პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არჩევნების გამყალბებლები

სანამ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საქართველოში დავბრუნდებოდი, დიდი ბრძოლა გადავიტანე საკუთარ თავთან – მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება უმაღლესი განათლების მისაღებად, მაინც რაღაცა მიშლიდა ხელს, მაკავებდა, მაშინებდა; გულსაკლავად, ტყვიის კივილივით ჩამესმოდა ყურში ჩემი ბავშვობის მწარე მოგონება – ზაფხულობით დმანისში, ბებიასთან ჩასულს რომ დამძახოდნენ: “თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო! თათარო!..”

მაშინ არეული დრო იყო, ნაომარი, გახსნილი ჭრილობებისა და ადამიანთა გაუგონარი მანკიერებების გამომზეურების ხანა. მაგრამ გასაოცარია, რომ განათებული, შედარებით მშვიდი ბაქოდან სიხარულით მოვისწრაფოდი საქართველოსკენ – ბებოსკენ, ჩემი ბერძენი, სომეხი, ქართველი მეზობლებისა და მეგობრებისკენ, სვანეთიდან ჩამოსახლებული მეგობრებისკენ, რომელთაც, როგორც მთელ მაშინდელ საქართველოს, შიოდათ, სციოდათ, სტკიოდათ და ეშინოდათ.

უდარდელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მეც მქონდა შიში, გულისმჭამელი და გამოუთქმელი – გასახლების, გაგდების, მუდამ უცხოდ დარჩენის შიში. არ მასვენებდა ფიქრი, რომ შეიძლებოდა, ერთ დღესაც ვიღაცას წაერთმია ეს ჩემი სამოთხე, ჩემი უტკბესი მსხლისა და ვაშლის ხეები, ჩემი კრუხი და წიწილები, ჩემი შუკა, ჩემი სახლი, ბებიის სახლი, “თათრის” სახლი…

ერთხელ, სახლში გულამოსკვნილი ტირილით მივარდნილს, აქვითინებულს იმის გამო, რომ აღარ მინდოდა “თათრობა” და მრცხვენოდა მემწვანილე “ბაჯების”, მეცხვარეების, მეზობლის მოუწესრიგებელი ბავშვებისა, ბებიამ ამიხსნა, რომ ყველაფერი, რისიც მრცხვენოდა, იმ გარემოს ბრალი იყო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, და კიდევ – განათლების არარსებობისა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, უფრო – უკეთესობისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, უარესობისკენაც. ერთი რამ კი უცვლელი დარჩა – ისევ ცოცხლობს ის სტერეოტიპები, რომლებიც საბჭოეთმა იარლიყებივით ჩამოურიგა საბჭოთა ხალხს. აზერბაიჯანელებს უისტორიო, უკულტურო, მეორეხარისხოვანი, მორჩილი მუშახელისა და განათლებისთვის უპერსპექტივო ხალხის იარლიყი ერგოთ.

ამას წინათ კი ტელევიზიით მთელმა საქართველომ იხილა ის როლი, რაც უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ დააკისრა აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს – იხილა, როგორ აყალბებდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები არჩევნებს. ჩემი და ბებიაჩემის მტკიცე რწმენით, ისევ განათლების პირობების უქონლობის გამო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი