პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დასანანი რა არის, იცით?

ცოტა ხნის წინ ერთი პროექტის ტრენინგზე ფოთში წავედი. ფაქტობრივად, ყველა მონაწილე თბილისიდან ვიყავით, ადგილზე მხოლოდ ერთი-ორი შემოგვიერთდა. ასეთ დროს ჯგუფის შემადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოდა, სწორედ, რომ გაგვიმართლა და ყველაზე შეკრული, მოტივირებული და ხალისიანი შემადგენლობა გამოვიდა.

ფოთში ჩასულებს, რაც თვალში მოგხვდებათ, უამრავი მაწანწალა ძაღლია. ყველა სადღაცაა შეფარებულ-მიკედლებული, მაგრამ მაინც ქუჩის არიან და ყველას რაღაცნაირად ნაღვლიანი მუდარის თვალებით უყურებენ – იქნებ, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს და მოგვხედოთო. ისიც გულდასაწყვეტია, რომ ამ მაწანწალათა შორის, ძალიან ბევრი ჯიშიანი გახლავთ. აი, ოჯახში, რომ ჰყავდათ სათამაშოსავით. შემდეგ მობეზრდათ და გარეთ მოისროლეს.

სირცხვილი თქვენ, ასეთო ადამიანებო!

მაღალფარდოვნებაში ნუ ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით – მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, ერთ დიდ თავშესაფარს გავხსნიდი, სადაც ყველა უპატრონო ცუგას თუ ფისოს დარჩენილ დღეებს გავულამაზებდი და განვლილ ცუდ დღეებს დავავიწყებდი.

ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ ყველას სითბო გავუნაწილო და რაც ხელთ მომხვდება, შევუძინო და გავუმასპინძლდე. სადღაც, გულის სიღრმეში იმისაც მწამს, რომ როცა ბედის უკუღმართობით „ცისარტყელაზე“ გაემგზავრებიან, „იქ“ მყოფ ჩემი ოჯახის წევრებს, აქ ჩემგან მიღებულ სითბოს თუნდაც ერთ პატარა ნაწილს გადასცემენ და გაათბობენ.

მანამდე კი, ერთი კიჭებმოღრეცილი ამუნია ქუჩის გადაღმა ტყე-პარკში მიმაცილებს. ბილიკს თუ დაადგები და „ოქროს ტბაზე“ გადებულ ბაროკოს გუმბათივით მოხრილ ხიდს გადაივლი, ზღვის ნაპირას გახვალ და მის დანაბარებს მოისმენ.

ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ სამართლიანად. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი. ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის.

ჰოდა, ზუსტად ზღვის მოსასმენად წავედი. ხიდის დასაწყისში ეს კიჭა ამუნა შეჩერდა და მისი ადგილი სხვა ჩასკვნილმა ყურებდაცქვეტილმა ცუგამ გადაიბარა. ეტყობა, ამ ადგილიდან მისი ტერიტორია იწყებოდა. ასე ვიარეთ ერთად ზღვის ნაპირამდე. იქ დავსხედით და მე ჩემი ვუთხარი, იმან თავისი. მერე წამოვედით…

სხვათა შორის, წავიდეთო, თავად შემახსენა, ბინდდება უკვე და სხვა ცუგებთან მე მოგიგვარებ საქმეს, მაგრამ „ორფეხა“ ყაჩაღებიც ბევრია და იმათგან ვერ დაგიცავო.

 

„ოქროს ტბაზე“ შეტივტივებული ჰუმუსური მასალა შეინიშნებოდა. წყალიც გვარიანად მღვრიე იყო. ეს უკვე მასში ქლოროფილის მაღალ შემცველობაზე მიანიშნებდა.

სანაპირო წყლებში, განსაკუთრებით მდინარეების შესართავებთან, ხშირად შეინიშნება მღვრიე წყლის ნაკადი.

სიმღვრივე გამოწვეულია წყალში არსებული ნახევარი მიკრონიდან რამდენიმე მილიმეტრამდე ზომის მცირე ნაწილაკებით, ასევე – ზოგიერთი მინერალის (თიხა ან ორგანული წარმოშობის) შემცველობით.

სიმღვრივის გამომწვევ ნაწილაკებს შეწონილი ნაწილაკები ეწოდება. მათ შორის შეიძლება იყოს წყალმცენარეებიც.

სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მონიტორინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაბინფორმაცია შეწონილი ნაწილაკების გავრცელების შესახებ.

 

  • ორგანული ნაწილი შედგება ორგანიზმის ხრწნადი ფრაგმენტებისა და ფეკალიებისგან;
  • სხვადასხვა ნაწილაკები ქმნიან სხვადასხვა ფორმისა და სტრუქტურის, ე.წ. ფანტელებს (ჰუმუსური მასალის ნაწილს);
  • ფანტელები მრავალი მიკროორგანიზმის სუბსტრატს წარმოადგენს და ისინი ვითარდებიან ფანტელებში არსებული მინერალური მასალის გახრწნის ხარჯზე;
  • მთელი რიგი არაორგანული და ორგანული „კვალის“ ნივთიერებები შეტივტივდებიან შეწონილ ნაწილაკებთან და მონაწილეობენ ფანტელების ფორმირებაში.

ჰუმუსური მასალა Humic material (HM) ორგანული მასალის ტიპია და ის შეიძლება იყოს მიწისქვედა (მიკრობები) და მიწისზედა წარმოშობის (გახრწნილი მცენარეები).

ჰუმუსური მასალის შემადგენელია მოყვითალო-მოწითალო შეფერილობის ფულვინის მჟავა, ის ზღვის წყალში კარგად იხსნება და PH-ის მთელ დიაპაზონშია აქტიური.

წყალში Chl-a– ს გაზომვა გამოიყენება:

  • (ა) სანაპირო და შიდა წყლებში წყლის ხარისხის მონიტორინგის მაჩვენებლად;
  • (ბ) წყალმცენარეების ე.წ. აყვავების მონიტორინგისას;
  • (გ) და ფიტოპლანქტონის ეკოლოგიური კვლევების დროს. (Jordan et al., 1991; Morrow et al., 2000);
  • (დ) ციანობაქტერიების მაჩვენებლად (Ogashawara and Moreno-Madriñán, 2014).

წყალში ქლოროფილის შემცველობას, როგორც წესი, სენსორებით ან სპექტროფოტომეტრის მეშვეობით საზღვრავენ. თუმცა, კვლევა ქლორიფილის კონცენტრაციაზე, ე.წ. დისტანციური ზონდირებითაც შესაძლებელია, რაც კოსმოსური სატელიტებიდან ამოღებული გამოსახულებების სპეციალური პროგრამებით დამუშავებას გულისხმობს.

პირველი სატელიტური სენსორი, რომელიც Chl- კონცენტრაციის შესაფასებლად შეიქმნა, იყო სანაპირო ზონის ფერთა სკანერი (CZCS), რომელიც 1978 წლის ბოლოს გაიშვა. (O’Reilly et al., 1998).

სატელიტური პლატფორმა იღებს მონაცემებს სახმელეთო და საზღვაო მონაცემთა ბაზებიდან (მაგ.Copernicus, MODnet, Géoservices Sextant და BLACKSEASCENE) და მიღებულ სურათებს ქლოროფილის კონცენტრაციის დინამიკის შესაფასებლად იყენებს. ეს კი თავის მხრივ, წყლის საკვები ნივთიერებებით (ნიტრატებითა და ფოსფატებით) დაბინძურების ინდიკატორია.

 

(Schalles, J.F., 2006. OPTICAL REMOTE SENSING TECHNIQUES TO ESTIMATE PHYTOPLANKTON CHLOROPHYLL a CONCENTRATIONS IN COASTAL, in: Richardson, L.L., LeDrew, E.F. (Eds.), Remote sensing of aquatic coastal ecosystem processes. Springer Netherlands, Dordrecht, pp. 27-79)-ის თანახმად, ქლოროფილის დაბალი კონცენტრაცია (<2მგ/მ3) კარგად აისახება სპექტრის ლურჯ ნაწილში (400–500 ნმ), ტალღის სიგრძის ზრდასთან ერთად ახლო ინფრაწითელ სპექტრში (NIR, 700–800 ნმ) რეფლექსია იკლებს 0-მდე; ქლოროფილის კონცენტრაციები 2-დან 30 მგ/მ3-მდე შორის, აისახება მწვანე ნაწილში (500-600 ნმ) და წითელ ზოლებში (600-700 ნმ). უფრო მეტი რეფლექსიისას, სპექტრის მწვანე ნაწილში პიკის ასახვას და 300 მგ/მ3-ზე ზემოთ ქლოროფილის კონცენტრაციას, აჩვენებს სპექტრის მწვანე ნაწილში, ლურჯი და წითელი ზოლები ამ შემთხვევაში მცირე ამსახველობას ავლენს.

 

თანამგზავრიდან მიღებული და შესაბამის პროგრამაში დამუშავებული გამოსახულება შემდეგნაირად გამოიყურება. ფერთა კონცენტრაცია ქლოროფილის კონცენტრაციაზე მიუთითებს. შესაბამისად, წითელი ზონა ყველაზე საგანგაშოა, ყვითელი საშუალო საფრთხეა და მწვანე კი – უსაფრთხო. გამოსახულების მარცხენა მხარეს პროგრამის მიერ გამოთვლილი რიცხობრივი მაჩვენებლები ისახება. ასეთი პროგრამების გაცნობა კარგი კომპლექსური დავალება იქნებოდა გეოგრაფია-ბიოლოგია-ქიმიის გასაერთიანებლად.

 

საქართველოში ქლოროფილის კვლევის ნაწილი EMBLAS პროექტის ფარგლებში 2014-2017 წლებში განხორციელდა.

ამ კვლევის თანახმად, ქლოროფილი a-ს ყველაზე მაღალი შემცველობა საქართველოს სანაპირო წყლებში ანაკლიის ზედა ფენის შერეულ წყლებში დაფიქსირდა, რაც. სავარაუდოდ. გამოწვეულია მდინარის ამონიუმის აზოტით დაბინძურებით.

ერთადერთი ტერიტორია, სადაც ტერიტორიულ წყლებში კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე სანაპიროზე, არის ფოთთან კვეთა, რაც, სავარაუდოდ, ფოთის პორტში მაღალი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგია.

ჩვენც სწორედ ამ პრობლემის საკვლევად ვიყავით, რადგან გარემოს მონიტორინგი ქვეყანაში დაგროვილ სხვა პრობლემებზე არანაკლებ საყურადღებო და საგანგაშო გახლავთ.

ზღვის ნაპირიდან მობრუნებულს ჩასკვნილმა ამუნიამ ჩემი თავი კვლავ კიჭა-ღრიცა ცუგას გადააბარა. სწორედ მასთან ერთად გამოვიარე სასტუმრომდე დარჩენილი გზა.

სხვა ყველაფერთან ერთად, დასანანი რა არის, იცით?

 

ადამიანებს ულამაზესი გარემო და ბუნება აქვთ, თუმცა აბინძურებენ და ვერ აფასებენ…

ადამიანებს დედამიწაზე სტუმრობისთვის სიცოცხლე აქვთ ნაბოძები, უმეტესობა კი მას ქილიკსა და სხვების შანტაჟში ხარჯავს…

ადამიანებს გვერდით უანგაროდ ერთგული არსებები ჰყავთ ცხოველების სახით, მაგრამ მათ ვერ აფასებენ…

ჰოდა, სამწუხარო და დასანანია-მეთქი. სულ ესაა…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი