შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიყვარული, სიცოცხლე, სტატისტიკა

რუკას ხშირად ვუყურებ. მოგზაურობა ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია. ზოგჯერ მშურს მათი, ვისაც საყვარელი ადამიანები ერთ ქალაქში ჰყავს თავმოყრილი. ჩემი ამბავი სხვანაირია, ჩემი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვანაირად ცხოვრობენ, სხვადასხვანაირად მაფიქრებენ და მეძახიან. ზოგი ლექციებს კითხულობს, ზოგი წიგნებს გამოსცემს, ზოგი ავადმყოფობას ებრძვის, ზოგი შვილებს უვლის, ზოგი კონცერტებს მართავს, ზოგი, ევროპის ხმაურს გაქცეული, აფრიკაში მოგზაურობს. რომ შემეძლოს, ერთ დიდ წიგნს დავწერდი მათზე, ფურცლებზე ყველას ერთად დავასახლებდი და ვინ იცის, იქნებ მერე უფრო მშვიდად, უფრო ნაკლები მონატრებით გამეგრძელებინა ცხოვრება.
ჰოდა, რუკას რომ ვუყურებ, ბოლო დროს განსაკუთრებით პაკისტანისკენ გამირბის თვალი. ვიცი, უახლოეს მომავალში მოსაწვევს მივიღებ, ქორწილის მოსაწვევს. ჩემი მეგობრის ქორწილია. მხოლოდ ერთი „დეტალია” დასაზუსტებელი – ჯერ წარმოდგენა არა აქვს, ვის მიჰყვება ცოლად. დიახ, ასეც ხდება ოცდამეერთე საუკუნეში.
. . .
ბავშვობაში, როცა თვალებს ვხუჭავდი, ხშირად ვხედავდი კადრებს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს მინახავს: შუაღამეა, ტყიან დაღმართზე თოთხმეტი წლის გოგო გარბის, ისე გარბის, თითქოს ვერც გრძნობს შიშველი ფეხების ტკივილს; მიტკლის თეთრი პერანგი აცვია, შავი თმა წელამდე სწვდება. სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რაღაცით დედაჩემს უნდა ჰგავდეს და რაღაცით – დეიდაჩემებს. ეს თოთხმეტი წლის გოგო ჩემი დიდი ბებიაა. არც პირადად ვიცნობდი, არც მისი ახალგაზრდობის ფოტო მინახავს ოდესმე. ეს მკრთალი პორტრეტი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბებია ყოფილა, ბაბუაჩემის დედა ეკატერინეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ თოთხმეტი წლისა გაათხოვეს. შვილიშვილებს უყვებოდა თურმე, როგორ გაიქცა სახლიდან ქორწილის ღამისთვის შეკერილი მიტკლის პერანგით, რომ სრულიად უცნობი, ბევრად უფროსი საქმრო თვალით არ დაენახა. სად გარბოდა, რა გეგმა ჰქონდა – არ ვიცი. ერთმანეთს რომ შევხვედროდით, ალბათ დაწვრილებით გამოვკითხავდი ყველაფერს, იმასაც ვკითხავდი, როგორი იყო თოთხმეტი წლის გოგოს ცხოვრება ახალ ოჯახში, როგორი იყო მისი ბავშვური სიზმრები და შიშები უცხო ჭერქვეშ, იყო თუ არა ბედნიერი სინამდვილეში და მართლა შეუყვარდა თუ არა ჩემი დიდი ბაბუა, თუ, უბრალოდ, ბედს შეეგუა.
შვილიშვილები ამბობენ, რომ ეკა ბებია უბედურს არ ჰგავდა, თუმცა ბედნიერება ხომ ძალიან პირობითი რამაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთ ასაკში ხარ, რომ ბედნიერება თუ მისი იმიტაცია, შეგიძლია, შვილიშვილებზე ააგო, რადგან სხვა გზა აღარაა, ან, უბრალოდ, ასეა საჭირო, ან უკვე თვითონვე გჯერა ცხოვრების, რომელიც გამოიგონე.
. . .
ჩემი პაკისტანელი მეგობარი, რომელზეც ზემოთ გიყვებოდით, არაჩვეულებრივი გოგოა. ლექსებს წერს, საუკეთესო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სხვაგან რომ ეცხოვრა, ალბათ საუკეთესო კარიერაც ექნებოდა, მაგრამ უკვე ოცდახუთი წლის ხდება და გათხოვების დრო აქვს. მისი შეძლებული, სხვებთან შედარებით პროგრესული, მაგრამ მაინც ტრადიციების მიმდევარი ოჯახი ვერ აიტანს, ქალიშვილი რომ წარმატებით არ გაათხოვოს. ალბათ იმისთვის ასწავლეს, რომ მერე გაცნობა-დაოჯახების ბიუროს ანკეტაში ჩაეწერათ უნივერსიტეტის წლები, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები, სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება და რამდენიმე უცხო ენის უმაღლეს დონეზე ფლობა. ეს ის შემთხვევაა, როცა განათლება ვერაფერს ცვლის, უბრალოდ, საბაზრო ფასს ზრდის. გვინდა თუ არა, ასეა. რეალობა სასტიკ მოთხოვნებს გვიყენებს, რომელთა წინააღმდეგ გალაშქრებაც ყველას არ შეუძლია. ვუსმენ მეგობარს და ვხვდები, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველთვის იცოდა, საით მიდიოდა მისი ცხოვრება, იცოდა და ჩუმად, თავისთვის, ბედს ეგუებოდა. შედეგად ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ მალე ქორწილში დაგვპატიჟებენ, სადაც ჩვენთვის გამზადებული ტრადიციული სამოსი, რამდენიმედღიანი ზეიმი და დღესასწაულის თითქმის უცნობი მთავარი გმირი დაგვხვდება.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გამიმართლა. იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ არც ერთი საუკუნის წინ დავიბადე, ჩემი დიდი ბებიის მსგავსად, და არც დედამიწის სხვა მხარეს, ჩემი მეგობარივით. ვფიქრობ და მერე ის 1500 გოგო მახსენდება, რომელთა სიცოცხლეც, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სელექციურ აბორტს შეეწირა. ალბათ ვერავითარ გამართლებაზე ვერ ვილაპარაკებთ მაშინ, როცა გოგოს ყოლა უამრავი ოჯახისთვის ტრაგედიაა, როცა გოგოების მამები თავს უხერხულად გრძნობენ და მაინც იმედი აქვთ, რომ სიბერეში სწორედ ის შვილები მოუვლიან, რომელთა დაბადებითაც თავის დროზე ვერ იამაყეს. ამიტომ მე, ჩემი მშობლების ერთადერთი გოგო, ვეღარ ვხვდები, სად მთავრდება ჩემი პირადი გამართლება და სად იწყება სტატისტიკურ მონაცემებში ასახული უბედურება, რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებთ და მაშინ, როცა ხმამაღლა, ომახიანად წარმოვთქვამთ ქალების სადღეგრძელოს, საკუთარი ნებით ვამბობთ უარს, ვიყოთ გოგოების ამაყი და ბედნიერი მშობლები. ან რა უარესია – თავიდანვე წავართვათ ქალებს დაბადების უფლება თუ გავაჩინოთ, გავზარდოთ და მათი ცხოვრება ვაჭრობის საგნად ვაქციოთ.
ბევრისთვის ალბათ პაკისტანი შორეული ქვეყანაა, მე კი, რაც უფრო ხშირად ვუყურებ რუკას, ვხვდები, რომ შორეული ქვეყნები არ არსებობს და ჩვენ, ყველანი, ერთმანეთის ბედს ვიზიარებთ, ისე, რომ ვერც კი ვხვდებით ამას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი