პარასკევი, მაისი 1, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

Maths&Harmony: მათემატიკა როგორც სამყაროს უნივერსალური ენა

როგორ გააერთიანეს ხუთი ქვეყნის მოსწავლეებმა ეკოლოგია, ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიები რიცხვების სამყაროში
 სტატიაში აღწერილია 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებული eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი „Maths&Harmony“, რომელშიც ხუთი ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ხორვატია) 196 მოსწავლე და 40 მასწავლებელი მონაწილეობდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო მათემატიკის როგორც სამყაროს აღქმის უნივერსალური ენის წარმოჩენა და მისი დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან ინტერდისციპლინური (STEAM) მიდგომით.
სტატიაში დეტალურად არის განხილული:
  • პროექტის სტრატეგია სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სტანდარტებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ეკოლოგია, ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნება;
  • პრაქტიკული აქტივობები საერთაშორისო გუნდური მუშაობა ეროვნული ვალუტის კვლევაზე, კიბერუსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • ინოვაციური მოდელები დანერგილია ურთიერთსწავლების (მენტორობის) მოდელი, სადაც უფროსკლასელები ეხმარებიან უმცროსკლასელებს;
  • შედეგები პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, ციფრული წიგნიერებისა და კოლაბორაციული უნარების განვითარებას.
სტატია აჯამებს პროექტის წარმატებას „ოთხი ჰარმონიის“ (სამყაროს, კულტურათა, თაობათა და შინაგანი ჰარმონია) კონცეფციით და წარმოაჩენს მას როგორც ეფექტურ მოდელს ფორმალური განათლების გასამდიდრებლად.
თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სასკოლო დისციპლინების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაა. ხშირად მათემატიკა მოსწავლეებისთვის ასოცირდება მხოლოდ დაფაზე დაწერილ „ცივ” ფორმულებსა და აბსტრაქტულ გამოთვლებთან.
eTwinning-ის საერთაშორისო პროექტმა „Maths&Harmony” დაამსხვრია ეს სტერეოტიპი და წარმოაჩინა მათემატიკა ახალი სახით – როგორც ცოცხალი, საინტერესო და ყველასთვის ადვილად გასაგები საგანი.
2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში ხუთი ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ხორვატია) 196-მა მოსწავლემ აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ მოსაწყენი საგანი – ის სამყაროს აღქმის უნივერსალური ენაა.
პროექტის ძირითადი ინფორმაცია
პროექტის თვინსფეისის ლინკი:
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/mathsharmony/twinspace
პროექტის ელ. მისამართი:
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/mathsharmony
პროექტის პარტნიორი სკოლები: საქართველო – 16 სკოლა (28 მასწავლებელი), თურქეთი – 9 სკოლა (9 მასწავლებელი), საბერძნეთი – 1 სკოლა (1 მასწავლებელი), სომხეთი – 1 სკოლა (1 მასწავლებელი), ხორვატია – 1 სკოლა (1 მასწავლებელი)
მოსწავლეთა ასაკი: 7-16 წელი (196 მოსწავლე)
ხანგრძლივობა: 1 სასწავლო წელი (15.10.2024 – 15.06.2025)
საგნები: მათემატიკა, ისტ, ეკონომიკა, ხელოვნება, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, უცხოური ენები, ფსიქოლოგია
პროექტის მიზნები
მათემატიკის ახალი სახით წარმოჩენა: მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ მათემატიკა არა აბსტრაქტული ფორმულები, არამედ სამყაროს (ბუნების, ხელოვნების, ეკონომიკის) აღქმის უნივერსალური ენაა;
STEAM უნარების განვითარება: ინტერდისციპლინური კავშირების დადგენა მათემატიკასა და სხვა დისციპლინებს (ეკონომიკა, ეკოლოგია, IT, ხელოვნება) შორის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გასაუმჯობესებლად;
ციფრული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა: კიბერუსაფრთხოების, ონლაინ ეთიკისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მონაცემთა ანალიზისა და ტექნოლოგიების გამოყენებით;
სოციალური და ემოციური ინტელექტის ხელშეწყობა: ურთიერთსწავლების მოდელის დანერგვით მოსწავლეებში ლიდერული თვისებების, ემპათიისა და ურთიერთმხარდაჭერის კულტურის ჩამოყალიბება;
ინტერკულტურული დიალოგი: საერთაშორისო თანამშრომლობის გზით გლობალური მოქალაქეობის განცდისა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის გაღრმავება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ხშირად ისმის კითხვა: რამდენად ავსებს ამგვარი კრეატიული პროექტები ფორმალურ სასკოლო განათლებას?
„Maths&Harmony-ს“ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ მისი აკადემიური სიღრმეა. პროექტი არ ყოფილა მხოლოდ კლასგარეშე აქტივობა; ის სრულ თანხვედრაში იყო ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან და ხელს უწყობდა მათემატიკური, ციფრული, სამოქალაქო და კულტურული კომპეტენციების განვითარებას.
პროექტის კურიკულუმი ინტერდისციპლინურ მიდგომას (STEAM) ეფუძნებოდა. პროექტის დაწყებამდე შემუშავდა დეტალური, საგნობრივ სტანდარტებზე დაფუძნებული კურიკულუმი. ეს სტრატეგიული დოკუმენტი უზრუნველყოფდა, რომ თითოეული „სახალისო” აქტივობა კონკრეტულ საგანმანათლებლო შედეგზე ყოფილიყო ორიენტირებული:
მათემატიკა: ნაცვლად „მშრალი“ ანგარიშისა, მოსწავლეები დაკავდნენ მონაცემთა ანალიზით, მოდელირებითა და რეალური პრობლემების გადაჭრით, რაც საგნობრივი სტანდარტის უმთავრესი მოთხოვნაა.
ციფრული ტექნოლოგიები: პრეზენტაციების მომზადებასთან ერთად აქცენტი დაისვა ციფრულ უსაფრთხოებასა და ონლაინ კომუნიკაციის ეტიკეტზე – უნარებზე, რომლებიც ისტ-ის სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.
სამოქალაქო განათლება: ეკონომიკური ცოდნის გამდიდრებამ და გლობალური მოქალაქეობის პრინციპების გაცნობამ მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობა აამაღლა.
საგანთაშორისი ინტეგრაცია: ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, დაენახათ ის მათემატიკური კანონზომიერებები, რომლებიც სამყაროს საფუძველში დევს.
პროექტის პრაქტიკული განხორციელება
Maths&Harmony-ს“ ფარგლებში სწავლება მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლებოდა. მოსწავლეები საერთაშორისო გუნდებად მუშაობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა:
  • კულტურული მემკვიდრეობა და ეკონომიკა – ონლაინ კონფერენციაზე „ეროვნული ვალუტა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა” მოსწავლეებმა შეისწავლეს ბანკნოტების დიზაინი და ისტორია, გააანალიზეს საბაზრო მექანიზმები და დაინახეს, რომ ფინანსები და კულტურა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან;
  • ციფრული მოქალაქეობა – უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრებზე განიხილეს ონლაინ ეთიკა და კიბერუსაფრთხოება;
  • ეკოლოგია – დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს მათემატიკური კვლევები გარემოსდაცვითი მონაცემების საფუძველზე და საკუთარი სკოლის გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, რითაც ხაზგასმით წარმოაჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის ინტერაქციული ხასიათი. ონლაინ შეხვედრები არ ყოფილა პასიური მოსმენის რეჟიმში – თითოეული სესიის დასასრულს იმართებოდა სპეციალური აქტივობები და ვიქტორინები. ეს მიდგომა ემსახურებოდა მთავარ მიზანს: მომენტალურად შეფასებულიყო, რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია და რამდენად ეფექტურად აითვისეს ახალი მასალა.
ურთიერთსწავლების მოდელი
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტი ურთიერთსწავლების მოდელი აღმოჩნდა. უფროსკლასელები რეგულარულად ხვდებოდნენ უმცროსკლასელებს და მენტორობას უწევდნენ მათ.
ამ პროცესმა და გამოცდილების გაზიარებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა: შეიქმნა მზა საგანმანათლებლო მასალების ბაზა. ეს რესურსები მოიცავს პროექტის ყველა თემატურ მიმართულებას – ეკონომიკით დაწყებული, ეკოლოგიითა და კიბერუსაფრთხოებით დამთავრებული.
პროექტის შედეგები: „ოთხი ჰარმონია“
პროექტით მიღწეულ იქნა როგორც აკადემიური, ისე სოციალური და ღირებულებითი შედეგები. ჯამში, „Maths&Harmony“ ოთხ მთავარ განზომილებას აერთიანებს:
  1. სამყაროს ჰარმონია – მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკური კანონზომიერებების იდენტიფიცირება რეალურ ცხოვრებაში;
  2. კულტურათა ჰარმონია – საერთაშორისო გუნდებში მუშაობით ისწავლეს განსხვავებული კულტურული კონტექსტის პატივისცემა და თანამშრომლობა;
  3. თაობათა ჰარმონია – უფროსკლასელებმა შეიძინეს მენტორობის გამოცდილება, ხოლო უმცროსკლასელებმა მიიღეს აკადემიური და ემოციური მხარდაჭერა. მოხდა მენტორობის კულტურის დანერგვა სკოლებში;
  4. შინაგანი ჰარმონია – მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ თვითრწმენა, რომ მათემატიკა დაძლევადი და საინტერესოა; გაიუმჯობესეს მონაცემთა ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უნარები; გაიაზრეს მათემატიკის პრაქტიკული ღირებულება.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს საკუთარი როლი გლობალურ ეკოსისტემაში და ჩამოუყალიბდათ რწმენა, რომ მათემატიკა არის ინსტრუმენტი სამყაროსა და საკუთარ თავთან ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის.
პროექტში ჩართული მასწავლებლების შეფასებები
ნ. კანდელაკი (მათემატიკის მასწავლებელი, დამფუძნებელი): „პროექტში მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული. ისინი დიდი ენთუზიაზმით უხსნიდნენ თემებს თანატოლებს, წარმოადგენდნენ მაგალითებს რეალურ ცხოვრებიდან (ტესელაცია, მოდა, ეროვნული ვალუტა) და მართავდნენ დისკუსიებს. ამ პროცესმა შექმნა დადებითი, ინკლუზიური გარემო და მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია“.
შ. დენიზი (მათემატიკის მასწავლებელი, თანადამფუძნებელი, თურქეთი): „საერთაშორისო თანამშრომლობამ ჩემს მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ გამოცდილება. მეექვსეკლასლები ხალისით ჩაერთნენ ონლაინ კონფერენციებსა და ინტერაქციულ თამაშებში, რამაც მათ კომუნიკაციისა და კოლაბორაციის უნარები განუვითარა“.
ნ. გორგაძე (მათემატიკის მასწავლებელი): „Maths & Harmony-ზე მუშაობისას მოსწავლეებმა ცხადად დაინახეს, რომ მათემატიკა ჰარმონიულად ერწყმის ყოველდღიურ ცხოვრებას. საინტერესო, პრაქტიკულმა და შემოქმედებითმა აქტივობებმა ხელი შეუწყო როგორც ცოდნის განმტკიცებას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას“.
ნ. გიორგაძე (მათემატიკის მასწავლებელი): „პროექტმა სასწავლო პროცესს ახალი სიცოცხლე შესძინა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ქართული ფულის კულტურული მემკვიდრეობა, მოინახულეს ვანისა და ნოქალაქევის მუზეუმები. მათ წარმოიდგინეს, როგორ გამოიყენება მათემატიკა სხვადასხვა პროფესიაში, ფინანსებიდან არქეოლოგიამდე“.
ჯ. დევრისაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი): „მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით (ლევან ასტამიძე, ნინო სახვაძე), სკოლაში ჩატარდა უსაფრთხო ინტერნეტის კვირეული, ასევე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები და გაუზიარეს პროექტის პარტნიორ სკოლებს საკუთარი გამოცდილება“.
თ. გაგუა-ყაჯრიშვილი (ინგლისურის მასწავლებელი): „ჩემი სკოლიდან მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტ „Maths & Harmony-ში“. ისინი შემოქმედებითად და დიდი ენთუზიაზმით ახორციელებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას. მათ შესაძლებლობა მიეცათ, რეალურ ცხოვრებაში გამოეყენებინათ ინგლისური ენის წერითი და ზეპირი უნარები. მოსწავლეები იღებდნენ ინიციატივას, დამოუკიდებლად გეგმავდნენ და აწარმოებდნენ კვლევებს; მოამზადეს ჯგუფური პრეზენტაციები თემებზე: მათემატიკისა და ინგლისური ენის ლოგიკური მოდელების კვლევა, ქართული ფულის ისტორია და მისი განვითარება, უსაფრთხო ინტერნეტი; შექმნეს კრეატიული ვიდეორგოლები, რისთვისაც პრაქტიკულად გამოიყენეს ცოდნა და ახლებურად წარუდგნენ სასკოლო და პროექტში მონაწილე საზოგადოებას. პროექტმა მნიშვნელოვნად აამაღლა ინგლისურ ენაში მოსწავლეთა კომუნიკაციური, კვლევითი, წერითი და ზეპირი უნარები, ასევე კრიტიკული აზროვნება. ისინი აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს, მონაწილეობდნენ დისკუსიებსა და ინტერაქციულ აქტივობებში. საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მოსწავლეები ერთობლივად ქმნიდნენ პროდუქტებს და იყენებდნენ ტექნოლოგიებს. ამ ინოვაციურმა მიდგომამ განუვითარა მათ შემოქმედებითობა, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობის უნარი, აუმაღლა მოტივაცია და გაზარდა მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, რითაც მკვეთრად გაიზარდა კლასში მოსწავლეთა როლი და გამოჩნდა მათი ნიჭი, ინიციატივა და ლიდერული უნარები“.
ნ. ქუსიკაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი): „პროექტმა მოსწავლეებს დაანახა, რომ მათემატიკა მართლაც მეცნიერებათა დედოფალია. აქტივობაზე „მათემატიკა ყველგან და ყველაფერში“ მუშაობისას მათ შეისწავლეს ოქროს კვეთა და აღფრთოვანდნენ იმ აღმოჩენით, რომ მთელი ევრაზიის სიგრძე ისე შეეფარდება აზიისას, როგორც აზიის სიგრძე – ევროპისას და ამ კვეთის წერტილში სწორედ საქართველო მდებარეობს. პროექტის შემდეგ მოსწავლეები სხვა საგნებშიც აქტიურად იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს (Canva, Padlet, Kahoot), ხოლო უცხოელ თანატოლებთან დამყარებულმა კონტაქტებმა მათ სამომავლო ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი“.
პროექტის აქტივობათა ამსახველი მასალები:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1JuYsgXtsTFD5IlXmBRD91Xcb9LgG25RL/edit?gid=984583982#gid=984583982
პროექტის განხორციელების პარამეტრები საკლასო და სასკოლო ქსელის დონეზე
(ადაპტირებული მოდელი საერთაშორისო პროექტის გარეშე)
თემა
იდეა (მოკლე აღწერა)
საკლასო ვერსია
სკოლებს შორის კოლაბორაციის ვერსია
მათემატიკა და რეალური ცხოვრება
მათემატიკის დაკავშირება რეალურ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კონტექსტებთან
მოსწავლეები იკვლევენ სკოლის ან ოჯახის მონაცემებს (ფასები, მოხმარება) და ადგენენ დიაგრამებს
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს და ადარებენ შედეგებს (მაგ., ფასები რეგიონების მიხედვით)
ინტერდისციპლინური სწავლება (STEAM)
სხვადასხვა საგნის ინტეგრაცია ერთობლივ თემატურ მოდულებში
ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა + ბუნება + ხელოვნება) ერთ კლასში
სხვადასხვა სკოლის საგნობრივი გუნდები ქმნიან ერთობლივ პროექტს და ერთმანეთს უზიარებენ შედეგებს
თანამშრომლობა
კოლაბორაციული სწავლება ჯგუფურ ფორმატში
ჯგუფური მუშაობა როლების გადანაწილებით (ლიდერი, მკვლევარი, პრეზენტატორი)
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთობლივ გუნდებად მუშაობენ ონლაინ/ოფლაინ
ციფრული უნარები
ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სწავლის პროცესში
მოსწავლეები ქმნიან პრეზენტაციებს, პოსტერებს, ვიდეოებს
სკოლები ქმნიან ერთობლივ ციფრულ პროდუქტებს (Padlet, Canva, საერთო პრეზენტაცია)
ურთიერთწავლება (Peer Learning)
უფროსკლასელთა მენტორობა უმცროსებთან
უფროსკლასელები ატარებენ მინი-გაკვეთილებს უმცროსებთან
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას ონლაინ შეხვედრებზე
მოქალაქეობრივი განათლება
სოციალური პასუხისმგებლობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გააზრება
სკოლის შიდა კამპანიები (უსაფრთხო ინტერნეტი, ეკოაქტივობები)
სკოლები ერთობლივად ატარებენ თემატურ კვირეულებს და კამპანიებს
პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება
კლასში იკვლევენ ადგილობრივ პრობლემას და პოულობენ გადაწყვეტას
სკოლები ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობენ და ადარებენ შედეგებს
შეფასება
განმავითარებელი და მრავალმხრივი შეფასება
თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, რუბრიკები
სკოლებს შორის ნამუშევრების გაცვლა და ურთიერთშეფასება
შედეგების გაზიარება
მიღწეული შედეგების პრეზენტაცია
კლასში ან სკოლაში პროექტის წარდგენა
სკოლებს შორის პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები
რესურსების შექმნა
სასწავლო მასალების დაგროვება და გამოყენება
კლასის ნამუშევრების პორტფოლიო
სკოლების საერთო რესურსბანკის შექმნა
მონიტორინგი და მდგრადობა
პროცესისა და შედეგების შეფასება
მასწავლებლის რეფლექსია და მოსწავლის პორტფოლიო
სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარება და გაუმჯობესების დაგეგმვა
 
„Maths&Harmony“ არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, eTwinning-ის პლატფორმა გამოყენებულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმის გასამდიდრებლად. პროექტმა დაამტკიცა, რომ სწავლება შეიძლება იყოს სახალისო, პრაქტიკული და გლობალური, ხოლო მათემატიკა – ჰარმონიული ცხოვრების უნიკალური გასაღები.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“