პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გმირები და ადამიანები

„მეგობრობის დღიურები” გახსოვთ? მე და ჩემი თაობა „მეგობრობის დღიურის” ეპოქაში გავიზარდეთ. რა კითხვას აღარ წააწყდებოდით სერიალების და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოებით აჭრელებულ, ფერად-ფერადი ფლომასტერებით მოხატულ ფურცლებზე. ყველაზე ხშირად სტანდარტული შეკითხვები შეგხვდებოდათ მოსწავლეებისთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. დღიურის პატრონს აუცილებლად აინტერესებდა,  ვინ ვისი საუკეთესო მეგობარი იყო (პასუხს ხშირად ხანგრძლივი გაბუტვა მოსდევდა საუკეთესო მეგობრად მოხსენიების მომლოდინეთაგან), რომელი იყო საყვარელი ფილმი (აქ „ტიტანიკი” ლიდერობდა), საყვარელი საგანი (სიმრავლით ფიზკულტურის მოყვარულთა ჯგუფი გამოირჩეოდა, მაშინაც კი, როცა არც ფიზკულტურის დარბაზი გაგვაჩნდა და არც გაკვეთილები გვიტარდებოდა), ვის ლექსებს ვკითხულობდით ყველაზე ხშირად (მეხუთე კლასშიც ყველას გალაკტიონი გვიყვარდა, მეშვიდედან უფრო ტერენტიზე გადავერთეთ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ისევ გალაკტიონს დავუბრუნდით).

ზოგჯერ განსხვავებულ კითხვებსაც წააწყდებოდით სამომავლო გეგმების, ანტიპათიის გამომწვევი ადამიანების ან სულაც, იდეალის შესახებ. „ვინ არის თქვენი იდეალი?” – გვეკითხებოდნენ თანაკლასელები და სრულიად გაუცნობიერებელ პასუხებს ელოდნენ, რადგან მაშინ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი გვინდოდა, ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება და მეტიც, თურმე ზოგჯერ არც ის ვიცოდით, როგორები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ მისაბაძად მიგვაჩნდა.

მე არასოდეს მყოლია იდეალი. უფრო სწორად რომ ვთქვა, არც არასოდეს მჭირდებოდა, მყოლოდა. არც ახლა ვეძებ იდეალურ ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინებს კიდევაც იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, სადღაც, ჩემგან შორს, შეიძლება, არსებობდეს ვინმე უნაკლო, რომელიც ყველასთვის მაგალითად იქცევა და ამით სხვებს შეუზღუდავს თავისუფლებას, იყვნენ ისეთი უბრალოები, როგორებიც არიან.

არადა, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ მისაბაძი მაგალითები, ვეძებთ მათ საუკუნეების სიღრმეში, წიგნებში, ლეგენდებში, ტელეეკრანებზე და ბოლო დროს, სოციალურ ქსელებშიც. მოთხოვნები საკმაოდ მკაცრი გვაქვს – ჩვენს გმირებს შეცდომების დაშვება არ ეპატიებათ, მათი სიტყვა კანონზე მაღლა უნდა იდგეს, მაშინაც კი, როცა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. სხვანაირად არ შეგვიძლია.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა მითხრა: „მე დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ველაპარაკები ჩემს მოსწავლეებს, ისინი დავით აღმაშენებელზე მელაპარაკებიან”. რა თქმა უნდა, წარსული და ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვროს ჩვეულებრივმა ახალგაზრდამ, რომელსაც იდეალად დავით აღმაშენებელი აურჩევია და სასახელო საქმედ მხოლოდ ქვეყნის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაერთიანებას მიიჩნევს? მას ხომ, დიდი ალბათობით, არც სამეფო ტახტი ერგება და არც მრავალათასიანი არმიის შეკრება მოუწევს დაკარგული მიწების დასაბრუნებლად?

ზოგჯერ ძნელი დასადგენია, სად მთავრდება იდეალების მიბაძვის სურვილი და სად იწყება იმედგაცრუება, სად კვეთენ ერთმანეთს პატრიოტიზმი და მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სად ვეძებთ გმირობას და სად ვკარგავთ ადამიანობას, ანუ იმას, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება.

რატომღაც ხშირად გვავიწყდება, რომ ყველას გვერგო ჩვენი წილი სამშობლო, ჩვენი საქმე, პასუხისმგებლობა, სიყვარული და პატიება, რომ ყველამ სწორედ იმ პაწაწინა მიწიდან უნდა დავიწყოთ შენება, რომელზეც ვდგავართ. უფრო სწორად, საკუთარი თავით დავიწყოთ ცვლილებები, თორემ ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანას, რომელიც ასე ამაყობს თავისი გმირებით, ადამიანები აღარ ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი _ ახალგაზრდების ჯგუფი მოუწოდებს მოქალაქეებს, წერილი დაუტოვონ პანდუსებზე შეყენებული ავტომანქანების მძღოლებს და აუხსნან პანდუსის დანიშნულება, ოღონდ წერილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწეროს უხეშად, სალანძღავი სიტყვებით. დღეს სწორედ ასეთი აქტივიზმია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასეთი ხალხი, ვინც არ დაიზარებს, კარდაკარ ივლის და შეეცდება, რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადაადგმევინონ წინ საზოგადოებას.

დღეს ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყველაზე მიუდგომელ და მცირერიცხოვან სოფლებში წიგნებს ჩაიტანენ, რომლებიც ქუჩაში ნაგავს არ დაყრიან, გაკვეთილებს და ლექციებს არ გააცდენენ, კედლებზე უშინაარსო წარწერებს არ ამოკაწრავენ, განსხვავებული აზრის გამო არავის შეურაცხყოფენ, ძალადობაზე უარს იტყვიან და არასოდეს იცრუებენ უმრავლესობისთვის თავის მოსაწონებლად. არც ისე რთულია, მივხვდეთ, რომ ადამიანობა გმირობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხოლო დავით აღმაშენებელი და პასუხისმგებლობით სავსე სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხელს არათუ უშლის, არამედ უწყობს კიდევაც.

ჩემი საყვარელი ქალაქის, ვილნიუსის ცენტრში, ერთი ულამაზესი ადგილია _ უჟუპისის რესპუბლიკა, ხელოვანთა უბანი, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია გააჩნია. მე თუ მკითხავთ, ყველაზე ადამიანური კონსტიტუცია არსებულთა შორის. უჟუპისის კონსტიტუციაში წერია:

„4. ადამიანს აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა.
5. ადამიანს აქვს უფლება, იყოს ერთადერთი.
6. ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს.
20. ადამიანს არა აქვს ძალადობის უფლება.
30. ადამიანს აქვს უფლება, იყოს თავისუფალი.

31. ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ თავისუფლებაზე.”

მარტივია, არა?
ოდესღაც გმირებმაც ადამიანობით დაიწყეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი