პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მოვატყუოთ მასწავლებლები(მცირე ინსტრუქცია დამწყები აგრესორებისთვის)

ბავშვებო, მთავარია, ეს წერილი ისე შეინახოთ, რომ ვერც ერთმა მასწავლებელმა ვერ იპოვოს, განსაკუთრებით კი ფიზკულტურისამ. ეგ ისეთი მასწავლებელია, შეიძლება გეგონოთ, რომ მასთან ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ არ დაიჯეროთ – სამასწავლებლოში რომ შევლენ, ყველა ერთია. ჰოდა, ამ პატარა შეთქმულების მონაწილეები თუ ვხდებით, პირობა მომეცით, რომ თქვენი ვერც ერთი მასწავლებელი ვერ გაიგებს ამ წერილის ამბავს, კარგი? სიტყვა სიტყვაა. მაშ, დავიწყოთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები ყოველთვის ცდილობენ გაიგონ, რაზე ფიქრობთ თქვენ, მაგრამ ეს თითქმის არასოდეს გამოსდით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ისინიც თქვენსავით ბავშვები იყვნენ. როგორც ჩანს, წლების მატებასთან ერთად ჩვენ, უფროსებს, გვავიწყდება, როგორები ვიყავით პატარაობისას და რამხელა ძალისხმევაც არ უნდა მოვახმაროთ ამის გახსენებას, საბოლოოდ წარმოსახვით ვიღებთ მხოლოდ ბავშვობის სიმულაციას, რომელიც ხშირად რეალობისგან ძალიან შორს დგას. ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა მასწავლებელი გეუბნებათ, რომ კარგად იცის, რა გაქვთ ჩაფიქრებული, რადგან თვითონაც ბავშვი იყო და თვითონაც ხშირად ცელქობდა, ის თვალთმაქცობს. არაფერიც არ იცის. ამით მხოლოდ თქვენს დამორჩილებას ცდილობს. ასეთ დროს შეგიძლიათ მორჩილად დაუქნიოთ თავი და უწყინარი გამომეტყველება მიიღოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი ასაკისადმი მასწავლებლის დამოკიდებულებაა. როგორც წესი, დიდები სწორად ვერ ვაფასებთ, რა ასაკში რამდენი იცის ბავშვმა და ხშირად გვისხლტება ხელიდან ის მთავარი მომენტი, როცა ბავშვის ფიქრები ბავშვურობის ჩარჩოებს სცდება. ამიტომ ჩვენ, უფროსებს, მეექვსეკლასელი, ანუ 11-12 წლის ბავშვი მეტისმეტად პატარა გვგონია და ვერ წარმოგვიდგენია, სინამდვილეში რა ხდება მის გონებაში. ეს ფაქტორი შეიძლება თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ. მასწავლებელს აზრადაც არ მოუვა, რომ მისმა საზაფხულო სარაფანმა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ლანდავს, შესაძლოა სექსუალური ემოცია აღგიძრათ. მისთვის თქვენ პატარა არსებები ხართ, რომლებმაც სიტყვა „სექსუალურის” მნიშვნელობაც კი არ იციან. არადა თქვენ ხომ იცით, როგორ ტყუვდებიან, როცა ასე ფიქრობენ. ამიტომ ითამაშეთ უწყინარი და ფიქრშიც კი უმანკო ბავშვები, ვიდრე თქვენს რეალურ ზრახვებში მასწავლებლებიც კი არ დაეჭვდებიან. თუ ბედმა გაგიღიმათ და რომელიმე საგანში ახალგაზრდა, ლამაზი, თანაც მეტ-ნაკლებად გამომწვევად ჩაცმის მოყვარული მასწავლებელი შეგხვდათ – ბინგო! ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აამოქმედოთ ოინების მთელი არმადა, დაწყებული ფეხსაცმლის ლანჩაზე სარკის დამაგრებით და დამთავრებული დაფასთან კალმის ან ცარცის ხშირი დავარდნით, როცა, ისღა დაგრჩენიათ, – კარპე დიემ! – იხელთოთ წამი. მასწავლებელი ბევრ რამეს იეჭვებს – იმასაც, რომ ცელქობთ, იმასაც, რომ სანაძლეო წააგეთ, იმასაც, რომ თანაკლასელებს ეთამაშებით, მაგრამ არამც და არამც იმას, რომ უბრალოდ მისი კაბის ქვეშ გსურთ შეხედვა. მოკლედ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ამ კატეგორიის ოინების ანი და ბანი.

ახლა მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ. თქვენ, რა თქმა უნდა, არ გინდათ, რომ თანაკლასელებთან თქვენი პირადი ურთიერთობა მასწავლებლის გასარჩევი გახდეს და, საზოგადოდ, ის საქმის კურსში იყოს, ვინ გიყვართ, ვის ეჩხუბებით ან ვისთან გინდათ მეგობრობა. ჰოდა, მოიქეცით ისე, რომ ვერაფერი გაიგოს ამის შესახებ. თუ კონფლიქტური სიტუაციაა და ეს მასწავლებელმა შეამჩნია, ადექით, ძალდაუტანებლად მოიხადეთ ბოდიში და დაჰპირდით, რომ მეტს აღარ იზამთ. დამატებით შეგიძლიათ მეტოქეს ხელი ჩამოართვათ და ჩაეხუტოთ კიდეც. ეს მასწავლებელს გულს მოულბობს და ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მეტოქე თანაკლასელს ჩახუტებისას ყურში ჩასჩურჩულოთ ადგილი, სადაც გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მასთან პირადად გაარკვევთ ურთიერთობას. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მასწავლებელი სწორედ მაშინ შემოგისწრებთ, როცა თანაკლასელს მთელი ძალით არტყმევინებთ თავს მერხზე. აქ უკვე აღარ გაჭრის თავის მართლება, რომ უბრალოდ ხუმრობდით, რომ ასე თამაშობთ და ა.შ. აქ უფრო სერიოზული არგუმენტებია საჭირო და სწორედ ასეთ დროს გამოგადგებათ თქვენი ასაკი და უცოდველობა. შეჩერდით, მოთმინებით მოისმინეთ მასწავლებლის საყვედური, გაუძელით თუნდაც ყურის აწევას და დირექტორის კაბინეტში წაყვანასაც კი. მთავარია, შემდეგ ორიოდე სიტყვის უფლება მოითხოვოთ და მთელი „გულწრფელობით” აღიაროთ, რომ თვითონაც არ იცოდით, რას აკეთებდით, რომ მიხვდით თქვენი საქციელის მთელ საშინელებას და რომ პატიებას სთხოვთ ყველას, რადგან სწორედ ისე მოიქეცით, როგორ გარემოშიც იზრდებით, როგორ ქცევასაც ხედავთ უფროსების მხრიდან. დამიჯერეთ, ეს თქვენ მჭიდროდ მოგარგებთ მსხვერპლის ნიღაბს და მასწავლებლებისა და დირექტორების თვალში წამში იქცევით მოძალადიდან გმირად. გმირად, რომელსაც, უფროსებისგან განსხვავებით, დანაშაულის აღიარება შეუძლია. ასე თავსაც დაიძვრენთ გართულებებისგან და, რაც მთავარია, მომავალშიც შეგეძლებათ, მერხი რომელიმე თანაკლასელის თავის სარტყმელ ინსტრუმენტად გამოიყენოთ.

ჰო, რაკი აგრესიას შევეხეთ – მერწმუნეთ, მასწავლებლები ვერც კი წარმოიდგენენ, სადამდე შეიძლება მივიდეს თქვენი აგრესია. მათთვის თქვენ მაინც პატარა უწყინარი არსებები ხართ, ფაქტობრივად, ანგელოზები, რომლებიც კი ცელქობენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია მათი ბუნება. ჰგონიათ, როცა გაიზრდებით, თქვენს აზროვნებაში ყველაფერი შეიცვლება. მათ ავიწყდებათ, რომ თქვენ სწორედ ახლა, ამ ასაკში ცხოვრობთ, ახლა მომხდარი მოვლენები ახდენს გავლენას თქვენს ფსიქიკასა და აზროვნებაზე და სწორედ ახლა ყალიბდება თქვენში აგრესორი ან მსხვერპლი, ამიტომ თუ მასწავლებელი ვერ ხედავს, რას აკეთებთ, თამამად შეგიძლიათ იყოთ მოურიდებელი, რადგან, განურჩევლად შედეგისა, ის არც კი დაუშვებს, რომ თანაკლასელის ღრმა ჭრილობის შემოქმედი თქვენ და თქვენი ბასრი დანა ხართ და არა უბედური შემთხვევა, რომელმაც მსხვერპლის წაქცევა და დაშავება გამოიწვია.

თქვენ გაქვთ კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე სამყაროს მუდმივი და სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით გამოიხატება – თქვენ გაქვთ მობილური ტელეფონები, აიპოდები, ტაბლეტები… შეგიძლიათ, ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ ისე, რომ მასწავლებელი ვერაფერს მიხვდეს. მაგალითად, შპარგალკებად. თქვენთვის არ არის აუცილებელი, იჯდეთ ჭკვიანი თანაკლასელის მახლობლად, რათა მისგან გადაიწეროთ – შეგიძლიათ, ეს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების დახმარებით გააკეთოთ, რაც, ალბათ, ასევე ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

სხვათა შორის, ბოლო ხანს ბევრი თქვენი თანატოლი მობილურ ტელეფონს სხვა მიზნითაც იყენებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, როგორ სცემეს და მისთვის სასირცხვილო საქციელი ჩაადენინეს ბავშვს თანატოლებმა და როგორ გადაიღეს ეს პროცესი მობილური ტელეფონით. მართლაც საოცარი მიგნებაა! ეს ვიდეო ხომ საუკეთესო იარაღია, რომ მასზე აღბეჭდილი მსხვერპლი თქვენს მარიონეტად აქციოთ. ამას ორმაგი პლუსი აქვს: ერთი ის, რომ მასწავლებელი ასეთი ხარისხის ბოროტებას ვერც კი წარმოიდგენს – თქვენ ხომ მისთვის 11-12 წლის უმანკო არსება ხართ, ასე არ არის? შეიძლება, თანაკლასელს დაჭერობანას თამაშისას ხელი ჰკრათ ან ფეხი დაუდოთ, ან სულაც გაკვეთილზე წიგნი ჩაარტყათ, მაგრამ არაფერი ამაზე მეტი; მეორე პლუსი კი ტექნოლოგიებია – მასწავლებელი ვერასოდეს მიხვდება, რატომ იბრალებს თქვენი თანაკლასელი თქვენ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ვერასოდეს მიხვდება, რადგან არ ეცოდინება თქვენს მობილურში არსებული ჯადოსნური ვიდეოს შესახებ.

ჰო, როგორც ხედავთ, ჩემო ძვირფასო პატარა აგრესორებო, მასწავლებლების მოტყუების უამრავი ხერხი არსებობს და თქვენი მთავარი კოზირი ყველგან მათი თქვენდამი დამოკიდებულებაა, მათი თქვენდამი სიყვარული და თანაგრძნობა. გამოიყენეთ ეს, ითვალთმაქცეთ, შეიფერეთ ნიღაბი, რომელსაც თავად უფროსები გაწებებენ, როცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ პატარები ხართ, რომ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის ომი, სექსი, აგრესია და ტკივილი. არადა თქვენ ხომ ყოველდღიურად თქვენს საკუთარ ომებს აჩაღებთ. ჰოდა, რა საჭიროა ამ ომებში ზედმეტი პერსონაჟი მასწავლებლის სახით? ამიტომ ნურც ამ წერილის შესახებ ეტყვით, კარგად დამალეთ ის და გპირდებით, როცა რამე ახალს გავიგებ მასწავლებლების მოსატყუებელი ხერხების შესახებ, აუცილებლად შეგატყობინებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი