ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გვარებისა და გოგოების შესახებ

ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, თორმეტი წლის ვიყავი. ის ბოლო იყო ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ვაჟებიდან. ძმებიდან არცერთს „გვარის გამგრძელებელი” არ დარჩენია.  იმ დღეებიდან მახსოვს მხოლოდ ბაბუაჩემი, რომელიც თავდახრილი იდგა შვილის ცხედართან და ჩუმად მოთქვამდა. მისი მწუხარე სიტყვებიდან ერთადერთი წინადადება ჩამრჩა გონებაში: „ეს რა გამიკეთეთ ჩემმა შვილებმა, ერთი ბიჭი მაინც დაგეტოვებინათ რომელიმეს!”

ჩვენ კი იქვე ვისხედით, შვილიშვილები, სამნი, მამების გარეშე დარჩენილი პატარა გოგოები, რომლებსაც ბაბუას გვარი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანდა, ბაბუასთვის ეს საკმარისი არ იყო. მას „გვარის გამგრძელებელი” სჭირდებოდა, ის, ვისზეც შვილების სიყვარულს გადაიტანდა, ვისაც ოჯახის სიამაყედ გაზრდიდა, ასწავლიდა ცხენზე ჯდომას, იარაღის გამოყენებას და სადღეგრძელოებს. ჩვენ არ გამოვდგებოდით. ჩვენ სხვა გვარების გასამრავლებლად გაგვაჩინეს, ოჯახიდან წასასვლელად, სხვისი კერის გასათბობად. ასე სჯეროდა ბაბუაჩემის თაობის ბევრ მამაკაცს საქართველოში, მამაჩემის თაობიდანაც ბევრი ასე ფიქრობდა (თუმცა, საბედნიეროდ, მამაჩემი არა) და ვიცი, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი თაობიდანაც ბევრს მიაჩნია ქალი მეორეხარისხოვან არსებად, რომელიც ჯერ თავის ოჯახს ეკუთვნის, მერე კი სხვისას.

როგორ მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც ვისწავლე, გონებაში ღრმად მივაძინო წარსულის უსიამოვნო ეპიზოდები. არც ბავშვობისდროინდელ დაკრძალვებსა და პანაშვიდებს ვიხსენებ ხშირად, თუმცა უკვე ბევრი წელია, ვერაფერს ვუხერხებ ბაბუაჩემის სიტყვებს, რომლებიც პერიოდულად ცოცხლდებიან და მახსენებენ, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც ჩემი სქესის გამო შეცდომას არავინ მაპატიებს.

მალე ოცდარვა წლის ვხდები. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი გაბმული, უძილო და შეუსვენებელი ბრძოლაა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერი კარგად გამოგვდის, რომ არ გვჭირდება, ვინმემ ხელი ჩაგვკიდოს და გზაზე დაგვაყენოს, რომ თავადაც ვიცით, რა გვინდა, რომ არავისზე ნაკლებად არ შეგვიძლია არც წერა, არც ფიქრი, არც საქმის გაძღოლა, არც მანქანის მართვა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, გვიყვარდეს და ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, რომ ოჯახი მაშინ შევქმნათ, როცა მოგვინდება, ან საერთოდ არ შევქმნათ და მაინც ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომ იმდენი შვილი გვყავდეს, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით, ან სულაც არ გვყავდეს, ვიყოთ მარტო და არ გვეშინოდეს, ვიყოთ მარტო და არავისგან ვითხოვდეთ შველას.

იშვიათად, მაგრამ მაინც მეფიქრება: ვეყვარებოდი თუ არა უფრო მეტად ბაბუაჩემს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი? ალბათ, კი. ალბათ ჩამეჭიდებოდა, თავის ჭკუაზე აღმზრდიდა და მეც ვიცხოვრებდი ბიჭების ახალი თაობის დაბადების მოლოდინში, რომ მერე მათთვის გადამეცა ჩემი წესები და ჩვეულებები, რომლებითაც, ალბათ, ვიამაყებდი.

მე გამიმართლა, გამიმართლა, რადგან დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ქალისთვის დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ ის და მისი დები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ არც ჩემი ცხოვრება უნდა ყოფილიყო თუნდაც ყველაზე ახლობელი მამაკაცების მიერ დადგენილ ყალიბს მორგებული. სამწუხაროდ, მე ვიცნობ გოგოებს, რომლებიც სხვანაირად გაზარდეს, სხვა წესებს შეაჩვიეს. მათ, რა თქმა უნდა, თქვენც იცნობთ.

დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ქალთა მკველობებზე, ვწერთ, ვშფოთავთ, ვტირით კიდეც. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ქმრების დასჯა სირცხვილად ითვლება და, უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი მათ გამართლებას ცდილობს. შიში, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ეპიდემიასავით მოედება მთელ ქვეყანას, საფუძველს მოკლებული არ არის. ფაქტია, რომ ყველა ქალი, ყველა გოგო, ვისაც განათლება არ აქვს მიღებული, ვისაც არჩევნის საშუალებას არ აძლევენ, ვისაც დამოუკიდებლობას დანაშაულად უთვლიან, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ვინც ერთხელ მაინც მიგვიტოვებია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო, ვისაც უშედეგოდ უთხოვია შველა სამართალდამცავებისთვის, ყველა, ვისაც უთხრეს, რომ მისი მთავარი ფუნქცია ბიჭის გაჩენაა, ან უბრალოდ, არ მისცეს მუშაობის უფლება – ყველა ეს ქალი და გოგო ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქალები, რომლებსაც კლავენ, არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. სინამდვილეში, ყველანი ერთ ქვაბში ვთუხთუხებთ და თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, უნდა ვიფეთქოთ, ქვაბს თავსახური გადავხადოთ და გზას ვეწიოთ.

ოდესღაც, ბავშვობაში, მითხრეს, რომ ოჯახის ამბების საჯაროდ მოყოლა ულამაზო საქციელია. თუმცა მე მაინც მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი მიამბნია თქვენთვის, არაფერი მითქვამს ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით. აბა, რა დასამალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალობა ტვირთია, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთი ხარ და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ნათესავებმა და ახლობლებმა თავი სინანულით არ გადააქნიონ და არ თქვან, რომ ბიჭი შენს ადგილას სულ სხვანაირად მოიქცეოდა, სხვანაირად ასახელებდა გვარს.

როგორც გითხარით, მალე ოცდარვის ვხდები. მართალია, „გვარის გამგრძელებლად” ვერ გამოვდექი, მაგრამ დამოუკიდებელი და ბედნიერი ქალი ვარ, რომელმაც უკვე რამდენიმე ბრძოლა მოუგო საკუთარ თავს, ოჯახს, საზოგადოებას.

რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მამა აუცილებლად იამაყებდა ჩემით. ბაბუა? არ ვიცი, ალბათ ისიც, თუნდაც მხოლოდ გულის სიღრმეში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი