ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საბა და განსხვავებული ქვა

ერთხელ ერთ პატარა სოფელში მოვხვდი. სოფელში, რომელსაც, თითქმის ყველა ქართული სოფლის მსგავსად, პატარა გორაკი და გორაკზე ასვეტილი ეკლესიაც აქვს. იქვე მდინარეც ჩამოუდის. არც სოფლის ბირჟა დავიწყებიათ იქაურებს, ადათისამებრ, და ამ ბირჟაზე მოყიალე ერთი-ორი კოლორიტიც ყოველ გამვლელთან თავს იწონებს პრიალა ფეხსაცმლითა და წვეტიანი მზერით, ყოველ მანქანას რომ აყოლებენ და მერე უკანვე იბრუნებენ, არაფერი გამოგვრჩესო. ეს ბირჟა პატარა ცერბერია, რამდენიმე თავი აქვს და ჰაიდა, თუ არ მოეწონე, სოფლის სიახლოვეს იქნებ არც გაგაჭაჭანოს.

ჰოდა, ერთხელ მეც მოვხვდი ასეთ სოფელში, სახელს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, დავარქვათ თუგინდ რაღაცისკარი, თუმცა რაღა ცისკარი და ცისკროვანება დავაბრალოთ, უბრალოდკარი იყოს, როგორც შეშვენის. ახლა ამ ბოდიალს რისთვის მოვყევი – თხრობის დასაწყისიდანვე იმ სოფლის ჰაერი რომ ჩაისუნთქოთ და იმისმა მზემაც ცოტა გაგრუჯოთ, აი, ამისთვის. ცოტა ენასაც წავუძველმოდურებ, უბრალოდკარზე ჩემმა მტერმა ილაპარაკოს თანამედროვე სლენგითა და პრანჭულობით. იქა სხვანაირად უბნობენ, თავისებურად, ლაღად, არცუდარდელად, არცაფხიზლად, რაღაცნაირად უფრო. ჰოდა, ბირჟამ დიდხანს კი შეგვაყოვნა, მაგრამ გზა განვაგრძოთ. რას ვიფიქრებდი, თუ ამხელა ბრალის მქონე უბრალოდკარში საბას გავიცნობდი. ორბელიანს არა, მაგრამ ორბორბლიანი ველოსიპედით აქეთ-იქით მოჭრიჭინეს – კი. ველოსიპედის ბარგდამჭერზე (არც კი ვიცი, არსებობს თუ არა ეს სიტყვა, მაგრამ რაღაც მსგავს სიტყვებს ხომ იყენებენ ხოლმე გრამატიკოსნი?! – ავტ. შენ) ერთი დიდი რიყის ქვა დაემაგრებინა და დადიოდა. მომწვანო ქვა იყო, არაფრით გამორჩეული. არაფრით გამორჩეული – ჩემთვის, თორემ საბას კი ჰყავდა კაი კნეინასავით დასკუპებული და დააბრძანებდა.

პატარა იყო საბა, პაწაწკინტელა, ახლა კი იქნება თორმეტ წლამდის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩემი უბრალოდკარისეული ვოიაჟი ექვსი წლით გვაშორებს დღევანდელობას, ვივარაუდებ, რომ მაშინ საბა ის-ის იყო სკოლისთვის ემზადებოდა და ჯერაც არ ენახა ია, თითი, თოხი და მრავალი სხვა სასწაული. კითხვა შევბედე, რა არის ეგ ქვა, რად დაგიმაგრებია და დაატარებ აქეთ-იქით, არ გამძიმებს-მეთქი? ეს სხვანაირი ქვააო, – მიპასუხა.

კარგა ხანს ვუტრიალე, აბა, მე ქვებისა რა გამეგება, იქნებ საბამ უკეთ იცის-მეთქი, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ აღმოვუჩინე იმ ქვას სხვანაირობისა, კიდევ ვკითხე, რითია-მეთქი სხვანაირი. აი, მანდ კი ერთი ისეთი შემომიბღვირა, თავი დაფასთან მდგარი ოროსანი მოსწავლე მეგონა, გაკვეთილი რომ არ იცის და მასწავლებლის ბოლო სიტყვებს იმეორებს, იქნებ ჩამეთვალოსო. რითია სხვანაირი და ლამაზიაო, მიპასუხა, ველოსიპედი გააჩერა, ქვა ბარგდამჭერიდან მოხსნა, გულში ჩაიხუტა და წაფრატუნდა. დავრჩი ისე, გაქვავებული.

უცნაური ბავშვი იყო საბა, მას მერე არ მინახავს, ნეტავ ახლა როგორია, სოფლის ბირჟის კოლორიტებივით პრიალაფეხსაცმლიანი თუ ისევ თავისებური? როდის, რომელ დღეს მოისროლა ის ქვა სადმე ეზოში? ან იქნებ ახლაც ინახავს, როგორც სხვანაირს, ლამაზს. არ ვიცი და სულ მაინტერესებს, იმ დღეს კი ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელმა ამბავმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. უფრო კი იმაზე, რაზეც ჩემამდეც არაერთი დაფიქრებულა: რა გვქმნის ადამიანად? რამდენად ვეწინააღმდეგებით საკუთარ სურვილებს, რამდენად ვძირავთ, ვახრჩობთ საკუთარ მეს და რამდენად ვუმორჩილებთ მას გარემოსა და გარეშემოხვეულ ხალხს? ერთი კია, საბას შემყურემ ისიც წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, იქვე, „ასმეტროში”, ბირჟაზე მდგარ პირობითადგივიას ერთ დილასაც რომ გაეღვიძა, ჩვეულებისამებრ გაბანცალებულიყო ეზო-კარში, იქვე, ატმის ხისკენ ხელი აეწვდინა, ტოტი მოეტეხა, სტვენა-სტვენით გაეგრძელებინა გზა ვიდრე ბირჟამდის და შემდეგ ძმა-ბიჭებთან მდგარს ეს ატმის მოტეხილი ტოტი მოემარჯვებინა და ეთქვა: „ატმის რტოო, დაღალულო რტოო…”

ისე მე ვიხარო, რაც მაგის მერე პედერასტის სახელი ვეღარ მოეცილებინა იმ ჩემი ცოდვით სავსე პირობითადგივიას. უკეთეს შემთხვევაში „ტრამპა-ცუმპას” შეარქმევდნენ და ორი კვირის სამასხარაოც მიეცემოდათ. არადა იმ მომასხარავეთა შორის, ვინ იცის, იქნებ ჯემალაც მდგარიყო, რომელსაც რომ ბავშვობაში, ექვსი წლისას, ქვა დაჰქონებოდა გულში ჩახუტებული, ანდა ბალახი, ანდა ყვავილი, ანდა ჯოხი, ხარახურა ათასნაირი, დაჰქონებოდა და ჩემნაირი ჩასულ-პიჟონებისთვის ეთქვა, აბა, შენ რა გესმის, ეს განსხვავებული ჯოხია, ლამაზიო. მაგრამ გაიზარდა ის ჯემალაც და პირობითადგივიას „ტრამპა-ცუმპა” შეარქვა, ატმის რტოს რომ ლექსებს უძღვნის, იმიტომ. ჰოდა, შემეშინდა მერე, რაღა საბაში ჩასახლდება ქრისტე ანდა მარტინ ლუთერი-მეთქი. როზა პარქსი იყოს თუგინდ. ამათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – შეუძლიათ, თავისზე მეტთ და ძლიერთ უთხრან: ცდები შენ, ათასი კი ხარ ჩემ წინაშე, მაგრამ ცდები მაინც, მე მარტო ვარ და მართალიო. მაგრამ საბა? გალუთერდებოდა კი? თუ უფრო გალოთება ელოდა? ერთ დღესაც იმ თავისი განსხვავებულიქვით ჩაივლიდა ბირჟისკენ და ეტყოდა პირობითადგივია: შვილოსა, მიდი, აბა, ბებიაშენ მაყვალას შეაგინეო. შეაგინებინებდა ბოლოს მაინც. ქვასაც მოასროლინებდა. სიგარეტსაც მოაწევინებდა, როცა რომ. ქალსაც მაატ… მოკლედ, თავის თარგზე მოჭრიდა, როგორც ნამდვილ ქართველ მამაკაცს შეშვენის.

ჰოდა, საბაც, თვითონ საბაც, თვითონ, აი, ჩვენი საბაც, დაინახავს ერთ დღეს პატარა ლევანიკოს, ყვავილჩახუტებულს და არც გაახსენდება, როგორ დაჰქონდა რიყის განსხვავებული და ლამაზი ქვა. ან გაახსენდება და დაივიწყებს წამიერადვე. მივა და აუხსნის, როგორ არ უხდება კაცურ კაცს ყვავილით სიარული და რო დიდი ბიჭია უკვე ასეთი სისულელეებისთვის. იმ ყვავილს გადააგდებინებს, პაპამისისთვისაც შეაგინებინებს, სიგარეტსაც მოაწევინებს, როცა რომ და ა.შ. საბავე იზამს ამას. მერე ლევანიკო გაიზრდება, გალევანდება და ა.შ. ვიდრე მარტინ ლუთერს არ გადაეყრება ერთ-ერთი.

მოკლედ, კარგა ვიბოდიალე მეცა. სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, საბა თვალს მოსცილდა, ცას წინასაქუხილე მდგომარეობა შეეტყო, ბირჟა მოირყა და მეც იმ სახლისკენ გავწიე, რომელსაც ვსტუმრობდი. კაი ქეიფი გველოდა იმავღამ. რა სჯობია წვიმის ხმაურში ქეიფს და დროსტარებას – ყანწი, ტანცი, კანჭი და შენხარჩემიბატონი თამადა.

მე კი ვიჯექი ცხვირჩამოშვებული, მაგრამ დიდად არ შეუმჩნევიათ ეს ამბავი, დაღლილობას დააბრალეს და გააგრძელეს ლხინობა. მხოლოდ შიგადაშიგ ამ მშვენიერ ნადიმს სუფრის ირგვლივ მობოდიალე ბავშვების ხმაური თუ დაარღვევდა. დაბაჯბაჯებდნენ ცალ ხელში კიტრით და მეორეში ტარხუნის ლიმონათით მომავალი პირობითადგივიები და ყველა საგანს სხვანაირი საკრალურობით აღიქვამდნენ. ასე იყო, ვიცი, მე ხომ მაინც ვიცი. საბას რომ ვკითხე ქვაზე, მაშინაც ხომ ვიცოდი. აბა, პირდაპირ ხომ არ ვეტყოდი, ბავშვობაში როგორ მიყვარდა ერთი პატარა თოჯინა-მარიონეტი, სახელად ჯაჯუ, ჰო, აი, სწორედ ის, მერე სანაგვეზე რომ მომასროლინეს ახლობელ-მზრუნველებმა „დროაგაიზარდოს” ცნობილი შელოცვის თანხლებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი