პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

БГ – დაბრუნება!

წინა პოსტში დავწერე, ორი რუსეთის არ მჯერა, მჯერა მხოლოდ იმის, რომ ამ ქვეყანაშიც არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც საბჭოეთის მენტალურ ტყვეობას თავი დააღწიეს-მეთქი. დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე მსურს საუბარი. მისი ინიციალები ასეთია – Б.Г.

უფროსი თაობისგან ხშირად გამიგია, თუ რა რთული იყო 70–იან წლებში აკრძალული, “კაპიტალისტური” მუსიკის ჩანაწერების მოძიება. ძალიან ცოტა თუ მოახერხებდა სახლში ჰქონოდა ფირფიტები მაგიური წარწერებით: „Pink Floyd”, „Deep Purple”, „Led Zeppelin” „Beatles”, „Status Quo”, „Rolling Stones” და ა.შ. თუკი ასეთ ფირფიტას როგორღაც ხელში ჩაიგდებდით, ახლო-მახლო მცხოვრები ახალგაზრდების თვალში მომენტალურად ძალიან საინტერესო და პატივსაცემ ადამიანად გადაიქცეოდით. პერსპექტივაში რამდენიმე ათეული რუბლის გამომუშავებაც ჰქონდათ – მელომანები თანხას არ იშურებდნენ ფირფიტის დასაქირავებლად და ასლების გადასაწერად. პატივისცემა ერთი-ორად იზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ უფასოდ დათანხმდებოდით კოპირებას.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუსიკალური მრავალფეროვნების თვალსაზრისით სწორედ ასეთ რთულ პერიოდს, 70–იან წლებს, ემთხვევა საბჭოთა როკის აღმავლობის დასაწყისი – ალტერნატიული მუსიკის ორი პიონერი ჯგუფის, „Машина Времени”-სა და „Аквраиум”-ის შექმნა. პირველი მათგანი 1969 წელს ანდრეი მაკარევიჩმა ჩამოაყალიბა, მეორე 1972–ში – ბორის გრებენშიკოვმა. წლების განმავლობაში მათ „ანდერგრაუნდში” ყოფნა უხდებოდათ და, ვფიქრობ, რომ არა თბილისი, მათი მუსიკა პოპულარული ასე სწრაფად არ გახდებოდა.    

დიახ, არ მოგესმათ. ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცის, რომ თბილისში, 1980 წელს ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, სახელმწიფო ფილარმონიაში მოეწყო ოფიციალური საკავშირო როკფესტივალი საბჭოური როკფესტივალისთვის სრულიად შეუსაბამო სახელით: „გაზაფხულის რიტმები”. ფესტივალი 9 დღე გაგრძელდა და მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი ჯგუფი იღებდა, მათ შორის რამდენიმე ქართულიც იყო: „ლაბირინთი” (რომელმაც საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა), „ვია-75″, „ბლიცი”…

პირველი ადგილი ანდრეი მაკარევიჩის ძალიან კარგმა ბენდმა, „Машина Времени”-მ მოიპოვა, თუმცა მათი გამოსვლა არ გახლდათ ყველაზე ხმაურიანი მოვლენა თბილისის როკფესტივალზე. გაცილებით მეტი აურზაური მოჰყვა „Аквраиум”-ის პერფორმანსს, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული და ექსცენტრული იყო. ბენდმა ყველას გასაკვირად, ასეთ „მშვიდობიან” ფესტივალზე შედარებით აგრესიული პანკროკი ააჟღერა. როგორც არტემი ტროიცკი, ცნობილი რუსი მუსიკის კრიტიკოსი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი იხსენებს, ჯგუფ „აკვარიუმის” გამოსვლისას სცენაზე სრული განუკითხაობა სუფევდა. ბენდის ლიდერი, ბორის გრებენშიკოვი ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას სცენაზე იწვა და გიტარას ისე უკრავდა, ვიოლონჩელისტი მას (გრებენშიკოვს) ჩელოთი ეყრდნობოდა და ისე უკრავდა, ფაგოტისტი კი სასულე ინსტრუმენტით დარბაზისკენ ავტომატური იარაღის ჯერის იმიტირებას ახდენდა, ასე ვთქვათ, აუდიტორიას ბგერებით ცხრილავდა.

როგორც ამბობენ, ამ დროს ფესტივალის ჟიური პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა, რადგან მუსიკოსების ამ ქმედებაში „ჰომოსექსუალიზმის’’ ნიშნები დაინახა. „აკვარიუმი” ფესტივალიდან მოიხსნა. როგორც ჩანს, სტანდარტიდან გადახვევა ჯერ კიდევ 1980-ში იწვევდა გაუცნობიერებელ ჰომოფობიას და ეს თემაც, ალბათ, როკის სატანურობის მითის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. აი, ასე გამოიყურებოდნენ „აკვარიუმის” წევრები 1980 წლის თბილისის როკფესტივალზე.
 
ბუნებრივია, რომ „გაზაფხულის რიტმების” შემდეგ „აკვარიუმის” ლიდერის, 26 წლის ბორის გრებენშიკოვის, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა – კომსომოლიდან გარიცხეს, უმცროსი მეცნიერ-მუშაკობა ჩამოართვეს, გაუშვეს სამსახურიდანაც. მისი ბენდი ოფიციალურად აიკრძალა საბჭოთა კავშირში. ამის მიუხედავად, „აკვარიუმი” უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ახალგაზრდულ ანდერგრაუნდში. გრებენშიკოვი ნელ-ნელა საბჭოთა როკის ნამდვილ ქარიზმატულ მამამთავრად გადაიქცა. მისი ინიციალები – БГ – უმნიშვნელოვანესი გახდა იმდროინდელი როკსაზოგადოებისთვის. სწორედ გრებენშიკოვთან მოჰყავდათ ახალგაზრდა, პერსპექტიული მუსიკოსები, რჩევების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად. ბორისის „გამოზრდილია” ყველაზე პოპულარული რუსი როკმუსიკოსი ვიქტორ ცოი, რომლის შესახებ 2012-ში პოსტიც დავწერე. მისი პირველი ალბომის, „45″-ის, პროდიუსერი სწორედ БГ გახლდათ. 

მერე იყო „პერესტროიკა”, საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს სიმღერა 1991-წელს, რომელსაც აუდიტორია ტაშით ეგებება: 

 

საერთო ჯამში, „აკვარიუმმა” არსებობის 42(!) წლის მანძილზე 30 ალბომი გამოუშვა, ბორის გრებენშიკოვი კი საბჭოთა და რუსული როკის ნამდვილ ლეგენდად იქცა. ის გახლდათ პირველი საბჭოთა მუსიკოსი, რომელმაც ამერიკელ როკმუსიკოსებთან ერთად იმუშავა. 1989 წელს მან ცნობილი ჯგუფის, „Eurythmics”-ის ლიდერთან, დეივ სტიუარტთან ერთად ინგლისურენოვანი ალბომი, „Radio Silence” გამოუშვა. გრებენშიკოვს მსოფლიო მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი კონცერტი აქვს გამართული, მათ შორის აღსანიშნავია 2007 წლის Royal Albert Hall-ში გამართული კონცერტი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზს წარმოადგენს. აქ სხვადასხვა დროს ერიკ კლეპტონი, Beatles, Pink Floyd, Deep Purple და ბევრი სხვა ცნობილი ფიგურა უკრავდა. 

საინტერესოა მუსიკოსის პოლიტიკური შეხედულებებიც. ის კრიტიკულადაა განწყობილი შოვინისტური მიდგომების მიმართ, რომელიც რუსულ პოლიტიკას ახასიათებს და საკმაოდ ხშირად აფიქსირებს ამ პროტესტს. ამის დასტურია ბოლო კონცერტი კიევში, რომელიც ევრომაიდანის პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, „აკვარიუმი” კიევში კიდევ ერთ კონცერტს გეგმავს, რათა საბოლოოდ დააფიქსიროს საკუთარი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

თუმცა მანამდე საქართველოს ჯერია.

 
რაციონალური პოლიტიკური შეხედულებების გამო, გრებენშიკოვი ყველგან უყვართ, მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ ლეგენდა ძალიან მალე დაბრუნდება იქ, საიდანაც ის წამოვიდა. 34 წლის შემდეგ, 2014 წლის 12 აპრილს, БГ და „აკვარიუმი” თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე კიდევ ერთხელ დაუკრავენ. გრებენშიკოვი უკვე 60 წლისაა და, სავარაუდოდ, მისი პერფორმანსი ამჯერად აღარ იქნება ისეთი ეპატაჟური, როგორიც მაშინ იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ალბომი, რომელიც „აკვარიუმმა” გამოუშვა, მუსიკალურად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. თანაც, როგორც ამბობენ, კოლექტივი ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებსაც შემოგვთავაზებს.

პირადად ჩემთვის ბორის გრებენშიკოვი და „აკვარიუმი” მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მათ შემოქმედებაში საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსული როკის განვითარების ყველა ეტაპის დანახვა შეიძლება. მათი მუსიკა ყველაფერს მოიცავს: გიჟური პანკ ამბოხიდან ლამაზ, მელოდიურ ბალადებამდე – ბლუზს, ჯაზს, რუსული ფოლკის გავლენით შექმნილ კომპოზიციებს, ფილოსოფიურ, ძალიან ღრმა ტექსტებს, სპეციფიკურ გრძნობებს, რომელიც მხოლოდ მათი მოსმენისას შეიძლება დაგეუფლოს… და, რაც მთავარია, ორიგინალურობას, რომელიც БГ-ს უკვე 40 წელზე მეტია არ დაუკარგავს. 

კონცერტს მოუთმენლად ველი.

12-ში შევხვდებით, ლეგენდავ! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი