასთან. ბავშვი გაჯგიმული შევიდა სკოლაში სხვა ბავშვებისთვის თავ-ყბის დასამტვრევად, მშობელი კი ორმაგად გაჯგიმული ჩაჯდა თავის ავტომობილში, მანქანა ადგილზე დააბუქსავა და კმაყოფილების სუნი დააყენა. ისეთი მშობლებიც არსებობენ, თავადვე რომ ხდებიან ბულერები, რათა შემდეგ ნადავლი შვილებს გადასცენ. არ გინახავთ? ბავშვების კონფლიქტებში უცებ რომ აესვეტებიან ხოლმე და იმის ნაცვლად, რომ შეარიგონ და ჭკუა დაარიგონ, შვილებს დამხმარე ძალად უდგებიან. წამქეზებლები – ყველაზე საშიში, ამაზრზენი და დაუნდობელი კატეგორიაა.

◦ ბრალს ვდებ მჩაგვრელებს. ამ კატეგორიაში შემავალი მშობლები თავად გვევლინებიან შვილების ბულერებად და ამით წინასწარვე ახდენენ ბავშვების სტიგმატიზებას მათი თანატოლების თვალში. ისინი ისე მკაცრად ექცევიან შვილებს, რომ ბავშვს თავიდანვე უვითარდება ჩაგრულობის თვითშეგრძნება და შემდგომ ვეღარ ბედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს თანატოლების ზეწოლას, რადგან უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს თავდაცვა. იგი განწირულია დამარცხებულის, ჩაგრულის პოზიციისთვის. ასეთი მშობლების სისასტიკე განსაკუთრებით იზრდება, როცა დასჯის მექანიზმების დემონსტრირებას სხვა ბავშვების, შვილის მეგობრებისა თუ თანაკლასელების წინაშე ახდენენ. ასეთ დროს მჩაგვრელ მშობელს ჰგონია, რომ შვილი „ხელში უჭირავს” და იცავს, რომ გზიდან არ გადაუხვიოს, სინამდვილეში კი მას საყოველთაო დაცინვის ობიექტად აქცევს. მშობელი მიდის, ბავშვი სკოლაში რჩება და მას ყველა დასცინის, განსაკუთრებით კი სკოლაში მისთვის თავ-ყბის დასამტვრევად შემოსული მჩაგვრელი ბავშვი. ზოგიერთ მშობელთან ჩაგვრა ასეთი აშკარა არ არის, შესაძლოა, ზოგმა მათგანმა ამ ტექსტში საკუთარი თავი ვერც კი ამოიცნოს, რადგან არც სხვების თანდასწრებით უჯავრდება შვილს და არც დასაცინს ხდის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ტიპის ლექსიკას იყენებს მასთან საურთიერთობოდ, როგორია მისი განწყობა ბავშვის მიმართ დასჯის მომენტში. ხშირად მშობლები არ ერიდებიან დამამცირებელი ფრაზების გამოყენებას, აკნინებენ ბავშვის თვითშეფასებას და შემდგომ ასეთი ბავშვები არაკომუნიკაბელურები, ჩაკეტილები ხდებიან, ვერ იჩენენ მეგობრებს, ვერ ალაგებენ თანატოლებთან ურთიერთობას, რაც იწვევს კიდეც სხვა ბავშვების მხრიდან მათდამი აგრესიას.

◦ ბრალს ვდებ გულგრილებს. ამ კატეგორიაში ის მშობლები შედიან, რომლებიც შვილების ქცევას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და სწორედ ამ გულგრილობით ხდებიან მათი ჩაგვრისა თუ მჩაგვრელობის თანამონაწილეები. ასეთი მშობლების მჩაგვრელი შვილები ხშირად მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ, ნაკლებად ურთიერთობენ მშობლებთან და ეს უკანასკნელნიც დიდ უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ ამის გამო. ისეთებიც არიან, ბავშვებს განგებ რომ უშვებენ ეზოში, მეგობრებთან და ა.შ., რათა საკუთარი თავისთვის მეტი დრო დარჩეთ. ასეთი მშობლების შვილები უმეტესად მჩაგვრელები არიან, თუმცა არის მეორე მხარეც – მშობლები, რომლებიც შვილის უხასიათობას, უცნაურ ქცევას, ნერვიულობას და მძიმე ემოციურ ფონს არაფრად აგდებენ და ხშირად ამ ყველაფერს გარდატეხის ასაკით, კომპიუტერით ან სულაც ფილმების გავლენით ხსნიან. მიზეზს რა დალევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ბრალეულობის აღიარება არ გვსურს და გვირჩევნია, პრობლემა სხვაგან ვეძებოთ. გულგრილი მშობლები შვილების ნდობას ვერ იწვევენ, ბავშვი აღარ უმხელს დედ-მამას არც თავის გულისტკივილს, არც უსიამოვნებას, რომელიც სკოლაში შეემთხვა, რადგან ჰგონია, რომ მშობელი მაინც ვერ გაუგებს და ეს რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. გულგრილი მშობლების მჩაგვრელი და ჩაგრული შვილები გარე სამყაროს მიმართაც ჩაკეტილები ხდებიან, ფსიქოლოგებისთვისაც კი ყველაზე რთულია მათთან მუშაობა, რადგან მათ საკუთარი სამყარო, საკუთარი საიდუმლოები აქვთ, ისინი მიეჩვივნენ, რომ მათ არავინ უსმენს.

სამივე ხსენებული კატეგორია უდიდეს როლს ასრულებს ბავშვების ფსიქიკის დარღვევაში, რაც ხშირად წარმოუდგენელ შედეგებს იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ ბულინგის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ, ამ მოსაზრებას ფაქტებიც ამყარებს. ამიტომ, წამქეზებელო მშობლებო, მჩაგვრელო მშობლებო, გულგრილო მშობლებო, დაფიქრდით, რად გიღირთ თქვენი შვილის სიცოცხლე, დაფიქრდით და დაინახეთ სპილო ოთახში, რომელშიც ასე მშვიდად გძინავთ.
პ.ს. მოკითხვა ემილ ზოლას მზიური საქართველოდან.

კომენტარები

comments