პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

Alt-J (∆) – სიახლის ძიებაში

სკოლაში რომ ვსწავლობდი, სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის ყველაფერ ახალთან ასოცირდებოდა. ახალი ტანსაცმელი, ახალი წიგნები, ახალი საგნები, ახალი ემოციები. წლიდან წლამდე შემოდგომის პირველი თვე ჩემთვის სიახლის თვედ გადაიქცა. სკოლის შემდეგ, უნივერსიტეტში, სასწავლო წლები შედარებით განსხვავებულად მეწყებოდა – ახალი ლექტორებით, ახალი განწყობებით, თუმცა ძველი პრობლემებით უნივერსიტეტში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი სტუდენტობა მქონდა. სავსე მნიშვნელოვანი გამოცდილებებით, კარგი ადამიანებით, განხორციელებული და განუხორციელებელი იდეებით, სისტემასთან დაპირისპირებით, ბევრი გართობით, ოდნავ ნაკლები განათლებით (როგორც ყოველთვის) და, რა თქმა უნდა, მუსიკით.

სტუდენტობიდან მოყოლებული, ნამდვილ Music Addict-ად, მუსიკაზე დამოკიდებულ ადამიანად ვიქეცი. ვუსმენდი ყველგან და ყოველთვის, როცა საამისო დრო და შესაძლებლობა მქონდა. უნივერსიტეტში იშვიათად თუ მნახავდა ვინმე ყურსასმენის გარეშე. ამიტომაც ვერ მიძლებდა ვერც ერთი ყურსასმენი ერთ-ორ თვეზე მეტს. მას შემდეგ, რაც სტუდენტობა დამთავრდა და მუშაობა დავიწყე, დროც ნაკლები მაქვს, ყურსასმენებიც მეტხანს ძლებს, მაგრამ მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა. ერთადერთი, რაც ამ დამოკიდებულებაში არ მომწონს, ის არის, რომ იშვიათად და ძალიან ძნელად ვიღებ ახალ მუსიკას. მყავს მუდმივად თანამდევი ბენდები და მუსიკოსები („ბიტლზი”, მორისონი, ჰენდრიქსი, ჯოპლინი, Pink Floyd-ი, ცოტა ბლუზი, ჯაზი, ერთი-ორი ქართული ბენდი), რომელთაც ყურებიდან არასდროს ვიშორებ, მაგრამ ახლის, განსხვავებულის მიღება თითქმის არ გამომდის. 

ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ისეთი სიახლის ძიება დავიწყე, რომელიც ძველ მუსიკასაც არ მომწყვეტდა და პარალელურად ძალიან საინტერესო და თანამედროვეც იქნებოდა. რთულია ასეთი ბალანსის პოვნა, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ერთმა ბრიტანულმა ჯგუფმა მაპოვნინა – ჯგუფმა უცნაური სახელით და კიდევ უფრო უცნაური, განსაკუთრებული მუსიკით. სულ რამდენიმე თვეა, რაც აღმოვაჩინე. 7 წელია არსებობენ, მხოლოდ ერთი ალბომი აქვთ გამოშვებული. „Alt-J” – ასე ჰქვია ჯგუფს, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში გამიტაცა.



ყველაზე მეტად ისეთ ჯგუფებს ვაფასებ, რომელთა მოსმენის დროსაც ძნელი სათქმელია, ვისი გავლენით ქმნიან საკუთარ მუსიკას. „Alt-J”-მ ამ მხრივ ნამდვილად მოახერხა ჩემი განცვიფრება. მათი მუსიკა ძალიან ორგანულია და არც ერთი სხვა ბენდისას არ ჰგავს. იმდენად ინდივიდუალურები არიან, რომ გაგიჭირდება, რომელიმე სტილს მიაკუთვნო. აქ შეხვდებით ინდი როკს, ბრიტანული ფოლკლორის ელემენტებს, ელექტრონულ ხმებს, აკუსტიკურ ჟღერადობებს, კასტანეტების, პერკუსიისა და დრამ სეტის ძალიან საინტერესო სინთეზით შექმნილ რიტმსექციას. მოკლედ, ბენდის მუსიკა ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის საინტერესოა.

ჯგუფმა თავის სიმბოლოდ დელტა (∆) აირჩია. სახელი „Alt-J”-ც სწორედ ამ სიმბოლოს გამო დაირქვეს – კომპანია Apple-ის მიერ წარმოებულ კომპიუტერებზე დელტა ორი კლავიშის, Alt-ისა და J-ს კომბინაციით მიიღება. აღნიშნული სიმბოლო მეცნიერებაში განსხვავების ან ცვლილების აღმნიშვნელად გამოიყენება. ჯგუფის წევრებმა ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ მათი მუსიკა განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა – პირველი ალბომი, „An Awesome Wave”, 2012 წელს გამოსცეს. ბრიტანელმა კრიტიკოსებმა ის ძალზე დადებითად შეაფასეს და ბრიტანეთში წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. ამის დამადასტურებლად მათ Mercury Prize-იც გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი მანამდე მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ და პოპულარულ არტისტებს, როგორებიც არიან „Franz Ferdinand”, PJ Harvey, „Antony and The Johnsons”, „Arctic Monkeys”, „The XX”, „Portishead” და სხვ.
 
„Alt-J” იმ ბენდების რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც საქართველოში მასობრივად არ უსმენენ. ქართული პუბლიკის დიდ ნაწილს რატომღაც არ უყვარს ექსპერიმენტული მუსიკა, რომელიც არც ერთი მიმდინარეობის სტანდარტში არ ჯდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი გემოვნებიანი ექსპერიმენტული ჟღერადობა პირადად მე იშვიათად შემხვედრია. ჯგუფის მოსმენისას ქართველი მსმენელი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ვოკალურ მრავალხმიანობას. საინტერესოა ისიც, რომ მუსიკის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტრონული ხმები შეადგენს, მაგრამ, მიუხედავად  ამისა, კომპოზიციები საოცრად ორგანული და ერთიანია.

ბევრი თანამედროვე ჯგუფისგან განსხვავებით, „Alt-J”-ს ძალიან საინტერესო ლირიკა აქვს. მსმენელს მათი კომპოზიციების აღქმა ერთიორად უადვილდება, როდესაც ამა თუ იმ სიმღერის ბექგრაუნდს ეცნობა. მაგალითად, პირველ ალბომში შესული ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია „Taro”, რომელიც ორი ფოტოგრაფის, გერდა ტაროსა და რობერტ კაპას სიყვარულის ისტორიას ეხება. ორივე მათგანი ომის გაშუქებაზე მუშაობდა. გერდა ტარო 1937 წელს დაიღუპა, ესპანეთის სამოქალაქო ომის გაშუქებისას. კაპას ცხოვრებაც ანალოგიურად დასრულდა – 17 წლის შემდეგ, სადღაც ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა ინდოჩინეთის პირველი ომის გადაღების დროს. „Alt-J”-მ ეს ისტორია ძალიან ლამაზი ტრეკით გააცოცხლა:

სულ მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, ბენდის მეორე ალბომი, „This Is All Yours” გამოვა. კომპოზიციებს გამოსვლამდე მოვუსმინე და მოლოდინი ნამდვილად არ გამცრუებია. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის დასაწყისში ჯგუფი სოლო გიტარისტმა გუილ სეინსბერიმ დატოვა (მისი არყოფნა ნამდვილად დაეტყო ახალ კომპოზიციებს), საერთო ჯამში ძალიან კარგი დისკი გამოვიდა.

იმედი მაქვს, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდი ქართველი მსმენელისთვისაც მისაღები და საინტერესო გახდება. „Alt J”-მ მოახერხა და დიდი სიახლე შემოიტანა ჩემს პირად სივრცეში, ერთგვარ კომფორტის სფეროში, რომლის დარღვევაც ნამდვილად არ არის იოლი. აქამდე მეშინოდა მსგავსი სიახლეების, ახლა კი მიმაჩნია, რომ, როგორც სხვაგან, ისევე მუსიკაშიც სიახლის ძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაიცანით „Alt-J” – ბენდი საზღვრების გარეშე

და ნურასოდეს შეგეშინდებათ სიახლის! 🙂

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი