სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავაბრუნოთ მართიკო თავის სახლში

ერთი წიგნის შესახებ, რომელიც მასწავლებლებს წყალივით გვჭირდება

 

ერთ ჯადოსნურ წიგნზე უნდა მოგიყვეთ. მართალი გითხრათ, ამ წიგნზე საჭირო წიგნი ბოლო დროს არ შემხვედრია. ლელა ცუცქირიძის „მართიკოს ვაშლის ხე“ ისეთი ამბავია, ერთნაირად რომ მონუსხავს დიდებსაც და პატარებსაც.

წიგნი ილუსტრირებულია და საოცარი, სახასიათო ილუსტრაციებით უფრო მეტია გადმოცემული, ვიდრე ტექსტით. ძალიან რთულია, ომის თემაზე საბავშვო წიგნი შექმნა, თანაც ისეთი წიგნი, რომელიც მკითხველს იმედს, რაღაც მიღმიურისა და ჯადოსნურის რწმენას ჩაუსახავს. ლელამ და მისმა ქალიშვილმა ეს მოახერხეს და მკითხველებს ძვირფასი საჩუქარი გაგვიკეთეს, მასწავლებლებისთვის კი ეს საჩუქარი კიდევ უფრო საჭირო და დროულია.

ამბავს პატარა გოგო მართიკო ჰყვება. ტექსტი მარტივი, გასაგები და გაუპრანჭავია, ისეთი, როგორიც პატარა გოგოს შეჰფერის, თუმცა ამ პატარ-პატარა წინადადებებში, მოკლე-მოკლე დიალოგებში მთელი ისტორია იკითხება, თითოეული სიტყვა ომგამოვლილი ადამიანების, ბავშვების განცდებსა და შიშებს იტევს.

განცდები გოგონასი, რომელმაც საყვარელი ადამიანი, საყვარელი სახლი, მოგონებები დაკარგა, გვაშფოთებს და მთელი სიცხადით შევიგრძნობთ ომის საშინელებას, მით უფრო, რომ ეს ომი სულ ახლახან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ახლოს მოხდა.

ილუსტრაციებით გადმოცემული ემოციები, კვამლი, ცეცხლის ენები პატარა თუ დიდ მკითხველს ერთნაირად მონუსხავს და აფიქრებინებს: „ნეტავ აღარასოდეს აღარსად იომონ ადამიანებმა, არცერთი ბავშვი აღარ დარჩეს ობლად და უსახლკაროდ!“

მართიკოს კი აქამდე არასდროს ენახა ნამდვილი ომი: „მე მაშინ ექვსი წლის ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ომი. იმას ვდარდობდი, რომ ჩემი ფისო ლამარა არსად ჩანდა“.

ექვსი წლის ბავშვის თვალით დანახული ომი კიდევ უფრო შემზარავი და დამთრგუნველია. იმედისა და საყრდენის ძიებაშია მართიკო, და ამ იმედად იქცევა ვაშლი, რომელიც მამამ გამოთხოვებისას მისცა და დაჰპირდა, რომ ძალიან მალე ნახავდა.

მართიკო ვაშლის კურკებისგან ვაშლის ხეს გაახარებს, და ეს ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ გმირები უკვალოდ არ ქრებიან, რომ ისინი ტოვებენ შთამომავლობას, რომელიც ერთ ვაშლს ვაშლის ბაღად აქცევენ.

წიგნი ნამდვილი განძია მასწავლებლის ხელში. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ნამდვილი, რეალური პატრიოტიზმი, როგორ ვაჩვენოთ, რა არის სამშობლოსთვის თავგანწირვა გულზე მჯიღის ცემისა და პათეტიკური სიტყვების კორიანტელის გარეშე? – ამის პირდაპირ ინსტრუქციას „მართიკოს ვაშლის ხე“ მოგვცემს. ის დაგვანახებს, რომ ახლახან და არა ათასწლეულების წინათ, აქვე ახლოს და არა შორეულ ქვეყნებში, ადამიანები ხდებიან გმირები, სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის – ის ქმედებებით რეალიზდება. რეალურად არსებობს ამქვეყნად უამრავი მართიკო, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ჯოჯოხეთი, იმ ქვეყანამ რომ დაატრიალა, რომლისთვისაც „მტერი“ დღესაც ვერ დაგვირქმევია თამამად, რომელსაც ვიღაცები დღემდე შენატრიან.

მასწავლებლებმა თავად გადაწყვიტონ, რომელ კლასში შეიტანენ, მე კი მათ რამდენიმე აქტივობას ვურჩევ.

 

წიგნის ხმამაღლა კითხვა: მასწავლებელი უკითხავს ბავშვებს წიგნს და თითოეული აბზაცის შემდეგ ეკითხება, როგორ გაგრძელდება, მათი აზრით, ამბავი – შეხვდება მართიკო მამას? გაიხარებს ვაშლის თესლი ქოთანში?

გაგრძელება: როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება მართიკოს ცხოვრება? კარგი იქნება, თუ გაგრძელებას ნახატებით წარმოვადგენინებთ, რადგან ამ წიგნში ილუსტრაცია და ტექსტი ერთ მთლიანობას ქმნის.

მოყევი ამბავს მართიკოს დედის პირით: ნაცვლად ბავშვური ენისა და სტილისა, ბავშვებს მოუწევთ შეარჩიონ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებითაც, მათი აზრით, მართიკოს დედა ისაუბრებდა ომსა და დიდ დანაკარგზე.

აღადგინე ეპიზოდი: რა გადახდა თავს მართიკოს მამას? იქნებ სულაც არ გაფრენილა ჩიტივით ცაში, როგორც სანდრო პაპა ამბობს, იქნებ ტყვედ ჩავარდა და ერთი სული აქვს, თავი დაისსნას და თავის პატარა გოგოს ჩაეხუტოს? დაე, ბავშვებმა ფანტაზიას გასაქანი მისცენ და მოიგონონ ამბები, თავგადასავლები – იმაზე, თუ როგორ ხდებიან ადამიანები გმირები.

არგუმენტირებული ესე: მართიკო, როდესაც მამიკოს გაფრენის შესახებ გაიგებს, გაბრაზებული ეტყვის სანდრო პაპას: „მერე, რატომ გახდა გმირი?! ყოფილიყო უბრალოდ ჩემი მამიკო! ცაში რა უნდოდა?! მე ხომ აქ დაბლა ველოდებოდი-მეთქი!“ რა საჭიროა გმირობა? რატომ ხდებიან ადამიანები გმირები? საერთოდ, რატომ სწირავენ სამშობლოს სიცოცხლეს? რამდენნაირი გმირობა არსებობს? გმირობისთვის აუცილებელია სიკვდილი? ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც ამ ეპიზოდის ინსპირაციით დისკუსიას გამოიწვევს და საბოლოოდ ბავშვები წერილობით ჩამოაყალიბებენ კიდეც.

რა მოხდებოდა, მართიკოს მამა მტერს რომ არ შებრძოლებოდა და სოფელი მიეტოვებინა? რა მოხდებოდა, რომ სოფელი არ დაეცვა? ამ საკითხზე მსჯელობისას შეიძლება სხვა მაგალითების მოხმობაც ისტორიიდან. თხზულების დაწერაც კარგი იქნება.

„იქნებ ადამიანები არ მიფრინავენ, იქნებ ბრუნდებიან მათთან, ვინც ძალიან უყვართ. უბრალოდ, ჩვენ მათ სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ“ – ეს ჯადოსნური, მისტიკური ამბავია, ამ თემაზე ბავშვებმა შესაძლოა ნახატებიც შექმნან, გამოძერწონ ან პატარა ესეები, ჩანახატები დაწერონ. ჰქონდეთ ბავშვებს იმის რწმენა, რომ ყველაფერი აქ, დედამიწაზე არ სრულდება და ყველაფერს თავისი გაგრძელება აქვს. ვინ იცის, რამდენი ისეთი ბავშვის გულს მოვფენთ იმედის სხივებს, რომლებიც უდროოდ გაფრენილი საყვარელი ადამიანების ან ცხოველების სევდას დაატარებენ. მასწავლებლები ხომ მოსწავლეების სულსაც ვეხებით ხოლმე, და ეს შეხება შვების მომგვრელი უნდა იყოს.

დაბოლოს, დაბრუნდება თუ არა მართიკო შინ? ეს ის კითხვაა, რომელზეც მხოლოდ მართიკოს ცხოვრება კი არა, მთლიანად ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. რატომ? ო, ეს უკვე საკლასო ოთახში განსახილველი საკითხია. როგორ შეიძლება დავაბრუნოთ მართიკო თავის სახლში? – იქნებ ახალმა თაობამ მაინც გამონახოს გზები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს და მავთულხლართებს ვაშლის ბაღებით შეცვლის. ბავშვები ხომ ისე ფიქრობენ და ისეთი იდეები მოსდით, ჩვენ, უფროსები, ვერც ვიოცნებებთ. ჰოდა მივცეთ გასაქანი, ვალაპარაკოთ, ვაწერინოთ, ვაფიქროთ, და იქნებ მართიკოც დაბრუნდეს თავის სახლში – ალბათ უკვე გაზრდილი, მაგრამ მუდამ მამიკოს ვაშლების ბაღზე მეოცნებე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი