შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბალიბულინგი

მე დავიბადე უბანში, სადაც კაცი მოკლეს. არაფერია ამაში გასაოცარი, ჩვენ ყველანი დავიბადეთ უბნებში, სადაც აუცილებლად მოუკლავთ ერთი კაცი მაინც. ეს თითქოს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. ჩემს უბანშიც ასე იყო, სხვა კაცებიც მოკლეს, სხვა დროს, მაგრამ მე იმ ერთზე უნდა გიამბოთ, რომლის ამბავიც ყველაზე მეტად ჩამრჩა გულსა და მეხსიერებაში. დიდი დრო დამჭირდა, რათა მომეკრიბა ენერგია და ეს ამბავი კიდევ ერთხელ ამომეტივტივებინა გონებაში, კიდევ ერთხელ და თუნდაც უკანასკნელად. ამიტომ შევეცდები ვიყო პირდაპირი, მოურიდებელი და სასტიკი.

 

ნიკო მოკლესო და გავვარდით. დავყარეთ „პაპკები” მერხებზე და გავვარდით. გაკვეთილების გაცდენის შანსიც გაგვიჩნდა, სადღაც ესეც იყო. სად მიდიხართო, მასწავლებელმა და ნიკო მოკლესო – ჩვენ. ვიდექით მერე კორპუსთან, მთელი უბნის ბიჭ-ბუჭობასთან ერთად. „ვზროსლებს” ვუსმენდით, პატარებს – წადით აქედანო, ვეუბნებოდით. აბა იქ საქმიანი მდგომარეობა იყო. მერე ნიკოს ძმაკაცები მოვარდნენ, რამდენიმე წუთით ხმა გავრცელდა – ჭორიაო, არ მოუკლავთო. ნიკოს ვინ მოკლავდაო – ჩვენც ვთქვით და ჩავიცუცქეთ. კიდევ რამდენიმე წუთი და პოლიციაც მოვიდა. მანდ მივხვდით, რომ მართლა მოკლეს ნიკო, უბნის ბიჭების სული და გული, ყველაზე მაგარი „კაიბიჭი”, ყველაზე ჯიგარი „ვზროსლი” და ყველაზე „ისპალნიწელი”. მომდევნო დღეებში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდა. მკვლელის ვინაობაც გამოვლინდა.. ან რა გამოვლენა უნდოდა, თვითონაც იქვე მდგარა, ცხედართან, პოლიციის მოლოდინში. ვინ იყო? ვინ იყო და ლადო.. ჩმორიკალადო, „შკოლნიკა” და დედიკოს ბიჭი. აი, ის, სკოლის მასწავლებლებს რომ ყველაზე მეტად უყვარდათ და ქუჩის მასწავლებლებს – ყველაზე ნაკლებად. იასნა ტო, აბა ასეთ საქმეს მასეთი არაკაცი თუ იკისრებდაო, ვთქვით და „ვზროსლი კაიბიჭებს” თავი დავუქნიეთ, როცა იმათ თქვეს, ან ციხეშივე წავშლით ცხოვრებიდან და ან რომ გამოვა – მერეო. ისიც გავიგეთ, ლადო რა კაცი იყო.. კი ვიცოდით, მაგრამ კიდევ უფრო გავიგეთ. რაღაც სატანურ მუსიკას უსმენდა თურმე, ზეპელინგებს და მასეთებს. კიდე კორპუსების წინ რომ გარაჟებია, იქ კატებსაც აწვალებდა და ერთი-ორჯერ უნახავთ, როგორ დაწვა ვიღაცის კატა, არასწორი კაცი იყოო, იძახდნენ „ვზროსლების” მამები. მერე ისიც თქვეს, ნიკომ ძლივს გადაარჩინა ერთი კატაო და მაქედან ამოიჩემა ლადომ ნიკოო, რიტუალი რო ჩაუშალაო, ჰოდა იმიტომაც იმ კატის მაგივრად ნიკო შესწირა სატანასო, კი, ზუსტად მასე ამბობდნენ.

ასე იყო თუ ისე, ლადო 7 წლის მერე გამოვიდა ციხიდან. მაგ დროისთვის ჩვენ უკვე თვითონ ვზიდავდით „ვზროსლობის” უმძიმეს პედაგოგიურ ტვირთს. აბიტურიენტები ვიყავით. ლადოს ციხიდან გამოსვლა მალე გავიგეთ, უბანში გავრცელდა, ნიკოს ძმაკაცები არ ჩანდნენ ის დღეები, სხვა ბიჭები ამბობდნენ, რომ „აბაროტზე” ჩალიჩობენო და უნდათ რო „წიომნათ” ქნან ეგ ამბავიო. რა „წიომნობა” მაგას უნდოდა. ლადო ციხიდან რომ გამოსულა, პირველი სახლში მისულა, მშობლები მოუკითხავს. ერთი დღე გაატარა სახლში, მერე უთქვამს, უნდა წავიდე, რაღაც უნდა დავასრულოო, ამდგარა, პირდაპირ ნიკოს საფლავთან მისულა და იქ დალოდებია დანარჩენებს. ორი დღე იყო საფლავზე ლადო, მთელმა ოჯახმა რომ ძებნა დაუწყო და უბანშიც რომ გავრცელდა ხმა, ლადოდატყდაო, ნიკოს ძმაკაცებიც დაფაცურდნენ. მეორე დღის ბოლოს დაადგნენ ლადოს თავზე და ზედ დააკლეს. უბნის ბიჭები იძახდნენ, საზღვარზე იპოვეს, გარბოდაო, მოიყვანეს და ნიკოს საფლავზე შეუსრულესო, ეგეთი პირობა ჰქონდათო. საფლავების მომვლელი ქალი სხვას იძახდა, 2 დღე იჯდა იმ საფლავთან ბიჭი, არც უჭამია, არც დაულევია, თითქოს რაღაცას ელოდებოდაო.. ერთი კი ვკითხე, შვილო, რამე ხო არ გიჭირს-მეთქი, მარა არაფერიო მითხრა და გავეცალეო. ის კიდე იჯდა იქა და მერე, მეორე საღამოს სროლა რო გავიგე, უკვე მკვდარი დამხვდა, ტვინგახეთქილიო. უბანი ამაყობდა, ნიკოს „ჩერეზძმაკაცები” იძახდნენ, რომ მოსაკლავი უნდა მოიკლას და მერე თქვენც კი იცით, როგორცაა.. უბანი დაწყნარდა, დამშვიდდა, როგორც მაძღარი მგელი, რომელმაც დიდი ხნის შიმშილობის შემდეგ თავისივე ხროვიდან მოისადილა ყველაზე სუსტი.

სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. დიდი ხანი მაწუხებდა ეს ამბავი. ძალიან დიდი ხანი და ბედად ერთ-ერთ სამეგობრო სუფრაზე ის პოლიციელი გავიცანი, რომელიც აღნიშნულ შემთხვევას იძიებდა. გავიცანი და შანსიც არ გავუშვი ხელიდან, რომ ჩემი საშინელი ცნობისმოყვარეობა, თუ დანაშაულის გრძნობა დამეკმაყოფილებინა. დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ამ მოვლენებისას მეც არაერთხელ გამიმეორებია ვიღაცების ნათქვამი „ჩმორიკა ლადო”, „სატანისტი მოკლეს” და „ნიკოს სული ზეიმობს”ტიპის ფრაზები. მთელი ის საღამო ვლაპარაკობდით მე და გამომძიებელი ლ. და მეც გავიგე, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

უამრავი სტატია წამიკითხავს ბულინგზე. რა არის ბულინგი? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ძალადობრივი ქცევა, რომლის მიზანიცაა პოტენციური მსხვერპლის დაშინება, დამორჩილება, დამონება. ძალიან ხშირია მისი გამოვლინება სასკოლო ასაკის ბავშვებში, თითქმის ყველა სკოლასა და კლასში სწავლობენ ბავშვები, რომლებიც არიან ბულინგის ინიციატორები, ანუ მჩაგვრელები და ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქცევის მსხვერპლს. ხშირად უფროსების მიერ ეს ყოველივე არ აღიქმება სერიოზულად და უფრო მეტიც, მას უბრალო ბავშვურ თამაშად იღებენ. არადა სინამდვილეში ამ ყველაფერს ბევრად უფრო ძლიერი ფესვები აქვს და მეტად შეუძლია განტოტვა. თუმცა ჩემს ამბავს დავუბრუნდეთ..

ყველაფერი ბალიბულის თამაშიდან დაიწყო. ლადო ახალი გადმოსული იყო ჩვენს უბანში, შესაბამისად სკოლაშიც თითქმის არავის იცნობდა. როგორც ჩანს, უბნის ბიჭებს არ მოეწონათ, როგორ ეთამაშებოდა ეზოს გოგოებს ვიღაც ტიპი „ბალიბულს”. დაუძახეს, ჯერ ხურდა თხოვეს, მერე ქურთუკი, მერე ის, მერე ეს, როგორც ხდება ხოლმე.. მალე ლადო სიბეჯითისა და კარგი საქციელის გამო სკოლის მასწავლებლებისთვის – საყვარელ მოსწავლედ, უბნის ბიჭებისთვის კი საყვარელ სათამაშოდ იქცა. როგორც ჩანს, ის პირველი შემთხვევა კარგად ჩარჩათ გონებაში. ჰოდა ახლა ისინი თამაშობდნენ ბალიბულს, ოღონდ ხან ლადოს ჩანთით, ხან ლადოს ქუდით, ხან წიგნებით და ა.შ. ლადოს მშობლებისთვისაც არაერთხელ უთხოვია ბინის გამოცვლა, მაგრამ მათ ეს უბრალო ბავშვურ ახირებად აღუქვამთ. მერე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვითარდება ხოლმე. ლადო „დაიშნირეს”. მერე კი..

სანამ თხრობის დასკვნით ნაწილზე გადავიდოდე, მოქმედ მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, რომ კარგად შეისწავლოთ ყველა ის ტერმინი, რომელიც მე ამ ტექსტში სპეციალურად გამოვიყენე, დაწყებული „ვზროსლებიდან”, გაგრძელებული „ისპალნიწელებითა” და დამთავრებული „შნირით”. თქვენ ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა აღნიშნულ ტერმინებთან. თუ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობთ, რომ თქვენს სკოლაში უკვე ყველაფერი შეიცვალა და ბულინგი გაქრა. თუ ასე ფიქრობთ, გირჩევთ კიდევ ერთხელ ჩაიხედოთ მიკროსკოპში, იქნებ რაიმე გამოგრჩათ..

მერე კი ლადოს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს.. მაინცდამაინც მაშინ, როცა ლადოს საბოლოოდ გაუჩნდა შანსი მოშორებოდა ამ ჯოჯოხეთს, რადგან სტიპენდია მოიპოვა და როგორც პოლიციელის მონაყოლიდან გავიგე პოლონეთში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ძალიან ბედნიერი ყოფილა იმ დღეებში, წავალ და ცხოვრებასაც იქ ავიწყობო, მშობლებისთვისაც უთქვამს, მაგრამ სად იყო ეგრე, როგორც ლადოს უნდოდა.. ის უკვე აღარ ეკუთვნოდა თავის თავს.. კარგმა ბიჭობამ დაღუპა, უბანში ასე თუ ისე იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც ბეჯით მოსწავლეს და თავაზიან ბიჭს. ჰოდა გეგმა მარტივი იყო, აბა ვინ არ გაუღებდა კარს ლადოს. ლადოს გაუღებდა და ყაჩაღების ხროვას მიიღებდა. მეტსაც გეტყვით, ლადო დათანხმდა ამ გეგმას და დღესაც კი ვცდილობ, არ წარმოვიდგინო, თუ რა წნეხში მოყვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. არ ვიცი.. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა ახალი სათამაშოთი უბნის ბანდას პირველი საქმე უნდა შეესრულებინა, ლადო ნიკოს დაადგა და სამზარეულოს დანა რამდენიმეჯერ ჩაარტყა ჯერ ყელის არეში, შემდეგ კი გულსა და მუცელში. მოკლა იმ კატასავით, რომელიც არც არასოდეს დაუწვავს და არც არასოდეს უწამებია. შესწირა იმ სატანას, რომელთანაც ალბათ მთელ ჩემს უბანში ყველაზე ნაკლები საერთო სწორედ ლადოს ჰქონდა.

ეს იყო და ეს.. განა რა მოვყევი ისეთი, რაც თქვენს უბნებში არ მომხდარა, რაც თქვენს სკოლებში არ მომხდარა, რაზეც თქვენ არ დაგიხუჭავთ თვალი.. არაფერი ახალი.. ბულინგი კი ვითარდება, ახალ ფორმებს ეძებს და პოულობს, ხშირად უფრო ეფექტურადაც, ვიდრე მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები ახერხებენ ამას. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგე, როგორ შეემატა ბულინგს ახალი ელემენტი – ვიდეოგადაღება. ადრე თუ აწვალებდნენ და ეს ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა, ახლა ამ ყველაფერში თავისი წვლილი ახალ ტექნოლოგიებსაც შეაქვს.. და ამ ყველაფერში ვინაა დამნაშავე.. ნიკო? ლადო? მე? შენ? ან იქნებ, ბალიბული..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი