სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

ქვიარობის დიაპაზონი – ნიქო გორგილძის „აქ მიპოვი“

ერთ-ერთ ადრეულ წერილში ოქტავიო პასის სიტყვები გავიხსენე – პოეზია ისაა, როცა ყოველი სიტყვა სისხლშია ამოვლებული-მეთქი. უფრო ზუსტი ციტატა ამგვარია: „როცა ისტორიას სძინავს, პოეზია მეტყველებს: მძინარე ადამიანთა შუბლებზე, პოეზია სისხლის თანავარსკვლავედია“. ნიქო გორგილაძის კრებულშიც ყოველი სიტყვა სისხლშია ამოვლებული და არა იმიტომ, რომ ავტორი იმას წერს, რაც გამოცდილი აქვს, არამედ იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, გამოცდილი და განცდილი როგორ დაწეროს – საამისო სიმამაცეც აქვს და ოსტატობაც.

ეს განცდილი კი ბევრი რამეა: სიყვარული, ნოსტალგია, ჩაგვრა, ლტოლვილთა ბანაკში ყოფის მოთმენა. რა აერთიანებს ამ გამოცდილებებს? რა გარდაქმნის მათ ერთიან ესთეტიკად?

ქვიარობა. და ამ შემთხვევაში ქვიარობა თუმცა მოიცავს სექსუალობის კომპონენტსაც, არ შემოისაზღვრება მხოლოდ ამით. ამ კრებულის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ აქ ქვიარობა გარდათქმულია, როგორც ღვთაებრიობა, ყველგან და ყველაფერში განბნეული, ღმერთივით უხილავი, გაუგებარი და ჩაუწვდომელი:

„თუმცა ცრემლები არ იუცხოვეს ფანჯრის მინებმა,

როგორ ვერ ხვდები,

შენს ტკივილებს ბაზარი ვერ არეგულირებს,

რადგან ვერ გხედავს,

არ გესმის შენი,

არ გცნობს,

არა ხარ.

ათასწლეულებს ითვლის შენი მალვა და დევნა,

რადგან გაქციეს ბოროტ ზღაპრად,

მოარულ ხმად და უცხო არაკად,

მეფეც ყოფილხარ,

დამპყრობელიც,

კომპოზიტორიც,

მონაც, ზვარაკიც

და ზანზალაკი,

სიყვარულზე რომ მღერის მარადის“.

ესაა ამონარიდი ლექსიდან „ცა და ცისფერი“, რომელშიც ავტორი ერთ-ერთ დამამცირებელ ევფემიზმს „ცისფერი“, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში ქვიარობას აღნიშნავს, შინაარს უცვლის:

„სამყაროს ხნის ხარ,

ერთდროულად ხარ

და არა ხარ,

ხოლო შენი ხმა არც აქ ესმით,

ცადაც არ ადის,

რადგან ზეცა და ზეცისფერი

უხილავია,

მხოლოდ ცისფერი ავტობუსი

ჩანს ამ ქალაქში“.

ქვიარობა უხილავია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ ესმის (და არც ცდილობენ), გაუგონ ქვიარების ტკივილს. მეორე მხრივ კი, უხილავია, როგორც არაამქვეყნიური, ღვთაებრივი. ანდროგინიის ღვთაებრიობაზე მირჩა ელიადეს აქვს შესანიშნავი სტატია, რომელსაც მოიძიებთ ქართულად თარგმნილ კრებულში „ანდროგინი და მეფისტოფელი“. ანდროგინია, ქვიარობა – როგორც ბინარული წესრიგის მიღმა მყოფი, მეტაფიზიკური რეალობა, რომელსაც ვერ იგებენ ისინი, ვინც მხოლოდ „ცისფერ ავტობუსს“ ანუ ბანალურ, ყოველდღიურ ყოფას ხედავენ.

ნახეთ, როგორ მთავრდება ეს ლექსი, ორაზროვნების კიდევ ერთი მაგალითით:

„უშველე შენს თავს,

უშველებელს,

თუ შერჩა მისგან კიდევ რაიმე…“.

„უშველებელი“ აქ „შველას მოკლებულს“ ნიშნავს პირველი წაკითხვით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „უშველებელი“ „დიდის“, „უზარმაზარის“ სინონიმიცაა.

ორაზროვნება კრებულში შემავალ ლექსებში მხოლოდ ამით არ მოიწურება, მას მეორე განზომილებაც აქვს, ამბივალენტურობის: როცა ვამბობთ ღვთაებრივი, არ ვგულისხმობთ ზოგად, ტრანსცენდენტურ, სამყაროს შემოქმედს. არა, ნიქო გორგილაძესთან ამ ღმერთს კონკრეტული სახელი აქვს – იესო ქრისტე, რომელიც კრებულის ლირიკულ გმირს ღმერთად არ სწამს:

„მე ღმერთი არ მყავს,

ვერავისთან ვაფრენ საჩივარს…“ (გვ.12)

„დედაო ღვთისავ!

(ასე მოგმართავენ სხვები, მარიამ),

მინდა, იცოდე:

არ მწამს ქალწულის შენებრ ჩასახვის

და არც ძე კაცის მკვდრეთით აღდგომა […]“ (გვ.29-30).

არ სწამს, მაგრამ მაინც მიმართავს ღვთისმშობელს, როგორც დედას ამავე ლექსში; არ სწამს, მაგრამ მარტინ ლუთერის ტაძარში ზის და უსმენს მესას (გვ.48); არ სწამს, მაგრამ მაინც როგორც ღმერთს, ისე ელაპარაკება:

„Hallo Christus, ich bin Niko!

აქ ყველა გერმანულად საუბრობს,

იქნებ შენც ასე უფრო გაიგო…

იქნებ არცაა ქართული – ენა საუფლო.

დიდი ხანია, ვეღარ გაწვდენ ჩემს ხმას ზეცამდე,

დრო გამომიყო,

ეცადე,

გამოვიყენებ ერთი ლექსის უფლებას“ (გვ. 54).

ელაპარაკება, როგორც ლტოლვილი – ლტოლვილს, უსახლო – უსახლოს: ამავე ლექსშია აღწერილი, როგორ ფურცლავს სახარებას ლტოლვილთა ბანაკში და კითხულობს იმ მონაკვეთს „ძე კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“. ეს ის მდგომარეობაა, როცა სახლი მხოლოდ გულსაკიდად შეიძლება გეკიდოს და საყვარელი ბიჭიც და მეგობრებიც მხოლოდ სიზმარში იყვნენ შენთან განუშორებლად:

„ყელზე ნაჩუქარი ამულეტი მიკეთია,

პატარა სახლია.

დამესიზმრა, რომ მასში ვცხოვრობდი

ჩემი ოცნების ბიჭთან ერთად.

იქ იყვნენ ჩემი მეგობრებიც

(არაიუდა, არაპილატე),

ვინც არ უარმყვეს, მიერთგულეს,

არ მიღალატეს“ (გვ. 57).

ქვიარობის ამბივალენტურობით უნდა აიხსნას რელიგიური (ქრისტიანულ-მართლმადიდებლური) სიმბოლიკის ტრანსგრესიული გამოყენებაც, განსაკუთრებით თვალსაჩინო ლექსებში: „ყვავილების ღვთისმშობელი“, „*** ვენესუელელი მარია“, „*** ცივი ღამეა დრეზდენში“.

ეს ამბივალენტურობა და ჩაგვრისა და ძალადობის მძიმე გამოცდილების გადმოცემა გვიჩენს მოლოდინს, რომ ლექსებში სადღაც სიძულვილი ან ზიზღიც უნდა იყოს. თუ ეს ორი რამ არა, ბრაზი მაინც. მაგრამ არა – ნამდვილი პოეტი ყველა უარყოფით განცდას შემოქმედებად გარდაქმნის და აქაც ასეა: პროტესტი ნამდვილად არის, გულისტკენა უსამართლობის გამო არის, მაგრამ ლირიკულ გმირს არავინ სძულს. მან ორი რამ იცის: ერთი, რომ –

„როცა შენს სულში სიყვარულის ხე მსხმოიარეა,

სხვების ხელები – სისხლიანი – მას ვერ გასხლავენ“ (გვ. 25);

და მეორე, რომ ქვიარობის წარმოჩენა სხვად არის არა ონტოლოგიური, არამედ ეპისტემოლოგიური მოვლენა – ეს მცდარი აღქმაა, რომელსაც ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და მაინც ადამიანებს შორის გადაულახავ ჯებირს აშენებს:

„ღმერთო ჩემო,

ბევრი არაფერი შეცვლილა თურმე,

გარდა იმისა, რომ მე ნიქო მქვია,

ციცოს – ნინო.

მინდა, მეგობრობის თხოვნა გავუგზავნო,

მაგრამ ვაითუ, შეაშინოს უცხო სახელმა –

და იქნებ კიდეც ჰომოფობია…

ისე ხომ ვეღარ გამიცინებს,

როგორც ციცო – პატარა ნიკას…

არადა, მე ხომ ზუსტად ისე ვიცინი,

როგორც მაშინ…

და ვტირი ისევე, როგორც ვტიროდი უწინ…“ (გვ. 72-73).

ამრიგად, „აქ მიპოვი“ არის ერთი დიდი ამბავი ქვიარობის, საკუთარ თავთან, ღმერთთან და სხვა ადამიანებთან მიმართების წინააღმდეგობრიობაზე, დაწერილი სწორედ იმ გაბედულებითა და ცოდნით, კარგ ლიტერატურას რომ სჭირდება, მით უმეტეს – ჩვენნაირს, დიდი პოეტური ტრადიციის მქონეს. „აქ მიპოვი“ არის კიდეც ამ ტრადიციის ნაწილი – წაიკითხეთ და თავად იპოვით გამოძახილებს, ახლა მხოლოდ ერთს მოვიხმობ: არის სივრცეები, განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა რომ შეუძენია ჩვენს პოეზიაში, მაგალითად, მტკვარი, მთაწმინდა. ნიქო გორგილაძემ ამ პოეტურ ქრონოტოპებს კიდევ ერთი შემატა: შავი ზღვა, რომელიც ბევრგან შეგხვდებათ და რომელსაც იგი ერთ ლექსში პირდაპირ ასე მოიხსენიებს „შავი ზღვაწმინდა“, რითაც ხაზს უსვამს: შავი ზღვა, უბრალოდ, ნოსტალგიის გადმოსაცემად კი არ მოიხმო, არამედ სწორედ ქრონოტოპად აქვს მოაზრებული, ზუსტად ისეთივედ, როგორიც ჩვენს პოეზიაში დიდი ხნის დამკვიდრებული მთაწმინდაა.

P.S. სათაურისთვის მადლობა ნათია გიორგაძეს, რომლის „ღმერთის დიაპაზონმაც“ მოულოდნელად შემახსენა თავი. ამ ორ კრებულს შორის თითქოს რა კავშირი უნდა იყოს, მაგრამ, ხომ იცით: წიგნები ერთმანეთზე ჰყვებიან…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“