ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განათლების ოთხი გზა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების ძლიერი იარაღია განათლება, თუმცა მის შესაძლებლობებს საკმარისად არ ვიყენებთ.

კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების საშუალო სკოლების მოსწავლეთა მხოლოდ 16% რომ იღებდეს განათლებას კლიმატის ცვლილების შესახებ, 2050 წლისთვის შევძლებდით ნახშირბადის გამოყოფის თითქმის 19 მილიარდი ტონით შემცირებას.

განათლების პროგრამების მუშაობის გაძლიერება, რომელიც დადებითად გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილებაზე, სასარგებლო იქნებოდა სხვა მიმართულებითაც. ეკონომიკისა და კლიმატის გლობალური კომისიის მონაცემებით, თუ ქვეყნები 2018-2030 წლებში კლიმატის ცვლილების შესამცირებლად გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ, 2030 წლისთვის შეძლებენ 65 მილიონზე მეტი ისეთი სამუშაო ადგილის შექმნას, რომლებიც შეამცირებენ ნახშირბადის გამოყოფას და გლობალურ ეკონომიკას დამატებით 26 ტრილიონ აშშ დოლარს მოუტანენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გათვლით 2016-2030 წლებში შესაძლებელია დაახლოებით 23 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის კლიმატგონივრული ინვესტირების მოზიდვა ეროვნული კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების პროექტების ფარგლებში.

განათლება უმნიშვნელოვანესია იმ პროფესიონალების მოსამზადებლად, რომლებიც აღნიშნული სარგებლის მიღებაში დაგვეხმარებიან. არსებობს ოთხი გზა, რომლებითაც განათლებას კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია:

პირველი: ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ორმა მესამედმა მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაზიანება დაასახელა, ხოლო განათლება ამ გამოწვის მოგვარების საშუალებად. ანგარიშის თანახმად, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამების ნახევარზე მეტი არ ითვალისწინებს დაწყებითი და საშუალო განათლების ეტაპებზე საკითხებს კლიმატის ცვლილების შესახებ.

კლიმატის ცვლილების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება უნდა მიმდინარეობდეს განათლების ყველა დონეზე – ფორმალური განათლების დაწესებულებებში, თემებსა და სამუშაო ადგილებზე. საგანმანათლებლო სისტემები უნდა იძლეოდნენ ინფორმაციას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შესახებ, მათი თავიდან აცილების მიზნით.

სკოლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ადგილობრივი თემების კლიმატისა და სტიქიური უბედურებების რისკების შესახებ ინფორმირებასა და მედეგობის ხელშეწყობაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ განათლება ვაღიაროთ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მთავარ კომპონენტად. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს წვლილის განსაზღვრასა და ეროვნული ადაპტაციის გეგმებს.

ასეთი ინტეგრირებული მიდგომა მყარ საფუძველს ქმნის განათლების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად, კლიმატის ცვლილებებზე ზემოქმედების გაფართოების მიზნით.

მეორე მუშახელის მწვანე უნარების ფლობა. სწავლება და უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია სამართლიან და მწვანე განვითარებაზე გადასვლისა და ეკონომიკის წინსვლის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პაკეტები მწვანე განვითარების წახალისებას უწყობს ხელს.

აუცილებელია ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება გარემოს დასაცავად საჭირო შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებისკენ. უმაღლესი განათლება და კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედეგი და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების უნარის მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. „ევროპული მწვანე შეთანხმება“ და კორეის რესპუბლიკის „მწვანე შეთანხმება“ იმის საუკეთესო მაგალითებია, რომ ასეთი უნარების მქონე ადამიანების დიდი რაოდენობით მობილიზებაა საჭირო.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტირება ისეთ უნარებში, რომლებითაც ადამიანები შეძლებენ ემისიების რეგულირებას, განახლებად და სუფთა ენერგიაზე გადასვლას, ნარჩენების მართვას, მწვანე და მედეგი პროდუქტების წარმოებასა და მომსახურებების განვითარებას.

მესამე ინვესტიციების გაზრდა მდგრადობისა და გაციფრულების დაახლოების მიზნით. ამჟამად მსოფლიოში პერსპექტიული მიმართულებაა მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია. გლობალური ციფრული სამშენებლო ინდუსტრიის, ანუ იგივე „მშენებლობა 4.0-ის“ ბაზრის მოცულობა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს, 10 მილიარდი აშშ დოლარიდან, რომელიც 2017 წელს იყო გამოყოფილი, 2027 წლისთვის, სავარაუდოდ, 29 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. მაღალი დონის ციფრული უნარები ყველგან დიდი მოთხოვნით სარგებლობს, იქნება ეს ჭკვიანი ქსელები, ჭკვიანი ტრანსპორტი, ჭკვიანი ქალაქები, ციფრული სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო მომსახურებები თუ გიგ-ეკონომიკა.

მეოთხე დისციპლინათაშორისი კლიმატის კვლევების გაძლიერება. აუცილებელია დისციპლინათაშორისი განათლების გაძლიერება. კოლუმბიისა და სტენფორდის პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა 2020 და 2021 წლებში კლიმატის სკოლები დააარსეს. კოლუმბიის უნივერსიტეტში ეს იყო პირველი ახლად დაარსებული სკოლა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ხოლო სტენფორდში – პირველი ახალი სკოლა ბოლო 70 წლის განმავლობაში, რაც ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობას კლიმატის კრიზისის დაძლევაში.

შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები მიმართულია კლიმატის მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებისა და ცოდნის გადაწყვეტილებების გენერირებისკენ. კლიმატური კვლევები განვითარებად ქვეყნებში უნდა განვითარდეს ისეთი დარგების თანამშრომლობით, როგორებიცაა, საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები, მმართველობა, სამართალი, საჯარო პოლიტიკა და კომუნიკაციები, რაც ხელს შეუწყობს საკითხისთვის აუცილებელი უნარების მქონე ადამიანების თავმოყრას. ასევე აუცილებელია პრობლემაზე დაფუძნებული და კონტექსტური მიდგომების გამოყენება.

აღნიშნული ოთხი გზა ხელს შეუწყობს მოქალაქეების ქცევის მოდელის შეცვლას უფრო მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად და პირდაპირი კავშირის დამყარებას კლიმატის კვლევის პროგრამებსა და მათ დადებით ზეგავლენას შორის, კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების მიზნით. კლიმატის ცვლილების მიზნების შესასრულებლად აუცილებელია, განათლება დაუკავშირდეს ბევრ სხვა აქტორს და გახდეს პრიორიტეტი.

ავტორები:

შანტი ჯაგანათანი, განათლების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი

არგია სინჰა როი, კლიმატის ცვლილების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი