პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი დღევანდელი პორტრეტი, ზედმეტი ტვირთი და „თქმულება ნარაიამაზე“

ერთხელ ხუმრობით დედაჩემი

მხარზე შევისვი;

იგი ისეთი მსუბუქი იყო,

რომ უცბად ცრემლი მომერია

და ვეღარ ვზიდე


 

იშიკავა
ტაკუბოკუ


 

ბევრჯერ
თქმულა, მაგრამ მეც გავიმეორებ, რადგან სავსებით ვეთანხმები ამ აზრს: საზოგადოება ფასდება
იმით, თუ როგორ ექცევიან საზოგადოების წევრები მოხუცებსა და ბავშვებს.

ყველა
დამეთანხმება, თავს ამ კუთხითაც ვერაფრით მოვიწონებთ, რადგან ჩვენთან მოხუცებს არ აქვთ
ღირსეული სიბერე, ხოლო უამრავ ბავშვს – ელემენტარული პირობები ფიზიკური თუ გონებრივი
განვითარებისთვის. განა ჩვენი დღევანდელი დღე არ არის შიმშილით გარდაცვლილი ხანდაზმული
ადამიანები და ჩვილები?!

ერთიცაა:
საუბედუროდ, თვალიც, ყურიცა და გულიც ისე მიეჩვია ჩვენი ქალაქის ქუჩებში თუ პროსპექტებზე
უსახლკარო, მიუსაფარი, ღატაკი მოხუცებულებისა და ბავშვების დანახვას, აღარც კი ვიმჩნევთ
და ვეგუებით გულგრილობას, რომელსაც მათდამი იჩენს მთელი ქვეყანა, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი
ინსტიტუტები და, შეიძლება ითქვას, ისინი რამდენიმე მოხალისისა თუ ერთჯერადი საქველმოქმედო
აქციების ანაბარა გვყვანან მიტოვებულები.

იშიკავა
ტაკუბოკუს ამ სევდიან და სულისშემძვრელ ტანკაზე ბევრს მეორე იაპონური შედევრიც გაახსენდებოდა
– შიტირო ფუკაზავას ნაწარმოების მიხედვით გადაღებული შოჰეი იმამურას ფილმი „თქმულება
ნარაიამაზე”, რომელმაც 1983 წელს
კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. გაახსენდებოდა ფილმის მთავარი გმირი – 70 წელს მიტანებული,
სიცოცხლით სავსე ორინი, რომელიც, შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტს, ნარაიამას
მთაზე წავიდეს და იქ დაელოდოს სიკვდილს.

ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის
იაპონურ სოფელში ხდება, სადაც შიმშილი და გაჭირვებაა გამეფებული. იმისთვის, რომ ყველა
შიმშილით არ დაიხოცოს, თემმა წესად შემოიღო მოხუცების ნარაიამას მთაზე წაყვანა და იქ
დატოვება ანუ ზედმეტი ტვირთის მოშორება. ჩვენს საზოგადოებაშიც ხომ თითქმის ასევე აღიქვამენ 
ხანში შესულებს – ადამიანებს, რომლებიც ვეღარ ავლენენ
თავიანთ უნარებს, ვეღარ გამოიმუშავებენ საკუთარი არსებობისთვის საჭირო სახსრებს და
ტვირთად აწვებიან სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ოჯახს. ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეებიც
ხომ, ნარაიამაზე აყვანილი მოხუცებივით, ყველასგან მიტოვებულები ელიან სიკვდილს.

 

ჰოდა, ნუ გვეწყინება, რომ სწორედ ეს
ქუჩებში გამოყრილი, მოწყალების მთხოვნელი მოხუცები და ბავშვები ხატავენ ჩვენი საზოგადოების
დღევანდელ პორტრეტს…



 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი