შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცურვა დინების საწინააღმდეგოდ

კონკურსები არ მიყვარს. კიდევ უფრო არ მიყვარს ლიტერატურული კონკურსები და კიდევ უფრო განსაკუთრებით _ ის ლიტერატურული კონკურსები, სადაც ამა თუ იმ ნაწარმოების ბედი ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით წყდება. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს კონკრეტული ნაწარმოებები ან კონკურსანტები კი არა, მათი ახლობელი, ან მათზე შეყვარებული ადამიანები ეჯიბრებიან.

საქართველოში კი მსგავსი კონკურსები ძალიან უყვართ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. ჩვენ გვიყვარს, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მაშინაც კი, როცა ამა თუ იმ მიმართულებით საუკეთესოდ ვერ ვერკვევით, ვიყოთ რადიკალურები, შევქმნათ კერპები, რათა სხვა კერპები დავამსხვრიოთ, ცოტა ხანში კი ჩვენივე შექმნილი კერპები აღარაფრად ჩავაგდოთ.

პროექტ „ჩემი წიგნის” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოჩენას ბევრი შეხვდა აღტაცებით. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა მსგავსი ტიპის შოუების მიმართ, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მეც დიდი ინტერესით ველოდებოდი, როგორ დამთავრდებოდა წიგნებს, უფრო სწორად, მკითხველების ჭიდილი. რაც წიგნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამაჩნია, მას შემდეგ მაქვს ჩემი წარმოდგენებიც ქართველი მკითხველების გამოვნების და ტექსტებთან ურთიერთობის შესახებ. პროგნოზიც გავაკეთე წინასწარ _ მეგონა, პროექტის გამარჯვებული „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” აღმოჩნდებოდა, ან „დათა თუთაშხია”, რადგან ჩემი პირადი დაკვირვება ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანები არაჩვეულებრივად დიდ სიყვარულს სწორედ ამ ორი წიგნის მიმართ განიცდიან.

ტექსტების ხარისხზე კამათს არ ვაპირებ. არც რომელიმე წიგნის მკითხველს განვსჯი. მე ღრმად მწამს, რომ წიგნისა და მწერლის მიმართ დამოკიდებულება ისეთივე ინდივიდუალური და პირადი რამაა, როგორც ღმერთის რწმენა, ან ურწმუნოება,  როგორც პატრიოტიზმი, ან ის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული, რომლის გარეშე ცხოვრებაც ძნელი წარმოსადგენია. პროექტის გამარჯვებული ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა” (გამომცემლობა „ინტელექტი”) გახდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. „მშვიდი ცურვა” წლების წინ წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი წიგნების არათუ სამეულში, ათეულშიც კი არ შედის, მახსოვს მძაფრი შთაბეჭდილება და სიმწარის შეგრძნება, რომელიც მისი წაკითხვის შემდეგ დამრჩა.

„მშვიდი ცურვის” გამარჯვებამ გამახარა, გამახარა როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარდა და უყვარს ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც „მეფის” მუსიკითა და ტექსტებით ხშირად გადაუგორებია მძიმე და მოსაწყენი დღეები, როგორც ადამიანი, რომლის თაობაც ირაკლი ჩარკვიანის გარეშე იქნებოდა ბევრად უფრო ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად გახსნილი, ნაკლებად გამბედავი და მაძიებელი.

 რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ლიტერატურული თვალსაზრისით შეადარო ერთმანეთს „ჯადოსნური მთა” და „მშვიდი ცურვა”. „ჩემი წიგნი”, თუ სწორად მესმის მისი არსი, მსოფლიოში საუკეთესო წიგნის გამოსავლენად არც ჩატარებულა. მისი მიზანი სულ სხვა რამ იყო _ ეჩვენებინა, რომელ წიგნს ირჩევს მკითხველი, უფრო კი, ახალი თაობის მკითხველი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევანის გაკეთება სწორედ ახალი თაობისთვის ჩვეული ხერხია. როცა გაბრაზებით ამბობენ, რომ „მშვიდი ცურვის” გამარჯვება „ჯადოსნური მთის” გვერდით უხერხული და უცნაურია, მე მეღიმება. აბა, დაფიქრდით _ რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისთვისაც „ჯადოსნური მთა” საყვარელი წიგნია? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, მკითხველთა ამ საკმაოდ მცირე ჯგუფს სახალხო პროექტი მოეგო?

 დარწმუნებული ვარ, როცა „მშვიდ ცურვას” წერდა, ირაკლი ჩარკვიანი სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ ვინმესთვის ეჯობნა. ალბათ არც მისი წიგნის გამარჯვებით გამოწვეულ ალიაქოთს შეხედავდა სერიოზულად. მე კი სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ქართველმა მკითხველმა, მაყურებელმა, ან სულაც, მსმენელმა, არჩევანი „მშვიდ ცურვაზე” შეაჩერა, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არავინ ყოფილა უფრო მეტი ცვლილების გამომწვევი, უფრო მეტი ახალგაზრდის აზროვნების კალაპოტის შემცვლელი, უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც მოახერხა, გამხდარიყო პოპულარული და ამასთან ერთად, საზოგადოების დაკვეთებს კი არ მიყოლოდა, არამედ საზოგადოება ეტარებინა თავის კვალდაკვალ, სულ სხვა მუსიკისა და სხვა ტექსტების თანხლებით. უფრო დიდი და ხანგრძლივი მოგზარობა ადამიანების გულებისკენ ალბათ მას ჯერ კიდევ წინა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი