პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი წყალქვეშა სამყაროსთვის

ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე თემის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან მეტი საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრირებულ სწავლებას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე ყოფაში მან მეტი საჭიროება შეიძინა. სწორედ ამიტომ თანამედროვე მოქალაქის აღზრდისთვის მასწავლებლის მოვალეობაა, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი საგნის სწავლებით და ხშირად გამოიყენოს საგანთა შორის ინტეგრაცია, რათა მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება, რაც ხელს უწყობს ისეთი უნარის განვითარებას როგორიცაა ცოდნის ტრანსფერი, ერთ საგანში შეძენილი ცოდნისა თუ უნარების მეორეში გადატანა. ამისთვის საჭიროა მასწავლებელმა სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე შეარჩიოს ისეთი თემა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ექნება სხვა დისციპლინებთან. ეს უფრო მარტივია, როცა საგნები მომიჯნავეა, თუმცა თუ საქმე სხვა საგნებს ეხება, მაშინ კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას, დროსა და შრომას მოითხოვს. მთავარი მაინც ერთია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის ისე შეირჩეს თემა, რომ მას აშკარა და ლოგიკური შეხება ჰქონდეს  ინტეგრირებულ საგნებთან და უზრუნველყოფდეს ყველა ამ საგნის სასწავლო შედეგების მიღწევას.

ცხადია, მასწავლებელს მეტი ინფორმაცია და რესურსი აქვს საკუთარ საგანში. მაგრამ თემა შეიძლება მეტ მოკვლევასა მოითხოვდეს სხვა საგნის ჭრილში. გაკვეთილის გეგმის სრულყოფის მიზნით მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნის მასწავლებლებთან, რომელთა ინტეგრირებაც აქვს განსაზღვრული. გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი და მოისმინოს მათი რეკომენდაციები. ეს შრომატევადი პროცესია, რადგან მოითხოვს  სწორ აქცენტებს, მეტ დროსა და ენერგიას მასწავლებლების მხრიდან.

ამ კუთხით საქმე უფრო მარტივადაა იმ დაწყებით კლასებში, რომლებშიც სწავლება კომბინირებულად მიმდინარეობს და ერთ მასწავლებელს აქვს საშუალება, სამი ან მეტი საგანი ასწავლოს. გარდა ამისა, არც გაკვეთილების რაოდენობით იქნება შეზღუდული და მას შეუძლია შეწყვილებული გაკვეთილების რაოდენობა თავად განსაზღვროს საჭიროების მიხედვით.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითს პირველი კლასისთვის, რომელიც აერთიანებს ორ საგანს და სამ საგაკვეთილო დროს.

პროვოცირების მიზნით ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს წაუკითხოს ირმა მალაციძის არაკი „მებადურის ვაჟის ამბავი“, რომელსაც ასევე თან ახლავს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ანდაზაც. ტექსტი შეიძლება დამუშავდეს ქართული ენის ყველა იმ აქტივობითა თუ მეთოდოლოგიით, რომელსაც მასწავლებელი ჩათვლის საჭიროდ. მაგალითად, დაამუშაოს ახალი ლექსიკური ერთეულები, აქციოს რებუსებად, მოიფიქროს საინტერესო კითხვები, განიხილოს არაკის შინაარსი, რომელიც ასე ნათლად წარმოაჩენს თანდართული ანდაზის მორალს სიჯიუტეზე. თავად ტექსტის ელემენტი „ზღვა, წყალქვეშა სამყარო, თევზი“ კი აქციოს ინტეგრირებული გაკვეთილის თემად შემდეგი საგნებისთვის:

ბუნებისმეტყველება

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წყლის ბინადარი ზოგიერთი ცხოველის ამოცნობა/დასახელება; დაკვირვების უნარის განვითარება, მარტივი კვლევის წარმოება და დასკვნების  გამოტანა, ფრაგმენტებიდან მთლიანი მოდელის შექმნა, წყლის ბინადრების გადაადგილების საშუალებაზე მსჯელობა, ქერცლებისა და ფარფლების დანიშნულებაზე საუბარი.

კავშირი ესგ-ის სტანდარტებთან: 

ბუნ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნ.დაწყ. (I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულებისა და მათი შემადგენელი ნაწილების აღწერა, თვისებების დახასიათება.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

გაკვეთილის მიზანი: ლიტერატურული ნაწარმოებისა და თვალსაჩინოებებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით და  სხვადასხვა მასალის გამოყენებით ნამუშევრების შექმნა.

კავშირი ესგ-ის სტანდარტებთან: 

 

ს.გ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.

ს.გ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრისა და იდეის განსახორციელებლად.

ს.გ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.

 ს.გ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

ს.გ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების  დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასა  და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

გაკვეთილის ფარგლებში ასევე ხდება ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა, ამ შემთხვევაში სიტყვიერი ტექსტის საფუძველზე ნამუშევრის შექმნა, რაც გამჭოლი (სემიოტიკური) კომპეტენციის განვითარებასაც უწყობს ხელს.

გაკვეთილის მსვლელობა:

მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ გგონიათ, რომელი წყლის ბინადარი შეიძლება მოხვედრილიყო მებადურის ბადეში კიდევ? მოსწავლეები, სავარაუდოდ, დაასახელებენ წყალქვეშა სამყაროს ბინადართ, რომელიც გაახსენდებათ. რის შემდეგაც მასწავლებელი აზუსტებს საგნების (ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) თემას – „წყალქვეშა სამყარო“.

აგრძელებს კითხვებით: რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში წყალს? რაში ვიყენებთ? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ წყაროს, მდინარეს, ზღვებსა და ოკეანეებს? რატომ არ უნდა დავაბინძუროთ ისინი?

მოსწავლეთა პასუხების შემდეგ მასწავლებელი საუბრობს წყლის რესურსების მნიშვნელობაზე. შემდეგ კი ამბობს, რომ წყალქვეშა სამყარო, რომელიც ლამაზი, მრავალფეროვანი და საინტერესოა ბევრი მხატვრისთვის, მწერალსა თუ ანიმატორისთვის გამხდარა  მუზა ნამუშევრის შესაქმნელად. და უკითხავს ნაწყვეტს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან „ქალთევზას“ იმ ეპიზოდს, სადაც მეზღაპრე აღწერს წყალქვეშა სამყაროს:

„შორს, ზღვის შუაგულში, სადაც წყალი ულამაზესი ღიღილოს ფურცელზე მეტად ლურჯია და ბროლზე უფრო გამჭვირვალე, ზღვა ისე ღრმაა, რომ ფსკერს ვერცერთი გემის ღუზის ბაგირი ვერ ჩასწვდება… არ გეგონოთ ზღვის ფსკერზე მხოლოდ თეთრი სილაა, სადაც არაფერი არ ხარობს. არა! იქ მშვენიერი მცენარეები უხვად გაფოთლილან, რომელთა მოქნილი ღეროები წყლის ოდნავ შერხევაზეც კი ირწევიან. ღეროებს შორის თევზები ისე დანავარდობენ, როგორც ხეებს შორის ფრინველები. ყველაზე ღრმა ადგილზე ზღვის მეფის სასახლეა აღმართული, რომელსაც კედლები მარჯნისა აქვს, წვრილი, ისრულა სარკმლები კი ქარვის. იგი მთლიანად ნიჟარებითაა გადახურული, რომლებიც წყლის მოქცევა-უკუქცევის მიხედვით იხურებიან და იღებიან. ეს კი ძალიან ლამაზი სანახაობაა, რადგან ყოველ ნიჟარაში ისეთი თვალისმომჭრელი მარგალიტები დევს, რომ მათგან ერთიც შეამკობდა ნებისმიერი დედოფლის გვირგვინს“.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი აზუსტებს, რომ წყალქვეშა სამყაროში უამრავი ბინადარია. უზარმაზარი ვეშაპებიდან დაწყებული პაწაწინა თევზებამდე, გამჭვირვალე მედუზები, რვაფეხები, მოლუსკები/ნიჟარები (ზოგიერთ მათგანში  ულამაზესი და უძვირფასესი მარგალიტებია), უამრავი ფორმისა და ზომის წყალმცენარეები. აღნიშნავს, რომ ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა წყალქვეშა სამყარო და ზოგიერთ მათგანს სახლშიც კი აქვს პატარა წყალქვეშა სამყარო (აკვარიუმის სახით), წყალმცენარეებით, ნიჟარებით, ლოკოკინებითა და, რა თქმა უნდა, თევზებით.

მასწავლებელი აქვე ეკითხება მოსწავლეებს – ხომ ვერ გაიხსენებდნენ რომელიმე ანიმაციას, სადაც წყალქვეშა სამყაროა წარმოდგენილი („არიელი“, „ნემოს ძიებაში“, „ზვიგენთა საძმო“ და სხვა). შეუძლია თავადაც შესთავაზოს, რომელიმე ანიმაციის ან დოკუმენტური ფილმის ერთად ყურება.

მერე კი სთავაზობს გამოცანებს პატარა ბარათებად დაჭრილს, შესაბამის სურათებსა და სახელწოდებებს. მოათავსებს აკვარიუმის მსგავს დოლურაში და მოსწავლეებს სთხოვს, სათითაოდ ამოიღონ ფურცლები. ვისაც ტექსტი შეხვდება, ხმამაღლა წაიკითხოს და სახელწოდებისა და შესაბამისი სურათის მქონე კლასელთან  შექმნას სამეული. ამის მიხედვით მოემზადონ ჯგუფური მუშაობისთვის. მასწავლებელი კი ამოწმებს, რამდენად სწორად მოახერხეს ბავშვებმა გუნდის წევრების მოძებნა.

საბარათე გამოცანები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

წყლის ამ ბინადარს სხეული ქერცლით აქვს დაფარული, თვალები მუდამ გახელილი, რადგან ქუთუთოები არ აქვს. მისი წვრილი კვერცხებიდან ლიფსიტები იჩეკებიან, რომლებიც მაშინვე სწრაფად იწყებენ ცურვას“ (თევზი);

ის თევზს წააგავს თუმცა თევზი არ არის. თავის ნაშიერს ცოცხლად შობს და რძითაც კვებავს. ის გონიერი არსებაა და ადამიანები მარტივად წვრთნიან. მეტიც, იმეგობრებენ კიდეც (დელფინი);

ეს არსება დედამიწაზე ყველაზე დიდია, სპილოზე დიდიც კი. ისიც ცოცხლადმშობია. ნახატებზე მას ხშირად შადრევანს მიუხატავენ, რადგან ის ამოსუნთქვისას წყლის შხეფებსაც ამოისვრის ხოლმე (ვეშაპი);

ეს არსებები  რბილტანიანები არიან. ამიტომ ისინი ნიჟარებში ბინადრობენ, რათა მტრისგან მეტად დაცული იყვნენ. წყლის ქვეშ, ფსკერზე ან კლდეებზე წვანან და ძალიან ნელა გადაადგილდებიან (მოლუსკები);

ეს არსებაც ჟელესავით რბილია. არ აქვს თვალი, ცხვირი, პირი. მისი სხეული მთლიანად წყლისგან შედგება. ამიტომ გამჭვირვალეა. მოძრაობაში ქოლგას წააგავს. ადამიანები მას ხშირად ხვდებიან ზღვებში და მის ნაპირებთან. მისი საცეცები ზოგჯერ ისუსხება კიდეც (მედუზა);

ეს არსება ბინადრობს ოკეანეებსა და ზღვებში. იმდენი ფეხი აქვს, რამდენიც ორ ბაჭიას  ერთად. მის ფეხებს საცეცებს უწოდებენ. დაასახელე ეს არსება (რვაფეხა);

ეს არსება წყალქვეშა სამყაროს მიეკუთვნება. შეხვდებით ცისფერსაც  და თეთრსაც. საშიშია, რადგან მტაცებელია. აქვს ძალიან დიდი და ბასრი კბილები (ზვიგენი).

ჯგუფური მუშაობა ტრიადებში:

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს სამუშაოდ თევზის კონტურსა და ქერცლის დეტალებს. სთხოვს მოსწავლეებს, გამოჭრან და დააკრან კუდიდან თავის მიმართულებით ისე, რომ  ქერცლი ერთმანეთს სანახევროდ ფარავდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მასწავლებელმა ხელი უნდა გადაასმევინოს მოსწავლეებს თავიდან კუდამდე და პირიქით. ჰკითხავს, თუ იგრძნეს განსხვავება და რატომ?  და სთხოვს ეს მოვლენა დაუკავშირონ  თევზის წყალში  თავისუფლად მოძრაობას.

ამის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაათვალიერონ თვალსაჩინოება.

აღწერონ ისინი. დაუსვან ერთმანეთს კითხვები. დაასახელონ, რომელი ნამუშევარი უფრო მოეწონათ? რატომ? იციან თუ არა რომელიმე მულტფილმის გმირი? ყურადღება მიაქციონ თევზებს, მათ ფორმას, ფერს. მასწავლებელი აქვე ხაზს უსვამს, როგორ შეიძლება სხვადასხვა მასალის გამოყენებით ერთი და იმავე შინაარსის ნამუშევრის შექმნა.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ამასთან ერთად დაკვირვების უნარს ავითარებს ისეთი სავარჯიშო, როგორიცაა ორ, თითქმის იდენტურ სურათზე რამდენიმე განსხვავების პოვნა. ამიტომ მასწავლებელს შეუძლია ეს ამ თემაშიც გამოიყენოს და მოსწავლეებს დაავალოს 4 განსხვავების პოვნა ანრი მატისის ტილოზე –  „ოქროს თევზები“:

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს უსულო საგანთა და ცოცხალ არსებათა შერეულ კლასს. დახმარებას სთხოვს მათ კლასიფიცირებაში. თუ ბავშვებს დამოუკიდებლად გაუჭირდათ ამ დავალების შესრულება მასწავლებელი სთავაზობს ცხრილს, სადაც დასახელებულია თითოეული ჯგუფის  სახელი (უსულო საგნები, თევზები, ცხოველები, ფრინველები), მოსწავლეები კი ცხრილში მიუთითებენ შესაბამის  ნუმერაციას.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ პრაქტიკულ სამუშაოს „ნიმუშის ან დამხმარე ვიდეოს გამოყენებით დახატონ თევზი და სწორად დაიტანონ შემდეგი სიტყვები: თავი, ფარფლები, კუდი, ქერცლი“.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას და და თავად აფასებენ მუშაობის პროცესს.

ბოლოს მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას: აპლიკაციის ხერხით შექმნან წყალქვეშა სამყარო.  აღნიშნავს, რომ მუშაობისას შეიძლება გამოიყენონ მრავალფეროვანი, შერეული მასალა, მაგ. კანფეტის ქაღალდები, ქსოვილი, მაქმანი, წვრილი ქვები, ნიჟარები და ა.შ. თუმცა იქვე  ურჩევს, რომ უკანა ფონად აიღონ თაბახის ფურცელი და გააფერადონ, ან  აიღონ ფერადი ფურცელი, რომელიც შექმნის წყლის შთაბეჭდილებას და ისე დაიწყონ მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს: ფერადი ფურცლებისგან გამოჭრან ერთი წრე (თევზის ტანისთვის) და სამი სამკუთხედი სხეულის სხვა დეტალებისთვის (კუდი, ფარფლები, თავი) და ისე შექმნან თევზები.

საპრეზენტაციო მასალა დისტანციური სწავლების შემთხვევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური) 2018-2024;
  2. კვანტალიანი გ., მიქიაშვილი ლ., კვანტალიანი თ., ბუნება, პირველი კლასი, მასწავლებლის წიგნი, თბილისი, 2018;
  3. კახიანი ჯ., გორგაძე ლ., სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მასწავლებლის წიგნი, თბილისი, 2018.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი