შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საბავშვო არქიტექტურა

„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,

ჯავრი შევაბი კარადა,

საიქიოდან მოიდენ

ამ ციხის სანახავადა.

 

არც კი მახსოვს, როდის წამოვიწყე თამაში – წიგნებში აღწერილი გარემოების, შენობა-ნაგებობების, გზების და დასახლებების გაცოცხლებას რომ გულისხმობს, მერე მათ შედარებას, განსხვავებების და მსგავსებების პოვნას და ჩემს გარემოსთან “გალინკვას.” ალბათ მაშინ, როცა პატარა, მოწყენილი გოგო ვიყავი და ამ მოწყენილობას წიგნებში გავურბოდი. იმხანად ილუსტრაცია და მით უმეტეს კარგი, ფერადი ილუსტრაცია ძალიან ცოტა საბავშვო წიგნს ჰქონდა და მეც მალევე გამოვიმუშავე უნარი, გონებაში გავაცოცხლო ზღაპრული ციხესიმაგრეები, მწყობრი ქალაქები, მთებზე შეფენილი სოფლები თუ ზღვისპირა დასახლებები.

 

ასე მაგალითად, ბავშვობიდან ნათლად მაქვს წარმოდგენილი გზა, რომელსაც ბიულერბიუელი ბავშვები სახლიდან სკოლისკენ გადიან – ტყეზე მიმავალი გზა, სადაც ზამთარში ნამქერმა შეიძლება დაგფაროს და სახლამდე ვერ მიაღწიო. როცა ამ გზაზე ვფიქრობდი ხოლმე, სკოლაშიც უფრო მალე მივდიოდი და თოვლში ან წვიმაში დასველებული ფეხებიც ნაკლებად მაწუხებდა. ან ძველი სახლი კუნძულ სალტკროკაზე, რომელსაც 4 შვილის მამა, დაბნეული მწერალი იქირავებს ზაფხულის გასატარებლად მისი ოჯახისთვის – დურგლისეულ კარმიდამოში ზოგჯერ წვიმს, ფანჯრებიდან ქარი უბერავს და ათასი რამ ხდება, თუმცა ცოტა ოჯახი თუ ატარებს ზაფხულს ისე ბედნიერებად, როგორც ეს მელკერსონებმა შეძლეს ამ ჯადოსნურ წიგნში. მათზე ფიქრი სოფლებში მდებარე ძველ სახლებში გატარებულ არდადეგებს ნაკლებად მოსაწყენს ხდიდა.

 

ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო თავსატეხი ზღაპრებში აღწერილი ციხე-კოშკები იყო, რომლის კარსაც მავანი მოგზაური თუ თავგადასავლების მაძიებელი ვერ პოულობს – უვლის გარს, უვლის და უშედეგოდ, კარი არ არის. როგორი დიდებული და საზარელი მხატვრული სახეა ნამცხვრის ფირფიტებით ნაგები მყუდრო სახლები უღრან ტყეებში, სადაც სასტიკი კუდიანები ცხოვრობენ, რომლებიც მზად არიან ტყეში დაკარგული დამშეული ბავშვები მოასუქონ და შეწვან ან მოხარშონ, გემრიელი სადილისთვის.

 

იფის ციხესიმაგრეზეც ბევრი მიფიქრია, ინდიელების კარვებზეც, წყალქვეშა გემებზეც და ეკალ-ბარდებით დაფარულ სასახლეებზეც – ახლა ამ ამბებს ჩემს შვილებს ვუკითხავ და მათ ჩათრევას ვცდილობ თამაშში, რაც შეიძლება მეტი დაწერილი ამბავი “გააცოცხლონ” გონებაში, რაც შეიძლება მეტი ნიუანსი დაიჭირონ წიგნებში, რაც შეიძლება მეტი კუთხიდან შეხედონ ადამიანებს და მათ ისტორიებს. საბავშვო არქიტექტურაზე დაწერის იდეაც მათთან ლაპარაკისას გამიჩნდა. სხვადასხვა ავტორების მიერ აღწერილ თავგადასავლებს და გასართობებს ვადარებდით ერთმანეთს და უცბად მითხრეს, რომ იმის მიუხედავად, როგორია საცხოვრებელი ან სკოლა, ბავშვები წიგნებში გაცილებით მეტ დროს ატარებენ გარეთ, ტყეებსა და მინდვრებში, ვიდრე ჩვენო. მართლები არიან. სამწუხაროდ, ჩვენ არც საბავშვო შენობები გვაქვს ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული და არც გარემოა მათთვის უსაფრთხო. წარმოსახვითი თამაშებით თუ გავირთობთ თავს და ბავშვებს, წიგნებში თუ ვიპოვით თავშესაფარს.

 

ერთ ჩვეულებრივ დღეს სახლში მყოფი სამი ბავშვი ამ სახლის ნგრევას ემსხვერპლა – ამბავი ცოტა ხნის წინ ბათუმში მოხდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბავშვების მკვლელი შენობა ხდება. 6 წლის წინ ქობულეთში დაიხოცნენ ბავშვები სასტუმროში გაჩენილი ხანძრისას, 4 წლის წინ 13 წლის ბავშვი მოკვდა თბილისში იმის გამო, რომ ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ტრანსპორტს ელოდებოდა, უკან მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა და დაეცა. გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არც უფროსებისთვის და მით უმეტეს, არც ბავშვებისთვის არ არის  დიდად კომფორტული და უსაფრთხო; არქიტექტურა, რომელსაც ვქმნით უსახური შენობების ტყვედ გვაქცევს; ჭკუა კი, რომელიც საკუთარი და სხვისი შეცდომების გამოცდილებად ქცევას და ახალი უბედურებებისგან თავის დაცვას სჭირდება, არც თუ ხშირად აღმოგვჩენია. არქიტექტურას დროებით თავი რომ დავანებოთ, ვერ ვაღიარებთ პედოფილიის, ბავშვებზე ძალადობის, ბავშვების ექსპლუატაციის კატასტროფულ მასშტაბებს. ამ გარემოში რა თქმა უნდა, ბავშვები შინ და გარეთ თითქმის ერთნაირად დაუცველები არიან.

 

ვფიქრობ ერთ-ერთი გენიალური დასაწყისი ქართულ ლიტერატურაში “კაცია-ადამიანს” აქვს, რომელიც თავად თათქარიძის სახლ-კარის აღწერით იწყება და როცა კითხულობ ფრთამოტეხილი ბატივით გვერდ აწეული საბძელის ან უბადრუკი და მგლოვიარე, ცალთვალა სასიმინდის ამბავს, უკვე ხვდები, რანაირი ადამიანებიც შეიძლება ცხოვრობდნენ აქ.

“თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული” – მხოლოდ ეს ერთი წინადადება ძველ ჩინოვნიკებზეც და ამ სახლის მეპატრონეზეც სრულიად ნათელ წარმოდგენას ქმნის.

 

კაცია-ადამიანშიც და სხვა საპროგრამო ნაწარმოებებშიც არქიტექტურის, გარემოს როლის გააზრება პერსონაჟის ბედის განსაზღვრისთვის ვფიქრობ ბავშვებისთვის კარგი სავარჯიშო იქნება და მათ მისცემს ფიქრის საბაბს იმაზე, როგორია გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, რამდენად განკარგავს მათ ყოველდღიურობას ნაგებობები, სადაც ხვდებიან და რა სჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნონ თავი. შეიძლება რაიმეს შეცვლა ახლავე შეუძლიათ უკეთესობისკენ, რაიმეზე უფროსების დახმარება სჭირდებათ, ვინმემ სულაც მომავალი პროფესია შეიძლება იპოვოს.

 

დღეს საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი შენობების და სივრცეების უმეტესობას, სკოლებს, ბაღებს, ბიბლიოთეკებს, პარკებს და სათამაშო თუ სპორტულ მოედნებს მიუხედავად მათ მოწყობაზე დახარჯული თანხებისა და ძალისხმევისა, აქვთ გათბობის, სველი წერტილების, ვენტილაციის პრობლემა – ისინი ბავშვების ინტერესებს არ ითვალისწინებენ, მათი განვითარების საშუალებას არ იძლევიან, არ ქმნიან კომფორტულ გარემოს კავშირების დასამყარებლად, განმარტოებისთვის, ფიქრისთვის – რთულია ამ ნაგებობებში ბავშვმა თავი თავგადასავლის მონაწილედ იგრძნოს. განვითარებული საზოგადოებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისთვის იმასაც კი იკვლევენ, რომელ კუთხეებში, რა სივრცეებში არსებობს ძალადობის მეტი რისკი და ამ რისკების შემცირებაზე ზრუნავენ – ჩვენ ჯერაც იმას ვცდილობთ, კედელი მყარი იყოს, ონკანში თბილი წყალი მოედინებოდეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ როცა რეალური გარემო არ გვაძლევს თავგადასავალს, ლიტერატურა და ხელოვნება გვაწვდიან მაშველ რგოლებს. თუკი მაშველ რგოლად ინტერნეტსაც გამოიყენებთ, არაერთ მასალას და რესურს ნახავთ როგორც ბავშვების საჭიროებებზე მორგებული არქიტექტურის, ასევე იმის შესახებ, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები არქიტექტურით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი