პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ანტიგმირები და ადამიანები

*

ჩემთან ერთი გერმანელი ბიჭი სწავლობდა, მარკუსი. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, აი, ისეთი, პარასკევობით აუცილებლად წვეულებებზე რომ დადიან, შაბათ საღამოს კი, შემდეგ წვეულებაზე წასვლამდე, ფეხბურთს თამაშობენ. უდარდელი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა, კარგად ჩაცმა უყვარდა, გემრიელად ამზადებდა თაფლიან ქათამს და ხშირად უსმენდა ქეთი მელუას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს მარკუსს ზოგადსაკაცობრიო პრობლემები აწუხებდა. ის კი არადა, სხვა გერმანელების პოლიტიკაზე ტრადიციულ საუბრებს ყოველთვის ხაზგასმით არიდებდა თავს.

ერთ საღამოს, მორიგი წვეულებიდან რომ დავბრუნდით, რატომღაც საბჭოთა კავშირზე მკითხა, მერე რამდენიმე წინადადება მოაყოლა მეორე მსოფლიო ომზე და უცებ ცრემლები წამოუვიდა:

_ იცი, რა ძნელია ასე ცხოვრება? დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრება. ჩვენ, ყველანი, გერმანელები, დღემდე სინდისის ქენჯნით ვცხოვრობთ ნაცისტების გამო. თითქოს არაფერშუაში ვართ, მაგრამ მაინც. ნეტავ რამდენი თაობა უნდა შეიცვალოს, რომ დამნაშავეებად აღარ ვიგრძნოთ თავი?

მე, პატრიარქალურ საზოგადოებაში გაზრდილმა ცხრამეტი წლის გოგომ, იმ დღეს ცხოვრებაში მეორედ ვნახე ბიჭის ცრემლები. სხვის მიერ ჩადენილი ისტორიული დანაშაულის გამო ატირებული ადამიანი კი, რომ არ მოგატყუოთ, არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ.

თუმცა ყველა გერმანელი, ვისთანაც მე ვმეგობრობ, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით, სირცხვილითა და თვალების დახრით ლაპარაკობს ფაშიზმზე. ცდილობენ, გერმანული სიმბოლიკა ნაკლებად გამოიყენონ. ამ ზაფხულს ისიც კი აღნიშნეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დროშებით მორთული ბერლინი შემაშფოთებლად გამოიყურებოდა.

ისინი ასე აღზარდეს, ასწავლეს წარსულში სხვების მიერ ჩადენილი შეცდომებისთვის თვალის გასწორება და პასუხისმგებლობის გაზიარება. ჩვენ კი დაბადებიდან სიდიადისა და შეუცდომლობის შესახებ გვიყვებიან, თანაც მაშინ, როცა საზოგადოების ნაწილი საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სტალინის ძეგლების აღდგენას ცდილობს.

 

*

ამანი, ჩემი იორდანიელი მეგობარი, მასწავლებელია. ბავშვებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც უფრო აფასებს მშვიდობას, ვიდრე ის. გასულ ზაფხულს, საქართველოში მოგზაურობის დროს, ამანიმ სტალინის სახლ-მუზეუმიც ნახა. ჯერ გულდასმით გამომკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, მერე კი მიამბო, როგორ განუცხადა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ: „მე მიყვარს ჰიტლერი. მას არაბები უყვარდა და ამიტომ ხოცავდა ებრაელებს. მამამ მითხრა”.

ამანიმ ჯერ ბევრი ინერვიულა, მერე კი შეეცადა, მოსწავლისთვის აეხსნა, რომ დიქტატორებს, რომლებიც უამრავ ადამიანს იმეტებენ სასიკვდილოდ, არავის სიყვარული არ ამოძრავებთ. ისინი უბრალოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ. უფრო მეტიც, სიყვარულის სახელით ხოცვა-ჟლეტა არ შეიძლება.

ჩემს სხვა, ქართველ მეგობარს თბილისშიც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. „ჰიტლერი მიყვარს!” – უთხრა ათიოდე წლის ბიჭმა მასწავლებელს, რომელმაც წიგნებისა და ფილმების დახმარებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსწავლეს თავადვე წაეღო უკან საკუთარი სიტყვები.

მასწავლებლობა რომ ძალიან რთული პროფესია მგონია და მე ვერასოდეს ვიქნებოდი მასწავლებელი, ეს ადრეც მითქვამს.

რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები.

*

მიზეზები ხშირად მიძებნია. არც მე ვარ გამონაკლისი. მეც მიგულშემატკივრია უარყოფითი პერსონაჟებისთვის და მომწონებია ადამიანები, რომლებიც კეთილშობილებით არ გამოირჩეოდნენ. არ ვიცი, რა გვამოძრავებს ამ დროს – ჯიბრი, სადღაც, სულის სიღრმეში ჩაბუდებული მიდრეკილება, გმირების არასწორი მიმართულებით ძიება თუ სურვილი, ვიყოთ განსხვავებულები.

ყოველ დილით, როცა ფანჯარას ვაღებ და ვხედავ ჩემს მეზობელს, რომელიც გამაგრილებელი სასმელებით დატვირთული, ბორბლებზე შეყენებული მაცივრით ბაზრობაზე მიდის, რომ მთელი დღე შეუსვენებლად იაროს, იშრომოს და საღამოს, პატარა შვილიშვილებს ტკბილეული მოუტანოს, მეჩვენება, რომ ნამდვილი გმირი სწორედ ჩემს ეზოში ცხოვრობს და შორს გახედვა არ მჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი