პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აბიტურიენტობის ტვირთი და მისაღები გამოცდების დილემა

დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში აბიტურიენტობა მოზარდის ცხოვრების უმძიმეს პერიოდად იქცა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

 

  1. განცდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და ყველა აბიტურიენტი სკოლის დამთავრებისთანავე აპრიორი სტუდენტი უნდა გახდეს. ზოგჯერ სულერთია – სად ჩააბარებს, რა სპეციალობით, მთავარია – სტუდენტობა. ბიჭების შემთხვევაში ამ „გარდაუვალობას“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შიშიც ამყარებს.
  2. მოზარდების უმეტესობა ფიქრობს, რომ მე-12 კლასი ეს ის ჯადოსნური წელია, როცა რეპეტიტორების დახმარებით საშუალო საფეხურზე შესასწავლ მთელ მასალას ერთდროულად შეისწავლის. აქამდე ჭრიჭინასავით უზრუნველი ახლა იწვალებს, გადალახავს მისაღებ გამოცდებზე დაწესებულ ზღვრებს და საოცნებოში თუ არა, რომელიმე უნივერსიტეტში მაინც აღმოჩნდება.
  3. ვინც წიგნებს თავს აკლავდა (ცოტა გაუგებარია, წიგნს თავი რატომ უნდა დააკლა ან შეაკლა, წიგნი აქეთ უნდა დაგეხმაროს, გაგაძლიეროს, სასურველი ცოდნის მიღების დამხმარე მოწყობილობად უნდა იქცეს მოსწავლის ხელში), მათთვის ერთი და იმავე საკითხის, მისაღებ გამოცდებზე დამკვიდრებული შაბლონების კარგად გათავისება-შესისხლხორცების, მათზე საფუძვლიანად მორგების წელია. ისინი ჩასაფრებული, დაძაბული გულისკანკალით ელოდებიან – რაიმე არ შეიცვალოს რომელიმე საგნის ასე დაშტამპულ ტესტში. თუ შეიცვალა, მერე იწყება გლოვა, ახალი შაბლონების გასაღებების ძიება რეპეტიტორებთან ერთად, თავიდან მორგება, უსასრულო იმიტირებული გამოცდის ჩაბარება, სანამ ნამდვილ, მტანჯველ მისაღებ გამოცდებზე გავლენ.

 

პანდემია განათლების სისტემაში არსებული პრობლემების ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. საშუალო საფეხურზე წარმოქმნილი პრობლემების ჩამონათვალში ისიც შედის, რომ პანდემიისას ბევრმა მოსწავლემ დაკარგა ყოველგვარი მოტივაცია. ზოგიერთს სიზარმაცისთვის საუკეთესო მომენტი დაუდგა და დაიჯერა, რომ სკოლის გარეშეც შესაძლებელი ყოფილა არსებობა.

მუხტი, რომელსაც მასწავლებლები ავად თუ კარგად ჯგუფური მუშაობის, მრავალფეროვანი აქტივობებისა და პროექტების დახმარებით ვინარჩუნებდით, მრავალი მიზეზის გამო ონლაინსწავლებამ საგრძნობლად შეასუსტა. არასტაბილური სიტუაციის, მუდმივად ცვალებადი ონლაინ- და ოფლაინრეჟიმის გამო ბევრმა მშობელმა არჩია, შვილები რეპეტიტორებთან მაინც დაეკავებინა იმ საგნებში, რომლებიც სამომავლოდ მისაღები გამოცდებისთვის დასჭირდებოდათ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ თუ მანამდე მე-12 კლასის უფუნქციობას ვუჩიოდით, ახლა შეგვიძლია, უფუნქციო მე-10-11-12 კლასებზეც ვივიშვიშოთ და საშველი ვეძებოთ. ანუ პრობლემა, რომელიც მანამდეც არსებობდა (ფუნქციადაკარგული მე-12 კლასი), პანდემიამ (სხვა კლასებზეც გაავრცელა) საგრძნობლად გააღრმავა.

მგონია, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) განმაპირობებელი პანდემიამდეც და პანდემიისასაც არის მისაღები გამოცდების დაშტამპული ტესტები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცვლება და თუ იცვლება, მოსწავლეების, მშობლების, ზოგჯერ მასწავლებლების სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვებოდა ხოლმე.

არადა, შაბლონური მისაღები გამოცდები არასწორი დამოკიდებულებისკენ უბიძგებს მოსწავლეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ავტომატურად უჩნდება ფიქრი, თუ შესაძლებელია, ერთ წელიწადში „დავამუღამო“ ის საკითხები, რომლებიც მე-10-11 კლასებში ისწავლება, რაღატომ დავაკლა წიგნებს თავი?! ჩემი მიზანი ხომ არა საბაზისო ცოდნის შეძენა, არამედ უნივერსიტეტში მოხვედრაა.

დავიწყებ იმით, რომ საშუალო საფეხურის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ეტაპად მოაზრებაც თავისთავად არასწორი და მავნებელი მგონია მოსწავლეებისა და სკოლისთვის. საშუალო სკოლა მოსწავლეებს უმნიშვნელოვანეს საბაზისო უნარებს უნდა უვითარებდეს და მრავალმხრივ, ფუნდამენტურ ფაქტობრივ ცოდნას უნდა აძლევდეს ყველა საფეხურზე. ეს ცოდნა მას უნდა სჭირდებოდეს, მიუხედავად იმისა, უნივერსიტეტში გააგრძელებს თუ არა სწავლას. თუ არადა, სხვა მოდელზე უნდა გადავიდეთ, სისტემამ სერიოზულად უნდა იმუშაოს საბაზო საფეხურით სკოლის დამთავრებასა და პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციაზე. საშუალო საფეხურზე კი უნდა შემცირდეს საგნების რაოდენობა, მოსწავლეს უნდა მიეცეს არჩევანის შესაძლებლობა და სწავლება უნდა დაიყოს მიმართულებებად. სანამ აქამდე არ მივალთ, საშუალო საფეხური ნამდვილად ვერ შეასრულებს მოსამზადებლის ფუნქციას, რადგან საგნის მასწავლებელს სხვა გზით უწევს სიარული, აბიტურიენტს სხვა სიღრმე სჭირდება. ჰოდა, რეპეტიტორებს სკოლის გარეთ ეძებენ.

 

ვინაიდან მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, სჯობს, ამ საკითხზე ჩემი საგნის ჭრილიდან ვისაუბრო – ხშირად სკოლაც თავისდაუნებურად მისაღები გამოცდების შაბლონს ერგება: ადრე გამოცდებზე ითხოვდნენ წაკითხულის გააზრებას, გამალებით მუშაობდნენ მხოლოდ ამ კუთხით; მოსწავლეს უნდა შესძლებოდა არგუმენტირებული ესეის წერა. ბავშვებს მთელი წელი მხოლოდ ესეები უნდა ეწერათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაგონებაც აღარ სურდათ ფრაზის: „საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ… “. მაინც თვითონვე ითხოვდნენ ამას, რადგან დაპროგრამებული იყვნენ, მისაღებზე ეს მოეთხოვებოდათ. წელს, დიდი ხნის შემდეგ, ნაწილობრივ შეიცვალა მისაღები გამოცდის ქართულის ტესტი და სასწავლო პროცესი ახლა ამ მიმართულებით მობრუნდა.

როცა განსხვავებულ, არაშაბლონურ დავალებებს ვაძლევდი, ზოგიერთი ჩემი საშუალო საფეხურის მოსწავლეც არასერიოზულად ეკიდებოდა მას მხოლოდ იმიტომ, რომ „მისაღებ გამოცდებზე ასე არ ითხოვდნენ“. ეს იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტულად რომელიმე გამოცდისთვის კი არ უნდა მოემზადონ, ტექსტის სწორად აღქმა – გააზრება, მისდამი საკუთარი დამოკიდებულების ნებისმიერ ფორმატში გამოხატვა უნდა შეეძლოთ; სიტყვებზე, ფრაზებზე, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება და მათი ამოკითხვა უნდა ისწავლონ, თავიანთი ნააზრევის გამართულად ჩამოყალიბება უნდა შეძლონ, რომ მერე ქართული ენისა და ლიტერატურის ნებისმიერი ფორმატის გამოცდა ჩააბარონ (აბიტურიენტმა, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იცოდეს გამოცდის ფორმა, მაგრამ ნებისმიერი ფორმატის გააზრება-დამუშავებისთვის მაქსიმუმ 2 თვე საკმარისია). ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებდა და უყურებს ჩემს ამ მიდგომას, რადგან გარემოება, არსებული „ტენდენციები“ მოზარდებს სულ სხვა რამეს უკარნახებს. გამოდის, რომ მათი შემოქმედებითობა, სილაღე, ლიტერატურასთან შეთამაშება-გაშინაურება მე-9 კლასში სრულდება. მათ ფანტაზიას ფრთები ნელ-ნელა უმოკლდება და ფრენითაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ფრენენ, მშობლების მხარდაჭერით უხილავი ექსპერტის თუ მასწავლებლის მიერ გაბმულ თოკს მიჰყვებიან.

რა არის გამოსავალი?

დიდი ხანია, სპეციალისტები საუბრობენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს, რომ თავად უნივერსიტეტები უნდა ადგენდნენ მიღების ფორმატს და თვითონვე ირჩევდნენ თავისთვისვე სასურველს. თუმცა ამ ეტაპამდე მისვლას, ჩემი აზრით, სხვანაირი მენტალური მზაობა სჭირდება და ზემოთ განხილული დამოკიდებულებების გათვალისწინებით ჯერ კიდევ არ ვართ მზად ამ რადიკალური ცვლილებისთვის. ეს კი ბევრ უკუჩვენებას გამოიწვევს (ბევრი ადამიანი აღაშფოთა, ჩემი აზრით, ყოვლად მახინჯი, არაფრის მომცემი ე.წ. კატის, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროტესტსაც ჰქონდა თავისი ლეგიტიმური საფუძვლები. ერთ-ერთი იყო ის, რომ ბავშვები საშუალო საფეხურზე საერთოდ აღარ ისწავლიდნენ რიგ საგნებს, რაც მოხდა კიდეც).

 

ამიტომაც სკოლის პრესტიჟის ამაღლებაზე სხვა კუთხით უნდა ვიზრუნოთ და კარგი იქნება, კომპლექსურ პრობლემებთან ერთად იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ: ეროვნულ გამოცდებზე წინასწარ გამზადებული, წლობით გამყარებული შაბლონები კი არ უნდა ხვდებოდეს აბიტურიენტს, არამედ ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა ისწავლოს სკოლაში, რა უნარები უნდა ჰქონდეს, რათა ნებისმიერი ფორმატით ჩააბაროს კონკრეტული საგანი. ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ: რა თქმა უნდა, აბიტურიენტმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ფორმით უნდა ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ ამ ფორმის გასაცნობად და დასამუშავებლად 2 თვე სავსებით საკმარისია.

 

პარადოქსული აზრი გამომივა, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემია სტაგნაციასთან ერთად, დიდი გამოწვევებისა და შესაბამისად, დიდი ცვლილებების დროა. ნებით თუ იძულებით, ავად თუ კარგად, გავიარეთ რაღაც ეტაპი დისტანციური სწავლების გზაზე. ყველაზე ცხადად ახლა დავინახეთ, რომ სრულიად განსხვავებულ ერაში ვცხოვრობთ და მომავლის ადამიანებს ვასწავლით.

სწორედ ასეთ გარდამტეხ მომენტშია საჭირო რადიკალური ცვლილებები: ცვლილებები საგნობრივ პროგრამებში, მოთხოვნებში, მიზნებში, მიდგომებსა და მეთოდებში, რადგან პანდემია ოდესმე დასრულდება, დრო კი უკან აღარ დაბრუნდება, სწავლებას ძველებურ ფორმატში ვერ გავაგრძელებთ და არც უნდა ვეცადოთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება სწავლა-სწავლების ახალ რელსებზე გადასასვლელად, მომავლის ბავშვებს ავყვეთ და ასე სწორად ფრენა ვასწავლოთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი