„ენი“ – თოვლიანი მხარე

ერთ სერიაში „თავცეცხლა რობერსპიერს“ უწოდებენ. სერიალის მთავარ გმირს თითქოს მართლაც ცეცხლი მოსდებია, რაც აიძულებს, მუდმივად ეძებოს გამოსავალი, წარმოუდგენელი წარმოიდგინოს, იფიქროს და ნაფიქრი სიტყვებად დააწყოს – თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც კი იმ კუნძულზე ცხოვრობს.

ზამთრის უძალო მზით განათებული, თოვლით დაფარული სახლები და ეზოები. თვალი სითეთრეს მისჩვევია, ხელი – ყინვაში საქმის კეთებას.

ტყეში მელია დადის და რაღაც სათავისოს ეძებს. ზუსტად ისე, როგორც ეს გოგო – ენი, ხანში შესულმა და-ძმამ რომ იშვილა შორეულ პრინს ედუარდის მიწაზე.

განწირული. უმშობლებო.

კანადური სერიალი „Anne with an E“ 1908 წელს გამოსული რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. კანადელი მწერლის, ლუსი მოდ მონტგომერის „Ann of Green Gables“ – სათაურს უთარგმნელად ვტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტებზე კარგა ხანს ვიფიქრე.

წიგნი არ წამიკითხავს, სერიალი კი ერთმა კარგმა გოგომ მირჩია – მოგეწონებაო. და აი, ის დღეც დადგა, როცა გაზეთის მკითხველის დასარწმუნებლად სიტყვებს ვარჩევ: თოვლიანი პეიზაჟების სილამაზე ერთია და მკაცრი სამყაროს ამბებისა – მეორე.

მოზარდობის გამოცდილება ყოველთვის, ყველა კონტინენტზე გულისხმობს რაღაც ისეთისთვის თვალის გასწორებას, რაც ბევრად უფროსებს და გამოცდილებსაც აშინებს. წესებს სწავლობ – სხვა რა გზაა, მაგრამ გეჩვენება, რომ ისინი არც არაფერში გეხმარება.

გაუძლებს ენი? იპოვის ძალას, რომ გაყინულ მიწაზე სიარული გააგრძელოს?

არა, ზამთარი უსასრულო არ არის, შორეულ კუნძულზეც კი. ის, ვინც ერთ დროს გული გატკინა, შესაძლოა გამორჩეულად საყვარელ ადამიანად გაგიხდეს, რომელსაც შენს უბედურებაზე მოუყვები, გრძნობით სავსე თვალებით შეხედავ. არაფერია ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული. სიმართლე ხაზის აქეთაც არის და იქითაც.

ცეცხლისფერთმიან გოგოს მეგობრები ჰყავს, მელია ჰყავს. ოთახიც აქვს სახურავზე, სადაც გრძელ მონოლოგებს კითხულობს წარმოსახვითი მაყურებლის წინ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოზარდებზე გადაღებულ სერიალს თვალს ვერ მოვწყვეტდი.

სხვებიც არიან, რომლებსაც ნელ-ნელა დაუახლოვდება. მისი თანატოლები, მასავით თავგზაარეულები. გილბერტი, დაიანა, ჯერი…

სკოლა ისეთია, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელს შეუძლია საცოლე მოსწავლეებიდან შეარჩიოს, გაკვეთილებს შორის ეფეროს და ბოლოს მისი ხელიც სთხოვოს მშობლებს. დიდად არავინ გაიკვირვებს, ჯვრისწერის სამზადისსაც გულმოდგინედ შეუდგებიან.

რაღაც ნიშნით კლასელის ამოჩემება და ჩაგვრაც ჩვეულებრივი ამბავია. განსხვავებული ხარ? – ფასი უნდა გადაიხადო.

მეშინოდა, რომ სერიალის შემქმნელები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ და უფრო მეტად შეეცდებოდნენ იმის გამოკვეთას, რაც უფრო დღევანდელი სადარდებელია, რაც უცხო და უცნაური იქნებოდა იმ ხანისათვის; ან თანდათანობით გაამარტივებდნენ მთავარი გმირების ყოველდღიურობას და იმ მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანდნენ, რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ. ცხოვრება მაინც მშვენიერია. ნიავმა აყვავებული ხეების სუნი მოიტანა.

რა თქმა უნდა, ხანდახან ენსაც ეხვევა თავბრუ სიხარულისაგან. ამას არ ვგულისხმობ.

ყოველი ახალი სერია იმ ვარაუდს მიმყარებს, რომ არ ავიწყდებათ, საიდან დაიწყეს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სანახავი.

მომწონს, როცა გმირების სიმართლე ჩემი სიმართლეა.

მომწონს, როცა მეუბნებიან: აი, სამყარო და დანარჩენი შენ იცი!

მომწონს, როცა საითაც გაიხედავ, ყველგან თოვლი ბრწყინავს და სახლების საკვამურებიდან ამოსული ბოლი რაღაც უცნაურს ჰყვება.

 

მინაწერი: „ენი“ – ამ სახელით მოძებნეთ ქართულ ვებგვერდებზე.  

 

კომენტარები

comments