პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩაის სმა და ჩაში ომი(სკოლიდან წასასვლელი ადგილები)

დილა გრძელდებოდა ჩაით. ლადო ასათიანი იგონებდა ერთ გურულ ჯარის მეგობარზე: ვიღაცას ვეძებდით და ჩასვეს – მითხრაო. უფიქრია ჰაუპტვახტში ჩასვესო. გურულად სწრაფად ასე ითქმის: ჩას სმევს. ჰოდა, ჩასვსვამდი. თავიდან არ მიყვარდა, მაგრამ კეცის ხაჭაპურმა შემაყვარა. ეს სხვა ფეტიშია. ჩინელების და იაპონელების რიტუალის დონის. გასაშრობად გაფენილი მოჟღლემილი ფოთლების სუნიც მაღალი სიამოვნებაა. ხოლო საღამოს ჩაის გურიაში უხდება მურაბა შინდის. ჩაი შაქრით მკერეხელობაა.

 ხოლო ჩაი აჩეხეს და ყანა გაჩნდა. სადაც სიმინდი ვერ დათესეს გაველურდა ბუჩქი და ,,წევეით ჩაში სათამაშოდ’’. დედაჩემი იქ მეძებდა – ოზურგეთში, ჩემი ეზოს უკან იყო ასეთი ადგილი. ჩაი და შიგნით ღელე. ომობანასთვის და ფიქრთ გასართველად. სკოლაში შეყვარებული რომ ვიყავი, იქ დავბოდიალობდი და ვგეგმავდი, თუ ის გოგო უარს მეტყოდა, სად მომეკლა თავი. სახლში რომ განმარისხებდნენ და ერთობ უზნეური გახლდით – იქ ვიმალებოდი და სერ ტომას სოიერის არ იყოს, ვტკბებოდი, როგორ იტანჯებოდნენ ჩემები ძებნით და ,,გიორგიიის’’ ძახილით. სიჟიუტეც იქ გავწვრთენი: ბარემ ათასჯერ ჩავვარდი ღელეში, სანამ არ გადავახტებოდი და როცა გადავხტი, ფეხი ვიღრძე. ველოსიპედის ტარებაც იქ ვისწავლე. სანამ ტომი გაგვექცა, ვთქვათ ესეც, რომ მამაჩემმა ჰეკლბერის თავგადასავალი ჩაის სმის დროს წამიკითხა, რომ ეგებ მეჭამა და არ მერბინა.

თუ სოფლებში ზაფხულობით ჩაივლით, ადვილად შეატყობთ დასასვენებლად ჩამოსული ხალხის დამხვდურთაგან განსხვავებას. ჩამოსული ქალები, მოხუცები და შუახნისები არიან უფრო მსუქნები და წელში გამართულები, აქვთ შეღებილი თმა და ისეთი ხალათი აცვიათ, ახალგარეცხილობას რომ დაატყობ. ჩამოსული კაცები თამაშობენ ადგილობრივებთან ოდნავი სიამაყით და მასპინძლებსაც რაღაც მოწიწებასავით აქვთ, თან სტუმრის ფილტრიანს ეწევიან. ჩამოსული კაცები კიდევ რაღაც საოჯახო საქმეებში გარევას ცდილობენ, ცოტას მიბარავენ, მოთოხნიანსავით ან ხეს ფოთოლს წააწყვეტენ. ეს ჩამოსული ხალხი, როგორც წესი, ოჯახის განაყოფია და მერე ქალაქში დასახლებული. ჰოდა, საღამოთი ოდის აივანზე ყველა იკრიბება და ჩაის სვამს. სოფლისა და ქალაქის შეხვედრის მთავარი სცენაც ესაა.

 არის საკრალური ამბები, საგნები, ადამიანები და მცენარეები, რომელიც სულ გრჩება. ყველას საკუთარი აქვს – მცენერათაგან ჩემი ,,ჩაია’’.  ახალ მოსწავლეებს საკუთარი ექნებათ. ალბათ მათგანაც შემორჩა ვინმე ჩაისტი, მით უფრო თუ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და თუ ნაჩიარი თხილმა არ დაფარა.

აი, ,,მასწავლებელის’’ მეშვეობით გადავძახებ – თუ გამოჩნდა, შემეხმიანოს ,,კოლეგა’’

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი