ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
6 მაისი, ოთხშაბათი, 2026

რას წარმოადგენს „ანალების“ სკოლა

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჰუმანიტარული მეცნიერებები მძიმე კრიზისს განიცდიდა. მეცნიერებს (და არა მარტო მათ) ეჩვენებოდათ, რომ ჩვეულ ცხოვრებას საფუძველი ეცლებოდა. ეს შეგრძნება მეტწილად გამოწვეული იყო საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო რევოლუციით: ზუსტ მეცნიერებებში მომხდარმა აღმოჩენებმა და გამოგონებებმა ეჭვქვეშ დააყენა თვით ყოვლისმომცველი სინამდვილის ახსნის შესაძლებლობა. ამასთანავე, კოლოსალურმა დანაკარგმა, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია, ნათელი გახადა, რომ მეცნიერებამ, რომელსაც ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოეტანა კაცობრიობისთვის, სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღის გამოგონებას შეუწყო ხელი.

მეცნიერები კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა გზას განიხილავდნენ. ზოგიერთი მათგანი ისევ ძველი პრინციპებისა და კვლევის მეთოდების მომხრე იყო, რომლებიც თავის დროზე ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსებმა ვიქტორ ლანგლუამ და შარლ სენიობოსმა თავიანთ ნაშრომში – „ისტორიის კვლევის შესავალში“[1] – ჩამოაყალიბეს. პირობითად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი პოზიტივიზმით[2] არის გამსჭვალული. ლანგლუასა და სენიობოსის მეთოდი (დოკუმენტების შერჩევა, კლასიფიკაცია, წყაროების კრიტიკა) თავისი არსით მიმართულია ტექსტების მეშვეობით ისტორიული ნაშრომის შექმნისკენ. აღნიშნავდნენ რა ისტორიული წყაროების სუბიექტურ ხასიათს, ლანგლუა და სენიობოსი ცდილობდნენ, მიეღოთ „ჭეშმარიტი ცოდნა“, რომელიც ფაქტებს ეყრდნობოდა.

მათმა თანამედროვეებმა, ნეოკანტიანელმა[3] ჰერმან კოგენმა და ჰაინრიხ რიკერტმა, ეჭქვეშ დააყენეს ისტორიული ცოდნის „მეცნიერული ხასიათი“. მათი აზრით, საბუნებისმეტყველო და სოციალურ ცოდნას შორის კარდინალური განსხვავებაა: ბუნებისმეტყველებს არ აინტერესებთ კაზუსები და ცალკეული შემთხვევები. ისინი ეძებენ მაგალითებს, რომლებიც კანონებს ამტკიცებს, ხოლო ისტორიკოსები ირჩევენ ფაქტებს მათი განსაკუთრებულობისა და კულტურული მნიშვნელობის გამო. ასე რომ, ისტორია ნეოკანტიანელთა თვალში გათავისუფლდა „ჭეშმარიტ მეცნიერებათა“ მიბაძვის აუცილებლობისგან.

ამასობაში სტრასბურგის უნივერსიტეტში შეიკრიბნენ „უმაღლესი ნორმალური სკოლის“ კურსდამთავრებულები: მორის ჰალბვაკსი, მარკ ბლოკი, ლუსიენ ფევრი, შარლ ბროდელი და სხვები. ამ უნივერსიტეტში 1920 წელს ერთმანეთი გაიცნეს მარკ ბლოკმა და ლუსიენ ფევრმა და ცხრა წლის შემდეგ სწორედ აქ დააფუძნეს ისტორიული ჟურნალი „ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები“. მოგვიანებით ამ ჟურნალის რედკოლეგიის წევრებსა და ავტორთა კოლექტივს შემოკლებით „ანალების სკოლა“ შეარქვეს, თუმცა თვით ისტორიკოსები საკუთარ თავს „ახალი ისტორიული მეცნიერების“ წარმომადგენლებს უწოდებდნენ.

„ახალი ისტორიული მეცნიერების” წარმომადგენლები პოზიტივისტებს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი არ ითვალისწინებდნენ ისტორიკოსის მსოფლმხედველობის გავლენას საკუთარ ნაშრომზე. მათთვის ასევე მიუღებელი იყო პოზიტივისტების დამოკიდებულება წყაროების როგორც მოზაიკის ელემენტების მიმართ. ამ სკოლის წარმომადგენლები ჯერ ადგენდნენ ფაქტებს, მერე კი მათ ანალიზს ცდილობდნენ. ანალისტებს ეს არ აკმაყოფილებდათ. ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ, გადაექციათ ისტორია სოციალურ მეცნიერებად.

„წინასწარ შემუშავებული თეორიის გარეშე შეუძლებელია სამეცნიერო მუშაობა… მე ვსაუბრობ მეცნიერებაზე, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს არა კანონების აღმოჩენა, არამედ მოვლენის არსის გაგება… ადამიანი… ისტორიკოსისთვის იგივეა, რაც კლდე მინერალოგისთვის, ცხოველი ბიოლოგისთვის, ვარსკვლავი ასტროფიზიკოსისთვის – რაღაც ისეთი, რაც ახსნას ექვემდებარება, ექვემდებარება გაგებასა და გააზრებას. ისტორიკოსი, რომელიც უარს ამბობს ამა თუ იმ ადამიანური ფაქტის გააზრებაზე, ისტორიკოსი, რომელიც ქადაგებს ბრმა და უსიტყვო მორჩილებას იმ ფაქტებისადმი, რომლებიც მის მიერვეა წინასწარ შერჩეული… – ასეთი ისტორიკოსი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ შეგირდად, თუნდაც კარგ შეგირდად, მაგრამ ისტორიკოსის წოდებას ის არ იმსახურებს“[4].

ანალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი ქმნიან ახალ ისტორიას, რომელიც ისტორიულ ფაქტებად მოიაზრებს ფსიქოლოგიურ ფაქტებს, რაც ადამიანური აზროვნების გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს.

მათი აზრით, ახალი ისტორია უნდა იყოს:

  • ტოტალური – ის უნდა აღწერდეს ადამიანის აქტიურობის ყველა ფორმას და საზოგადოებაში არსებულ ყოველგვარ კავშირს: პოლიტიკურს, ეკონომიკურს თუ კულტურულს. ანალისტები ცდილობდნენ მატერიალურსა და სულიერს შორის არსებული დაპირისპირების გადალახვას და ადამიანური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთგავლენის შესწავლას.
  • პრობლემური – თუ პოზიტივისტ ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ მთავარია კონკრეტული წყაროს ანალიზი, ანალისტები და განსაკუთრებით ლუსიენ ფევრი ამბობდნენ, რომ ისტორიკოსმა ჯერ უნდა წამოჭრას პრობლემა საკუთარი გამოცდილებისა და თანამედროვეობის წინაშე არსებული ისტორიული გამოწვევების საფუძველზე, მერე კი აირჩიოს წყაროები, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოადგება.
  • ადამიანურობა – „ანალების“ სკოლის წარმომადგენლებისთვის ისტორიის მთავარი საგანია ადამიანის აზროვნება და თვით ადამიანი საზოგადოებაში. მარკ ბლოკი წერდა, რომ ისტორიკოსი ზღაპრული კაციჭამიაა, რომელმაც იცის, რომ „მას ელის ნადავლი იქ, სადაც ადამიანის ხორცის სუნია“[5].

„ანალების“ დამაარსებლები, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატისტები იყვნენ. ისინი უარს ამბობდნენ ისტორიის ზოგად გააზრებაზე, ისტორიის ფილოსოფიაზე, იმაზე, არსებობს თუ არა ისტორიულ პროცესში ზოგადი კანონზომიერებანი, როგორია პიროვნების როლი ისტორიაში (ისტორიისადმი ამგვარი დამოკიდებულება ძირითადად გერმანულ ისტორიულ სკოლას ახასიათებდა) და ა.შ. იმისთვის, რომ ჩამოეყალიბებინათ პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობოდნენ, ანალისტებმა შექმნეს ორი საპროგრამო ტექსტი: მარკ ბლოკის „ისტორიის აპოლოგია ანუ ისტორიკოსის ხელობა“ და ლუსიენ ფევრის „ბრძოლა ისტორიისთვის“.

დაისმის კითხვა: რაში მდგომარეობდა პირველი ანალისტების მეთოდი?

  1. „ანალების“ სკოლის წარმომადგენლები ცნება „ისტორიულ წყაროში“ ბევრად უფრო მრავლისმომცველ შინაარსს დებდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.

„ისტორიული წყაროების მრავალფეროვნება თითქმის უსაზღვროა. ყველაფერი, რასაც ადამიანი ამბობს ან წერს, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს ან ეხება, წარმოადგენს ისტორიულ წყაროს“[6]. ეს სკოლა წყაროებად მოიაზრებდა ყველაფერს, რაც წარსულს შეეხებოდა: ფოლკლორს, არქიტექტურას, კვების რაციონს და ლანდშაფტსაც კი, რომელსაც ადამიანის ხელი ეტყობოდა.

  1. ანალისტები აყალიბებდნენ კითხვებსა და კვლევით ამოცანას მანამდე, სანამ მასალის მოძიებას დაიწყებდნენ.

„მრავალი ადამიანი, მათ შორის, შესაძლოა, სახელმძღვანელოების ავტორებიც კი, მეტად მიამიტურად წარმოიდგენს ჩვენი სამუშაოს მიმდინარეობას. ჯერ თითქოს არსებობს წყაროები. ისტორიკოსი აგროვებს მათ, კითხულობს და ცდილობს, შეაფასოს მათი ნამდვილობა და შინაარსის უტყუარობა. ამის შემდეგ – და მხოლოდ ამის შემდეგ – მოიხმარს ის ამ წყაროებს საქმეში. მაგრამ უბედურება ის არის, რომ არცერთი ისტორიკოსი ასე არ იქცევა, მაშინაც კი, როცა ჰგონია, რომ სწორედ ასე იქცევა, რადგან ტექსტები და არქეოლოგიური მასალა… ლაპარაკობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც უნარი შეგწევს, დაუსვა მათ საჭირო კითხვები… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ისტორიული ძიება პირველივე ნაბიჯებიდან გულისხმობს, რომ გამოკითხვა გარკვეული მიმართულებით მიმდინარეობს“.[7]

  1. „ანალების“ სკოლა მიდრეკილი იყო საგანთაშორისი კვლევისკენ. ისტორიაში მუშაობისას ანალისტები იყენებდნენ არქეოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და სხვა მეცნიერებების მეთოდებს.

„როგორი მრავალფეროვანი ცოდნითაც არ უნდა იყოს დაჯილდოებული მკვლევარი, როგორც წესი, ის მალე მიაღწევს ზღვარს. აქ კი არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ჩავანაცვლოთ ერთი ადამიანის მრავლისმომცველი ერუდიცია იმ ტექნიკური ხერხების ერთობლიობით, რომლებსაც სხვადასხვა დარგის მეცნიერები იყენებენ. ამგვარი კვლევა მიმართული უნდა იყოს ერთი თემის განხილვისკენ. ეს მეთოდი გულისხმობს კოლექტიური შრომისთვის მზადყოფნას“[8].

  1. ბლოკი ამბობდა, რომ „აწმყოს გაუგებრობა წარსულის უცოდინრობისგან მოდის“. ანალისტები წარსულს აწმყოდან დასმული კითხვებით სწავლობდნენ, აწმყოს გადასახედიდან უყურებდნენ.

„ანალების“ სკოლამ უარი თქვა ისტორიულ მოვლენებზე ორიენტირებულ თხრობაზე და ყურადღება გადაიტანა ღრმა, გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ისტორიულ კვლევაში სხვა დისციპლინების – გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის – ჩართვამ საფუძველი მოუმზადა ე.წ. „ტოტალურ ისტორიას“.

სანამ მსოფლიო ისტორიოგრაფიის წინაშე ანალისტების დამსახურების მოკლე მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, გვინდა, გაგაცნოთ „ანალების სკოლის“ თაობათა მოკლე მიმოხილვა:

პირველი თაობა (1920-1940-იანი წლები) – მარკ ბლოკი და ლუსიენ ფევრი. მათ დაიწყეს ბრძოლა „პოზივისტური“ ისტორიის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტების მშრალ აღწერას ეყრდნობოდა.

მეორე თაობა (1950-1970-იანი წლები) – ფერნან ბროდელის ეპოქა. ამ პერიოდში სკოლამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მან ისტორიაში შემოიტანა „ხანგრძლივი დროისა“ (longue durée) და გეოგრაფიული ფაქტორის ცნებები.

მესამე თაობა (1970-1980-იანი წლები) – ჟაკ ლე გოფი, ემანუელ ლე რუა ლადიური. ამ თაობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მენტალობის ისტორიის (histoire des mentalités) შესწავლას. ისინი იკვლევდნენ ადამიანის აზროვნებას, მის გრძნობებს, სამყაროს აღქმას და სხვ.

მეოთხე თაობა (1990-იანებიდან დღემდე) – როჟერ შარტიე და სხვები. მათ აქცენტი დასვეს კულტურულ კვლევებსა და გლობალურ პერსპექტივებზე.

ახლა კი მოკლედ შევაჯამოთ „ანალების“ სკოლის დამსახურება ისტორიის როგორც მეცნიერული დისციპლინის წინაშე.

ამ სკოლამ მოახდინა ისტორიული მეცნიერების დემოკრატიზაცია. მისი წვლილი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით შეფასდეს:

  • ჰორიზონტის გაფართოება ისტორიაში – ისტორიის ობიექტად იქცა არა მხოლოდ პოლიტიკური და რელიგიური ელიტა, არამედ საზოგადოების სხვა ფენებიც: ქალები, ბავშვები, ვაჭრები, მარგინალური ჯგუფები და სხვ.
  • ისტორიული კვლევის ინტერდისციპლინურობა – „ანალების“ სკოლის მეცნიერები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ისტორიული ნაშრომი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ კვლევისას არ გამოვიყენეთ სტატისტიკის, კარტოგრაფიის, ეთნოლოგიის, არქეოლოგიის, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, სოციოლოგიისა და სხვა დისციპლინათა მონაცემები.
  • პრობლემაზე ორიენტირებული ისტორია – ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოეყოლათ, რა მოხდა, ანალისტებმა დაიწყეს კითხვების დასმა: რატომ შეიცვალა კვების რაციონი? რა გავლენას ახდენდა განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ადგილას კლიმატი და რელიეფი საზოგადოების განვითარებაზე? როგორ შეიცვალა სიკვდილის აღქმა საუკუნეების განმავლობაში? – და სხვა.

ისტორიულ მეცნიერებაში „ანალების“ სკოლამ შემოიტანა რევოლუციური ცნებები:

  • მენტალობის ისტორია – კოლექტიური ფსიქოლოგიის შესწავლა: როგორ აღიქვამდნენ დროს, შიშს, სიყვარულს, რელიგიას ძველად?
  • რაოდენობრივი მეთოდი – სტატისტიკური მონაცემების, ფასების მრუდებისა და დემოგრაფიული ცხრილების ჩართვა ისტორიულ კვლევებში;
  • აწმყოსთან კავშირი – ბლოკი ამბობდა, რომ „აწმყოში გაურკვევლობა წარსულის უცოდინრობიდან მომდინარეობს“. ანალისტები წარსულს აწმყოდან დასმული კითხვებით სწავლობდნენ.

როგორ გამოვიყენოთ ანალისტების იდეები საშუალო სკოლაში?

ყველამ კარგად უწყის, რომ თანამედროვე ისტორიული განათლება ხშირად მეტად მოსაწყენია, განსაკუთრებით – მრავალი ფაქტისა და თარიღის დამახსოვრების აუცილებლობის გამო. „ანალების სკოლის“ მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, ჩვეულებრივი ისტორიის გაკვეთილი გადავაქციოთ ლაბორატორიად. მაგალითად მოვიყვანთ ერთ პრაქტიკულ აქტივობას (ეს აქტივობა შეიძლება პროექტად ვაქციოთ), რომელიც გულისხმობს ყოველდღიური მოხმარების რომელიმე ერთი პროდუქტის (ყავა, კარტოფილი, შაქარი, მარილი ან სხვა) ისტორიული გზის კვლევას. შეიძლება, დავსვათ კითხვები: როგორ შეცვალა ამ პროდუქტების გამოჩენამ მსოფლიო ეკონომიკა? როგორ შეიცვალა ადამიანის კვების რაციონი? რა გავლენა მოახდინა ამ პროდუქტების მოხმარებამ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე? – და სხვა. ამგვარი კვლევა პირდაპირ პასუხობს ბროდელისეულ მიდგომას მატერიალური ცივილიზაციის შესახებ.

მეორე აქტივობა შეიძლება დაეთმოს მენტალობის რეკონსტრუქციას. მოსწავლეებმა, ნაცვლად ჯვაროსნულ ლაშქრობებთან დაკავშირებული ფაქტებისა და თარიღების დაზეპირებისა, შეიძლება დაწერონ წერილი შუა საუკუნეების გლეხის ან რაინდის სახელით. მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ ის ცოდნა და ტერმინოლოგია, რომელიც მაშინ არსებობდა. მაგალითად, არ უნდა იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია ან რომ არსებობენ ბაქტერიები და სხვა. ეს ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ ლეგოფისეული „წარმოსახვითი სამყარო“ და დაინახონ, რომ წარსულში ადამიანები არ იყვნენ გაუნათლებლები, ისინი უბრალოდ სხვა კოორდინატთა სისტემაში ცხოვრობდნენ. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ისტორიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.

მესამე პრაქტიკული მიდგომაა „მიკროისტორია კლასში“. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეისწავლონ თავიანთი სკოლის, უბნის ან ოჯახის ისტორია დიდი ისტორიული მოვლენების ფონზე. მაგალითად, როგორ აისახა საბჭოთა კავშირის დაშლა მათი ქუჩის მაცხოვრებლებზე? რა შეიცვალა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში? ასეთი კვლევა მოითხოვს ზეპირი ისტორიების ჩაწერას, ძველი ფოტოების ანალიზს და ადგილობრივ არქივებში მასალის ძიებას. ეს არის მარკ ბლოკისეული „ისტორიკოსის ხელობის“ პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლე ხდება მკვლევარი, რომელიც მცირე დეტალებს დიდ სტრუქტურასთან აკავშირებს.

ჩვენი მოგზაურობა „ანალების“ სკოლის სამყაროში გვიჩვენებს, რომ ისტორიკოსის იარაღი არა მხოლოდ არქივი, არამედ წარმოსახვა და კითხვების დასმის უნარია. ამ სკოლამ დაატკიცა, რომ ადამიანის შესახებ მეცნიერება არასოდეს დასრულდება და ყოველი ახალი თაობა ხელახლა აღმოაჩენს თავის წარსულს. ეს მუდმივი დიალოგია აწმყოსა და წარსულს შორის: აწმყო ქმნის კითხვებს, ხოლო წარსული – შესაძლო პასუხებს საკუთარი თავის შესაცნობად.

[1] Introduction to the Study of History, By CH. V. LangloisCH. Seignobos, 1906

[2] XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვით, ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნაა მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.

[3]ფილოსოფიისმიმდინარეობამე-19 ს.-ისბოლოსდამე-20 ს.-ისპირველმესამედში; ცდილობდაფილოსოფიისძირითადიპრობლემებიგაეაზრებინაკანტისმოძღვრებისგანახლებულიინტერპრეტაციისსაფუძველზე.

[4] ლუსიენ ფევრის სტატია „ისტორიზებადი ისტორია. ჩვენთვის უცხო ფორმის ისტორია“ (Февр Л. Боизаисторию. – М.: “Наука”. – 1991. – გვ. 67-71) 1933 წელს დაიბეჭდა კრებულში „ბრძოლა ისტორიისთვის“. სტატია იყო „ანალების“ სკოლის მანიფესტი, რომელიც ტრადიციულ, ნარატიულ ისტორიოგრაფიას აკრიტიკებდა. ფევრი უარს ამბობდა „თხრობით ისტორიაზე“, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებსა და ისტორიულ პირებზე იყო ორიენტირებული. ისტორიკოსი ითხოვდა „პრობლემური ისტორიის“ შექმნას, რომელიც მენტალობის, საზოგადოებისა და ეკონომიკის შესწავლას გულისხმობდა.

„ისტორიზებადი ისტორია“ სპეციფიკური ტერმინია, რომელიც გულისხმობს არა სტატიკურ მოვლენებს, არამედ ფაქტებს, რომლებიც სხვა მოვლენებთან მიმართებით იძენს მნიშვნელობას. აწმყოდან გამომდინარე, ის გულისხმობს წარსულის მუდმივ და კრიტიკულ გადაფასებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“