შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„და ვიდრე სოფელი მძვინვარებდა…და ვიდრე სოფელი ქოთქოთებდა…და ვიდრე სოფელი ბჭობდა…“

მათ ზიზღით, სიძულვილითა და ათასი სტერეოტიპით გაჟღენთილი მზერით ვუყურებთ. ისინი არსებობენ და თან არც არსებობენ, რადგან მათ უმეტესობას ჩვენს ქვეყანაში არსებობის დამადასტურებელი არავითარი მოწმობა არ გააჩნია, რის გამოც ასევე ვერ ახერხებენ სკოლაში სწავლას და სრულფასოვანი განათლების მიღებას. 
ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი ტყუილ-მართალი გაგვიგონია მათ შესახებ. უფროსები გვაშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოვიქცეოდით, ისინი მოვიდოდნენ და მოგვიტაცებდნენ. ერთხანს, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, აღარ ჩანდნენ ჩვენს თვალსაწიერზე – რკინიგზის სადგურებზე, ბაზრებში, ცირკში… არავინ იცის, სად იყვნენ, სად შეაფარეს თავი. ახლაც, როცა დაუბრუნდნენ ჩვენი ქალაქების ქუჩებს გავერანებული სოფლებიდან და დასახლებებიდან, ზრუნვა კი არა, იმასაც არავინ ეკითხება, სად ცხოვრობენ, როგორ არსებობენ, რა აწუხებთ, რამ აიძულა მოწყალების სათხოვნელად შვილების გამოყვანა და რა უშლით ხელს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ. ისინიც თითქოს შეეგუებულები არიან ყოველივეს – მათ ხომ ურიცხვი დევნა და შევიწროება გადაუტანიათ ისტორიის განმავლობაში.
რამდენიმე დღეში, 8 აპრილს, ბოშათა საერთაშორისო დღეა, ის 1971 წელს ლონდონში შეკრებილმა ბოშათა პირველმა საერთაშორისო კონგრესმა დააწესა. 30 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ჰიმნი – „ჯელემ, ჯელემ” („წავიდეთ, წავიდეთ…”). ბოშებმა თავი ერთიან, თავისუფალ ერად გამოაცხადეს.
მე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე და ძალიან მიყვარს ბოშათა ჰიმნი, რომელიც ხალხური სიმღერის მიხედვითაა დაწერილი. ისიც მომწონს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების, ენობრივ, ტრადიციულ და კულტურულ განსხვავებათა გამო მისი მრავალი ვარიანტი არსებობს და ყველა შემსრულებელი თავისებურად ასრულებს.

მართალია, საქართველოს ბოშათა თემმა თითქმის სრულფასოვნად შეინარჩუნა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა, მაგრამ, სამწუხაროდ, თანდათანობით დავიწყებას ეძლევა ბოშათა ტრადიციები, მაგალითად, ჩაცმის ტრადიციული სტილი. უკვე იშვიათად წააწყდებით ბოშა ქალების ლამაზად მორთულ-მოკაზმულ, ბრჭყვიალა კაბებს, იკარგება ბოშური სიმღერისა და ცეკვის კულტურაც.
ვინაიდან ჩვენში არ არსებობს ბოშათა ანსამბლები, შემოგთავაზებთ ბოშათა ჰიმნის ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო ვარიანტს, რომელსაც უნგრეთში არსებული „განდის სკოლის” მოსწავლეთა გუნდი ასრულებს. აი, ასეთი ბოშათა სკოლებია უნგრეთში…

კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოშები შვილების სწავლის პრინციპული მოწინააღმდეგეები არ არიან; ზოგიერთს, პირიქით, დიდი სურვილიც აქვს, ბავშვებმა განათლება მიიღონ და ძალიან წუხან, რომ ვერ ახერხებენ ამას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ისიც, რომ ახსნა-განმარტებისა და სათანადო მუშაობის ჩატარების შემთხვევაში ადვილად მოხერხდება სკეპტიკოსი მშობლების დარწმუნებაც, ბავშვები აუცილებლად მიაბარონ სკოლაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი