ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
13 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ხელოვნური ინტელექტი და აკადემიური კეთილსინდისიერება: ახალი გამოწვევები სკოლაში

ხელოვნური ინტელექტის იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში დაიბადა, მაგრამ განათლების სფეროში მისი პრაქტიკული გამოყენება დიდხანს უმთავრესად დამხმარე ფუნქციებით შემოიფარგლებოდა. მას იყენებდნენ როგორც ინსტრუმენტს ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის, თუმცა სწავლების პროცესის ცენტრში მაინც მოსწავლის აქტიური ჩართულობა და აზროვნება რჩებოდა.
ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე შეუძლია ტექსტის, პასუხის ან იდეის გენერირება, რაც სწავლების პროცესში, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალ გამოწვევებსაც აჩენს. მოსწავლეს შეუძლია, რამდენიმე წამში მიიღოს ფორმალურად გამართული და ლოგიკურად თანმიმდევრული ნაშრომი, რაც, ერთი მხრივ, აადვილებს დავალების შესრულებას, მეორე მხრივ კი ამცირებს მოსწავლის უშუალო ჩართულობას.
ამ ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია წერითი დავალებების ტრანსფორმაცია. თუ აქამდე ასეთი დავალებები მოითხოვდა ინფორმაციის მოძიებას, გააზრებას და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას, დღეს შესაძლებელია, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიას დაეკისროს. შედეგად ნაშრომი შეიძლება იყოს სტრუქტურულად გამართული და სტილებრივად დახვეწილი, მაგრამ არ ასახავდეს მოსწავლის რეალურ ცოდნასა და აზროვნებას. ამ რეალობაში აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხი ახალ მნიშვნელობას იძენს. თუ აქამდე ის უმთავრესად პლაგიატის თავიდან აცილებასთან ასოცირდებოდა, ახლა უკვე დღის წესრიგში აყენებს ნაშრომის ავტორობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათი გადახედვის აუცილებლობას.
ამ კონტექსტში ჩნდება მთავარი კითხვა: რჩება თუ არა მოსწავლე საკუთარი ნაშრომის ავტორად მაშინ, როდესაც ტექნოლოგიას შეუძლია არა მხოლოდ ტექსტის, არამედ პასუხების, იდეებისა და ანალიზის გენერირებაც? შეგვიძლია თუ არა, ვიმსჯელოთ მოსწავლის ცოდნის შესახებ მხოლოდ საბოლოო შედეგის საფუძველზე?
ხელოვნური ინტელექტი და სწავლის პროცესის გარდაქმნა
ხელოვნური ინტელექტის გავრცელებამ განსაკუთრებით თვალსაჩინოდ შეცვალა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – წერითი დავალება.
ტრადიციულად, წერითი დავალება იყო ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც მოსწავლეს უვითარდებოდა ანალიზის, სინთეზისა და არგუმენტაციის უნარები. ის მოითხოვდა არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიებას, არამედ მის გადამუშავებას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებასაც და სწორედ ამ პროცესში  სწავლობდა მოსწავლე აქტიურად და გააზრებულად.
დღეს ეს პროცესი ნაწილობრივ შეიცვალა. ხელოვნური ინტელექტი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუაროს იმ შუალედურ ეტაპებს, რომლებიც სწავლის არსს ქმნის. შედეგად, მიღებული ტექსტი შეიძლება იყოს ხარისხიანი, მაგრამ ამ ხარისხის უკან არ იდგეს მოსწავლის კოგნიტური ჩართულობა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაციების მიხედვით, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა ემყარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ“ მიდგომას და მიმართული უნდა იყოს მოსწავლის კოგნიტიური და სასწავლო პროცესების მხარდაჭერისკენ (UNESCO, 2021; 2023). ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშებში ამავე მიმართულებით ხაზგასმულია, რომ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საჭიროებს კრიტიკულ მიდგომას, რათა არ შეიზღუდოს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნება და სწავლის სიღრმე (OECD, 2021; 2023).
ამდენად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი და ბუნებრივად აჩენს კითხვას: რამდენად ინარჩუნებს სწავლა თავის ძირითად ფუნქციას ხელოვნური ინტელექტის გავლენით? სწორედ ამ ფონზე წარმოჩნდება მკაფიოდ განსხვავება ფორმალურ და რეალურ ავტორობას შორის და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ნაშრომის ავტორობის საკითხი. დღეს უკვე შესაძლებელია, ტექსტი არ იყოს პლაგიატი და მთლიანად მაინც არ ეკუთვნოდეს ავტორს, რაც ავტორობის ცნებას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის.
ფორმალური ავტორობა გულისხმობს, რომ ტექსტი ტექნიკურად აკმაყოფილებს აკადემიური კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არ არის პლაგიატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ასახავს მოსწავლის რეალურ ცოდნას, რეალური ავტორობა კი მიუთითებს, რამდენად არის ნაშრომი თავად მოსწავლის ნააზრევი. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესრულებული დავალება შესაძლოა აკმაყოფილებდეს ყველა ტექნიკურ და შინაარსობრივ მოთხოვნას, მაგრამ ვერ ასახავდეს მოსწავლის რეალურ ცოდნასა და გამოცდილებას. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე ვერ ხსნის საკუთარ ნაშრომს, ვერ პასუხობს დამატებით კითხვებს, ვერ აკავშირებს თეორიას პრაქტიკულ მაგალითებთან. ამ შემთხვევაში, აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან ერთად, პრობლემა ეხება სწავლის სიღრმესაც. ამ განსხვავების უგულებელყოფა პირდაპირ აისახება სწავლების პროცესზეც და სწავლის შედეგებზეც.
სკოლის პრაქტიკაში უკვე შეინიშნება განსაზღვრული ტენდენციები, რომლებიც აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახავს. მასწავლებლები ხშირად აწყდებიან ნაშრომებს, რომლებიც სტრუქტურულად გამართულია, მაგრამ ზედაპირულია შინაარსობრივად. გვხვდება შემთხვევებიც, როდესაც მითითებულია წყაროები, რომლებიც რეალურად არ არსებობს და AI-ს მიერ გენერირებული ინფორმაციის შედეგია. ამასთანავე, ხშირია სიტუაცია, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს საკუთარი ნამუშევრის ახსნას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განსხვავებას ფორმალურ და რეალურ ავტორობას შორის. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ საბოლოო შედეგზე ორიენტირებული შეფასების მოდელები დროულ გადახედვას მოითხოვს.
საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი აქტიურად განიხილება და უკვე გამოიკვეთა კიდეც გარკვეული მიდგომები. UNESCO (2023) რეკომენდაციას აძლევს საგანმანათლებლო სისტემებს, განსაზღვრონ AI-ს გამოყენების მკაფიო ჩარჩოები და გააძლიერონ მოსწავლეთა ციფრული ეთიკა. აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო ცენტრის (International Center for Academic Integrity, ICAI) ანგარიშებში აღნიშნულია, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება უფრო ეფექტურად ყალიბდება მაშინ, როდესაც ის ეფუძნება ღირებულებებს – პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და ნდობას და არა მხოლოდ კონტროლს. იმავეს ადასტურებს ევროპული პრაქტიკაც, კერძოდ, European Schoolnet-ის (2023) მასალებში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში საჭიროებს გააზრებულ ინტეგრაციას და მოსწავლის აქტიური ჩართულობის შენარჩუნებას. საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიაც ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოითხოვს ერთიან ხედვასა და სტრატეგიულ მიდგომას, რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ მათ შესაძლებლობებს, არამედ იმ შესაძლო რისკებსაც, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებას ახლავს თან. ამასთან, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს წინასწარ განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგია – 2025-2030).
ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში სრულიად ვერ ავარიდებთ თავს. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არა მისი შეზღუდვა ან აკრძალვა, არამედ მოსწავლეებისთვის მისი გააზრებული და პასუხისმგებლობიანი გამოყენების სწავლებაა, ეს კი მოითხოვს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის  თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომას, სადაც ტექნოლოგია არა საფრთხედ, არამედ სწავლის მხარდამჭერ ინსტრუმენტად აღიქმება. 
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი გავრცელების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასწავლებლის როლი. სწორედ მასწავლებელი უწყობს ხელს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის გააზრებას. ამასთან, მასზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს მოსწავლე, დარჩეს საკუთარი ნაშრომის რეალურ ავტორად და არა მხოლოდ ტექნოლოგიის მომხმარებლად. ამისთვის კი საჭიროა ისეთი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას, ისე სასწავლო პროცესსა და დავალებების შესრულებაში მოსწავლის რეალური ჩართულობის გაძლიერებას:
  • აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ აკადემიური კეთილსინდისიერების არსი არა მხოლოდ წესების დონეზე, არამედ როგორც ღირებულებითი პრინციპი, რომელიც ეფუძნება პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და ნდობას. ამ მიმართულებით ეფექტიანია თემის განხილვა კონკრეტული მაგალითების, სიტუაციური ამოცანებისა და დისკუსიის ფორმატში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
  • დავალებების ფორმულირება ისე, რომ მოითხოვდეს ანალიზს და არგუმენტაციას: მიზანშეწონილია ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც მხოლოდ ინფორმაციის გადმოცემით კი არ შემოიფარგლება, არამედ მოითხოვს შედარებას, შეფასებას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას. მაგალითად, კითხვები, რომლებიც იწყება ფორმულირებით: „როგორ ფიქრობ…“, „შეადარე…“, „დაასაბუთე…“, „მოიყვანე მაგალითები…“, – ამცირებს შაბლონური პასუხების გაგაცემის შესაძლებლობას და შესაბამის არგუმენტირებას მოითხოვს.
  • შეფასების პროცესის ეტაპებად დაყოფა: მნიშვნელოვანია, შეფასებისას აქცენტი დაისვას არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ მუშაობის პროცესზეც. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შუალედური დავალებები, შესათანხმებლად წინასწარ იქნეს წარდგენილი მონახაზი, შესრულებული დავალების სამუშაო ვერსიები ან უკუკავშირის კომენტარები – ყველაფერი ეს საშუალებას მისცემს მასწავლებელს, უკეთ შეაფასოს მოსწავლის რეალური ჩართულობა.
  • ზეპირი კომპონენტის ინტეგრირება წერით დავალებებში: ნაშრომის მოკლე ახსნა, პრეზენტაცია, კითხვა-პასუხის ფორმატი იმის დადგენაში ეხმარება მასწავლებელს, რამდენად ესმის მოსწავლეს საკუთარი ნაშრომის შინაარსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექსტი ტექნიკურად გამართული და შინაარსობრივად თანმიმდევრულია.
  • AI- გამოყენების წესების მკაფიო განსაზღვრა: მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს და მოსწავლეებს განემარტოს, რა მიზნებისთვის არის დასაშვები ტექნოლოგიის გამოყენება (მაგალითად, იდეების გენერირებისთვის, ტექსტის რედაქტირებისთვის) და რა შემთხვევაში უნდა იყოს ნაშრომი მთლიანად მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის შედეგი. ასეთი გამჭვირვალე წესების წინასწარ გაცნობა ზრდის პასუხისმგებლობას და ამცირებს გაუგებრობას.
  • აკადემიური წერის უნარების განვითარება: მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეტაპობრივად ისწავლონ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტირება და ტექსტის სტრუქტურირება. ეს უნარები ამცირებს ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებას და აძლიერებს დამოუკიდებელ აზროვნებას.
  • რეფლექსიის ელემენტების გამოყენება: სასურველია, დავალებებს ჰქონდეს მოკლე რეფლექსიური ნაწილიც, სადაც მოსწავლე აღწერს, როგორ იმუშავა, რა რესურსები გამოიყენა და რა სირთულეები შეხვდა დავალებაზე მუშაობის დროს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დაინახოს არა მხოლოდ შედეგი, არამედ სწავლის პროცესიც.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა და მოსწავლის მხარდაჭერა, რათა იგი საკუთარი ნაშრომის რეალურ ავტორად დარჩეს. ამ პროცესში ტექნოლოგიამ კი არ უნდა ჩაანაცვლოს სწავლის პროცესი, არამედ მის დამხმარე ინსტრუმენტად იქცეს. სწორედ ამ ბალანსის პოვნაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად გაართმევს თავს განათლების სისტემა თანამედროვე გამოწვევებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Guidance for generative AI in education and research. UNESCO. Paris, 2023
https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000386693
  1. OECD Digital Education Outlook 2021: Pushing the Frontiers with Artificial Intelligence, Blockchain and Robots. OECD. Paris, 2021
https://www.oecd.org/en/publications/oecd-digital-education-outlook-2021_589b283f-en.html
  1. Shaping the Future of Education in the Age of Artificial Intelligence. OECD. Paris, 2023
  2. Artificial Intelligence in Education: Resources and Policy Insights. European Schoolnet. Brussels, 2023 https://www.eun.org
  3. Fundamental Values of Academic Integrity. International Center for Academic Integrity https://www.academicintegrity.org/aws/ICAI/pt/sp/values
  4. საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 აპრილის დადგენილება №100, თბილისი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“