პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მარტივი მათემატიკური სავარჯიშოები საბავშვო წიგნებიდან

“თვლა ჩემი ჰობია. მიყვარს დღეების, წუთების, თმის სამაგრების, ფანქრების, მეგობრების და საერთოდ, ყველაფრის დათვლა. ვითვლი ჩემგან დამოუკიდებლად, თავისით. პენალში თოთხმეტი იისფერ ფანქარი მიდევს, თუმცა ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია. მეოთხე სართულიდან უკანა ეზოში გასასვლელად სამოცდარვა საფეხურის ჩავლაა საჭირო, ორმოცდაორი ნაბიჯის შემდეგ კი იმ მახინჯ აბრამდე მიხვალთ, რომელზეც “ტიტენის დასახლება” წერია. ოთხი ათას დღეზე მეტია, რაც ცოცხალი ვარ. ექვა სხვადასხვა ბინაში და სამ სხვადასხვა ქალაქში მიცხოვრია. ხუთ სხვადასხვა სკოლაში ვიარე, სადაც სამი მეგობარი შევიძინე. სამივეს სახელები მ-ზე იწყება. მათგან არცერთთან აღარ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ჩემი საყვარელი ასოა.

…………

ზაფხულის არდადეგები ორმოცდათოთხმეტი დღისგან შედგება. ასე დავითვალე მაცივარზე ჩამოკიდებულ კალენდარში. ორმოცდათოთხმეტი დღე სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოც წუთს უდრის. წამებში ჯერ არ გადამიყვანია, მაგრამ ბევრი იქნება. ალბათ რამდენიმე მილიონი” – ეს ინაა, “ჩვენი სამხრეთის” მთავარი გმირი. ამ გადასარევ  წიგნზე ადრეც დამიწერია. მგონია რომ ბავშვებისთვის, მშობლებისა  და მასწავლებლებისთვის ბევრ დელიკატურ კითხვაზე პასუხის  პოვნაა შესაძლებელი ამ საყმაწვილო რომანში. საინტერესო მგონია ინას პრაქტიკაც, ითვალოს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ამის საჭიროება. ეს პრაქტიკა ორი კურდღლის დევნას ჰგავს, თან მოწყენილობას ებრძვი, თან სამყაროს შეცნობის საკუთარ მეთოდს ქმნი და ორი კურდღლის ერთად დაჭერისგან განსხვავებით, ამ ორივეს მოხერხება უფრო მარტივია.

საბავშვო წიგნებში ინას გარდა სხვა პერსონაჟებიც არიან, ვინც რაღაცებს ითვლიან, აღწერენ და აღნუსხავენ.

“- იცი, რამდენჯერ ვითამაშეთ ბეისბოლი წელს, და შარშან, და იმის წინ?  სულ ჩაწერილი მაქვს! ათას ხუთას სამოცდარვაჯერ! რამდენჯერ გამოვიხეხე კბილები ათი წლის მანძილზე? ექვსი ათასჯერ! დავიბანე ხელები თხუთმეტი ათასჯერ. მეძინა, სადღაც, ოთხი ათასჯერ, ცოტ-ცოტა ხნით თვალის მოტყუებას თუ არ ჩავთვლით. შევჭამე: ექვსასი ცალი ატამი, რვაასი ვაშლი. მსხალი ორასი ცალი. მსხალზე დიდად არ ვგიჟდები. რაც გინდა, დამისახელე. ყველაფრის სტატისტიკა მაქვს ჩამოწერილი! ზოგი რამე, რაც ათი წლის მანძილზე მაქვს გაკეთებული, მილიარდებამდე ადის.

სულ ოთხასი წიგნი მაქვს წაკითხული. ახლა რა და რა ფილმები მაქვს ნანახი: ბაქ ჯონსის მონაწილეობით – ორმოცი, ჯექ ჰოქსის -ოცდაათი, ტომ მიქსის – ორმოცდახუთი, ჰუთ გიბსონის – ოცდაცხრამეტი, ვნახე კატა ფელიქსის მულტფილმის ას ოთხმოცდათორმეტი სერია, დაგლას ფერბენკსის ათი კინო, რვაჯერ ვნახე „ოპერის მოჩვენება“ ლონ ჩეინის მონაწილეობით, ოთხი კინო – მილტონ სილსის და ერთი რაღაც სიყვარულზე, ადოლფ მენჯუ თამაშობდა, ოღონდ მთელი ფილმის დროს კინოთეატრის ტუალეტში ველოდე, როდის მორჩებოდა ეგ დებილობა, იმიტომ, რომ მერე უნდა დაწყებულიყო „კატა და კანარის ჩიტი“ თუ, არა, „ღამურა“, ის, რომლის დროსაც ყველა ერთმანეთს ებღაუჭება და მთელი ორ საათი შეუჩერებლად კივიან. სეანსების განმავლობაში, ჩემი გამოთვლებით, ასე, ოთხმოცამდე საწუწნი კანფეტი, სამასი შოკოლადის ფილა და შვიდასი ნაყინი „ლოლო“ მაინც მექნება შეჭმული…” – ეს ტომია, რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოდან”. მისი პირიდან გაზიანი წყლის ბუშტებივით იფრქვევა სიტყვები. მას ძმა ჰყავს, დაგლასი, რომელიც მხოლოდ 12 წლის ასაკში მიხვდება იმას, რომ ცოცხალია და ფიქრობს, ყველამ იცის თუ არა სამყაროში, რომ ცოცხალია. ეს წიგნი ზაფხულის მადიდებელი ოდაა, ყველა ასაკში საკითხავი ტექსტი.

კიდევ ერთი ბიჭი მახსენდება, რიცხვებთან გაშინაურებული  15 წლის კრისტოფერი. მან ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და მათი დედაქალაქების სახელები და კიდევ  ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე. კრისტოფერს არ უყვარს როცა ეხებიან და ვერ იტანს  ყვითელ და ყავისფერი ფერებს, მაგრამ უფრო მეტად  ყვითელ ფერს. მას  წითელი უყვარს  და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ზედიზედ 4 წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი, სუპერ კარგი დღე ექნება. თუ 4 ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი, ის დღე სუპერ ცუდი დღეა და უნდა მოერიდოს მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. კრისტოფერიც წიგნის პერსონაჟია:  „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები”, ასე ჰქვია მარკ ჰედონის გადასარევ წიგნს, რომელზეც  წლების წინაც გიყვებოდით.

რატომ გიყვებით ამ პერსონაჟების აკვიატებების ამბებს? რამდენიმე მიზეზია.

ჩვენში რაოდენობრივი აზროვნება სუსტად განვითარებული უნარია და მგონია, რომ ამ უნარის განვითარება უკეთ ცხოვრებაში კარგ სამსახურს გაგვიწევდა. ჩვენ არ ვითვლით ფულს, რომელსაც სახელმწიფოს ვუხდით, არ ვითვლით დღეებს, რომელსაც უქმად ვკარგავთ, არ ვითვლით ზიანს, რომელსაც უცოდინარობით ვიღებთ, არ ვითვლით ფასს, რაც ცუდი მმართველობა, დაბალი დონის განათლების სისტემა ან გაუმართავი ჯანდაცვის სექტორი გვიჯდება – თითქმის არაფერს არ ვითვლით. არ ის ვიცით, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება ჰაერის სისუფთავეზე, ჯანმრთელობა სუფთა წყალზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე, დოვლათი კი ცოდნაზე. არ ვინტერესდებით იმით,  რა ცოდნას იღებენ ჩვენი შვილები სკოლაში გატარებულ 12 წელსა და  უნივერსიტეტებში გატარებულ კიდევ რამდენიმე წელიწადში და არც იმით, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ძალისხმევა. რაოდენობრივი აზროვნება ფაქტების სწორ ანალიზსა და არგუმენტირებული მსჯელობაში გვეხმარება და სამყაროს შესახებ მცდარი წარმოდგენებისგანაც გვიცავს. თუ ამ ტიპის აზროვნებას და ამგვარ ფიქრს ბავშვობიდანვე მივეჩვევით, მათემატიკაც არ იქნება მხოლოდ რთული სასკოლო საგანი და სტატისტიკაც არ იქნება რთული ლაბირინთები ბევრი რიცხვებით – თუ ამ მიზნის მიღწევაში მარტივი თამაშებით, უცნაური აკვიატებებით და ლიტერატურული პერსონაჟების დახმარებით მივაღწევთ, რატომაც არა.

რაღაცების დათვლას თუ დაიწყებს ბავშვი, უფრო ნათელი წარმოდგენა ექნება თავისი და სხვების ცხოვრების წესზე: მაგალითად, რამდენი წუთი ჭირდება სკოლამდე მისვლამდე, როგორ უფრო სწრაფად მიდის, ტრანსპორტით თუ ფეხით? რამდენ ნაბიჯს დგამს დღეში – რომელ დღეებშია მისი ფიზიკური აქტივობა უფრო მაღალი? რაზეა დამოკიდებული აქტიური და პასიური დღეები: სეზონებზე თუ სხვა გარემოებებზე? რამდენ დროს ატარებს ეკრანთან და ამ დროიდან რამდენია გართობისთვის და რამდენი სასწავლო მიზნებისთვის გახარჯული საათები? რამდენი წიგნის წაკითხვას ახერხებს თვეში? რამდენი გვერდის წაკითხვის შემდეგ ეფანტება გონება? რომელ მშობელს უფრო მეტი ფუნქცია აქვს დაკისრებული მის მოვლაში? რა დროს ატარებენ ერთად ოჯახის წევრები? რას აკეთებენ ამ დროის განმავლობაში? რომელი დღისაა ბოლო მოგონება, რომელზეც ეღიმება? რომელზეც უხერხულობას გრძნობს? რაც აბრაზებს? როგორი გართობა მოსწონს? რამდენად ხშირად ახერხებს ისე გაერთოს, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს? რა უშლის ხელს სურვილების ასრულებაში? და ასე უსასრულოდ. ასეთ კითხვებზე პასუხები ბავშვს გარდა იმისა რომ დროის, მოვლენების და სამყაროში მოქმედი წესრიგის უკეთ აღქმაში ეხმარება, უფრო დაკვირვებულსაც ხდის და ამბების განზოგადების უნარსაც უვითარებს.

ხშირად აკვიატებები, რომლებიც ბავშვებს აქვთ, იქნება ეს რაღაცების თვლა, მწერებზე დაკვირვება თუ ქვების შეგროვება, უფროსების მიერ არასერიოზულად აღიქმება. ყველა აკვიატებას რაიმე მიზეზი აქვს და ყველა უცნაური ჩვევის გამოყენება შეიძლება უხერხულობაზე მეტი სიკეთის მომტანი იყოს – ალბათ ესეც უნდა გვახსოვდეს უფროსებს: მეტი ყურადღება, მოთმინება, დაკვირვება და ფანტაზია გვჭირდება ბავშვებთან ურთიერთობისას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი