პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტექსტის დამუშავების გზამკვლევი 10 ნაბიჯად

 

სანამ ტექსტის დამუშავების ნაბიჯებზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე ერთი არცთუ საჩოთირო შეკითხვა დავსვათ: რა დრო, რამდენი წუთი უნდა დავუთმოთ ქვემოთ მოცემული თითოეული ნაბიჯის განხორციელებას?

 

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის დადგენა უხერხულია: ერთ მასწავლებელს ერთ კონკრეტულ კლასში ერთი ნაბიჯის გადასადგმელად შეიძლება დასჭირდეს X წთ., ხოლო ამავე მასწავლებელს ამავე ტექსტის დამუშავების ამავე ნაბიჯის გადასადგმელად სხვა კლასში შეიძლება დასჭირდეს Y წთ.

 

და აქვე ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით, მეორე შეკითხვას დავსვამ: საიდან დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში აქტივობათათვის დროის მითითება? საიდან და საბჭოთა ცენტრალიზებული და იდეოლოგიზებული საგანმანათლებლო სისტემიდან. როდესაც გასული საუკუნის 20-იან წლებში სსრკ-ის ხელმძღვანელებმა ხალხთა შორის ტრაფარეტულ-პროლეტარული წიგნიერების მოფენა გადაწყვიტეს, ამისთვის საჭირო გახდა მასწავლებელთა სრულიად კონკრეტული რაოდენობა. საიდან უნდა მოეყვანათ ამ რაოდენობის მასწავლებელი? შესაბამისად, მასწავლებლებად „გაიწვიეს“ (კი გაგეცინებათ, მაგრამ ხდებოდა ხოლმე ასეთი გაწვევები — პარტიის სამსახურისთვის პოეტებად კი იწვევდნენ ხოლმე ადამიანებს და მასწავლებლობა რაღა ბედენა უნდა ყოფილიყო…) ადამიანები, რომლებსაც პედაგოგიკასთან ისეთივე სიახლოვე აკავშირებდათ, როგორც მე — სპელეოლოგიასთან (კი არადა, მე შეიძლება უკეთესად ამეთვისებინა სპელეოლოგია…). ამიტომაც ხდებოდა საჭირო დაწვრილებით გაწერილი გზამკვლევები, რომლებშიც წუთობრივი სიზუსტით იქნებოდა მითითებული მასწავლებელთა ნაბიჯები…

 

ასეთი ტრადიცია დღემდე შეგხვდებათ სკოლებში და თუკი ვინმე დაესწრება გაკვეთილზე მასწავლებელს, ეს უკანასკნელი კვლავ იძულებულია „დროში ჩატევაზე“ უფრო იზრუნოს და არა მოსწავლეების საინტერესო აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობაზე. ეგ კი არა, როდესაც გარე დაკვირვების გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად კოლეგებისთვის რჩევებს ვწერდი. ერთ-ერთი პუნქტი ასეთი იყო: „თუკი მოსწავლეები გატაცებით დაიწყებენ მუშაობას ამა თუ იმ აქტივობის დროს, მსწრაფლ შეაჩერეთ და შემდეგ აქტივობაზე გადადით, რადგან დრო გაგეპარებათ”. კი ბატონო, ვუტრირებ, მაგრამ დაახლოებით მართლა ასეთ რამეს ვურჩევდი, რადგან გარედამკვირვებელიც, რა დასამალია, გაკვეთილის შეკრულობას უფრო აქცევდა ყურადღებას, ვიდრე მასში თითოეული აქტივობის ლოგიკურ ამოწურვას. ერთხელ, სამოდელო გაკვეთილს როცა ვატარებდი, მახსოვს, როგორ მოვკიდე მაჯაზე ხელი საპრეზენტაციოდ გამოსულ მეთერთმეტეკლასელს და როგორ დავსვი თავის ადგილზე, შენ ნაცვლად მე გავაკეთებ პრეზენტაციას-მეთქი. დროში ვეღარ ვეტეოდი და რა მექნა, სიმწრით დაგეგმილ, ლამის ბოლომდე მიყვანილ სამოდელო გაკვეთილს ხომ არ ჩავაგდებდი ოთხ მეთერთმეტეკლასელიანი ჯგუფისთვის წყენინების არიდების გამო?! გამიგებთ, კოლეგები ხართ…

შესავალი გამიგრძელდა, დავიწყოთ დაპირებული 10 ნაბიჯის მიმოხილვა ტექსტის დამუშავების მიზნით.

 

  1. შევარჩიოთ და გადავამუშაოთ ტექსტი, მოვამზადოთ ტექსტის ადაპტირებული ვერსია დიფერენცირებული აქტივობებისთვის.

 

ავიღოთ ტექსტი…

 

ხშირად მასწავლებლები, ითვალისწინებენ რა საკუთარი მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებს, სახელმძღვანელოში შემოთავაზებულის გარდა, არჩევენ ხოლმე სხვადასხვა ტექსტს. ზოგჯერ ასეთ ტექსტებს გარკვეული გადამუშავება/გამარტივება, შემოკლება, ილუსტრაციებით გამდიდრება…) სჭირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დიფერენცირებული თუ სარემედიაციო სწავლების მიზნებისთვის ტექსტის ადაპტირებული ვერსიის მომზადება.

 

ტექსტების შერჩევისას უნდა ვუპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას:

 

  • რამდენად შეესაბამება კონკრეტული ტექსტი ჩემთვის სასურველ თემატიკას და რამდენად გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს?
  • კითხვადობის თვალსაზრისით მორგებულია თუ არა ჩემი მოსწავლეების დონეს ტექსტის მოცულობა, სიტყვებისა და წინადადებების მახასიათებლები?
  • იძლევა თუ არა ჩემი მოსწავლეებისთვის საჭირო საკითხთაგან (პერსონაჟები, მთავარი და არამთავარი ინფორმაცია, მოვლენათა თანამიმდევრობა, დაფარული ინფორმაციის ამოცნობა, დასკვნების გაკეთება…) რომელიმე მათგანი საინტერესოდ დამუშავების საშუალებას?
  • ადვილად მოვარგებ თუ არა ტექსტს ჩემთვის ცნობილ რომელიმე მეთოდს/სტრატეგიას? მივუსადაგებ თუ არა რომელიმე სასარგებლო კოგნიტურ სქემას?

 

სანიმუშოდ ჩემს „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ გამოვიყენებ: https://www.youtube.com/watch?v=nAq6nfVl-K8&t=8s და თუკი ზემოთ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებთ, ასეთი მსჯელობა გამოგვივა:

 

  • გარეული ცხოველების თემატიკაზე გვქონდა წინა ტექსტები და თან ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზეც მწერებს ვსწავლობთ. ამიტომ „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ თემატიკურადაც მისაღებია და ინტერვიუს სახით წარმოდგენილი ტექსტი ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება.
  • ჩემი მესამეკლასელებისთვის სრულიად მისაღები ტექსტია თავისი მახასიათებლებით. რამდენიმე მონაკვეთს ამოვიღებდი მოსწავლეთა იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც დიფერენცირებული დავალებები უნდა შევთავაზო. ამ ტექსტის მონაკვეთებს, ილუსტრაციებსა და სიტყვებს ორი მოსწავლისთვის გათვალისწინებული სარემედიაციო მეცადინეობისთვისაც გამოვიყენებ.
  • ვფიქრობ, კარგი რესურსია პერსონაჟის თვისებების ამოცნობაზე სამუშაოდ და ტექსტში მთავარი ინფრომაციის შერჩევაზე ყურადღების გასამახვილებლად. ამაზე იქნება ორიენტირებული მოსწავლეებისთვის შეთავაზებული დავალებაც — კომიქსის შექმნა.
  • ტექსტის წაკითხვამდე გამოვიყენებ მოლოდინების გზამკვლევს, ხოლო უცნობ ან საკვანძო ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ შეიძლება მივცე სიტყვის პირამიდა ან რომელი სხვა სქემა სიტყვებისთვის.

 

  1. მოვიფიქროთ გამომწვევი აქტივობა, რომლითაც მოსწავლეების მოტივირებას უზრუნველვყოფთ. გავაცნოთ მოსწავლეებს, რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ტექსტის მიხედვით.

 

— „ერთხელ სკოლაში მოვდიოდი და ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი… გამოვედი სახლიდან და რაღაცა მაწუხებს ზურგზე… რაღას ვიზამდი?! მივბრუნდი შინ და გავიხადე პერანგი… თურმე ჭიანჭველა ყოფილა… თქვენ თუ გინახავთ ჭიანჭველები? რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ ჭიანჭველების შესახებ?..“.

 

მოსწავლეთა მოტივირების შემდეგ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებისთვის გასაგებს გავხდით, რას გავაკეთებთ კონკრეტულ მომენტში — იქნება ეს ერთი გაკვეთილი, მისი ნაწილი თუ მასზე უფრო მეტი სასწავლო მონაკვეთი. ამ შემთხვევაში ვეტყვით, რომ ტექსტის მიხედვით უნდა დავამზადოთ კომიქსი და გავახსენებ, ვაჩვენებ კიდეც ჩვენ მიერ ადრე დამზადებულ რომელიმე კომიქსს სხვა ნაწარმოების პერსონაჟების მონაწილეობით

 

  1. გამოვიკითხოთ, რა იციან მოსწავლეებმა ტექსტში წარმოდგენილი საკითხის, თემის შესახებ, გამოვათქმევინოთ ვარაუდები სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.

 

კონსტურქტივისტული სწავლების ამოსავალი პრინციპია ახალი შინაარსის ძველ ცოდნა-გამოცდილებაზე დაშენება. მოსწავლეები მეტი ყურადღებით წაიკითხავენ, თუკი ტექსტის თემატიკის შესახებ წინასწარ გაიხსენებენ ყველაფერს, რაც განვლილი მასალებიდან იციან. აგრეთვე, დროის დაკარგვად არ უნდა ჩავთვალოთ, თუკი მოსწავლეები თემაზე, სათაურზე, ილუსტრაციაზე, ავტორზე დაყრდნობით წინასწარ გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რაზე იქნება ტექსტი. სასარგებლოა ერთობ გავრცელებული მოლოდინების გზამკვლევის გამოყენებაც…

მოკლედ წარმოვიდგინოთ, თუ რა სახეს მიიღებდა მოლოდინების გზამკვლევი ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ დამუშავების დაწყებისას. შევარჩევდი ოთხიოდე წინადადებას ტექსტის მიხედვით და წაკითხვამდე შევთავაზებდი მოსწავლეებს, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები მათ შესახებ, დათანხმებოდნენ ან უარეყოთ იგინი. მაგალითად:

 

  • ჭიანჭველას დღე-ღამეში 4 საათს სძინავს.
  • ჭიანჭველას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც სპილო ვერ გააკეთებს.
  • მთელი დედამიწის სპილოები უფრო მეტს იწონიან, ვიდრე მთელი დედამიწის ჭიანჭველები.

მოლოდინების გზამკვლევი იმითაცაა სასარგებლო აქტივობა, რომ გარდა ტექსტის წაკითხვის დროს მოსწავლეების ყურადღების უზრუნველყოფისა, ისინი იხსენებენ შეთავაზებულ წინადადებებს და თავიანთ პასუხებს ადარებენ ტექსტის ინფორმაციას. ამის ნაცვლად მეტი მრავალფეროვნებისთვის შესაძლოა რომელიმე სხვა მეთოდიც გამოვიყენოთ, რადგან ძალიან ხშირად გამოყენება მომაბეზრებელს ხდის ყველაზე საუკეთესო მეთოდსაც კი.

 

  1. ტექსტის წაკითხვა — შევარჩიოთ წაკითხვის სტრატეგია: რა მეთოდით წავიკითხავთ ტექსტს, რა სქემას გამოვიყენებთ ტექსტის გააზრების მიზნით?

 

პირველ-მეორეკლასელები ხშირად მიმართავენ ხოლმე სამოდელო/საჩვენებელ წაკითხვას პაუზებით. შედარებით უფროს კლასებში მოსწავლეებს დამოუკიდებელი წაკითხვის ფორმატში სთავაზობენ სააზროვნო (კოგნიტური) სქემის შევსებას და შემდეგ პრეზენტაციებს. მაგალითად, პერსონაჟის სქემა, დროითი ხაზი, მონიშვნებით წაკითხვა, სიტყვების გამომძიებელი და სხვ.

მაგალითად, ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” წაკითხვისას შეიძლება შევთავაზოთ პერსონაჟის სქემა, რომელშიც ჩახაზული იქნება გრაფები ორი თვისებისა და ტექსტიდან ამ თვისებათა დამადასტურებელი ადგილებისთვის. ვნახოთ სახელდახელოდ დამზადებული ეს სქემა:

 

 

 

ამ სქემების შევსების შემდეგ მნიშვნელოვანია, მოსწავლემ წარადგინოს საკუთარი ნამუშევარი, ანუ ისაუბროს ჭიანჭველაზე და საკუთარი მოსაზრებები ჭანჭარას თვისებებზე გაამყაროს ტექსტიდან ამოწერილი ადგილებით.

 

  1. ლექსიკურ მარაგზე დაკვირვება — განვმარტოთ უცნობი სიტყვები, შევავსოთ სხვადასხვა სააზროვნო/კოგნიტური სქემ (სიტყვის პირამიდა, ვერბალურ-ვიზუალური ასოციაციების სქემა, ფრეიერის სქემა და სხვა).

 

ამ ნაბიჯის ელემენტები (მაგალითად, უცნობი სიტყვების განმარტება) შესაძლებელია წარიმართოს ტექსტის წაკითხვამდეც, მოსწავლეთა ტექსტთან შეწონილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება უცხოური (მეორე) ენის გაკვეთილებზე.

 

საერთოდაც, დაუშვებელია ტექსტზე მუშაობის ისე დასრულება, თუკი მასში ხუთი-ექვსი ძარღვიანი სიტყვის შესახებ საინტერესო მსჯელობა არ გაიმართება. მეტად სასარგებლოა ქვესათაურში ნახსენები ლექსიკური ერთეულების დასამუშავებელი სქემების გამოყენება. ეს სქემები მრავლადაა შემოთავაზებული ჯიპრაიდის სარესურსო წიგნში (kargiskola.ge) თუ სხვა საიტებზე. მასწავლებლებს თავადაც შეგვიძლია მათი მოდიფიცირება.

 

 

 

  1. კითხვაში გაწაფვა — ვივარჯიშოთ უშეცდომოდ,ზომიერი სიჩქარით, სათანადო ინტონაციით წაკითხვაში.

 

ამ და სხვა ნაბიჯებისთვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობების წარსამართავად უხვი მასალაა მოცემული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში შექმნილ წიგნში, რომელიც განთავსებულია პორტალზე kargiskola.ge  აქ შეგიძლიათ ნახოთ: მკითხველთა თეატრი, კითხვის მატარებელი, აუდიოჩანაწერის გაკეთება, წყვილებში წაკითხვა, განმეორებითი კითხვა და უამრავი მსგავსი მეთოდ-სტრატეგია.

 

მეთორმეტე კლასშიც რომ ვასწავლიდეთ, ამ კომპონენტის იგნორირება, მოსწავლეებისთვის ადეკვატური ტექსტის ხმამაღლა, გამომსახველობითი წაკითხვისთვის დროის გამოყოფა მაინც არ უნდა დაგვენანოს. მით უმეტეს, ამისთვის საჭირო დრო აუცილებლად უნდა გამოვნახოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.

 

წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით წარმოადგენენ სპილოსა და ჭიანჭველას გასაუბრებას მეორე-მესამეკლასელები. ცხადია, ბავშვები არ უნდა ვაწვალოთ ტექსტის დაზეპირებით და უნდა მივცეთ ნაწერი/ნაბეჭდი ტექსტის თავისუფლად გამოყენების საშუალება.

 

 

  1. ტექსტის სიღრმისეული გააზრება — ტექსტში დაფარული სათქმელის, მთავარი იდეის, საინტერესო დეტალების აღმოჩენა… სააზროვნო შეკითხვების დასმა, დისკუსია დილემურ საკითხზე

 

ამოცნობაზე, მიხვედრაზე, დასკვნის გამოტანაზე ორიენტირებული სააზროვნო შეკითხვების, სადისკუსიო დებულებების მოსამზადებლად მასწავლებელს დიდი დაკვირვება, გონიერება და გამჭრიახობა სჭირდება. პრინციპში, ერთ მასწავლებელს ყველა ტექსტზე ამის მოფიქრება არ შეუძლია (ჩემი გამოცდილებით ვამბობ.), დიდ დროსა და მუშაობას მოითხოვს. ეს სახელმძღვანელოს ავტორთა უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს. აგრეთვე, მასწავლებლებმა ერთმანეთის დასახმარებლად კონკრეტულ ტექსტზე მოფიქრებული საინტერესო შეკითხვები და აქტივობები ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ხოლმე. რასაკვირველია, ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ ტექსტის სიღრმისეული გააზრების მიზნით ნაწარმოებთან ხელახლა მიბრუნება, მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა დაგვჭირდება და მოსწავლეებსაც ისეთი დავალება უნდა შევთავაზოთ, რომელიც მათ ამის საჭიროებას დაანახებს.

 

ამ ნაბიჯზე მუშაობისას არ იგულისხმება მხოლოდ და მაინცდამაინც ტექსტის მთავარ იდეასა და პრობლემაზე კონცენტრირება. საინტერესოა ხოლმე ტექსტში კირკიტი, თითოეულ ფრაზასა და სიტყვაზე, გამოთქმაზე დაკვირვება. საერთოდაც ტექსტის გააზრება ერთი გაბმული პროცესია და ეს ნაბიჯებიც პირობითადაა შემოთავაზებული.

 

ამ დროს ნაყოფიერია ხოლმე დისკუსიები თვითონ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ, არცთუ იშვიათად, შესაძლებელია ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაჩნდეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და ამაზე მსჯელობაზე სასარგებლო რაღა უნდა იყოს?! ასევე უნდა ვისაუბროთ პერსონაჟებზე, მათ თვისებებზე, იმ დეტალებზე, რომლებიც წარმოაჩენენ გმირების ხასიათს და სხვ.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს ავტორთან მიბრუნება, იმის განხილვა, როგორ ახასიათებს თავად ავტორს თავისივე ტექსტი, როგორ უკავშირდება ამავე ავტორის სხვა ტექსტს, როგორ დაწერდა ასეთ ტექსტს სხვა ავტორი ან სულაც, დაწერდა თუ არა…

 

ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტექსტის ჟანრობრივ მახასიათებლებზე და დავფიქრდეთ, რა შეიცვლებოდა ტექსტში, ის რომ სხვა ჟანრის ნაწარმოები იყოს? შეიძლება დავალებაც კი შევთავაზოთ ბავშვებს, რომლითაც ჟანრობრივ ცვლილებებს მოვთხოვთ. თუმცა ეს შემდეგი ნაბიჯის დავალება უნდა იყოს.

 

  1. ტექსტის ინტერპრეტირება — ახალი რაკურსით წარმოჩენა, სხვადასხვა პროდუქტის (პოსტერი, დღიური, წერილი, სტატია, კომიქსი, ვიდეოსიუჟეტი, სპექტაკლი…) შექმნა

 

ერთობ სასარგებლო, სახალისო და საინტერესო ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელია ინტეგრირდეს მე-10 ნაბიჯთან. ან ეს ნაბიჯიც გადავდგათ, ცხადია, წერის ფუნქციური გამოყენებით ხოლო წერას კიდევ ცალკე დრო დავუთმოთ. რასაკვირველია, არა მხოლოდ საწერი დავალება იქნება ამ ნაბიჯის პროდუქტი. შეიძლება დამზადდეს ვიდეოკლიპი, ინსცენირება, ინტერვიუ…

 

„სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” მიხედვით ზემოთ შემოთავაზებულ ვიდეობმულში მოცემული დავალება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა კომიქსი უნდა მოამზადონ და მასში წარმოადგინონ ყველაზე საინტერესო შეკითხვა და პასუხი. ეს დავალება კი ტექსტის ახალი რაკურსით წარმოჩენაზეა ორიენტირებული, თუმცა უფრო მეტი ინტერპრეტირების მიზნით შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი შტრიხებიც შეგვეტანა. მაგალითად:

 

  • მოიფიქრე დამატებითი შეკითხვა, რომელსაც ჭიანჭველა უპასუხებდა.
  • მოიფიქრე შეკითხვა, რომელსაც ჭიანჭველა დაუსვამდა სპილოს და სპილო უპასუხებდა.
  • დაამატე კომიქსში ერთი პერსონაჟი, რომელიც დაადასტურებდა ჭიანჭველას ნათქვამს.

 

ინტერპრეტირების დავალების ნიმუშად შეგვიძლია, განვიხილოთ აგრეთვე ერთგვარი პოსტერიც, რომელზეც ილუსტრაციებითაა გადმოცემული ჭიანჭველების სხვადასხვა თვისება: shorturl.at/lqEJM.

 

უფრო შორსაც შეიძლება ინტერპრეტირების დავალებით წასვლა, თუკი სპილოს სხვა ცხოველთან ჩავაწერინებთ ინტერვიუს. მაგალითად, ასე მოიქცა ქ. ჭიათურის მე-2 სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ნაირა ბაბლიძე, რომლის მოსწავლემაც წარმოადგინა თავის ძაღლთან ინტერვიუ. მასში შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს ხოლმე თავისუფალ დროს, ძვალს ვღრიტნიო”, უპასუხებს მოსწავლის საყვარელი ცხოველი.

 

  1. ფუნქციურ სამეტყველო მოქმედებაზე (თხრობა, აღწერა, შედარება, დასაბუთება) ვარჯიში.

 

ეს ნაბიჯი, ტექსტის დამუშავების გარდა, ემსახურება იმ კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომლის საოცარი დეფიციტიცაა ჩვენს განათლებულ საზოგადოებაშიც კი (არ ვიცით ამბის მხოლოდ საჭირო წინადადებებით გადმოცემა და მივედ-მოვედებით ხოლმე, ვერ ვახერხებთ საგნისა და მოვლენის ადეკვატურ აღწერას, ვერ ვადარებთ საგნებსა და მოვლენებს ერთმანეთს და არგუმენტირებულად ვერ ვასაბუთებთ საკუთარ მოსაზრებებს). ფუნქციურ სამეტყველო ქმედებებში მოაზრებულია თხრობა, აღწერა, შედარება და დასაბუთება. ოღონდ ეს უკვე წაკითხული ტექსტის თხრობა არ არის ან ამ ტექსტის პერსონაჟის ტექსტისეული აღწერა ან მაინცდამაინც ამ ტექსტის პერსონაჟების შედარება. აბა, რა არის?

 

  • ა) ახალი ამბის მოფიქრება, რასაკვირველია, წაკითხული ტექსტის ელემენტების (პერსონაჟების და/ან თვისებების და/ან გარემოებების და/ან პრობლემის) გამოყენებით;
  • ბ) შეთავაზებული პარამეტრების/კრიტერიუმების/ნიშნების მიხედვით ტექსტში მოცემული რომელიმე პერსონაჟის/საგნის/მოვლენის აღწერა დამატებითი ინფორმაციის ინტეგრირებით;
  • გ) ტექსტის პერსონაჟის/საგნის/მოვლენის სხვა პერსონაჟთან/საგანთან/მოვლენასთან (როგორც ამ ტექსტისეულთან ასევე მის გარეშე) შედარება შეთავაზებული ყალიბის (რა მახასიათებლებით უნდა შეადაროს) მიხედვით.
  • დ) ამ ტექსტში მოცემული ან მასთან დაკავშირებული დებულების დასაბუთება (პოზიციის გამოხატვა, არგუმენტის მოყვანა, შესაბამისი მაგალითებით განმტკიცება).

 

 

  1. წერითი დავალება — დღიურის, წერილის, სტატიის, ესეის, ჩანახატის დაწერა

 

რასაკვირველია, ეს ნაბიჯი შესაძლებელია გადაიდგას, როგორც დამოუკიდებლად, ასევე წინა ორ ნაბიჯთან ინტეგრირებულად. ერთზე კი ყველა ვთანხმდებით: კარგი წერითი ნამუშევრის გარეშე არ უნდა დავასრულოთ ამა თუ იმ ტექსტის დამუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა ნაბიჯების გადადგმისას ჩვენ ხშირად დაგვჭირდება წერითი აქტივობების შესრულებაც, ოღონდ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაზე არიან ჩვენი მოსწავლეები ფოკუსირებული, რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი?

 

მაგალითად, როცა ბავშვებს ვთხოვ, შეადარონ ორი პერსონაჟი, სპილო და ჭიანჭველა, მაშინ მათ, რასაკვირველია დასჭირდებათ წერითი სამუშაოს შესრულება და თავიანთ ნამუშევრებს სწორედაც რომ წერითი პროდუქტის სახით წარმოადგენენ. მაგრამ ამ შემთხვევაში წერითი აქტივობა არის საშუალება, რათა მოსწავლეებმა განივითარონ კონკრეტული ფუნქციური სამეტყველო მოქმედების — შედარების უნარ-ჩვევა, ხოლო წერითი დავალება დამატებით უნდა მივცეთ.

 

ჩემი აზრით, „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” იძლევა სხვადასხვა საინტერესო, სასარგებლო და სახალისო წერითი დავალების შესრულების საშუალებას. ზემოთ ნახსენებ და შემოთავაზებულ ვიდეოში წარმოდგენილი კომიქსიც, ცხადია, წერით ნამუშევრად ჩაითვლება, მით უფრო მაშინ, როცა მოსწავლეებს დამატებითი შეკითხვისა და პასუხების მოფიქრებას დავავალებთ.

 

აგრეთვე კარგი წერითი დავალება იქნება ჭანჭარას დღიურის დაწერა. სწორედაც რომ მისწრება იქნება, რადგან ტექსტში დაწვრილებითაა აღწერილი ჭიანჭველას ყოველდღიური საქმეები და უმცროსკლასელები ადვილად დააგემოვნებენ დღიურის დაწერასაც. შესაძლებელია წერილის მიწერაც, ოღონდ უნდა განვსაზღვროთ ადრესატი და ადრესანტი. მაგალითად, ჭიანჭველა სპილოს სწერს წერილს ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ და სთხოვს, დაამატოს კიდევ ერთი ინფორმაცია ჭიანჭველების შესახებ და ისე გამოაქვეყნოს ეს ინტერვიუ. რასაკვირველია, წერით დავალებაზე მუშაობისას კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ჟანრის მახასიათებლებზე, რომლებშიც მოსწავლეებს ვამუშავებთ. ანუ ამ შემთხვევაში, წერილის მიწერისას დაიცვას წერილის სამნაწილიანი სტრუქტურა, მისალმება-მოკითხვით, მთავარი სათქმელითა და დამშვიდობებით…

 

დაბოლოს, ვუპასუხოთ ერთ შეკითხვასაც: როგორ განიფინება ზემოთ აღწერილი ნაბიჯები ჩვენს საგაკვეთილო პროცესში და შეესაბამება თუ არა ეს გაკვეთილები ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას? პასუხი ცალსახაა: მშვენივრად. თუკი ამ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს და თან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებს, ქვეცნებებსა და საკითხებს, კომპლექსურ დავალებებსა და საკვანძო შეკითხვებს დავაკვირდებით, ჩვენი პასუხის სისწორეში უმალ დავრწმუნდებით. ამასთან, ზემოთ აღწერილი ათი ნაბიჯი უმტკივნეულოდ შეგვიძლია გადავიტანოთ თემატურ ერთეულში, რომელსაც ჩვენთვის სასურველი ტექსტის/ტექსტების მიხედვით დავამზადებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი