შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როცა გაქცევა გინდა

ალალად გეტყვით, მიჭირს იმ ტექსტის მნიშვნელობაზე საუბარი, რომლის დაწერასაც ვაპირებ. თვალნათლივ ვიცი, სამყაროს მისხალი არ დააკლება, საერთოდ რომ არ დავწერო. ვიცი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ დარდი ბოლომდე ამოიღონ გულიდან, მე კი არ შემიძლია და ამიტომ ვწერ.

პროგრამაში მოხვედრის შემთხვევაში მინდა, დავწერო ბიჭზე, რომელსაც წვიმაში გაგდებული ლეკვივით აქვს თვალები და ეტყობა, ყოველთვის ბიჭად დარჩება.

მინდა, დავწერო ადამიანებზე, რომლებიც წლები ცხოვრობენ და დღეები არ უნახავთ კარგი; ადამიანებზე, რომლებიც იმდენს შრომობენ უნაყოფოდ, თავის მოკვლის დრო აღარ რჩებათ; ბოლოს კი იმაზე, რომ ამ სამყაროში ყველანი ცოდონი ვართ: კეთილებიც და ართვალებიც, მიმტევებლებიც და შურისმაძიებლებიც.

იმასაც გეტყვით, რატომ ვერ დავწერე აქამდე და რატომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი ჩემთვის.

კაცისგან გაქცევა რა სათქმელია, მაგრამ უნდა გავიქცე; გავიქცე ლესნიჩი ცოტნესგან, ფანოღა ლევანისგან, ატეკა ზაქროსგან, კრიმინალი ცისკოსგან, იმიტომ, რომ რამდენჯერაც სახედარივით დაღლილი ჩემს საწოლზე მივეგდები, ზარია. ვიცი, რომ უნდათ, მათთან ვიყო. ამიტომაც მატყუებენ, რომ სასმელს მისაყოლებელი პური არა აქვთ და სიგარეტიც გამოელიათ. მეც მუცელი ამიქოთქოთდება, თანაც მენატრებიან და მივდივარ.

უნდა გავექცე ძროხებს… შემოდგომა მოვიდა, ბალახი უკან გაბრუნდა და ისინიც ვეღარ ძღებიან, ყოველ ღამე ტყეში მაძებნინებენ თავს.

უნდა გავექცე კარტოფილს, რომელიც ისეთი ჟიჟმატია, ამოსაღებად არ ღირს. ჩემი ჯაფა რომ არ მენანებოდეს, მიწაში დავტოვებდი.

უნდა გავექცე ბოსტანსა და ეზოს, რომელთა ღობეები მოირღვა და ღორებს ვეღარ იმაგრებს.

გავექცე წვრილ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს – ჭრელი გველებივით შემაზიზღეს თავი.

გავექცე მშობლებს – მათ მე ვეცოდები, მე კი ისინი მეცოდებიან.

მოკლედ, უნდა გავიქცე რა, ცოტა ხნით მაინც, ეს დაგროვილი რომ ამოვიღო გულიდან.

გავიქცე, სანამ ჩემი უწიაღო მიწა მომენატრება და დამიძახებს.

 

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ წუხელ მითხრა, რომ ათ დღეში ჩემი წიგნი გამოვა.. ზუსტად იგივე დამემართა, რაც მაშინ, როცა თონეთის სკოლის დირექტორმა, ნანა აზრუმელაშვილმა მითხრა, ორშაბათიდან სკოლაში მუშაობას იწყებო… სიხარული და შიში გულს რომ შეგიგუბებს.

იმ წელს მწერალთა სახლმა სარეზიდენციო პროგრამა გამოაცხადა ქართველი მწერლებისთვის. ათ მწერალს ორი კვირის განმავლობაში მწერალთა სახლის სხვენში უნდა ეცხოვრა და დაეწერა. გამიმართლა და მოვხვდი. ვიცხოვრე ორი კვირა კატო ჯავახიშვილთან და ნინია სადღობელაშვილთან ერთად. კატო პიესას წერდა პირველ რესპუბლიკაზე, ნინია კიდევ – რომანს. ხელში შეკლული მყავდა ორივე, იმის მაგივრად რომ თავიანთი საწერი ეწერათ, ჩემს ნაცოდვილარს კითხულობდნენ.

ნინია ახლა ამ წიგნის რედაქტორია, რომელიც ათ დღეში გამოდის, რომ არა ის, წიგნი არ იქნებოდა; და კიდევ – მწერალთა სახლი, თავისი სარეზიდენციოთი. არანაირი რეკლამა, წუხელ უძილო ღამეს, უჯრების ქექვისას ამ ჩანაწერს გადავაწყდი.. .

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი