ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წიგნები გამოვიდნენ სახეტიალოდ

მგონი, ადრეც მითქვამს – მე მჯერა ადამიანების, კიდევ იდეების მჯერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებთ, კიდევ იმის მჯერა, რომ შეუძლებელია, ადამიანს კითხვა არ შეუყვარდეს, თუ ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გადაყრია წიგნს, რომელმაც დააფიქრა, რეალობას მოსწყვიტა და აზროვნება ოდნავ მაინც შეუცვალა. საყვარელმა წიგნმა კი, შეიძლება, სრულიად შემთხვევით იპოვნოს მკითხველი, რომელიც მთელი ცხოვრება ელოდა მას. 

ორიოდე კვირის წინ მწერალთა სახლში მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და ლიტერატურის გულშემატკივრები ზურაბ ქარუმიძისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად შეიკრიბნენ. მიმართვას ხელი მოვაწერეთ, ერთმანეთს გულისტკივილი გავუზიარეთ, ვიმსჯელეთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლიტერატურას თავდასხმები ავარიდოთ და დავიშალეთ. მივდიოდი შინისკენ და ვფიქრობდი, მეტ ადამიანს რომ წაეკითხა ქარუმიძის წიგნები, ეს პეტიცია არ დაგვჭირდებოდა. მეტ ადამიანს რომ მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, მკითხველთა უფროსი თაობა, ხშირ შემთხვევაში, ამრეზით რომ არ უყურებდეს ახალგაზრდა ავტორებს, თავის მხრივ, ახალგაზრდები მეტ დროს რომ უთმობდნენ წიგნებს, მედია რომ ხელოვნებისთვის იცლიდეს, კითხვა უფრო მოდური რომ იყოს, განათლება რომ კარგ ტონად ითვლებოდეს, ჩარჩოებში ცხოვრება რომ არ გვეადვილებოდეს და აზროვნებას საზღვრებს არ ვუწესებდეთ, უმეტესობას წიგნის ყიდვის ფინანსური შესაძლებლობა რომ გააჩნდეს და ვისაც ფული აქვს, ლიტერატურის ფასი იცოდეს, გაცილებით გაგვიადვილდებოდა წინსვლა, მწერლები დასაცავი აღარ გაგვიხდებოდნენ, დროც დაგვეზოგებოდა, ნერვებიც და უარყოფითი ემოციებითაც არ შევაწუხებდით ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისა და წიგნების თანაცხოვრება არც ისე ჰარმონიულია.

 

ზუსტად იმავე საღამოს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალი გვერდი – „მოხეტიალე წიგნები” გამოჩნდა. ერთგვარ თამაშში, რომლის იდეაც ახალგაზრდა მწერალ ჯაბა ზარქუას მოუვიდა, ძალიან მალე ათასობით ადამიანი ჩაერთო. წესები მარტივია: იღებთ წიგნს, უკეთებთ დაახლოებით ასეთ წარწერას: „გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. წამიკითხე და ისევ სადმე დამტოვე, რომ სხვებმაც მიპოვნონ”. უთითებთ თარიღს, შემდეგ წიგნს სადმე, უკეთეს შემთხვევაში, ხალხმრავალ ადგილას ტოვებთ (ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერში, კაფეში და ა.შ.) და თქვენი წიგნი იწყებს ხეტიალს. შეგიძლიათ, თქვენი სურვილის მიხედვით, წარწერას ფოტო გადაუღოთ, ფეისბუქზე „მოხეტიალე წიგნების” გვერდი იპოვნოთ და ფოტო გააგზავნოთ. სულ ესაა. წიგნი, რომელიც გაისტუმრეთ, შეიძლება, აღარასოდეს დაგიბრუნდეთ უკან, თუმცა ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ჰგავს სიკეთის ქვაზე დადებას – ვინ იცის, ვის გადაეყრება თქვენი ბიბლიოთეკის ყოფილი ბინადარი, იქნებ სტუდენტს შეხვდეს, რომელსაც არასოდეს ჰყოფნის ფული მხატვრული ლიტერატურის შესაძენად, ან ასაკოვან პროფესორს, რომელიც თანამედროვე ავტორებს არ აღიარებს, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნი წიგნის წაკითხვაზე უარს არ იტყვის, ან საუკეთესო შემთხვევაში, იმ გაზეთის ჟურნალისტს გადაუჭრას გზა, სადაც დაუზარლად ლანძღავენ ქართველ მწერლებს და ყველაფერი სხვაგვარად დაანახოს?

ჯაბას ინიციატივას თავიდანვე სიხარულით შევხვდი, თუმცა გამოგიტყდებით, ვერ წარმომედგინა, რომ რამდენიმე დღეში თამაშში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი, უამრავი რაიონული ცენტრი და სოფელი ჩაერთვებოდა; ადამიანები საყვარელ წიგნებს, ბოლო დროის საუკეთესო გამოცემებს, ქართულ და უცხოურ ბესთსელერებს გაუშვებდნენ სახეტიალოდ; უნივერსიტეტები, სკოლები, მედიასაშუალებები, სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები ერთნაირი ენთუზიაზმით შეხვდებოდნენ ამ წამოწყებას და უფრო მეტიც _ გამოგვეხმაურებოდნენ ციხეებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან. შეიძლება ითქვას, რომ სახეტიალოდ გამოსულმა წიგნებმა ყველა გაგვაერთიანა, განურჩევლად ასაკისა, პოლიტიკური მოსაზრებებისა და სოციალური სტატუსისა.

გამოდის, კითხვა გვყვარებია, გამოდის, წიგნები გვყვარებია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთიც გვყვარებია, რადგან საკუთარი თაროებიდან წიგნებს ვიმეტებთ, ან სულაც, ახალ წიგნებს ვყიდულობთ სამოგზაუროდ გასაშვებად. გამოდის, მოგვნატრებია საერთო პოზიტივის შეგრძნება, რადგან ერთმანეთისთვის მადლობის გადახდას ვახერხებთ, წიგნის გაცემის სიხარული ზოგჯერ უფრო დიდიც კია, ვიდრე – პოვნის. 

„მოხეტიალე წიგნების” შესახებ უკვე ბევრი თქვეს და დაწერეს, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე, ცალკე მეთხოვა მასწავლებლებისთვის, ჩართონ მოსწავლეები ამ ძალიან სასიკეთო და სახალისო მოძრაობაში, თუნდაც სკოლის მასშტაბით. უამბეთ ბავშვებს „მოხეტიალე წიგნების” შესახებ და მალე თავად დაინახავთ, რომ უფრო მეტად შეიყვარებენ და გაუფრთხილდებიან წიგნებს, ვიდრე ოდესმე. 

ჯადოსნური მოგზაურობა გრძელდება. დრო რომ გავა და ძალიან მოხუცებს ჩვენივე გაშვებული წიგნები სულ შემთხვევით უკან დაგვიბრუნდება, ბედნიერად გაგვეღიმება, დავსხდებით და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ ერთ დღეს წიგნებს მობეზრდათ თაროებზე ცხოვრება, განსაკუთრებით, წლების მანძილზე ხელმიუკარებელ, გვერდებგაუჭრელ წიგნებს, რომ წიგნებმა გაიმარჯვეს ადამიანებზე, ეგოიზმსა და მესაკუთრეობაზე, სიბნელესა და უმეცრებაზე და სახეტიალოდ გამოვიდნენ…
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი