სწორი ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება ყველგან და ყოველთვის წარმოადგენდა განათლების სისტემის მთავარ მისიას, მაგრამ დღეს, გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ღირებულებითმა განათლებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი სასწავლო პროცესის ორგანიზების მოთხოვნა, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ მოსწავლის ჰოლისტურ, პიროვნულ განვითარებაზეა ორიენტირებული. განათლება, რომელიც ემყარება ღირებულებებს, არსებით როლს ასრულებს ახალგაზრდების ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში (UNESCO, 2015).
სიტყვათა შეთანხმება „ღირებულებითი განათლება“ უკვე იძლევა წარმოდგენას თავის არსზე, მაგრამ ყოველთვის ჩნდება კითხვები: რა არის ღირებულება? რას გულისხმობს სწორი ღირებულებები?
ღირებულებითი განათლება მოიაზრებს შემსწავლელისთვის იმ ფასეულობების გადაცემას, რომლებსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს, ფასობს ნებისმიერ დროში და უკავშირდება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ იმ საზოგადოებასაც, რომელშიც ეს პიროვნება ცხოვრობს. ღირებულებითი განათლება განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური, სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის მიზანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლის პიროვნული და მოქალაქეობრივი ფორმირება. ღირებულებითი განათლება ემყარება იდეას, რომ სკოლა და, საზოგადოდ, საგანმანათლებლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს ღირებულებების განსაზღვრას, მათ სიღრმისეულ გააზრებას და ქცევაში გადატანას – ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენებას.
მეორე მხრივ, ღირებულებითი განათლება შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური მიდგომა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, საგნობრივი შინაარსის საფუძველზე გაიაზროს კონკრეტული ღირებულებები და დაინახოს მათი ადგილი რეალურ კონტექსტში, მათ შორის – საკუთარ ცხოვრებაშიც. ღირებულებითი განათლება შეიძლება განხორციელდეს ყველა საგანში ისეთი მასწავლებლის მიერ, რომელიც აცნობიერებს ღირებულებითი განათლების მნიშვნელობას და შეუძლია, გამოიყენოს შესაბამისი პედაგოგიური მეთოდები და ინსტრუმენტები.
როგორიც არ უნდა იყოს განმარტება, მთლიანობაში ღირებულებითი განათლება მოიაზრებს ისეთ სასწავლო პროცესს, რომელიც ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას ემსახურება: ის ეხმარება მოსწავლეს, ერთი მხრივ, დაეუფლოს განსაზღვრულ საგნობრივ ცოდნას, მეორე მხრივ კი გაიაზროს ისეთი უნივერსალური თუ პიროვნული ფასეულობები, როგორებიცაა სამართლიანობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა და ა.შ. ასეთ სასწავლო პროცესში ღირებულებებსა და ცოდნას შორის ადგილების განაწილება შეცდომა იქნებოდა – ღირებულებითი განათლება ორივეს ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივემ ერთნაირად უნდა შეუწყოს ხელი პიროვნების ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცოდნის მატარებელ ინდივიდად, არამედ აქტიურ, ემპათიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქედ. ცნობილი გამოთქმის თანახმად, „ცოდნა ღირებულებების გარეშე საშიშია, ღირებულებები ცოდნის გარეშე – ბრმა“ (Patry, Weyringer, 2002). უნდა ითქვას ისიც, რომ შეძენილი ფასეულობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის – ის აკადემიურ წარმატებაში, ჰოლისტურ განვითარებაში, შედეგად კი სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებაში ეხმარება შემსწავლელს.
რას გულისხმობს „ღირებულებები“?
ღირებულებები (values) საზოგადოების ან ინდივიდის მიერ აღიარებული პრინციპები და იდეალებია, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სტილზე – გადაწყვეტილებების მიღებაზე, ქცევაზე, დამოკიდებულებებზე.
ღირებულებები ერთგვარი შინაგანი ცენზორებია – გვეხმარება, განვსაზღვროთ, განვასხვაოთ და შევაფასოთ კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო.
არსებობს ღირებულებების რამდენიმე მეცნიერულ დონეზე დამუშავებული კლასიფიკაცია. ერთ-ერთი ყველაზე მიღებულია შვარცის ღირებულებების უნივერსალური თეორია, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელის მიხედვით, არსებობს ათი ძირითადი ღირებულება, რომლებიც უნივერსალურია და პრაქტიკულად ყველა კულტურას ახასიათებს (Schwartz, 1992):
- კეთილგანწყობა, ზრუნვა – სხვებზე ზრუნვა, დახმარების სურვილი და თანაგრძნობა (Care, benevolence)
- უნივერსალიზმი – თანასწორობის განცდა, ტოლერანტობის აღიარება, ბუნებისა და ადამიანების პატივისცემა (Universalism)
- ტრადიცია – კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის პატივისცემა (Tradition)
- თვითმართვა – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდა, არჩევანის თავისუფლების დაფასება, საკუთარი თავის პოვნისა და დაფასების სურვილი (Self-direction)
- უსაფრთხოება – დაცული გარემოს შექმნის სურვილი, სტაბილურობისკენ სწრაფვა (Security)
- კონფორმულობა – სოციალური ნორმების დაცვის სურვილი, წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა (Conformity)
- მიღწევა – წარმატებისკენ ლტოლვა, რეალიზებისა და სოციალური აღიარების სურვილი (Achievement)
- ძალა – სტატუსისკენ ლტოლვა, გავლენის მოპოვებისა და კონტროლის მექანიზმების დაუფლების სურვილი (Power)
- სტიმულაცია – სიახლეებისა და თავგადასავლების ძიება, გამოწვევებთან ბრძოლის წყურვილი (Stimulation)
- ჰედონიზმი – ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების სურვილი (Hedonism)შვარცის მოდელს წრიული ფორმით გამოსახავენ, რათა ასახონ მიმართებები ღირებულებებს შორის. კერძოდ, ღირებულებები, რომლებიც ამ წრეზე ერთმანეთის ახლოს არის განლაგებული, ხშირად თავსებადია ერთმანეთთან, ხოლო საპირისპიროდ მდებარე ღირებულებები ერთმანეთთან შესაძლოა კონფლიქტშიც იმყოფებოდეს. მაგალითად, თვითდამკვიდრება და სტიმულაცია, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობს, დამოუკიდებლობასა და სიახლეების ძიებას ასახავს. იმავდროულად, თვითდამკვიდრება ეწინააღმდეგება წრეზე მის საპირისპიროდ მდებარე კონფორმულობასა და ტრადიციას. მიღწევა და ძალა ეწინააღმდეგება უნივერსალიზმსა და კეთილგანწყობას (ზრუნვას).დღეისთვის აღნიშნული მოდელი განახლებული და გაფართოებულია შვარცისა და კოლეგების მიერ (Schwartz et al. 2012).

ღირებულებათა კატეგორიები
ღირებულებების განხილვა შესაძლებელია სხვადასხვა განზომილების ფორმატშიც – კომუნიკაციასთან, განვითარებასთან, განათლებასთან კავშირში. პირველი მოსაზრებები ღირებულებათა პრაქტიკული და მორალური კატეგორიების შესახებ გამოთქვა იურგენ ჰაბერმასმა (Habermas, J., 1993). მოგვიანებით ალფრედ ვაინბერგერმა განიხილა ღირებულებების განვითარება განათლების კონტექსტში და შეიმუშავა მათი ურთიერთდამოკიდებული სისტემა (Weinberger et al., 2008). მისი მოდელი ეფუძნება ლოურენს კოლბერგის მორალური განვითარების თეორიას, ჟან პიაჟეს კოგნიტიური განვითარების თეორიასა და ჯეიმს რესტის მორალური განსჯის კომპეტენციის მოდელს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ცოდნასა და ღირებულებებს ადამიანი იძენს ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გავლენით. კერძოდ, გადის რა ცნობიერების განვითარების ეტაპებს, ის აყალიბებს:
- პრაგმატულ ღირებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პირადი კომფორტისთვის/ეფექტიანობისთვის;
- ინსტრუმენტულ ღირებულებებს, რომლებიც ეხმარება სოციალური/კარიერული სარგებლის მიღებაში;
- მორალურ ღირებულებებს, რომლებიც ექვემდებარება უნივერსალურ ეთიკას ნებისმიერ სიტუაციაში.
პრაგმატული ღირებულებები პირადი კომფორტიდან, პრაგმატული საჭიროებებიდან გამომდინარე ისეთი ღირებულებებია, რომლებიც ხშირად უკავშირდება ვიწრო, კონკრეტული მიზნის მიღწევას ან პრობლემის გადაჭრას. ისინი გამომდინარეობს ინდივიდის პირადი ინტერესებიდან, ამიტომ შესაძლოა, არ იყოს სიღრმისეულად გააზრებული ან ეთიკურად გამართლებული. მაგალითად:
◦ ვიმეცადინებ ამ საგანს, რადგან თუ გამოცდა კარგად ჩავაბარე, დამასაჩუქრებენ (პირადი სარგებელი);
◦ გავუფრთხილდები სახელმძღვანელოს, რადგან მჭირდება (პირადი საჭიროება);
◦ ვიზრუნებ სკოლის ეზოს სისუფთავეზე, რადგან თავად ვსწავლობ აქ, თუმცა სხვაგან ამაზე ნაკლებად ვიზრუნებდი (პირადი კომფორტი).
ვაინბერგერის მიხედვით, ეს საწყისი დონეა, რომელიც ეყრდნობა ეგოცენტრულ ლოგიკას.
ინსტრუმენტული ღირებულებები მიზნად ისახავს სტრატეგიული სარგებლის მიღებას – სოციალური სტატუსის მიღწევას, კარიერულ წინსვლას, ჯგუფის საერთო მიზნების მიღწევას.
◦ ვიმეცადინებ ამ საგანს, რადგან თუ გამოცდა კარგად ჩავაბარე, უკეთეს სამუშაოს ვიპოვი (მიზანი – კარიერული წინსვლა);
◦ არ უნდა დავაგვიანო, რადგან პუნქტუალურობით მოვიპოვებ პარტნიორების პატივისცემას, რაც საერთო საქმის განვითარებაში დამეხმარება (მიზანი – ბიზნესის განვითარება);
◦ უცხო ენის დაუფლება მომცემს შანსს, სწავლა გავაგრძელო უცხოურ უნივერსიტეტში (მიზანი – სოციალური მობილობა).
მორალური ღირებულებები ღირებულებების ყველაზე მაღალი საფეხურია. მათი მატარებელი პიროვნება იზიარებს უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს. მისთვის მთავარი ხდება სამართლიანობა, ღირსება, პატივისცემა, თანასწორობა, თანაგრძნობა, რასაც იცავს კიდევაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მათ შორის – პიროვნულ დონეზე არახელსაყრელ სიტუაციებშიც კი, განურჩევლად შედეგისა, რომელიც შეიძლება დადგეს. სხვა სიტყვებით, მორალური ღირებულებები ნაკარნახევია არა სარგებლით, არამედ უნივერსალური მორალით, საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით. ეს ღირებულებები უკვე პიროვნების თავისუფალი არჩევანია და არა მიზნის მიღწევის საშუალება. მაგალითად:
◦ ბუნებაზე ზრუნვა საჭიროა, ვინაიდან ის სიცოცხლის წყაროა ყველა ცოცხალი არსებისთვის, ადამიანის ჩათვლით;
◦ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, განურჩევლად წარმომავლობისა და პიროვნული თვისებებისა, რადგან ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და აქვს თანდაყოლილი ღირსება.
ამგვარად, პრაგმატული ღირებულებები ორიენტირებულია პირად სარგებელზე, ინსტრუმენტული განპირობებულია სოციალური კონტექსტით, ხოლო მორალური წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებსაც ადამიანი იზიარებს შინაგანად, გარე გავლენებისგან დამოუკიდებლად. ყველაზე ხშირად ერთმანეთში ერევათ პრაგმატული და ინსტრუმენტული ღირებულებები, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან დროისა და მასშტაბის განზომილებებით. პირველი ორიენტირებულია მოკლევადიან, პირად კომფორტზე, ხოლო მეორე – გრძელვადიან სტრატეგიულ სარგებელზე, რომელიც ხშირად კავშირშია სოციალურ კონტექსტთან.
ალფრედ ვაინბერგერმა პრაგმატული, ინსტრუმენტული და მორალური ღირებულებების კლასიფიკაცია გადმოიტანა საგანმანათლებლო კონტექსტში (VaKE მეთოდი, Values and Knowledge Education). მისი მოდელის მიხედვით, სწავლა-სწავლების პროცესში:
- პრაგმატული ღირებულებები განსაზღვრავს სასწავლო მიზანს, რომელსაც ისახავს მოსწავლე / მასწავლებელი სასწავლო პროცესში;
- ინსტრუმენტული ღირებულებები განსაზღვრავს სასწავლო მიზნის მიღწევის გზებს – მეთოდებს, აქტივობებს, რესურსებს და სხვა;
- მორალური ღირებულებები განსაზღვრავს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ფასეულობებთან დაკავშირებულ უხილავ საზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
განხილული იერარქია გვიჩვენებს, რომ ღირებულებები ერთმანეთზეა დამოკიდებული: პრაგმატული ღირებულებები ქმნის განვითარების საფუძველს, ინსტრუმენტული უზრუნველყოფს განვითარების პროცესს, ხოლო მორალური – ჩარჩოებს, რომლის შიგნითაც მოქმედებენ პიროვნებები.
აღნიშნული ხედვა განსაკუთრებით აქტუალურია განათლების სპეციალისტებისთვის, რადგან ღირებულებითი განათლების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. მოდელი გამოსადეგია იმის გასაანალიზებლად, სად იმყოფება მოსწავლე ღირებულებითი განვითარების კონტექსტში და როგორ უნდა გადავიდეს შემდეგ საფეხურზე. ღირებულებითი განათლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს პრაგმატულიდან ინსტრუმენტულ ღირებულებებზე გადასვლაში, საბოლოოდ კი მორალურ ღირებულებათა გააზრებაში, ვინაიდან ღირებულებიდან ზნეობამდე მისასვლელად საჭიროა განვითარების ეტაპების გავლა და პრაქტიკული გამოცდილება, ამის საშუალება კი მოსწავლეებს სკოლამ უნდა მისცეს.
ვაინბერგერის ღირებულებათა იერარქია (Weinberger და სხვ., 2008)
ვაინბერგერის მოდელი არ გამორიცხავს ზრდასრულ ადამიანთან სამივე ტიპის ღირებულებათა თანაარსებობას. პირიქით, ზრდასრულ, ღირებულებებით დატვირთულ პიროვნებაში ეს ღირებულებები ხშირად თანაარსებობს. მოდელი აღწერს ევოლუციურ ტრაექტორიას ანუ ღირებულებების განვითარების დინამიკას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას წინა საფეხურები ქრება. ადამიანი შესაძლოა აფასებდეს პრაგმატულ სარგებელს (საკუთარ კეთილდღეობას), იცავდეს ინსტრუმენტულ ღირებულებებს (სოციალურ ნორმებს, გუნდურ პასუხისმგებლობას) და, იმავდროულად, ხელმძღვანელობდეს მორალური ღირებულებებით (სამართლიანობა, თანასწორობა და სხვ.). ამგვარად, ერთი საფეხურის არსებობა მეორის არსებობას არ გამორიცხავს. უფრო მეტიც: შესაძლოა, რეალობაში ერთი და იგივე ღირებულება კონტექსტზე დამოკიდებულებით როგორც პრაგმატული, ისე ინსტრუმენტული ან მორალური ბუნებისაც აღმოჩნდეს. მაგალითად, პატიოსნება როგორც ზნეობრივი პრინციპი მორალური ღირებულებაა, მაგრამ, იმავდროულად, შეიძლება იყოს ინსტრუმენტულიც – როგორც ნდობის მოპოვების საშუალება კონკრეტულ კონტექსტში. სამართლიანობა ერთ-ერთი უმაღლესი მორალური პრინციპია, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც საშუალება, რომელიც განსაზღვრული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. ზემოთ მოყვანილი ილუსტრაცია, სადაც კონკრეტული ღირებულება კონკრეტულ კატეგორიას მიემართება, ზედმეტად მარტივი და სწორხაზოვანია იმისთვის, რომ სრულად ასახოს ღირებულებების იერარქია.
გამოყენებული წყაროები:
- UNESCO Publishing. (2015). Global citizenship education: Topics and learning objectives. Paris: UNESCO Publishing.
- Patry, J.-L., & Weyringer, S. (2002). Values and knowledge education: An approach to moral development. [Publication details not fully specified].
- Schwartz, S. H. (1992). Universals in the content and structure of values: Theoretical advances and empirical tests in 20 countries. Advances in Experimental Social Psychology, 25, 1-65. https://doi.org/10.1016/S0065-2601(08)60281-6
- Schwartz, S. H., et al. (2012). Refining the theory of basic individual values. Journal of Personality and Social Psychology, 103 (4), 663-688. https://doi.org/10.1037/a0029393
- Habermas, J. Justification and application: remarks on discourse ethics. Cambridge, Mass. MIT Press (1993)
- Patry, J.-L., Weinberger, A., & Weyringer, S. (2007). Combining values and knowledge education (VaKE): An approach to teacher education for professional ethics. In A. Craft, H. Gardner, & G. Claxton (Eds.), Creativity, wisdom and trusteeship: Exploring the role of education (pp. 145-160). Trentham Books.
- Weinberger, A., et al. (2008). Educating moral sensibilities in urban schools. In Professionals’ ethos and education for responsibility (pp. 107-125). Brill. https://brill.com/display/book/edcoll/9789004367326/BP000014.xml?language=en
- პროექტის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROVE) მასალები. ევროპული და სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმი, 2026 წ.



