პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ომის კანონი

ქართულ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოეზიას, პოეზიაში კი – კაფიას. არ არის ადვილი, იყო კარგი მოკაფიავე. ერთდროულად ბევრი ნიჭი უნდა გქონდეს. პირველი: იუმორის გრძნობა. მეორე: უნდა იცოდე, სად გადის ზღვარი ხუმრობასა და შეურაცხყოფას შორის. მესამე: რითმა უნდა მოგყვებოდეს და რითმის ულევი მარაგი გქონდეს. თუ პაექრობა დიდხანს გაგრძელდა, ყუა არ უნდა შეცვალო – დამარცხების ტოლფასია. სხარტი და გამჭრიახი გონების გარეშე კარგი მელექსეც კი ვერ გახდება მოკაფიავე. კაფია პოეტური ორთაბრძოლაა და ახალი ტაეპის მოსაფიქრებლად დრო ცოტა გაქვს. დაბოლოს, სიტყვის ჩუბინი უნდა იყო, თუ მოგება გწადია.

ერთხელ უკვე მოფშავლებულ ორ ახალგაზრდას მდელოზე გაშლილ სუფრაზე ასევე შეზარხოშებული ჭარმაგი ესტუმრა, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა. სტუმარმა მისვლისთანავე შეუმღერნა: „ერთხელ მეც ვიყავ ჯეილი, მიაც ვიქნიე ხანჯალიო“. დამხდურმაც არ დააყოვნა და მიაგება: „იქნევდი წარამარადა, იმით დასდიხარ ცალთვალიო“.

არბიტრაჟის შეფასებით, ახალგაზრდამ მოიგო, რომელმაც. კაფიის წესების თანახმად, ოსტატურად გამოიყენა მოპაექრის ფიზიკური ნაკლი, თუმცა სინამდვილეში შუღლად ტრანსფორმირებული კეჭნაობა გაკენწლა.

კაფია იუმორისტულ ჟანრს განეკუთვნება და მეც მისი მოსმენისას ბევრჯერ გულიანად გამღიმებია.

მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ: განა მართლა ასე წარაუგონთ იქნევდნენ ხევსურნი ხმალ-ხანჯალს? რა აიძულებდათ, ლხინის დროს უცბად ეშიშვლათ სატევარი და ერთმანეთს კვეთებოდნენ? ან ჰქონდა კი ამ ორთაბრძოლებს რაიმე წესი?

კეჭნაობა (და არა შუღლი!) ერთგვარი სპორტი იყო და, შესაბამისად, წესებიც ჰქონდა. იქნებ ყველაზე მკაცრიც. ხმალ-აბჯრის ხმარება ისე უნდა გცოდნოდა, რომ მოწინააღმდეგე დაგეჯაბნა, მაგრამ ფიზიკური ზიანი არ მიგეყენებინა. მცირე ნაკაწრისთვისაც კი დიდ საზღაურს (ფინანსურს) იხდიდი, თუ უფრო შორს მიგიწვდებოდა ხმალი – საშვილიშვილოდ მტრად მოიკიდებდი. ამიტომ კეჭნაობა წესების დაცვით სპორტულ ასპარეზობას არ სცდებოდა, რომლის დროსაც თვითგადარჩენისთვის, მტრის მოგერიებისთვის  საჭირო ილეთებს ეუფლებოდი. მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ…

დღესაც კი თუ რომელიმე წლებით დაბრძენებულ მოხუცს გადაეყრებით და ჰკითხავთ, ამას რად შვრებოდითო, ასეთ პასუხს მიიღებთ: „მაშ როგორ, კაცს სახელი სჭირდებოდაო“.

და ეს სახელი არ იყო მეზობელთა გასაგონი. ის ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ერთი სოფლიდან მეორეს მისწვდომოდა, მთის აქედან მთის იქით გაეგონათ. რაც უფრო მეტი სახელიანი მეომარი ჰყავდა თემს, მით უფრო მშვიდად ცხოვრობდა, მით უფრო დაცული იყო შემოსევებისგან. უბრალოდ, ამისთვის დროდადრო ერთმანეთთან უნდა ეკვესებინათ ხმლები.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ფიზიკაშიც ასეა. არ მეგულება სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილი არ იყოს ომის კანონი შეკრული წრედისთვის. ამ კანონის თანახმად, ერთი ციდა, თვალით უხილავი ელექტრონებიც კი იქით არჩევენ გავლას, სადაც ნაკლები წინაღობა შეხვდებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა წინაღობის ორი მავთული რომ მივუერთოთ დენის წყაროს, ერთ სადენში იმდენჯერ მეტი დენი გაივლის, რამდენჯერაც მისი წინაღობა ჩამოუვარდება მეორეს.

ისტორიის სახელმძღვანელოებიდან კი ირკვევა, რომ ომის კანონი წრედსაც და საზოგადოებებსაც ერთნაირი აქვთ. ისრაელი მასზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრულად განწყობილი ქვეყნებით არის გარშემორტყმული. პატარა ფინეთმა შეძლო, არ დამარცხებულიყო უზარმაზარ ბელტიყლაპია სსრკ-სთან, რადგან ომი, მით უფრო – მისი მოგება, მარტო ჯარისა და იარაღის რიცხოვნობაზე არ არის დამოკიდებული. ომში ფასიც მნიშვნელოვანია – თუ თავადაც ისე დაილეწე, რომ ერთი კბილიც არ შეგრჩა, რა ჯანდაბად გინდა ასეთი მოგება?! ამიტომაც არის, რომ ფინეთი უკვე დიდი ხანია მშვიდად ცხოვრობს, ისრაელთან ხელჩართულ ბრძოლას ყველა ერიდება, მხოლოდ შორიდან თუ გაუბედავენ რაკეტის სროლას, ისიც ხანდახან…

დღეს უკრაინა ცხარე ბრძოლაშია დიდ და ულმობელ რუსეთთან. შემართებით იბრძვის ყველა ფრონტზე – მიწაზე, ზღვაში, ჰაერში, მიწის ქვეშ. იბრძვის საინფორმაციო და დიპლომატიურ ველზეც – ცდილობს, შექმნას ახალი პოლიტიკური ალიანსი, რომლის წევრებიც დაძახებისთანავე გაეშურებიან საერთო მტერთან ბრძოლაში ერთმანეთის დასახმარებლად. უდავოდ, კარგი იქნება ასეთი ალიანსის შექმნა, მაგრამ… შეუძლებლად მიმაჩნია. უფრო დიდი ძნელბედობის ჟამს შექმნილმა NATO-მაც კი მე-5 მუხლში კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას სიტყვა „კონსესუსი“ მიამატა. ამ „სამხედრო“ გაერთიანებაში გადაწყვეტილებას დიპლომატიური კორპუსი იღებს და არა გენერლები. დიპლომატებს კი ყოველთვის უხვად აქვთ ომის საწინააღმდეგო არგუმენტები…

მეზობელი და თანამდგომი საჭიროა, მაგრამ თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, ჯერ თავად უნდა იყო „სახელიანი“. ამიტომ მგონია, რომ უკრაინა როცა ჭრილობებს მოიშუშებს და ამაზე ფიქრისთვის მოიცლის, ისევ გახდება ბირთვული სახელმწიფო.

სამწუხარო პარადოქსია – ატომური იარაღი, რომელიც ყველას გვაშფოთებს, დღესდღეობით ყველაზე ეფექტური გარანტორია უშფოთველი ცხოვრებისა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი