შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გუნდური მუშაობა

ოდესმე „ადრენალინურ სტრესში“ ყოფილხართ? ღმერთმა გაშოროთ.

ამ დროს ორგანიზმი ამ ჰორმონით გევსება და რაღაცნაირი კანკალი გიტანს. მთლიანად დაძაბული ხარ, რადგან ადრენალინი გეუბნება – ან იბრძოლე, ან გაიქეციო… მაგრამ არც ბრძოლას აქვს აზრი და არც გასაქცევია სადმე. ჰოდა. ხარ გაყუჩებული და საკუთარ აჩქარებულ გულისცემას უგდებ ყურს.

იგივე სტრესი შესაძლოა ელემენტ მაგნიუმის დეფიციტმაც გამოიწვიოს და პრინციპში, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან მის ნაკლებობას ასე თუ ისე, ეშველება.

მაგნიუმი მეათე საუკუნეში ერთ-ერთი პაპირუსის ტექსტში გვხვდება. გარეგნულად ძალიან ჰგავს რკინის მაგნიტურ ჟანგს პიროლიზიტს და ალბათ, ამიტომ ყველა მიმსგავსებულ მინერალს „მაგნეზიურ ქვას“ უწოდებდნენ.

ალქიმიურ ლიტერატურაში სიტყვა მაგნესი (Magnes) მრავალ ნივთიერებას აღნიშნავდა. მაგ. ვერცხლისწყალს, ეთიოპურ ქვას, ჰერაკლეს ქვას და ა.შ. ასევე, ყველა იმ მინერალს, რომელიც მაგნიუმს შეიცავდა, მაგ. დოლომიტს, აზბესტს, ნეფრიტს.

1618 წელს ინგლისში არსებული ეპსომის მინერალური წყლებიდან გამოჰყვეს მარილი, რომელიც მაგნიუმის კარბონატი იყო. მისი ყიდვა დღეს ნებისმიერ სუპერმარკეტსა და აფთიაქში შეგიძლიათ ზღვის მარილის სახელწოდებით. მასზე ჩანაწერებს კი ლავუაზიეს მიერ დაწერილ წიგნებშიც ნახავთ.

დაღლილობა, გაღიზიანება, უძილობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, ყველაფერს მაგნიუმის ნაკლებობა განაპირობებს. ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები და ბავშვები მოისაკლისებენ. ქალებს დღიურად 350-400მგ. სჭირდებათ, კაცებს 400-450მგ. ორსულ ქალებს კი 500 მგ. მაგნიუმი იმ ფერმენტების გამააქტიურებელია, რომლებიც ATP სინთეზის პროცესში, ანუ ენერგიის სინთეზში მონაწილეობენ. ასევე, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზის პროცესშიც. 300-მდე ფერმენტის კოფაქტორია.

მაგნიუმი პასუხისმგებელია სისხლძარღვების ელასტიკურობაზე და გულსისხლძაღვთა მუშაობის პროცესზე. დეფიციტის შემთხვევაში, წნევაც აიწევს. მაგნიუმი აჩერებს ოსტეოპოროზს, რადგან კალციუმს ძვლოვან ქსოვილში ტოვებს. კალციუმის მსგავსად, სისხლიდან სამიზნე უჯრედებში მაგნიუმის შესატანად D ვიტამინია აუცილებელი.

მაგნიუმს მარცვლეულსა და განსაკუთრებით, შვრიის ფაფასა და ბურღულეულში იპოვით. თუმცა, თუ ამ უკანასკნელს რძეს დავამატებთ, მაშინ ფიტინის მჟავა მაგნიუმის შეწოვას დაბლოკავს. დიდი რაოდენობით ტკბილი და ცხიმიანი საკვებიც მაგნიუმის შეწოვას აფერხებს.

მაგნიუმის წყაროა ასევე ქლოროფილის შემცველი საკვები. თუ ოდნავ მხატვრულად ვიტყვით, ქლოროფილი მცენარეების სისხლს წარმოადგენს და იქაც ჰემინური ჯგუფის მსგავსი ჯგუფია. თუმცა, ჩვენთან ჰემინურ ჯგუფში რკინის იონია, ქლოროფილში – მაგნიუმი. ბევრი მწვანილეულის მიღებით მაგნიუმსაც მიიღებთ, ასევე კალიუმს და რაღაც რაოდენობა კალციუმსაც. ასევე, ვიტამინებს.

მაგნიუმის დეფიციტის დროს ელექტრული პოტენციალი ირევა და ირღვევა მემბრანული ტრანსპორტი. მაგნიუმი, ნატრიუმის უჯრედების გარეთ ყოფნისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა უჯრედებს შიგნით ნატრიუმი მცირე რაოდენობით იყოს. კალციუმი უჯრედებს შიგნით უნდა იყოს მცირე. კალიუმის დიდი რაოდენობა კი უჯრედებს შიგნითაა აუცილებელი. უჯრედული მემბრანა ამ ელემენტებს ერთმანეთისგან ყოფს, თუმცა ყველა ერთად, გუნდურად მუშაობს.

როდესაც მაგნიუმის დეფიციტი არ არის, კარგად გვძინავს, რადგან სეროტონინის სინთეზს უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ ამაღლებს მელატონინის დონეს. ამცირებს ადრენალინის დონეს, ანუ შფოთვა ქრება. მაღალი ადრენალინით ვერავინ დაიძინებს, რადგან, ე.წ. „ადრენალინურ სტრესში“ იქნება.

მაგნიუმი კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებისაც. ამცირებს ანთებით პროცესებს და C რეაქტიული ცილის დონეს. აქრობს, ე.წ. „მოუსვენარი“ ფეხის სინდრომს, სტენოკარდიასა და არითმიას.

მაგნიუმის გარკვეული რაოდენობა დაკავშირებულია კალციუმთან და ფოსფორთან. ძვლებში მათთან ქმნის კომპლექსურ ნაერთებს. გვხვდება ექსტრაცელულალურ სითხეშიც. კალციუმისგან განსხვავებით, მაგნიუმის რაოდენობა უჯრედში მეტია, ვიდრე უჯრედგარეთ სითხეში. მაგნიუმის იონი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვაში და მრავალი ფერმენტის აქტივატორია. მაგნიუმი ერთგვარ ანტაგონიზმს იჩენს კალციუმის მიმართ. მაგნიუმის კონცენტრაციის შემცირება უჯრედში იწვევს არითმიასა და კრუნჩხვებს.

მაგნიუმი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ჰექსაგონალური მესრის მქონე მეტალია. ჩვეულებრივ პირობებში მდგრადი მაგნიუმის ოქსიდის MgO დამცავი ფენითაა დაფარული, რომელიც ჰაერზე გაცხელებით, დაახლოებით 600°C-ზე იშლება. რის შემდეგაც მეტალი იწვის კაშკაშა თეთრი ალით, წარმოიქმნება მაგნიუმის ოქსიდი და ნიტრიდი Mg3N2.

მაგნიუმის სიმკვრივე 20°C-ზე 1.74გ/სმ3-ია, მეტალის ლღობის ტემპერატურა Tლღ =650°C, ხოლო დუღილის ტემპერატურა – Tდუღ = 1105°C-ია; სითბოგამტარობა 20°C-ზე – 156ვტ. მაღალი სისუფთავის მაგნიუმი არის პლასტიკური, კარგად იპრესება, იგლინება და ექვემდებარება დამუშავებას.

მაგნიუმი აქტიური მეტალია და ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. არაორგანულ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროში ნაერთების სახითაა გავრცელებული. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა 2,35 წონით %-ს შეადგენს. მაგნიუმის შემცველი მინერალებია:

მაგნეზიტი – MgCO3, რომელიც 47,6% MgO-ს შეიცავს. ის წარმოიქმნება CO2-ის მოქმედებით მაგნიუმის ოქსიდზე, ან მაგნიუმის ხსნად მარილზე. მაგნეზიტი გამოიყენება მეტალური მაგნიუმის მისაღებად.

დოლომიტი – CaCO3·MgCO3, რომელიც შეიცავს 21,7% MgO-ს, ბუნებაში მონაცრისფრო თეთრი რომბოედრული კრისტალების სახით გვხვდება. დოლომიტი გამოიყენება მეტალური მაგნიუმის მისაღებად, ცეცხლგამძლე მასალად, მეტალურგიასა და სამშენებლო ტექნიკაში თერმოიზოლატორების დასამზადებლად.

ანკერიტი-Ca(Mg,Fe)·(CO3)2, დოლომიტთან ერთად გვხვდება. მონაცრისფრო თეთრი კრისტალებია.

ბრუსიტი Mg(OH)2 შეიცავს 69% MgO-ს და ბუნებაში გვხვდება თეთრი ბოჭკოს სახით.

შპინელი- Mg(Al2O4) შეიცავს 28,2% MgO-ს და ბუნებაში გამჭირვალე ოქტაედრული კრისტალების სახითაა. შპინელის კრისტალები, ძვირფას ქვებადაც გამოიყენება.

შპინელი პირველად ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ აღწერა და ძვირფას ქვად მოიხსენა. შპინელის მოპოვება მეცხრე საუკუნეში პამირის სამხრეთ-დასავლეთით, კუჰილალეს საბადოზე დაწყებულა. საბადოს „Ruby Mines“ უწოდეს. შეიძლება იმიტომ, რომ ქვას ხშირად ლალს და კორუნდს ადარებდნენ. ზოგჯერ კი ქვებს ერთმანეთშიც ურევდნენ.

მოგვიანებით, ქვა ცალკე ჯგუფში გააერთიანეს, არც მისი თავისებური ფიზიკური თვისებები გამორჩენიათ. მაგ. სიმტკიცე 8-8,5; სიმკვრივე-3,75-3,72 გ/სმ3; გამჭვირვალე და სხვადასხვანაირი ფერი – მისი ფერიც იცვლება, უფერო, ლურჯი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, მწვანე, მეწამული, ყვითელი, შავი, წითელი, ნარინჯისფერი, ყველა შეფერილობა შეიძლება შპინელს ჰქონდეს. საუკუნეების განმავლობაში ქვას სხვადასხვა სახელით მოიხსენებდნენ – ცელონიტი, პიკოტიტი, რუბიცელი და ა.შ.

კარნალიტი – KCl·MgCl2·6H2O, მეტალური მაგნიუმისა და სასუქის მისაღებად გამოიყენება.

მაგნიუმს სამი სტაბილური იზოტოპი აქვს: 24Mg, 25Mg და 26Mg. 24Mg–ში არის დაახლოებით 79% Mg. არსებობს ასევე 28Mg – რადიოაქტიური იზოტოპი, 1950 წლიდან 1970 წლამდე რამდენიმე კომერციული ატომური ელექტროსადგური სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის იყო გაკეთებული. ამ იზოტოპს გააჩნია შედარებით ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი (21 საათი) და მისი გამოყენება იყო შეზღუდული.

მაგნიუმის და კალციუმის ორ და სამ ვალენტიანი იონების შემცველი მარილების გამო წყალი ხისტი ხდება. თუ წყალი ასეთ მარილებს მცირე რაოდენობით ან სულაც არ შეიცავს, მაშინ წყალი რბილი ან გამოხდილია.

გაკვეთილზე შესაძლებელია განვსაზღვროთ წყლის სიხისტე. გუნდური მუშაობისთვის არაჩვეულებრივი აქტივობა იქნება.

აიღეთ წყლის სინჯი, მაგალითად, სკოლის ონკანიდან. სინჯი ორ ჭიქაში იყოს, 100-100 მლ ოდენობით. ერთ მათგანს აფთიაქში ან სუპერმარკეტში ნაყიდი ზღვის მარილი დაამატეთ. ეს მაგნიუმის კარბონატი იქნება სიხისტის მოსამატებლად. ჰო, მესამე ჭიქაც იქონიეთ, შიგ გამოხდილი წყალი ჩაასხით შესადარებლად. საანალიზო წყალს დაამატეთ ინდიკატორ მეთილ ნარინჯის 1%-იანი სპირტხსნარის 2-3 წვეთი და გატიტრეთ 0.1N HCl-ის ხსნარით. მოყვითალო ფერი უნდა გავარდისფრდეს. როგორც კი ხსნარი გაიტიტრება, ჩაინიშნეთ დახარჯული მარილმჟავას რაოდენობა და გაამრავლეთ 2,8-ზე (კარბონატული სიხისტის გამოსათვლელი კოეფიციენტია).

ევროპის სტანდარტების მიხედვით, 0-60 მგ/ლ რბილი წყალია. 60-120 მგ/ლ-საშ. სირბილისაა. 120-180 მგ/ლ-საშ. ხისტი, ხოლო 180-ზე მეტი, ხისტ წყლად ითვლება.

სიხისტის გამოთვლა, ასევე შეგიძლიათ სპეციალურად შექმნილი, ე.წ. სიხისტის გამოსათვლელი კალკულატორით:

https://www.lenntech.com/ro/water-hardness.htm.

წერილს თურქეთში ვწერ. ერასმუსის პროგრამით ვარ ჩამოსული. ქალაქს ესქიშეჰირი ჰქვია და ვინც ჩემს სტატიებს მუდმივად თვალს ადევნებს, იმან ისიც იცის, რომ ამ ქალაქში ხშირად ვარ ხოლმე. პატარა ქალაქია, მაგრამ მე ერთიან ორგანიზმს მაგონებს, რადგან მაგნიუმისა და სხვა მინერალების არ იყოს, აქაც ყველა გუნდურად მუშაობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი